მარიამ გაფრინდაშვილი: ”ყოველთვის ვიამაყებ, რომ ვმუშაობდი ყველაზე მაგარ არხზე ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად”

მარიამ გაფრინდაშვილი: ”ყოველთვის ვიამაყებ, რომ ვმუშაობდი ყველაზე მაგარ არხზე ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად”ავთო ჩიტიძე, სარკე

“კურიერის” ერთ-ერთმა ყველაზე ექსტრემალურმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, “რუსთავი 2”-ზე 12 წლიანი მუშაობა ერთ დღეში დაასრულა. სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნიკა გვარამიას “მთავარ არხს” შეუერთდნენ, ის სახლში, მშობლიურ ჭიათურაში დაბრუნდა.

– მარიამ, რა ემოციებით დაემშვიდობეთ “რუსთავი 2”-ს?

– ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან ძნელი იყო. მეგონა, რომ საკუთარი სახლიდან მივდიოდი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო სწორედ ამ შენობაში მაქვს გატარებული. მართლა არ ვიცი, მანამდე რას ვაკეთებდი და როგორი იყო ჩემი ცხოვრება. 19 წლის “რუსთავი 2”-ში გავხდი და იქ გავიზარდე.

ჩემი გადაწყვეტილება, რომ არხიდან წამოვსულიყავი, მხოლოდ იმით იყო განპირობებული, საკუთარ თავთან მართალი ვყოფილიყავი. ეს ნაბიჯი არავის გამო და არავის გავლენით გადამიდგამს. უბრალოდ ჩემთვის არსებობს პრინციპები, რომლებსაც ვერ გადავაბიჯებ.

ბევრს ლაპარაკობენ, რომ ვიღაცა ვიღაცას გაჰყვა, მე არავის არსად გავყოლილვარ, სახლში წავედი. 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ჩემი სიუჟეტები ადამიანებს დამახსოვრებოდათ. არც ბულინგის მეშინია და არც სხვა რამის, მეშინია მხოლოდ იმის, რომ საკუთარ თავთან დისკომფორტი არ მქონდეს.

– მას შემდეგ, რაც არხის მენეჯმენტი შეიცვალა, მუშაობისას გქონდათ რაიმე დისკომფორტი?

– არანაირი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ “კურიერში” მუშაობის ბოლო წუთამდე არანაირი დისკომფორტი და შეზღუდვა არ მქონია. უბრალოდ, როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსს უშვებენ და არ გეუბნებიან, ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს ყველაზე კრიტიკულ საინფორმაციო სამსახურს… ეს უკვე პირველი სიგნალი იყო, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი.

– ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა “მთავარ არხზე”. თქვენ რატომ წახვედით სახლში?

– რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე, სახლში წავსულიყავი.

– როგორია ცხოვრება “კურიერის” შემდეგ?

– “კურიერის” ჟურნალისტებს ბიოლოგიური საათი გვქონდა – 12 საათზე, 3-ზე, 6-ზე და 9-ზე. ამ დროს ახლაც გული მიჩქარდება. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა ჩემს თავს. პირველ დღეს ბევრი ვიტირე, მეორე დღეს კი თბილისიდან წამოვედი და ჩემს მშობლიურ ჭიათურას მივაშურე.

– რას გააკეთებთ, თუ ეკრანზე არ დაბრუნდით?

– ჯერ მგონია, რომ შვებულებაში ვარ. რამდენიმე წყარომ დამირეკა და საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მომაწოდეს, მაგრამ ამ ინფორმაციებს ვერსად გავაჟღერებ, რადგან “კურიერი” აღარ არსებობს. დრო რომ გავა, ალბათ უკეთესად მივხვდები, რა შეიძლება გავაკეთო.

არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს რომელიმე მხარის პოლიტიკური მოლოდინები. 12 წელი ქუჩის რეპორტიორი ვიყავი და, მგონი, თბილისის ყველა ქუჩაში მაქვს ღამე გათენებული. არ ვიცი, დავრჩები თუ არა რეპორტიორად, მაგრამ დრო რომ გავა, ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საამაყო იქნება. ერთი სიუჟეტიც კი არ არსებობს, რომლის გამოც შემრცხვება. ყოველთვის ვიამაყებ, რომ ვმუშაობდი ყველაზე მაგარ არხზე ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად.

– ამ 12 წლის განმავლობაში თქვენს სატელევიზიო ცხოვრებაში რა ქარტეხილები იყო? ალბათ სხვადასხვა ტელეკომპანიები ცდილობდნენ თქვენს გადაბირებას.

– არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მაგარ ტელეკომპანიაში ვმუშაობდი, ამიტომ სერიოზულად ერთი წინადადებაც არ განმიხილავს. ამ ტელეარხზე ნინო შუბლაძემ მიმიყვანა. მისი სტუდენტი ვიყავი და ნულიდან დავიწყე ამხელა ტელეკომპანიაში მუშაობა. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობები, მაგრამ უფრო მეტი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ხელს გიწვდიდა და გასწავლიდა.

მე მიმუშავია ისეთ “რუსთავი 2”-ში, სადაც იყო სახელისუფლებო გავლენა, მაგრამ არ მინდა, ისეთ “რუსთავი 2”-ში ვიმუშავო, სადაც ვიღაცას უნდა მოვეფერო.

– რა წამოიღეთ თქვენი სამუშაო ადგილიდან?

– ისე წამოვედი, რომ სამუშაო მაგიდიდან არაფერი წამომიღია. ჩემი ფოტოები და ნახატებიც კი იქ დავტოვე. არ შემეძლო მაგიდის ალაგება და ვინც მივა, გადაყაროს, არ მეწყინება.

ნიუსრუმში გვქონდა ჩვენი კვადრატი, ანუ სამუშაო ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვხმაურობდით. ნოდარ მელაძე სულ გვემუქრებოდა, თქვენი კვადრატის დემონტაჟი უნდა მოვახდინოო. ეს ვერ მოასწრო. ყველა ჟურნალისტს, ვინც ახლა იქ მივა, ვურჩევ, სამუშაოდ ის კვადრატი აირჩიონ, რადგან ყველაზე ლამაზი ადგილია ნიუსრუმში.

– ალბათ ახლა პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცლით და მიიხედ-მოიხედავთ.

– აქეთ მიიხედ-მოიხედონ, მე სად გავიხედო, აქეთ შემამჩნიონ!