ლელა წურწუმია: “40 წელი კიდევ ვიდგები სცენაზე” – 50 წლის მომღერალს დაბერების აღარ ეშინია

ლელა წურწუმია: "40 წელი კიდევ ვიდგები სცენაზე" - 50 წლის მომღერალს დაბერების აღარ ეშინიაავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალმა ლელა წურწუმიამ ცხოვრების 50 წლიან ზღვარს გადააბიჯა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ზღურბლი მტკივნეული, დეპრესიული და მელანქოლიური იყოს, მაგრამ არა ლელასთვის. ის ამ ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია და მრგვალი თარიღი 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში სოლო კონცერტით აღნიშნა.

– ბევრ რამეში ხართ თამამი, მათ შორის – ასაკთან მიმართებაშიც, რადგან იშვიათია, 50 წელს ასე მასშტაბურად აღნიშნავდეს ვინმე.

– დასამალი არაფერი მაქვს, ნახევარი საუკუნე არც ცოტაა და არც ბევრი. 50 წელი – ეს არის ჩემი წლები, ჩემი განვლილი ცხოვრება, რითიც ძალიან ვამაყობ. იმდენად ყურადღების ცენტრში ვარ ყოველთვის, რომ ასაკის დამალვას აზრი არ აქვს. პირიქით, მინდა, სტიმული მივცე ახალგაზრდებს, რომ 50 წლის ასაკშიც იყვნენ აქტუალურები, მოთხოვნადები, ენერგიულები.

– როცა კარიერას იწყებდით, როგორი წარმოგედგინათ თქვენი თავი 50 წლის ასაკში, ყველა მიზანს მიაღწიეთ?

– საკმაოდ მიზანდასახული და ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. ჩემი 50 წლის მიღწევებით უმადური და უკმაყოფილო არ ვარ.

– უკან მოხედვისას რას ხედავთ? დრამატული იყო თქვენი განვლილი გზა?

– ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე. ბევრი რამის დათმობა და კომპრომისზე წასვლა მომიწია. თითოეულ ჩემს ნაბიჯზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. საერთოდ დიდი ფიქრის გარეშე არც ერთი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება არ მიმიღია. სპონტანურ გადაწყვეტილებებს მაშინ ვიღებ, როცა 101 პროცენტით დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.

– რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი და ეტაპი?

– მნიშვნელოვანი ასაკი და ციფრი არ ყოფილა, მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. სკოლა რომ დავამთავრე, მალე დაიწყო ეროვნული მოძრაობა და მას შემდეგ ჩვენ გარშემო სულ პოლიტიკური მოვლენები ვითარდება. ძალიან ბევრი რამ მოხდა, იყო ჩავარდნებიც და აღმასვლებიც.

ჩვენი ცხოვრება ამითიც არის საინტერესო, რომ ის ერთგვარ კარდიოგრამასავითაა, როდესაც ხაზი სწორდება, გული ჩერდება. ამიტომაც რაც უფრო ბევრი წახნაგი და ბევრი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესოა ის.

– როგორც ქალისთვის, როგორია 50 წელი, სარკესთან როცა დგებით, რა ფიქრები მოდის თქვენთან?

– რა თქმა უნდა, ახალგაზრდობას აქვს თავისი ხიბლი. როგორც უნდა ვეცადოთ, 25 წლის ასაკში კანი უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ახლა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ბევრმა რამემ მოგვისწრო და დაბერებაც აღარ არის საშიში. თანაც ეს ყველაფერი ისე შეგიძლია გააკეთო, რომ ბუნებრიობა არ დაკარგო.

– ცხოვრების პრიორიტეტები, შეხედულებები ან გემოვნება თუ გეცვლებათ ამ პერიოდში?

– გემოვნება ან გაქვს, ან არა. პასიური ცხოვრების ტემპი ჩემი არასდროს ყოფილა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც შეიცვალა, თუნდაც 50 წლის შემდეგ. რაც ეკრანზე გამოვჩნდი, მას შემდეგ სულ აქტიური ვარ და ჩემი მსმენელი ამიტომაც მომყვება დღემდე. ჩემი ენერგიულობით ვახერხებ იმას, რომ იმ თაობის მსმენელიც ავიყოლიო, რომელთა დაბადებაც ხშირად იმ სიმღერების დაბადების თარიღებს ემთხვევა, რომლებსაც მე ვასრულებ. ჩემს კონცერტებზე სხვადასხვა გემოვნების მაყურებელი დადის, მათ შორის – ელექტრონული მუსიკის მოყვარულებიც.

