პაატა გულიაშვილი: “კრიზისი ცოლთან ერთად უნდა გადალახო, მარტო ვერაფერს იზამ”

პაატა გულიაშვილი: "კრიზისი ცოლთან ერთად უნდა გადალახო, მარტო ვერაფერს იზამ"ლელა დევდარიანი, სარკე

პაატა გულიაშვილი მამამ, თელავის თეატრის მსახიობმა, ავთო გულიაშვილმა, აზიარა ხელოვნებას, თეატრალურ ცხოვრებას. ბავშვობიდან მოხვდა სცენის ჯადოსნურ სამყაროში და იქიდან წამოსვლაზე აღარც უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესიით ოჯახის რჩენა უჭირდა, არასოდეს უნანია, რომ სწორედ ამ გზით წავიდა. ცოლის, ნინო ტარიელაშვილის, გვერდზე დგომით, მისი მხარდაჭერით სირთულეები უკან მოიტოვა. ახლა თელავის თეატრს ხელმძღვანელობს და რუსთაველის თეატრში სპექტაკლებშია დაკავებული. გარდა ამისა, მსახიობს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გამოუჩნდა, რაზეც “სარკესთან” ისაუბრა.

– ბატონო პაატა, რა სიახლეებია თქვენს თეატრალურ ცხოვრებაში, რა სპექტაკლებში თამაშობთ?

– რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუა “თეთრ ბაირაღებს” დგამს, სადაც ტიგრან გულოიანის როლს ვთამაშობ. თეატრალური სეზონი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება. თელავის თეატრიდან ახლახან ვიყავით პოლონეთში ორკვირიანი გასტროლით, წარვადგინეთ შექსპირის “ჰორაციო”. თელავის თეატრშიც სეზონი ოქტომბრიდან დაიწყება.

ბევრი შემოთავაზება გვაქვს. საქართველოს ელჩმა პოლონეთში გამოთქვა სურვილი, ჩვენმა თეატრმა პოლონეთის ერთ-ერთ ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. იმედი მაქვს, პირველ ოქტომბერს ჩავალთ პოლონეთში.

– თეატრი ძალიან რთული სტრუქტურაა, ადვილი არ არის, დასმა მიგიღოს. თქვენ როგორი ხელმძღვანელი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ თანამშრომლებთან?

– მე-8 წელია, თელავის თეატრის ხელმძღვანელი ვარ. მეორე ვადით ამირჩიეს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხელმძღვანელიც არ ვარ, იქ მამაჩემი მუშაობდა და თითოელი ადამიანი ჩემიანია.

მე რომ მივედი, თეატრი რთულ მდგომარეობაში იყო როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკური თუ შემოქმედებითი კუთხით. საერთო ბიუჯეტი მხოლოდ ხელფასებისთვის იყო საკმარისი. იყო დავალიანება, რამდენიმე წაგებული სასამართლო… თუმცა ეს ყველაფერი უკან დარჩა და დღეს თეატრის ბიუჯეტი ნახევარი მილიონია.

შენობის ფასადი ისე ცუდ მდგომარეობაში იყო, შესვლაც არ შეიძლებოდა. ახლა ინფრასტრუქტურაც მოწყობილია. თანამშრომლებს 200 ლარი და უფრო ნაკლები ჰქონდათ ხელფასები და 300 პროცენტით გაეზარდათ. თეატრი 15 წლის განმავლობაში უცხოეთში გასტროლებზე არ ყოფილა, 10 წელი – შიდა გასტროლებზე. ახლა გვაქვს საკუთარი ავტობუსი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩუქა. თეატრში იყო მოსული და მაშინ ვუთხარი, რომ ეს პრობლემა გვქონდა.

თელავის თეატრს არ ახსოვს, რობერტ სტურუა ჩასულიყო და სპექტაკლი დაედგა. რამდენიმე წლის წინ კი დადგა. ჩვენი თეატრი ამიერკავკასიაში ყველაზე ძველი, 250 წლისაა. ისტორიული ფაქტები გაბნეული იყო, ყველაფერი ერთ წიგნში შევკრიბეთ და გამოვეცით… მოკლედ, კრიზისი დაძლეულია.

– მსახიობობა რთული პროფესიაა. როცა ამ გზას ირჩევდით, მამამ რა გითხრათ?

– არ უნდოდა, რომ მსახიობობა ამერჩია. მითხრა, არ გირჩევ, რადგან ბევრჯერ გეტკინება და ამისთვის არ მემეტებიო. 24 საათი თეატრში ვიყავი და ჩემი არჩევანი ამანაც განაპირობა.

– როგორი იყო თქვენი მამაშვილობა, რა ისწავლეთ მამისგან?

– მისგან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობა. არ მახსოვს, სადმე დაეგვიანოს. მეც ასე ვარ, ძალიან ადრე მივრბივარ, რომ არ დავიგვიანო. თელავში მამაჩემის სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობ. ვამაყობ, რომ ის იყო მამაჩემი და იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც ასევე იამაყებენ მამით.

– როგორ ფიქრობთ, დღეს ისევ ისეთი პოპულარული და პრესტიჟულია მსახიობობა, როგორიც წლების წინ იყო?

– პოპულარული აღარ არის, რადგან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მსახიობები სულს ღაფავენ და ოჯახის რჩენაზე აღარ არის ლაპარაკი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ერთ დღეს ეს პროფესია არ მოკვდეს.

– ბევრი მსახიობი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში იღბალი თამაშობს დიდ როლს. თქვენ იღბლიანი ხართ?

