ოთო აბესაძე ციხეში შეძენილ მეჯვარეს ეძებს

ოთო აბესაძე ციხეში შეძენილ მეჯვარეს ეძებსრუსუდან ადვაძე, სარკე

2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი, 28 წლის ოთარ აბესაძე დააკავა. ახალგაზრდა ჩინოსნის დაკავება სკანდალური და რეზონანსული საქმე გამოდგა. საზოგადოება მძაფრი ინტერესით განიხილავდა ამ ამბავს, ოთო აბესაძეს მკაცრად განსჯიდა, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კი ხალხი თანაგრძნობით განაწყო და პეტიციაც შედგა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

გამოძიების მტკიცებით, ის მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე ტივზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვის აღებას 3 ათას დოლარად დაჰპირდა. მოქალაქეებს უხსნიდა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო და შეეძლოთ, ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები უპრობლემოდ დაეწყოთ.

გამოძიების მტკიცებით, 11 ივლისს ოთარ აბესაძემ განზრახვა სისრულეში მოიყვანა და ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა ქრთამი – 3 ათასი დოლარი, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს და მისი ავტომანქანიდან ეს თანხა ამოიღეს.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება აბესაძეს ედავებოდა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ოთარ აბესაძემ სასამართლო პროცესიდან საზოგადოებას ბოდიში საჯაროდ მოუხადა. მას თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე გულის შეტევა ემართებოდა და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა. საბოლოოდ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს.

ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. საბოლოო ჯამში, მან ციხეში 6 თვე გაატარა. ბოლო სასამართლო პროცესზე ქრთამის აღების ბრალდება, 339-ე მუხლი, გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას.

ოთარ აბესაძე ეკონომიკის დოქტორია და ლექციებსაც კითხულობდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა, მოუწევდა თუ არა საპყრობილეში შებრუნება, ორი უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო.

ციხეში ყოფნისას “ოცნების” ყოფილმა წევრმა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და დეა აფციაურზე იქორწინა. ქორწინებას მხოლოდ წყვილი, საჯარო რეესტრისა და ციხის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ოთარ აბესაძე და დეა აფციაური “სარკეს” მძიმე დღეებსა და იმ სიყვარულზე მოუყვნენ, საპყრობილემაც რომ ვერაფერი ავნო.

– ოთარ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით “ოცნების” გუნდში.

ოთარი: სტუდენტობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ მოძრაობებში. 2013 წლიდან გახლდით “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მერე ვიყავი განათლების მინისტრის მრჩეველი და ბოლოს გახლდით დედაქალაქის მერიაში რამდენიმე თანამდებობაზე. ვიყავი ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსი, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენელი საკრებულოში, მერე უშტატო თანამშრომელი… ბოლოს უკვე განცხადება მქონდა დაწერილი და საჯარო სამსახურიდან მივდიოდი.

– მიზეზი რა იყო?

ოთარი: 2015 წელს დავიცავი ხარისხი და მომენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. საჯარო სამსახურის პარალელურად ვიყავი პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა.შ. უამრავი შემოთავაზება მქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებიდან, რომ იქ გამეგრძელებინა ჩემი მეცნიერული საქმიანობა. საჯარო სამსახურში მუშაობა აღარ მინდოდა. 29 ივნისს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დამიკმაყოფილა განცხადება გათავისუფლების შესახებ.

– 11 ივლისს კი დაგაკავეს. რა მოხდა?

ოთარი: მოქალაქის გაცხადების საფუძველზე დამაკავეს, რომ თითქოს მას ქრთამი მოვთხოვე.

– მაშინ ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას. დეამ, თქვენმა მეუღლემ, გვითხრა, რომ ძალიან ნანობდით ჩადენილს… ახლა კი სასამართლომ დაადასტურა, რომ ქრთამი არ აგიღიათ, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა.

ოთარი: ახლაც იმავეს გავიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი – მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და დანარჩენს სასამართლო გაარკვევს-მეთქი. ახლაც ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს, რომელიც ორწელიწადნახევარი ვამყოფე ამხელა სტრესში, დამეღუპა ოჯახის წევრი. რომ დამაკავეს, ბაბუა გარდამეცვალა ინფარქტით. რა თქმა უნდა, ახლაც ვნანობ, ამ გაუგებრობაში რომ გავერიე. დანარჩენი კი, რაც იყო და რაც არ იყო, სასამართლომ დაადასტურა.

10.000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი ჩემი გათავისუფლების პეტიციას და ყველას მადლობას ვუხდი. მათი გვერდში დგომა რომ არა, ჩემს ოჯახს ამ ტრაგედიის გადალახვა გაუჭირდებოდა. ადვოკატებმაც ბევრი იბრძოლეს, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, საკმაოდ გამოცდილმა და კვალიფიციურმა აგენტ-პროვოკატორმა იმუშავა ჩემზე.

– ვინ მოგიგზავნათ, გაარკვიეთ?

