ქეთი ხუციშვილი: “ჩემი ლუნა მენატრება”

ქეთი ხუციშვილი: "ჩემი ლუნა მენატრება"რუსუდან ადვაძე, სარკე

ქეთი ხუციშვილს, რომელიც საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” ლუნა მაზიაშვილის როლით გაიცნო, მაყურებელი კვლავ “რუსთავი 2”-ზე იხილავს. ის “კომედი შოუს” წევრი გახდა.

– როგორი გარემო დაგხვდათ “კომედი შოუში”?

– არაჩვეულებრივი ურთიერთობებია. ბიჭები ძალიან კარგად დამხვდნენ, რაც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. მეგობრული და კარგი ადამიანია ყველა. უზომოდ გამიხარდა, შემოთავაზება რომ მივიღე, აქ ყველაფერი ძალიან მომწონს.

– ახალი მსახიობებიც არიან?

– კი, მაგრამ ყველაზე ახალი, მგონი, მაინც მე ვარ. “ჩემი ცოლის დაქალებშიც” თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე შევეჩვიე. როცა ნერვიულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ თითოეული სცენის გადაღების დროს. შესაბამისად, განცდები და ემოციები ბუნებრივია. მე ისედაც სულ ემოციებში ვარ და კარგად მოგეხსენებათ, სერიალში როგორი ემოციური და რთულად შესასრულებელი სცენები მქონდა.

– ლუნა არ მოგენატრათ?

– ძალიან მომენატრა. ჩემი ლუნა საოცრად შემიყვარდა. საერთოდ, ძალიან მაგარი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ ვიდეოს საშუალებით, რომელიც ჩემმა დამ გაავრცელა. უამრავი ადამიანის ოცნებაა ამ სერიალში მოხვედრა.

თავიდან, როცა დამიბარეს, ერთი კვირა ვერ წავედი, ისე შევშინდი. არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ. საერთოდ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ჩემმა დამ მაშინ ძალით გამაგდო. სერიალმა იმხელა რაღაც მომცა… მთელი ცხოვრება ამ სერიალის თითოეული შემქმნელისა და თანამშრომლის მადლობელი ვიქნები.

ახლა “კომედი შოუში” ვარ და ამის მერეც, სადაც უნდა წავიდე, ამ სერიალზე ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ტრამპლინი. მთელი ცხოვრება შემიცვალა. ლუნა მენატრება, რადგან იქ ჩემი სახლიც იყო და უამრავი სცენა შევასრულე. ნელ-ნელა გავიზარდე და იმდენი რამ ვისწავლე… ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს დას იმ ვიდეოს გამოქვეყნებისთვის, სადაც ერთი კასპელი გოგო ვარ და ჭურჭელს ვრეცხავ. მადლობა ასევე ჩემს დას, რომ სერიალის გადაღებაზე გამაგდო.

ვიცოდი, სასწაულ რაღაცას მთავაზობდნენ და მეშინოდა, არ ვიცოდი, საზოგადოება როგორ მიმიღებდა. გავურბოდი ამ მომენტს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ თუ არ გარისკე, წარმატებამდე ვერ მიხვალ.

– “ჩემი ცოლის დაქალებამდე” რას საქმიანობდით?

– პროფესიით იურისტი ვარ, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და საკმაოდ პატარა ასაკში იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. ეს არ იყო ის სფერო, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი. იურისტობა ჩემი მოწოდება არ იყო და შემთხვევით, გაუგებრობის გამო აღმოვჩნდი ამ სფეროში.

ვერ გავძელი და ჩემი ნებით წამოვედი იმ სამსახურიდან. მირჩევნია, სულ არ მქონდეს სამსახური, ვიდრე სადღაც ვმუშაობდე და იქ თავს კარგად ვერ ვგრძნობდე. მერე გავთხოვდი, ბავშვი მეყოლა, უამრავი პრობლემა მქონდა…

მე და ჩემი შვილი ერთად გავიზარდეთ. სამსახური არც მინდოდა, რადგან ჩემს შვილთან ერთად ვიყავი და არანაირი სურვილი არ მქონდა, მას მოვშორებოდი.

– ქმარი არ გყავდათ, ბავშვს კი უამრავი რამ სჭირდება. ფინანსურად ვის კმაყოფაზე იყავით?

– მშობლები მედგნენ გვერდით და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. ასე მოვედი აქამდე.

იუმორი ბავშვობიდან მიყვარდა და გარდასახვის უნარი სულ მქონდა. ჩემი დის ვიდეოს კი, ნახეთ, რა გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩემი და რომ არა, სერიალში ვერ მოვხვდებოდი. ეს ვიდეო სცენარისტმა ნახა, ჩემს დას მისწერა, ეს გოგო ვინ არის, ასეთი პერსონაჟი მჭირდებაო და მეც მივედი.

– ჟიურის წევრიც ხართ გადაცემაში “გააცინე და მოიგე”. ადვილია მონაწილეების შეფასება?

– რა ამბობთ, რა ადვილი?! დედა, დედა, როგორ მირთულდება!.. ერთხელ “კავეენის” ჟიურიშიც ვიჯექი, ალეკო მალხაზიშვილმა მიმიწვია. მერე ნინო ჩხეიძემაც დამსვა “საქართველოს ფანოღის” ჟიურიში. “გააცინე და მოიგე” კი მესამეა. როგორც მითხრეს, პერიოდულად ვიქნები ამ გადაცემის ჟიურიში. მინდა, ყველამ მოიგოს და ეს ამიტომ არის რთული. ალბათ ამასაც შევეჩვევი.