– იღბალი ყოველთვის დამდევდა, მაგრამ ბევრსაც ვშრომობდი. ბოთლებიც კი ჩამიბარებია. ბევრ რამეს მოვკიდე ხელი, რომ რაღაც გამომსვლოდა. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რობერტ სტურუასთან შეხვედრა და მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა.

– სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა. უკვე 17 წელია რუსთაველის თეატრში ხართ. მოგვიყევით, როგორია დიდ მაესტროსთან ურთიერთობა.

– წარმოიდგინეთ, რობერტ სტურუა 81 წლის არის, მთელი ცხოვრება თეატრში გაატარა და თავისთავად მომთხოვნიც იქნება. მასზე რაღაც ამბები მესმოდა და თავიდან მეშინოდა, სინამდვილეში კი ძალიან თბილი ადამიანია. უცხოეთში ბევრ დროს ატარებს და არ არსებობს, რომელიმე მსახიობი უყურადღებოდ დატოვოს, პერანგია თუ სუნამო, ვისაც რა აკლია, ჩამოაქვს. მსახიობებს ძალიან გვივლის.

ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში მოვხვდი. მუშაობისას ისეთ რაღაცებს ითხოვს, რომ თავიდან წარმოუდგენლად გეჩვენება, მერე კი ხვდები, რომ მისი გაკეთება არც ისე რთული ყოფილა. ერთი სიტყვით, გენიოსია.

– ბოლო დროს ახალ ამპლუაშიც მოგვევლინეთ – სიმღერა დაიწყეთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს ატარებთ. გააგრძელებთ ამ საქმეს თუ ერთჯერადი პროექტივით დარჩება?

– ჩემს სიმღერას უკვე 4 მილიონი ნახვა აქვს. ხალხის სიყვარულმა მომცა ბიძგი, რომ ეს საქმე გავაგრძელო და შემოსავლის წყაროდ გავიხადო. მომღერლობა ჩემი ახირებაა. ეს არის ჩემი არტისტული ნიჭის გახარება და ასევე შემოსავლის წყაროც.

ახლახან მე და პაატა ხაჩიძეს საქართველოში ტურნე გვქონდა. ჩვენს კონცერტებზე ბევრი ადამიანი მოვიდა. ვცდილობ, ერთფეროვანი რეპერტუარი არ იყოს, საკუთარი სიმღერებიც მაქვს. შემოდგომით ისრაელში გვექნება კონცერტი, შემდეგ – საბერძნეთსა და ესპანეთში. კარგი იქნება, ჩვენს ქვეყანაში ადამიანმა მსახიობობითაც იშოვოს ფული.

– ადრე ამბობდით, რომ ფინანსური პრობლემები გქონდათ. მოაგვარეთ?

– მოვაგვარეთ. სახლის პრობლემა გვქონდა. მართალია, ისევ ბანკზე ვართ მიბმული, მაგრამ ჩვენი ჭერი გვაქვს. ურთულესი პერიოდები გამოვიარე, მაგრამ რაღაცნაირად დავძლიე. ფინანსური თვალსაზრისით, ტელევიზიამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. იქ გაცილებით მეტი ხელფასი იყო ყოველთვის, ვიდრე თეატრში. ნელ-ნელა პრობლემები მოვაგვარეთ და რაღაცნაირად გაგვაქვს თავი.

– მოგვიყევით შვილებზე, ცოლზე, ოჯახურ ცხოვრებაზე.

– არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს – ნინო ტარიელაშვილი. ჩვენი უფროსი შვილი, გუგა, 14 წლის არის, ნიკუშა – 10 წლის. გუგა მორაგბეა, დიდი დიღმის გუნდში, “ლელოში” თამაშობს. ნიკოლოზი “დინამოს” საფებურთო აკადემიის წევრია. იმედი მაქვს, რომ ჩემს გზას არ გაჰყვებიან და ისე არ იწვალებენ და ინერვიულებენ, როგორც მე. ჯერჯერობით მიჯერებენ, მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ამაყობენ. ბიჭებს უკვე ჩამოუყალიბდათ გემოვნება. რაღაცაზე იჯღანებიან და მათ აზრს ვითვალისწინებ, რადგან ახალგაზრდების გემოვნებას თუ ჩამორჩი, წინ ვერ წახვალ.

ჩემი მეუღლე გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ თავისი პროფესიით ვერ მუშაობს. ყოველთვის ბავშვების მოვლაში იყო ჩართული. ახლა სურვილი აქვს, იმუშაოს და იმედია, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენს.

მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ჩვენს პატარა, თბილ ოჯახს ისე ვუვლით, როგორც შეგვიძლია.

– ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი ყურადღებას რომანტიკულად გამოხატავთ?

– არ არის საჭირო, ყოველდღე რაღაც აჩუქო, მაგრამ მაინც ვცდილობ, მისი სურვილები გავითვალისწინო და ხელი შევუწყო, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი.

– წლების განმავლობაში თქვენს ოჯახს ჰქონია კრიზისის პერიოდები?

– კონკრეტულად ვერ მოვყვები, მაგრამ, რა თქმა უნდა, კრიზისი ყოფილა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ის ყველაფერი შევქმენით, რაც ჩვენ გარშემოა. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთმანეთის გაფრთხილება და პატივისცემაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი უნდა გადალახო, ოღონდ მასთან ერთად. მარტო ვერაფერს იზამ.

– როგორ გესმით ცოლქმრული ერთგულება?

– ისე, როგორც ყველას ესმის და ისე, როგორც ნორმალურია. ეს არის ერთი დაწერილი კანონი და ასე უნდა იყოს.

– როგორ ფიქრობთ, ოჯახზე პასუხისმგებლობა ქალს უფრო მოეთხოვება თუ კაცს?

– ორივეს ერთნაირად. როგორც ქალმა, ისე კაცმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.