რატი დურგლიშვილმა ბიზნესი წამოიწყო – “17 წელია არავინ მყვარებია”

რატი დურგლიშვილმა ბიზნესი წამოიწყო - "17 წელია არავინ მყვარებია"ავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალი რატი დურგლიშვილი ბოლო დროს მუსიკალურ სფეროში ნაკლებად აქტიურობს, ინტერვიუებსაც და საჯარო გამოსვლებსაც მაქსიმალურად ერიდება. როგორც გვითხრა, საკუთარ თავზე მუშაობს და მალე მსმენელს ბევრი სიახლით დაუბრუნდება.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რატიმ და მაკა ზაბახიძემ დუეტი “ჯორჯია” აღადგინეს, მათი პროდიუსერი კი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, იქნებოდა. ამ ფორმატში ერთი კონცერტი ჩატარდა კიდეც, მაგრამ პროექტი აღარ გაგრძელდა. რატი ცხოვრების ასეთი ტემპისთვის მზად არ აღმოჩნდა. ის მაინც სოლო კარიერაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში რატის წინაშე ბევრი პერსპექტივა გადაიშლება.

ეს – რაც შეეხება საქმეს, ხოლო როგორია 37 წლის მომღერლის პირადი ცხოვრება, ამის შესახებ “სარკესთან” მის გულწრფელ საუბარში შეიტყობთ.

– რატი, ბოლო დროს თითქოს გაუჩინარდით, მუსიკალური სიახლეებიც არ ჩანს თქვენგან. რატომ?

– 2 წელი გამომივიდა პაუზა. აქედან 6 თვე ამერიკაში ვიყავი, შემდეგ იყო პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”, რომელმაც იმდენი ენერგია წამართვა, სიმღერის თავიც აღარ მქონდა. მართალია, ბოლო დროს ყველანაირი მუსიკალური აქტიურობა შევწყვიტე, მაგრამ მალე საინტერესო სიახლეებით დავუბრუნდები მსმენელს. ცოტა ხანში ჩავწერ ჩემთვის ყველაზე გენიალური კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის, ახალ სიმღერას.

სხვათა შორის, შეიძლება ეს სიმღერა ამერიკულ მუსიკალურ სტუდიაში გაკეთდეს, რადგან მათ რუსას სიმღერა ძალიან მოეწონათ. აქტიური მოლაპარაკებები მაქვს ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორთან და მის კომპანიასთან კონტრაქტიც მზადდება. ეს ადამიანები ლოს ანჯელესში ყოფნისას გავიცანი. წინასწარ არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ამ თანამშრომლობით უკვე ძალიან ბედნიერი ვარ.

– რას მოიცავს კონტრაქტი, რა პერსპექტივები გექმნებათ?

– არის ვერსია, რომ უნდა გავაკეთოთ ოთხი სიმღერა, რომელთა არანჟირებაც მათი იქნება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ჩვენი თანამშრომლობიდან რა გამოვა, მაგრამ, როცა მათი ნამუშევრები მოვისმინე, მივხვდი, რომ გენიოსები არიან. ამ კომპოზიტორმა დამატებით ორი სიმღერის ჩუქება გადაწყვიტა, რაც ჩემთვის დიდი სიურპრიზია. როცა საბოლოოდ გაირკვევა და დაისახება გეგმები, ამის შესახებ ექსკლუზიურად “სარკის” მკითხველს მოვუყვები.

– როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

– შემთხვევით გავიცანი ლოს ანჯელესში, აუზზე. ვცხოვრობდი დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ბევრ ვარსკვლავს ჰქონდა სახლი, მათ შორის – კეტი პერის. ამ კომპოზიტორის ოჯახიც იქ ცხოვრობდა და აუზზე მათი 4 წლის შვილს ხშირად ვეთამაშებოდი. მეუღლემ თურმე ცოლს ასე უთხრა, ამ ბიჭს ისეთი ღიმილი აქვს, ძალიან კარგი და კეთილი პიროვნება იქნებაო. ბოლოს გამეცნენ, თავიანთ სტუდიაში დამპატიჟეს, თავიანთი მეგობრები გამაცნეს. ფაქტობრივად მათი ოჯახის წევრად ვიქეცი.

