პირველი ოქტომბრიდან მაუწყებლობას იწყებს ახალი ტელეკომპანია “ფორმულა”. როგორც მისი ხელმძღვანელები ამბობენ, ეთერში ჯერ შეძენილი პროდუქცია – სერიალები, ფილმები გავა. 5 ოქტომბერს არხის საინფორმაციო სამსახური დაიწყებს მუშაობას, შვიდში – დილის გადაცემა.
25 ოქტომბერს კი “ფორმულას” ეთერში პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” მე-16 სეზონი დაიწყება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი.
“ჩცდ”-ს სიახლეების შესახებ AMBEBI.GE-ს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებელი და პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესაუბრება:
– დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს არ შევხვდებით, “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში 25 ოქტომბერს, გეგმის მიხედვით ეთერში უნდა გავიდეს… მაყურებელი სერიალს კვლავ პარასკევს, შაბათსა და კვირას იხილავს.
განსხვავებით “რუსთავი 2”-ის ეთერისგან, სადაც პრიორიტეტული პოლიტიკური კონტენტი იყო, რის გამოც ხშირად ჩვენი საეთერო დრო მონაცვლეობდა და მიბმული იყო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, “ფორმულაზე” პროგრამირება მკაცრად იქნება განსაზღვრუყლი – რა საათიც იქნება სერიალზე მითითებული, იმ საათზე გავა, დრო აღარ გადაინაცვლებს.
– მაგრამ მაყურებელი იმდენად ელოდა სერიალს, რომ ეთერში მისი დაგვიანებით გასვლასაც “იტანდა”…
– კი, მაგრამ ბევრში ეს აგრესიასაც იწვევდა და არაერთი უსიამოვნო შეფასებაც მოგვისმენია ჩვენი მისამართით, რომ დანაპირებ სიტყვას ვტეხდით და იმ დროს ვერ გადიოდა, რა დროსაც ვაანონსებდით, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ახლა მგონია, როგორც ვამბობ, ჩვენი მედიაპოლიტიკა ამ მხრივ პრინციპული იქნება და მაქსიმალურად მაყურებლის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
– სიახლეები ყოველთვის გაქვთ, ამ სეზონზე რა სიახლეს უნდა ელოდოს მაყურებელი?
– სიახლეები იქნება როგორც ტექნიკურ ნაწილში, ისე – შინაარსობრივში. დაემატება ორი ახალი ხაზი, შეიძლება მეტიც, სავარაუდოდ, რაღაც ძველ ხაზებსაც გავიხსენებთ, მეტად ამოვწევთ, რომელიც ბოლო დროს მივიწყებული იყო… ამჟამად, ახალი მსახიობების კასტინგი მიმდინარეობს ამ ახალი ხაზებისთვის, სამუშაო პროცესია. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს…
თითოეული ახალი სეზონი მოთხოვნის თამასას მუდმივად სწევდა, შესაბამისად ამას ამჯერადაც და ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. უკეთესები უნდა გავხდეთ, რომ მაყურებლის სიყვარული ისევ შევინარჩუნოთ…
– სერიალის სრულიად ახალ არხზე გასვლა, ხელს ხომ არ შეუშლის მის პოპულარობას? ეს ცვლილება ხომ არ იმოქმედებს?
– ის, რაც არხის ყველაზე ორგანული ნაწილია, სწორედ სერიალია. “ფორმულა კრეატივმა” რაც წლების განმავლობაში შექმნა, ეს სერიალია. ამიტომ, ახალი არხისთვის სწორედ “ჩემი ცოლის დაქალებია” ფუნდამენტური დასაყრდენი პროექტი.
ამიტომ “ფორმულას” მაყურებლის სიყვარული, ზუსტად იმავე მიდგომით უნდა დავიმსახუროთ, როგორც „ჩცდ“-ს შემთხვევაში მოხდა. ეს სერიალი ხარისხიანი, უკომპრომისო, სათქმელის პირდაპირ მთქმელი, სარკეში ჩამხედავი პროქტია და ეს ფილოსოფიური კონსტრუქცია ექნება არხსაც – ჩვენი მესიჯი ზუსტად ეს იქნება, როგორც საინფორმაციო მიმართულებით, ისე სხვა პროექტების კუთხით.
– სერიალს სხვადასხვა ცნობილი ხაზი აქვს, რომლებიც მაყურებელს ძალიან უყვარს: მეგრელების, კასპელების, ვაკელების “კლანები”… მე-16 სეზონზე შენარჩუნებული იქნება თითოეული მათგანი?
– მრავალფეროვნება ჩვენს სერიალში მუდმივად არის. ეს პროდუქტი ხომ რაღაცნაირად მინიმოდელია იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად არაფერი დააკლდება, თუ რამე არ მოემატება…
ვიღაცები ჩვენგან წავიდნენ და ის მსახიობები “რუსთავი 2”-ის “კომედი შოუში” უკვე გამოჩნდნენ კიდეც. მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ პერსონაჟები იქაც და აქაც იყვნენ დუბლირებული, რადგანაც ეს სხვადასხვა რამ არის. მათ პერსონაჟების შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არჩევანი გაეკეთებინათ და მათ დაგვტოვეს.
ასეთია არა მხოლოდ ჩემი, პროექტის შემქმნელების პოზიციაც, რომ სერიალის პერსონაჟების დუბლირება სხვადასხვა სივრცეში, პერსონაჟს აზიანებს, რომელიც ჩვენი სამყაროს ნაწილია, ჩვენთან შექმნილი და ჩამოყალიბებული…
– ალბათ აქ მასობრივ პროექტებზეა ლაპარაკი, თორემ თქვენი მსახიობების უმეტესობა პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობს…
– კი, მასობრივ პროექტებზეა ლაპარაკი, რადგანაც თეატრში ამ პერსონაჟების დუბლირება არ ხდება. სიტყვაზე, გიორგი ბოჭორიშვილმა თეატრში მეფე ლირი რომ ითამაშოს, ეს ჩვენს ზაზას არ დააზიანებს, მაგრამ ისეთი მკვეთრი პერსონაჟები, როგორებიც არიან – თენგოი, ლუნა, ეს ცხადია, საზიანოა.
შოთიკო ნოზაძემ (თენგოი), ქეთი ხუციშვილმა (ლუნა), მერაბ დარჩიამ (ზურა ნიჟარაძე) ჩემი აზრით, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, თავის საქმის თვითონ იციან, წარმატებას ვუსურვებ ყველას!
– ცუდია, რომ “ჩცდ”-მ ეს მკვეთრი პერსონაჟები დაკარგა…
_ კი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, წლების განმავლობაში, რეიტინგის პიკში მყოფი პერსონაჟები სერიალიდან ამოგვიღია, მაგრამ პროდუქტს არაფერი დაუკარგავს… “ჩემი ცოლის დაქალები” უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე მისი რომელიმე პერსონაჟი.
– ჭორის სახით გავიგეთ, რომ თითქოს მსახიობი ანი ტყებუჩავაც ტოვებს სერიალს. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
– ანი ტყებუჩავა (ნინა) და ლევან ყოჩიაშვილი (დათო), ხელშეუხებელი პერსონაჟები არიან. ჩვენი სერიალის დასაყრდენი ღერძი. ასე რომ, არც ერთი არსად არ მიდის…
მოკლედ, როგორც ვთქვი, ამჟამად ახალ მსახიობებს ვეძებთ, კასტინგების ეტაპია, ჯერჯერობით რაღაცები მკვახეა და მწიფდება, ტექნიკური სამზადისი გვაქვს. სერიალის გადაღებები 7 ოქტომბერს დაიწყება.
ამბები

