ირაკლი მაისურაძე: “რუსთავი 2″-ში მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო”

ირაკლი მაისურაძე: "რუსთავი 2"-ში მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ირაკლი მაისურაძე ტელევიზიაში, არც მეტი და არც ნაკლები, სტომატოლოგიიდან აღმოჩნდა – პროფესიით სტომატოლოგ-ორთოპედია. ერთ დღეს ძმას მიაკითხა სამსახურში, ტელეკომპანია “საქართველოს ხმაში” და პროფესიის შეცვლაც მაშინ გადაწყვიტა. მას შემდეგ ბევრი სამუშაო ადგილი, ბევრი ტელეარხი გამოიცვალა. ახლა “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.

სამი შვილის მამისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები აძლიერებენ. ოჯახში კი თავის ოთხფეხა მეგობრებსაც გულისხმობს, რომლებთანაც ირაკლის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

– ირაკლი, ჟურნალისტებისთვის გასული ზაფხული ძალიან ცხელი, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. თქვენ როგორ და სად გაატარეთ ეს სეზონი?

– ოო, ზაფხული გრილი, მაგრამ პოლიტიკურად ნამდვილად ცხელი იყო! შევძელი, შვებულებით მესარგებლა, მაგრამ დასვენების რა გითხრათ. პირადი მიზეზების გამო თბილისი არ დამიტოვებია. შვებულების პირველი დღე 8 აგვისტო იყო და ამ დღეს ცოტა არასწორი მგონია სამსახურის დატოვება, თუ შენს საქმეზე შეყვარებული ხარ და ქვეყანაზეც შეგტკივა გული. ასე რომ, შვებულებიდან ერთი დღე ისევ სრული დატვირთვით ვიმუშავე, დანარჩენი დრო სახლში, ძირითადად გამოძინების პროცესში გავატარე.

არ მგონია, რომ ჟურნალისტებმა, ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებმა კარგად დაისვენეს. საზაფხულო სეზონი მოკლე და “გადარბენაზე შვებულებების” პერიოდი იყო. მედიამ მძიმე ზაფხული გამოიარა. ქვეყანაში რთული პერიოდია და ეს ჩვენს საქმიანობაზე განსაკუთრებულად აისახება, ჟურნალისტები მთელი დატვირთვით მუშაობენ. საზოგადოება ახალ ამბებს ელის და ძნელია ხალხს აუხსნა, უკაცრავად, ჩვენც დასვენება გვინდა და მოითმინეთ, ახალ ამბებს მერე მოგიყვებით-თქო.

– წლების განმავლობაში მუშაობდით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, რომლის გარშემოც მოვლენები ამ ზაფხულს დრამატულად განვითარდა. არხის მფლობელი, მენეჯმენტი შეიცვალა, ჟურნალისტები სხვა ტელეკომპანიებში წავიდნენ. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს?

– არამარტო “რუსთავი 2”-ის მიმართ, ზოგადად მედიაში განვითარებული მოვლენები არ მომწონს. დავიწყოთ იქიდან, რომ რადიკალიზმის მომხრე არ ვარ და ეს არც მედიაში მომწონს. არ მომწონს ის, რომ საზოგადოება რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და ისინი ერთმანეთს ფაქტობრივად მტრებად აღიქვამენ. ამ რეალობის დუბლირება მედიაშიც ხდება.

მედიასაშუალებები და მათი წარმომადგენლები, კონკურენციის გარდა, ხშირად სიტყვიერადაც უპირისპირდებიან ერთმანეთს. ნუ მომთხოვთ დაკონკრეტებას, სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დეკლარირებულია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ, ამ მიმართულებით მაინც მოვიკოჭლებთ. “ჩემნაირად თუ არ ფიქრობ, ცდები და უნდა გაგკიცხო” – ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში.

შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს და სოციალური ქსელებიც ამის ნათელი მაგალითია.

ჩემს ყოფილ სამსახურში, “რუსთავი 2”-ში, მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო, ალბათ შესაძლებელი იყო ჟურნალისტებთან სხვა ენით ლაპარაკი. მგონია, რომ მცდელობა დააკლეს და თავის დროზე საუბარი ვერ შედგა.

– ბევრი არხი გამოიცვალეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს მედია ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სამსახური?

– არასტაბილური? კი, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ამ თემაზე ძალიან მოკლედ რომ გიპასუხოთ, ასეა – მედია ძალიან მიბმულია პოლიტიკაზე. მგონია, რომ მედისაშუალებები, როგორც ბიზნესი, ბოლომდე არ არსებობენ – ფინანსურად დამოუკიდებლები არ არიან. აი, ეს არის საწყისი და მერე უკვე პრობლემები მრავლდება და სხვადასხვა მიზეზებად იშლება.

– 20-21 ივნისის აქციებზე რეპორტიორად მუშაობდით. მოგენატრათ ქუჩაში მიკროფონით სიარული?