არ ვიცი, კონკრეტულად რა პერსპექტივებს დამისახავს ეს თანამშრომლობა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, რომ ძალიან მაგარ მუსიკოსთან ვითანამშრომლებ. სამწუხაროდ, საქართველოში მუსიკალურ სტუდიებთან მუშაობა ძალიან რთულია და ბევრი გულისტკენაც მიმიღია. ერთ დღეში გასაკეთებელ საქმეს ხშირად თვეობით წელავენ. ასეთი რეჟიმი კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩემზე და მუშაობის ხალისს მიკარგავს.

– რამდენიმე თვის წინ ჩატარდა კონცერტი, სადაც დუეტი “ჯორჯია” კვლავ გამოვიდა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ თქვენი დუეტი აღდგებოდა და გექნებოდათ საერთო პროგრამა. რატომ არ შედგა ეს თანამშრომლობა?

– ეს იყო მამულიჩას იდეა და ერთჯერადი კონცერტიც გავაკეთეთ, ერთგვარი სინჯი იყო. ჩვენი დუეტის დაშლა-არდაშლაზე არ არის საუბარი, ჩვენ როცა გვინდა, ერთად ნებისმიერ დროს ვმღერით. უბრალოდ, ასე აქტიურად რომ დუეტში ვიმუშაო, ამის დრო არ მაქვს. ვიცოდი, რომ ყოველდღიური კონცერტების რეჟიმს ვერ მოვერგებოდი. ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და მინდა, ერთი სიმღერა მაინც გამომივიდეს ისეთი, რომელიც ჰიტი გახდება და მსმენელი ერთ დღეში აიტაცებს.

– გავიგე, ბიზნესითაც ხართ გატაცებული და მალე თბილისის ცენტრში კლუბის თუ არტსალონის გახსნას აპირებთ.

– არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა, მაგრამ ბოლო 8 თვეა ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. შეიძლება ეს ობიექტი იყოს სამხატვრო სივრცე, შეიძლება რომელიმე კომპანიას ჩავაბარო მმართველობაში და მათ გახსნან კონკრეტული რამ. რემონტს ერთ თვეში დავასრულებ და დარწმუნებული ვარ, რომ ის სივრცე ყველა ვარიანტში ახალგაზრდების თავშეყრის კარგი ადგილი იქნება.

კედლები, დიზაინი, ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული. ალბათ წყალგაყვანილობის გარდა, ყველაფერი თავად გავაკეთე. გავიხსენე ჩემი მხატვრობა და თიხის ფილები ჩამოვასხი, რომლებიც ორიგინალურად მოვხატე. ჩემი ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ვინც კი შემოდის, ამ მოხატულ ფილებზე ყველა გიჟდება. ბოლო დროს ხატვას უფრო დიდ დროს ვუთმობ. კარებიც, ფანჯრებიც კი ჩემი გაკეთებულია. ვინც ამ კაფეში შემოვა, ჩემს ხასიათს ყველაზე კარგად დაინახავს.

– როგორია თქვენი ხასიათი, ამბობენ, ჩაკეტილიაო.

– არა, რას ამბობთ?! მგონი, ყველაზე გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, სრულიად უცნობ ადამიანებს ვეცნობი ხოლმე. დღეში ორ-სამს მაინც ვიძენ. პირიქით, მე ადამიანებისთვის ვარსებობ და ამიტომაც მომწონს სცენაზე დგომა, რადგან იქიდან ხალხს ვაძლევ სითბოს და დადებით ენერგიას.

– ცხოვრებამ ყველაზე მწარე გაკვეთილი რა ეტაპზე ჩაგიტარათ?

– საერთოდ ძალიან “ლაითი” ტიპი ვარ. ყველა ჩემს შეცდომაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. მაქვს ერთი კარგი თვისება, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე კარგად მეხმარება. ძალიან მალე ვივიწყებ ნეგატივს, უკან რომ ვიხედები, ჩემი ცხოვრებიდან მხოლოდ პოზიტივი მახსენდება. საერთოდ, გარშემო ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ნაკლებად – ნეგატივს. ალბათ ეს იმის შედეგია, რომ მე თვითონ პოზიტივის გაცემა მიყვარს.