– როგორ ახერხებთ, იყოთ თუნდაც თქვენი შვილის, მარიკოს, თაობისთვისაც საინტერესო მომღერალი?

– ვცდილობ, მუდმივად გავიზარდო და ყოველთვის ავყვე ფეხის ხმას მუსიკალურ ინდუსტრიაში. მაქვს კარგი უნარი, რომ სიახლეები მივიღო. ამიტომაც გადავწყვიტე, სპორტის სასახლეში გამეკეთებინა სოლო კონცერტი და არა – ფილარმონიაში, რადგან ამ სივრცეში უფრო მეტი ახალგაზრდის შეკრება შეიძლება და მინდა, ჩემი სიმღერების ის ჟღერადობა შევთავაზო, რაც მათთვის მისაღები იქნება. სხვანაირად შეუძლებელია, იყო შოუბიზნესში და წინ წახვიდე.

– თქვენი შვილის, მარიკოსი, ყოველთვის გესმით თუ არის აზრთა სხვადასხვაობა?

– მარიკოსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მომწონს. მაგალითად, ვერ ვიგებ, მუდმივად ყურსასმენებით რატომ უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა მას ველაპარაკები. მე მაინც ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი არის თავისი ოჯახის პროდუქტი. მე ვიცი, რა არის უფროს-უმცროსობა, ტრადიციები, ოჯახური ფასეულობები, რაც ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში.

– მარიკოში თქვენს თავს უფრო მეტად ხედავთ თუ მამულიჩას?

– მამულიჩას ძალიან ჰგავს, მაგრამ ხასიათი ჩემი აქვს. მასში ბევრ ჩემს თვისებას ვხედავ. ნელ-ნელა იერით ჩემკენაც მოდის. სულ ვამბობ: “სად არის ჩემი ლამაზი გენეტიკა?”. ამაზე დედაჩემმა შვილებს გვითხრა, ჩემი შვილები თქვენს შვილებზე ლამაზები არიანო. ეს ხუმრობით, ჩვენი შვილები მართლაც საოცრად ლამაზები არიან, ჩემი და ჩემი დისშვილები. მთავარია, იყვნენ წარმატებულები, ჯანმრთელები და იღბლიანები.

– თქვენ და მამულიჩას 20 წლიანი თანაცხოვრება გაკავშირებთ. ახლა რა ეტაპი დგას თქვენს სიყვარულში?

– მამულიჩა ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირადი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი საუკეთესო პარტნიორია საქმეში. ჩვენს ცოლქმრობასა და საქმიან ურთიერთობაში ზღვარი წაიშალა. ქართულ რეალობაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მომღერალმა პროდიუსერი აიყვანა და ეს ტანდემი ამდენი წელი გრძელდება.

მამულიჩა საქმეში ძალიან მომთხოვნი, მკაცრი და საქმიანია. ძალიან ნიჭიერია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

– აღნიშნეთ, რომ ზღვარი წაიშალა პირადსა და საქმიან ცხოვრებას შორის. ეს ხელისშემშლელი არ არის?

– არა. სხვანაირად ვერ იქნები წარმატებული, თუ 24 საათი არ იმუშავე შენს პროექტებზე და კონცერტებზე. ხანდახან მაქვს მომენტები, როცა ვამბობ, რომ უნდა დავისვენო. მეც ადამიანი ვარ და ვიღლები, მაგრამ მამულიჩა ამ დროსაც არ მანებებს თავს.

– რა ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა სიყვარულმა ამ 20 წლის განმავლობაში?

– ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, მგონი, ლიფტში გავიჭედეთ და, საერთოდ, ერთად დავიბადეთ-მეთქი. დღეს უკვე ერთი სხეულივით ვართ.

– ახლა რა გეგმები გაქვთ, რა მიზნები და ამოცანები დასახეთ 50 წლის ასაკში?

– 40 წელი კიდევ ვიდგები სცენაზე და მერე ვნახოთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სცენაზე ძალიან დიდხანს ვიდგე.