მსახიობმა მაია ტურაშვილმა მეოთხე სტადიის სიმსივნის დამარცხება შეძლო – “ნამდვილად ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ ასეთი რამ განიცადო”

მსახიობმა მაია ტურაშვილმა მეოთხე სტადიის სიმსივნის დამარცხება შეძლო - "ნამდვილად ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ ასეთი რამ განიცადო"ნელი ვარდიაშვილი, სარკე

“მეტირება. მეოთხე სტადიას ვამარცხებ. მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა. მადლობა, ვინც ერთი ლოცვა მაინც წაიკითხა ჩემთვის, ვინც ერთი სანთელი აანთო, ერთი “ამინ” თქვა ჩემი ჯანმრთელობის აღსადგენად. ვინც მატერიალურად, მორალურად, ფიზიკურად მედგა გვერდში და დღემდე მიდგას…

უფალმა დაგლოცოთ და მძიმე განსაცდელი აგარიდოთ. გჯეროდეთ, სასწაულები მართლა ხდება. სიზმარშიც ვერ ვნახავდი იმ თანხას, რაც ჩემს მკურნალობაში იხარჯება. ეს, იცით, რამხელა სასწაულია, სხვა რომ არ ჩავთვალო? ამდენი ხალხის სიყვარული და თანადგომა უდიდესი ბედნიერებაა. თუ არა უფალი, სხვაგვარად ეს ვერ მოხდებოდა… მიყვარხართ!” – დაწერა გორის დრამატული თეატრის მსახიობმა მაია ტურაშვილმა ზაფხულში სოციალურ ქსელში.

“სარკე” ერთი წლის წინ წერდა, რომ მაია მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა და პარალელურად მის ბედში მყოფ სხვა ადამიანებზეც ზრუნავდა. ბუნებრივია, მისმა ამბავმა ძალიან გაგვახარა და დეტალებზე საუბარი ვთხოვეთ.

მაია ტურაშვილი:

– მე ვარ ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება სიმსივნის დამარცხება. ჩემს ბედში მყოფ ქალებს ვეტყვი, რომ არ შეშინდნენ და არ ჩაიკეტონ საკუთარ ნაჭუჭში, რადგან სხვების დახმარებით ყველაფერს უფრო იოლად მოერევიან. სტრესი, ნერვიულობაა ამ დაავადების წარმომშობი და, პირველ რიგში, უარყოფითი ემოციებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ასე აუცილებლად შეძლებენ, განიცადონ სიმსივნესთან ბრძოლაში გამარჯვების სიხარული.

– მაია, დაახლოებით ერთი წლის წინ “სარკე” თქვენი პრობლემების შესახებ წერდა. იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ და მოუთხროთ მკითხველს, როგორ აღმოჩნდით ამ დაავადების პირისპირ და როგორ დაიწყეთ ბრძოლა.

– რამდენიმე წლის წინ 19 წლის შვილი გარდამეცვალა და ნერვიულობისგან კისტა გამიჩნდა. ოპერაციის შემდეგ ხშირად დავდიოდი კვლევებზე. მეუბნებოდნენ, არაფერი გჭირსო, მაგრამ ერთ დღეს მკერდზე სიმაგრე ვიპოვე და სასწრაფოდ წავედი სკრინინგზე. ექოსკოპია-მამოგრაფია გამიკეთეს და იმავე დღეს მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი ონკოლოგთან.

თავდაპირველად ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩავედი გორში და ჩემს ოჯახს მოვუყევი ყველაფერი. ისეთი ამბავი ატყდა, აქეთ გამიხდნენ მოსასულიერებლები და დასაწყნარებლები. გორში ჩემს ექიმთან მივედი, რომელმაც კვლევები ჩამიტარა და მეტასტაზები ძვალსა და ღვიძლში აღმომაჩნდა.

სამი-ოთხი დღე გონზე ვერ მოვედი, ვერ ვაცნობიერებდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ჩემი შვილები, ტყუპი გოგონები და ქმარი მგლოვიარეებად იქცნენ. მათ მოსასულიერებლად სასწრაფოს ვიძახებდით და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. სწორედ მათ გამო გავიღიმე და მას მერე ჩემს სახეზე ცრემლი არავის უნახავს. ჩემს მძიმე დაავადებაზე ფიქრიც კი შევწყვიტე. ამ დღიდან დავიწყე მეოთხე სტადიის სიმსივნესთან ბრძოლა, რომელიც ძალიან რთული აღმოჩნდა.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ყველამ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, მაგრამ რაიმე თუ აღმოგაჩნდა, მერე საშინელება იწყება. უამრავი კვლევაა საჭირო, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს და ძალიან ძვირი, ათასობით ლარი ღირს.