– ყოველთვის ინტერესს იწვევს თქვენი პირადი ცხოვრება, მაგრამ რაც სცენაზე გამოჩნდით, მას შემდეგ თითქმის არავინ გვინახავს თქვენ გვერდით.

– პირადი ცხოვრების აფიშირებისგან ყოველთვის იმიტომ ვიკავებ თავს, რომ ისევ მეორე ადამიანის აზრს ვითვალისწინებ და უხერხულ სიტუაციაში არ ვაგდებ. პირად საკითხებში ყველაზე მეტად უყვართ ადამიანებს მორალის კითხვა. როცა მიიღებ გადაწყვეტილებას, რომ გინდა, მთელი ცხოვრება ის კონკრეტული ადამიანი იყოს შენ გვერდით, მხოლოდ მაშინ უნდა ილაპარაკო ამაზე. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში მართლა არაფერი ხდება.

– ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არ იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენი “ურთიერთობის აფიშირებით” ზიანს არ მიაყენებდით მეორე ადამიანს?

– 17 წელია სიყვარული არ მქონია, ახლა 37 წლის ვარ. მანამდე კი სიყვარულის გარეშე ფიზიკურად სუნთქვაც კი მიჭირდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამ გრძნობის გამო რამდენჯერ მიტირია, რამდენჯერ ვყოფილვარ ბედნიერი ამ გრძნობით. 20 წლამდე 4-5 შეყვარებული მყავდა, ერთხელ კი ცალმხრივადაც ვიყავი შეყვარებული.

– როგორც ჩანს, ბოლო სიყვარულმა სერიოზული ტრავმა დაგიტოვათ.

– არა, ამას ვერ ვიტყვი, უბრალოდ სიყვარულის აღარ დავიჯერე. როცა იურმალაში გავიმარჯვეთ, ჩემ გარშემო ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა. ასეთმა მოულოდნელმა პოპულარობამ და ყურადღების ცენტრში ყოფნამ გამაფუჭა. იმდენად ორიენტირებული გავხდი საქმეზე, რომ პირადმა ცხოვრებამ უკან გადაიწია. არც ამაზე ვდარდობ, რადგან რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ყველაფერი ასე უნდა ხდებოდეს.

ის, რომ დღეს მარტო ვარ, ალბათ ჩემი არჩევანია და მე მინდოდა ასე. ყველაფერზე საკუთარ თავს ვთხოვ პასუხს და საკუთარ თავს ვტუქსავ. ჩემს ცხოვრებაში დამნაშავე ყოველთვის მე ვარ.

– დღეს რა აკლია თქვენს ცხოვრებას?

– ფაქტია, რომ ქაოსია და ესეც ჩემი შექმნილია. მინდა, რომ კარგი ფინანსური საშუალება მქონდეს, რომ მსოფლიო მოვიარო. მეტნაკლებად ამასაც ვახერხებ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც აკლია ჩემს ცხოვრებას. ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.

– რა გინდათ, მოასწროთ 40 წლამდე?

– ალბომის გამოშვება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, არსად ვჩქარობ. საერთოდ ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობ, რაც დღეს მაქვს, ის მომწონს. არ ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას, ერთადერთი ძალიან მინდა, რომ ჩემი საავტორო კონცერტი გავმართო და დავპატიჟო ის ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ მაინც გინდათ, საზღვარგარეთ გახვიდეთ და იქ თქვათ თქვენი სათქმელი.

– არა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მომწონს აქ ყოფნა, დიდი ხანი ვერსად ვჩერდები, მაგრამ სამუშაოდ საზღვარგარეთი ყოველთვის მომხიბვლელია. გარკვეული გეგმების გამო მომიწევს უცხოეთში წასვლა, მაგრამ ყოველთვის დავბრუნდები. წინასწარ ბევრს ვერაფერს ვამბობ, იმიტომ თვითონ არ ვიცი, როგორ აეწყობა ჩემი მომავალი. მოვლენებს დაველოდოთ.