ოთარი: ამ საქმის განხილვა ორწელიწადნახევარი მიმდინარეობდა. არანაირი ანაბეჭდი იმ ფულზე, რომელიც ამოიღეს, არ ფიქსირდება. ასევე – ჩემი მხრიდან არ ფიქსირდება ფულის მოთხოვნა და აღება. ჩემს განაჩენში წერია, რომ ბრალი დამედო იმის გამო, რომ ამ ადამიანს ვუთხარი შემდეგი სიტყვები: “რითიც შემიძლია, ჩემი პირადი კონტაქტებით დაგეხმარებით”. მხოლოდ ამ სიტყვების გამო ვიჯექი ციხეში.

ეს ადამიანი ჩემთან მოვიდა ძალიან ახლო გარემოცვიდან, ჩემი სამეგობროდან. მითხრა, რომ უნდოდა კაფეტერიის მოწყობა მტკვრის სანაპიროზე. ავუხსენი, რა უნდა გაეკეთებინა. ჩემთან როგორც სამინისტროში, ისე მერიაში, უამრავი ადამიანი ყოფილა და ვერავინ იტყვის, რომ ვინმესთვის რამე მომითხოვია. ეს კაციც დავაკვალიანე. წავიდა, დაწერა განცხადება და დამიჭირეს.

საბოლოო ჯამში, საქმე აღიძრა ქრთამის მოთხოვნით. ორწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად კი დამტკიცდა, რომ მე არ ვარ კორუმპირებული და ქრთამი არ ამიღია. ამის შემდეგ პროკურატურამ შემოგვთავაზა საპროცესო შეთანხმება. ქრთამის აღება მძიმე დანაშაულია, ხოლო ზეგავლენის მოხდენა – ნაკლებად მძიმე. ამ საქმეს შეეწირა ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი ოჯახის წევრი. ამ ყველაფერს ეწირებოდა ჩემი სამეცნიერო კარიერაც.

არ ვიცოდი, სასამართლოები რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებაზე, ვინაიდან სიტყვები – “რითაც შემიძლია დაგეხმარები” – კანონის ენაზე ითარგმნება, როგორც ზეგავლენის მოხდენა. ეს ადამიანი აღჭურვილი იყო შესაბამისი ტექნიკით და ის იყო აგენტ-პროვოკატორი.

– ეს ხომ საქართველოა. აგენტის მოგზავნით ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, თუ “ზემოთ” არაა გადაწყვეტილი. მით უმეტეს, “ოცნებასთან” დაახლოებული პირი იყავით. სინამდვილეში ვინ რას გერჩოდათ?

ოთარი: ეს ის შეკითხვაა, რომელზეც 2 წელი ბევრი ვიფიქრე, მაგრამ პასუხი რომ ვერ მივიღე, ამან დამმართა საკმაოდ რთული დაავადება. ეს ის კვანძია, რომელიც ვერ გავხსენი. არ ვარ კონფლიქტური და მუდამ გუნდური მოთამაშე ვიყავი.

– მშობლიურ პარტიაზე გულგატეხილი ხართ?

ოთარი: თუ “ოცნებას” გულისხმობთ, გეტყვით, რომ ვისთანაც საერთო წარსული გაკავშირებს, მათზე ცუდი არ უნდა ილაპარაკო. წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. რაც მოხდა, მოხდა. ეს უკვე წარსულია. ცხოვრება გრძელდება და თან ძალიან კარგად. მძიმე პერიოდში სასამართლოები ჯერ კიდევ რომ გრძელდებოდა, შევძელი და გავხდი ორი უნივერსიტეტის პროფესორი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და “კავკასიის უნივერსიტეტის”. ძალიან საინტერესო მოწვევა მაქვს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, რიგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. ეს ერთგვარი ჯეკპოტი იყო. გირაოზე ყოფნის პერიოდში საქართველოს სახელი კიდევ უფრო მეტად გავიტანე გარეთ.

– სასამართლო პროცესებზე ცუდად ხდებოდით, ხალხს ისე შეეცოდეთ, პეტიციას მოაწერეს ხელი თქვენი გათავისუფლების მოთხოვნით. მანამდეც გაწუხებდათ გული?

ოთარი: დაკავებამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. ამხელა სტრესის ფონზე განვითარდა გულის და სისხლძარღვთა პრობლემა ინსულტის მიმართულებით. ორ წელზე მეტი გავიდა და დღესაც ვმკურნალობ. ადამიანს სტრესს აყენებს გაურკვეველი მდგომარეობა, როცა ბევრი კითხვა გაქვს, განგრევს და ცუდი შედეგიც მოაქვს.

– ციხეში ყოფნისას თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – დაქორწინდით საყვარელ გოგონაზე. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი.

ოთარი: ჩემს დაკავებამდე ვგეგმავდით დაქორწინებას. დეამ კი ფაქტობრივად გმირული ნაბიჯი გადადგა. როგორია, 25 წლის ლამაზი გოგო გლდანის ციხეში მიჰყვები ცოლად ადამიანს, რომელიც შეიძლება 6 წელი ვერც ნახო. ყველამ იცის, როგორი რთულია ადამიანის შენახვა ციხეში. ამ პატარა გოგომ კი შეძლო, ისე შევენახე, აბსოლუტურად არაფერი მომკლებოდა. დეამ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა.