მე დამჭირდა კორბიოფსია მორფოლოგიით, რომელშიც რამდენიმე ათასი ლარი გადავიხადეთ. ამ კვლევით დამიდგინეს, რა პრეპარატებით უნდა მემკურნალა. ერთი პრეპარატი 8 ათასი ლარი ღირდა, მეორე – 3 ათასი. თანაც პირველი კურსის დროს ორ-ორ ცალს მიკეთებდნენ. სამი კვირის კალკულაციაში ჩამიწერეს 28 ათასი ლარი.

ქმრის დანაზოგი არასაკმარისი აღმოჩნდა სამი კვირის განმავლობაში ორი მედიკამენტის შესაძენად. აღარაფერს ვამბობ სხვა საჭირო კვლევებისა და მედიკამენტების საფასურზე, რომლებიც ასევე არ ღირდა იაფი.

– ჩვენი ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ სიმსივნის მკურნალობა საქართველოში უფასო გახდა და რა გამოდის, გვატყუებენ? როგორ იშოვეთ საჭირო თანხა?

– ჰერცეპტინის პროგრამით ამ მედიკამენტს აძლევდნენ 80%-იანი შეღავათით, მაგრამ პროგრამაში მოხვედრა მხოლოდ თბილისელებს შეეძლოთ. რადგან გორიდან ვიყავი, არ დამაფინანსეს. მეუღლეს ვუთხარი, რომ ვერ ვიმკურნალებდი, რადგან ამის საშუალება არ გვქონდა. გადაირია, მითხრა, რაც გაგვაჩნია, ყველაფერს გავყიდიო, მაგრამ ასეც რომ მოქცეულიყო, ის თანხა მხოლოდ ორი-სამი გადასხმისთვის თუ მეყოფოდა.

მაშინ პირველად დავდე “ფეისბუქზე” პოსტი და დახმარება ვითხოვე. ასე გაიგეს ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმა, ნაცნობ-უცნობებმა. მსახიობი ზაზა პაპუაშვილი (პარლამენტის დეპუტატი, რედ.შენ.) ჩემი ჯგუფელია და, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. პირველი გადასხმის დროს 28 ათასიდან მთავრობამ 4.900 გადამიხადა. პირველი თანხა ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა შემიგროვეს. მერე თურქეთში წავედი პეტის (პოზიტრონულ-ემისური ტომოგრაფია, ავტ.) გადასაღებად და იქ აღმოვაჩინეთ, რომ მედიკამენტი პერჯეტა, რომელიც საქართველოში 8 ათასი ლარი ღირდა, თურქეთში 1.100 დოლარად შემეძლო მეყიდა, ანუ სამჯერ ნაკლებად.

ისეთი პროტესტი გამიჩნდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მზად ვიყავი, მთავრობის სახლის წინ მეშიმშილა. არ შეიძლება, სხვისი უბედურებით სარგებლობდე და სასიკვდილოდ განწირული ადამიანების მეშვეობით იწყობდე ბედნიერ ცხოვრებას!

მოკლედ, ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით და შევძელი, წლების განმავლობაში მემკურნალა ამ ძვირადღირებული მედიკამენტებით. როგორც კი ვიფიქრებდი, ახლა ვერ ვიყიდი წამალს და დავიღუპები-მეთქი, სასწაული ხდებოდა და ფული მიგროვდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ხდებოდა ეს. ჩემი სახსრებით ვერანაირად ვიმკურნალებდი.

მკერდის სიმსივნით დაავადებული ქალების არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ ანა მაზინაშვილი. მასთან ერთად ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ, რომ ყველა რაიონში დაფინანსებულიყო მედიკამენტები ჰერცეპტინი და პერჯეტა. მიუხედავად ამისა, ყოველ თვეს მაინც მჭირდება 2 ათასი ლარის მედიკამენტი. რატომ არ შეიძლება, ასეთი მძიმე სენით დაავადებული ადამიანების მკურნალობა მთლიანად სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე? თუკი საჭიროა ხალხისა და ქვეყანის არსებობა, ადამიანების სიცოცხლე, ამ დაავადების მკურნალობა აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს.

არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს საჭირო თანხები, ვერ იმკურნალეს და დაიღუპნენ. ამ დაავადებას მკურნალობით უნდა მიჰყვე და შედეგს როდის დაინახავ, არავინ იცის.

– ასეთი პრობლემების წინაშე მდგარმა როგორ შეძელით ამ სენისგან მთლიანად განკურნება? თქვენი გამოცდილება სხვებსაც გამოადგებათ.

– ცხადია, მხოლოდ მედიკამენტების იმედად არ ვყოფილვარ. მოვილოცე თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი. ვიყავი ყინწვისში ბერ ნაუმთან, რომელიც ძალიან დამეხმარა რწმენაში განსამტკიცებლად. თუ რწმენით არ მიიღებ წამლებს, ჩემი აზრით, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ზოგს შეიძლება სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ უფალი ჩემთან არის.

ხალხი ასე ერთგულად რომ დამიდგა გვერდით, სულ ვფიქრობ, რომ უფალმა გამომიგზავნა. უამრავ ადამიანს უჭირს, ითხოვენ დახმარებას, მაგრამ იმდენს ვერ აგროვებენ, მე კი ყოველთვის ვაგროვებდი. ეს უფლის გარეშე არ მოხდებოდა.

ჩემს ცხოვრებაში 2017 წელს დაიწყო ასეთი საშინელება და 2018 წელს პირველად მითხრეს, რომ ორგანიზმი გაწმენდილი იყო, თუმცა მოხდა პროვოცირება და იღლიაში პატარა მეტასტაზური ჯგუფი კიდევ აღმოაჩინეს. კიდევ ერთი მედიკამენტი დამინიშნეს და 3 თვეში ესეც ჩაწყნარდა. ხეჩინაშვილის კლინიკაში რომა სრესელთან ვმკურნალობ. მისი დავალებით წელს, ივლისში, კიდევ წავედი პეტის გადასაღებად ახლობლებისგან შეგროვილი თანხით თურქეთში, სადაც ჩემი მეგობარი გოგო ცხოვრობს. მგზავრობისა და სასტუმროს ფული მომცა და თან გადამყვა.

ეს ლოდინი ძალიან მძიმე იყო. 4-5 დღის მერე მივიღეთ პასუხი, რომელშიც ეწერა, ყოჩაღ, სიმსივნე დაამარცხეთო. თუმცა მკერდში მაინც ჩანს პატარა ნაწიბური. ის უფუნქციოა და ნელ-ნელა პატარავდება, მაგრამ მაინც საშიშია. ექიმს ჯერ არ უთქვამს, ასეთი შედეგის მერე როგორ უნდა გავაგრძელო მკურნალობა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიმსივნე მაინც დამარცხებულია. ღვიძლში მქონდა უამრავი მეტასტაზი, რომელთა კვალიც აღარ არის. ამჟამად ჩემი მთელი სხეული არის სუფთა. ეს მოხდა უფლის ძალით, სხვანაირად შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო.

– რას დაარქმევდით გზას მეოთხე სტადიის სიმსივნიდან უმძიმესი სენის დამარცხებამდე?

– ეს იყო ჯოჯოხეთის გზა. მე ისე შემართებით ვიყავი, ვერაფერი მომერია. ქიმიის დროს ბევრი რამდენიმე კვირა საწოლიდან ვერ დგება, მე კი მხოლოდ 4 საათი ვწვებოდი და მერე ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებდი. ჩემი შვილები არ მტოვებდნენ და ქიმიაგადასხმული ქალი ხან სად დავყავდი, ხან – სად. ყურადღება სხვა საკითხზე გადამქონდა და მიადვილდებოდა.

ზოგი ფიქრობს, რომ ქიმია არ არის კარგი, ორგანიზმს ანგრევს და ამბობს, რომ არ გაიკეთებს. ეს არის მცდარი შეხედულება. ორგანიზმი დროთა განმავლობაში აღიდგენს ყველაფერს და დაავადებაც ქრება. დღემდე ძალიან მხნედ ვგრძნობ თავს.