– პირად ცხოვრებაშიც ხომ გაქვთ რაიმე სიახლე?

– არანაირი. მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ისევ ერთად.

– არადა ალბათ რამდენი თაყვანისმცემელი შეგძინათ ლუნამ. ასეთ ქალს “პრეზიდენტიც” კი გეტრფოდათ და წარმომიდგენია, ისე რა ხდება…

– რა ვიცი, რა ვიცი… რა ვიცი, გულში ვინ რას ფიქრობს?

– თქვენამდე ვერ მოდიან?

– არ ვიცი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არავინ არის, მარტო ვარ. შვილთან ერთად მშვიდად ვცხოვრობ. სამსახური მაქვს… რაღაც იქნება ალბათ, გამოჩნდება ვინმე. არ არის ახლა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეტაპი. საერთოდ, ყველაფერი ხომ თავისით მოდის და ვნახოთ.

– როგორც ვიცით, თქვენი ვაჟი კულინარიის აკადემიაში სწავლობს. გემრიელ კერძებს გიმზადებთ თუ მაინც თქვენ გიწევთ დიასახლისობა?

– ბენდუქიძის კულინარიის აკადემიაში სწავლობს. სულ პატარა, მეექვსე-მეშვიდეკლასელი იყო, რომ ეს საქმე აინტერესებდა. სამზარეულოში კი არ იდგა და აკეთებდა რამეს, მაგრამ ვიდეოებს უყურებდა, სადაც ჩინური თუ სხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძებს ამზადებდნენ. მაშინ მიკვირდა, ბავშვი რომ ასეთ რამეებს უყურებდა.

მე იმ მშობელთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც შვილს სრულ თავისუფლებას აძლევს და არაფერს უშლის. ისე თავისუფლად და დამოუკიდებლად გაიზარდა ჩემი შვილი, რომ არაფერში ჩავრეულვარ, არც სკოლის ამბებში, არც ქულები მომიკითხავს. კარგია თუ ცუდი, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ თავისუფლება მივეცი და ვუთხარი, ისე მოქცეულიყო, როგორც უნდოდა და ჩააბარა ამ აკადემიაში. ახლა სტუდენტია.

გამოცდები აქვს ხოლმე აკადემიაში, თუ როგორ შეისწავლა ის ყველაფერი, რაც ასწავლეს და სახლში პრაქტიკას გადის, ამზადებს. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული დავრჩი, ისეთი რაღაცები გააკეთა. შემრცხვა, რომ ასეთი კარგი რამეები არ ვიცი. უცხო-უცხო სახელების მქონე კერძები მოამზადა. რაგუ გააკეთა ისეთი… კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანი, ყაბაყი აურია რაღაცებში, სასწაული იყო! მხოლოდ დაჭრა და ჩაყარო, ასე არ არის, ისეთ გემოებში აზავებს, სასწაული გამოსდის.

– თავად როგორი დიასახლისი ხართ?

– ყველაფრის გაკეთება ვიცი! შვილთან ერთად ვცხოვრობ და საჭიროცაა, რომ ვიცოდე. თუ გავაკეთე რამე, მეც გემრიელი გამომდის, მაგრამ არ მოვიტყუები და არ გეტყვით, რომ სამზარეულოდან არ გამოვდივარ და ცომში მაქვს ხელები… სამზარეულო ჩემი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფრის გაკეთება კი ვიცი.

შვილს ჩემი გაკეთებული ხან მოსწონს და ხან – არა. ხან საერთოდ პირს არ აკარებს. ხშირად პირი არ დაუკარებია ჩემი გაკეთებული საჭმლისთვის და მთლიანი ქვაბი გადამიქცევია. მე ხომ საჭმელს არ ვჭამ, ჰაერით ვიკვებები. ხან კი მოსწონს და ჭამს. ასე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.

– ჰაერით ვიკვებებიო, რას ნიშნავს?

– მადა საერთოდ არ მაქვს, დღეში შეიძლება ერთხელ ვჭამო. რამდენიმე ლუკმას შევჭამ და ამით ვკმაყოფილდები.

– როგორც ვიცი, ვარჯიშობთ, სპორტულ დარბაზში დადიხართ. ენერგია ხომ გინდათ?!

– დიახ და როცა ვვარჯიშობ, ცოტა მეტს ვჭამ. არ მიყვარს ჭამა და რა ვქნა?! დილით ყავას ვსვამ და ეს მაფხიზლებს. დღეში 1 ჭიქა ყავა მყოფნის, 5-6 ჭიქას რომ სვამენ, მიკვირს. არ მიყვარს, რამეზე რომ არიან დამოკიდებული. ერთხელ დავლევ და მორჩა!

– სიგარეტი, ალკოჰოლი?

– არავითარ შემთხვევაში! რა სიგარეტი, რა სასმელი… წვეთს არ ვსვამ. წლებია შემწვარ-მოხრაკული არ მიჭამია, მხოლოდ მოხარშულ ბურღულეულსა და წვნიანზე ვარ. შეიძლება სალათის სახით მომზადებული რაღაც ვჭამო, ოღონდ მაიონეზის გამოკლებით. შესაბამისად, სულ ფორმაში ვარ.