– როგორ სთხოვეთ ხელი?

ოთარი: სასამართლო პროცესზე ჩემი ადვოკატის ბლოკნოტზე კალმით დავწერე სიტყვები და ხელი ვთხოვე.

– კონკრეტულად რა დაწერეთ?

ოთარი: ის, რომ ძალან მიყვარდა, ეს განსაცდელი მალე გაივლიდა და ცოლად გამომყოლოდა. რამდენიმე დღეში იუსტიციის სახლიდან მომივიდა ცნობა, რომ ჩემი ქორწილი იყო დანიშნული. 2017 წლის 17 აგვისტოს რამდენიმე წუთით შემოიყვანეს დეა შეხვედრების ოთახში, სადაც ხელი მოვაწერეთ. 10 წამით მოგვცეს ერთმანეთთან ჩახუტების უფლება და ეს იყო და ეს. ჩვენი მეჯვარე საჯარო რეესტრის წარმომადგენელი იყო და თქვენი ჟურნალის საშუალებით ვთხოვ, გამომეხმაუროს, რადგან ვერ ვპოულობ.

დეა: ოთომ მითხრა, კარგად დაფიქრდი, მზად ხარ თუ არა ამ ნაბიჯისთვისო. როცა ადამიანი გიყვარს, არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ოთოს ძალიან უნდოდა ეს ქორწინება, მაინც მითხრა, იქნებ არ გადავდგათ აქ ეს ნაბიჯიო, მაგრამ საფიქრალი არაფერი მქონდა, რადგან ამ ადამიანთან მინდოდა ცხოვრების დაკავშირება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მთელი გულით მსურდა. ამ ყველაფერს ბევრი შეცხადება და გაკვირვება ახლდა თან.

– ოჯახის წევრებისგანაც?

დეა: არა. მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს და ჩემი ეს გადაწყვეტილებაც ჩვეულებრივად მიიღეს. არაბუნებრივი ის უფრო იყო, სხვები რომ იცხადებდნენ. მეუბნებოდნენ, არ ინანო, კარგად დაფიქრდიო და ა.შ. ვიცი, ამ ნაბიჯს არასოდეს ვინანებ.

– ჯვარიც დაიწერეთ?

დეა: ამ ეტაპზე მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება გავაფორმეთ. ჯვარსაც დავიწერთ.

ოთარი: დეასავით ლამაზი გოგო დედამიწაზე არ დადის. თან განსაკუთრებულად პერსპექტიული და დიდი გაქანების პატრონია. მხოლოდ ვიზუალური მხარე ბევრს ვერაფერს გადაწყვეტდა, რომ არა მისი გონებრივი შესაძლებლობები. გამიმართლა, რომ შემხვდა ყველაზე ლამაზი, კეთილი ცოლი უსაზღვრო შესაძლებლობებით. სიგიჟემდე შემიყვარდა. მისი მთავარი უნარ-ჩვევა კი ის არის, რომ მასაც სიგიჟემდე ვუყვარვარ.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იშვიათად მაგარი კულინარია. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. კერძი შეიძლება გემრიელი იყოს, მაგრამ ისე ლამაზად ამზადებს… ეს ამბავი ჩემს გაბარიტებზეც აისახა. გამასუქა, რადგან რთულია, გემრიელ რაღაცებზე უარი თქვა. რომ ნახოთ, როგორ ლამაზად აკეთებს…

– ოთო, ერთ-ერთი გამოცემისთვის გითქვამთ, ციხიდან რომ გამოვედი, ტაქსის მძღოლად ვმუშაობდიო.

ოთარი: დიახ, ასე იყო. ამის საჭიროება იყო ჩემს ოჯახში. არანაირი შრომა არ მეთაკილება. ერთ-ერთი ტაქსის კომპანიაში გამოძახებაზე ვმუშაობდი დეას მანქანით. ჩამოვსვი მანქანიდან და ტაქსის მძღოლად დავიწყე მუშაობა. ეს ჩვენი “ტოიოტა” ლეგენდარული მანქანაა, ბევრი კარგი დრო გამატარებინა. პოლიტტაქსს მეძახდნენ. ვინც ჯდებოდა, ყველა პოლიტიკაზე მელაპარაკებოდა.

დღისით ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი, ღამით – სამეცნიერო სტატიებზე. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო და თან როგორი! ოქტომბრის ბოლოს გამოიცემა ჩემი ახალი წიგნი ტურიზმის მიმართულებით და ეს იქნება ნოვატორული წიგნი ქართულ სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ბაზებში. ამ წიგნს ჩემს მეუღლეს მივუძღვნი.

– რიგაში წასვლას აპირებთ?

ოთარი: რა თქმა უნდა! თსუ-შიც წავიკითხავ ლექციებს. ეს საქმიანობა ახლა არ დამიწყია. 2014 წლიდან მოყოლებული ვკითხულობ ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ციხეში ყოფნის გამო მქონდა წყვეტა და ახლა აქტიურად ჩავერთე.