– იცნობთ ადამიანებს, რომელთაც თქვენნაირად დაამარცხეს სიმსივნე?

– ცხადია, ასეთი ბევრია და მე ვიცნობ მათ. წელს კოსმეტიკის კომპანიამ საჩუქრად გაგვიკეთა “ვარდისფერი სივრცე” მკერდის სიმსივნის მქონე ქალების არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ანა მაზანიშვილის, თაოსნობით. იქ ვიკრიბებით ქალები, რომლებმაც ეს სენი დავამარცხეთ. ამ სივრცეში მოდიან ახალი პაციენტები, რომელთაც ამ გზის გავლა ახლა უწევთ. მათ ვაკვალიანებთ, გამოცდილებას ვუზიარებთ.

საშინელ მდგომარეობაში ვარდები, როცა პირველად იგებ, რომ სიმსივნე გაქვს. თითქოს ცა გექცევა თავზე, ყველაფერი ყირაზე დგება, მაგრამ მაშინვე გეხსნება მესამე თვალი და სხვანაირად იწყებ სამყაროსა და ცხოვრების აღქმას. რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდი, ისიც კი მნიშვნელოვანი ხდება. პატარა პრობლემებზე გაბრაზება და ნერვების მოშლა ძალიან სასაცილოდ გეჩვენება. ყოფითი პრობლემები ამ დიდ სენთან ჭიდილში აღარაფერს წარმოადგენს. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგომა ადვილი არ არის.

ადამიანი თუ მაშინვე დაიწყებს ბრძოლას, აუცილებლად განიკურნება, მაგრამ ბევრი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და მარტო რჩება პრობლემასთან. ნერვიულობენ, როცა სცვივათ თმა, წარბები, წამწამები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სიცოცხლე ჰქვია. ამისთვის საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება.

დაფინანსების მოსაპოვებლად რომ დავდიოდი, ჯანდაცვის სტრუქტურებში ისე მექცეოდნენ, მეგონა, რადგან მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონდა, აღარაფერი მეშველებოდა, მაგრამ ასე არ არის. ბევრმა ქალმა დაამარცხა სიმსივნე სწორედ მეოთხე სტადიაში.

– გარდა მკურნალობისა, როგორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ მათ, ვისაც სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ?

– შეიტყობენ თუ არა ამ დიაგნოზს, იმავე წამიდან უნდა დაიწყონ ჯანსაღი წესით ცხოვრება. ცხიმიანი, შემწვარი საკვები, ცომეული, ტკბილეული, მარილიანი საერთოდ უნდა ამოიღონ მენიუდან. მარგარინიანი საკვები არის საშინელება და არც ის უნდა გამოიყენონ. ზეითუნის ან მზესუმზირის ცოცხალ ზეთზე დამზადებული საკვებით უნდა იკვებონ და არა – რაფინირებული ცხიმით. უნდა მიირთვან მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული, ხორცი. ხილი აუცილებელია.

ყავა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა აკრძალული. უზმოზე ყავის მიღება კარგად მყოფი ადამიანისთვისაც არ შეიძლება, რადგან ეს არის ორგანიზმისთვის ბომბი. ისე მივეჩვიე, რომ ღორის, ცხვრის ხორცს და საფუარიან პურს დღესაც არ ვეკარები. მეორე დღის პურით უნდა იკვებებოდეს ყველა, ცხელ-ცხელი პურპროდუქტების მიღება დაუშვებელია. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი სიმსივნესთან ბრძოლის დროს.

ასევე საჭიროა სუფთა ჰაერზე ყოფნა და ბევრი პოზიტივი, სულ უნდა ფიქრობდე, რომ არაფერი გჭირს და ყველაფერს მოერევი.

– მეოთხე სტადიის სიმსივნეზე გამარჯვების სიხარული რა განცდაა, შეძლებთ, გადმოგვცეთ?

– ამ დროს გრძნობ, რომ სიბნელიდან კაშკაშა სინათლეზე გადიხარ. დიდი სიმძიმე გეხსნება სხეულიდან და პეპელაზე მსუბუქი ხარ. ნამდვილად ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ ასეთი რამ განიცადო. ძალიან მინდა, ეს სიმსუბუქე ყველა სიმსივნით დაავადებულმა განიცადოს.