– პირდაპირ ეთერში მუშაობა არც არასდროს მომწყინდება – სტუდიაში, ქუჩაში. ეს დღემდე ადრენალინია ჩემთვის და 235 წლის მერეც არ მომწყინდება. გარკვეული პერიოდი ქუჩაში გადაღებაზე იმიტომ არ ვჩანდი, რომ სტუდიის რეჟიმია დატვირთული. მიმაჩნია, რომ საინფორმაციოს წამყვანი თუ მიკროფონით არ დარბის, მან ახალი ამბების გემო აღარ იცის.

– როდის უფრო მეტია ადრენალინი – სტუდიაში თუ ქუჩაში, გადაღებაზე?

– განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე შემთხვევაში მთავარი მიზანია, რომ მაყურებელს ახალი ამბავი მოუყვე და საინტერესო დეტალი არ გამოგრჩეს.

– პირდაპირ ეთერში დაგიშვიათ შეცდომები?

– ერთხელ ტექნიკური ხარვეზები იყო. დაღლილი ვიყავი და ძალიან ამაყად ვთქვი: “ტექნიკური ბოდიშისთვის გიხდით ხარვეზს”. ეს რომ მახსენდება, დღემდე გულიანად ვიცინი, მაგრამ პარალელურად შიგნიდან მაინც ვწითლდები. უჰ, ბევრი შეცდომაა, რომლებიც მერე სასაცილოდ გეჩვენება, მაგრამ კარიერის დასაწყისში, ანუ პატარაობაში, ამ დროს გინდება, რომ გაქრე. არადა ჟურნალისტებიც ადამიანები არიან და არა – რობოტები.

– შეიძლება ითქვას, რომ ვეტერანი ჟურნალისტი ხართ, წლების განმავლობაში უამრავი აქცია გაგიშუქებიათ, სადაც ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. თქვენი დაკვირვებით, როდის და რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში?

– პასუხი ცალსახაა – როცა უჭირს, როცა რაღაც ძალიან უნდა და ვერ იღებს. ამ მიზეზით გამოდის ხალხი ქუჩაში და არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ერთმა კონკრეტულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო საქართველოში – პროპორციული არჩევნები მოითხოვეს და მიიღეს.

ზოგიერთი საპროტესტო შეკრების მიზეზს კი დღემდე ვერ ვიგებ. ალბათ იმიტომ, რომ, ვფიქრობ, სხვა აქტუალური პრობლემები უფრო დგას დღის წესრიგში. მაგალითად, მარიხუანის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ზოგადად ამ მიმართულებით ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობის, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.

ძალიან კარგია, როცა შენი უფლებების ამ ნაწილს იცავ, მაგრამ მგონია, რომ ამასთან ერთად სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად უნდა იბრძოლო. მაგალითად, ბევრისთვის კომუნალურის გადახდა დიდი პრობლემაა, ზამთარში გათბობას ვერ რთავენ, რადგან გადახდა არ შეუძლიათ, პროდუქტები ძვირდება, ლარის კურსის კატასტროფულად დაცემაზე აღარც ვლაპარაკობ და ა.შ.

– სხვადასხვა არხზე ბევრი საქმიანი პარტნიორი გყავდათ, რომლებთან ერთადაც საინფორმაციო გამოშვებებს უძღვებოდით. მათთან თუ აგრძელებთ მეგობრულ ურთიერთობას?

– უმრავლესობასთან ყოველდღიური კონტაქტი თუ არ მაქვს, სოციალური ქსელით მაინც ვაგრძელებ ურთიერთობას. მგონია, რომ წარსული არ უნდა დაივიწყო. სხვათა შორის, კოლეგები ჩემი შვილების ნათლიებიც კი გახდნენ. ცხოვრებაში გამიმართლა ჯერ იმიტომ, რომ მათთან ერთად ვიმუშავე, მერე იმიტომ, რომ დავმეგობრდით და მერე იმიტომ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ არსებობენ.

– საყვარელი ადამიანებისთვის რა დოზით იცლით? ოჯახში ხომ არ გსაყვედურობენ, რომ მათ საკმარის დროს არ უთმობთ?

– სამსახურის შემდეგ მთელ დროს ოჯახს ვუთმობ. მინდა, ყველაფერი მოვასწრო. სანამ ყველა არ დაიძინებს, მაქსიმალურად ვეკონტაქტები. ძილსაც კი ვიკლებ, რომ მაგდასთან, მარიამთან და ერეკლესთან მეტი ურთიერთობა მქონდეს. მგონი, ურიგო მამა და მეუღლე არ ვარ, ოჯახის წევრები არ ჩივიან.

ჩემთვის ოჯახი ყველაფერია. კუნძულივითაა, სადაც არასდროს არის შტორმი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსები, გოგოც და ბიჭიც, გარდატეხის ასაკში არიან. აუ, რა რთული პერიოდია!

– მინდა, საყვარელ ცხოველებზეც გკითხოთ. თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე “სარკეშიც” გვისაუბრია. ახლა რომელი ცხოველი ცხოვრობს თქვენს ოჯახში?

– მოდით, ასე ვთქვათ, რომ მე ცხოველები არ მყავს და ისევ ოჯახის წევრებზე ვაგრძელებთ საუბარს. კი, ბატონო, ჩვენთან ცხოვრობენ ისიდა ჰამუნაპტრა III, ტირიონ ლანესტერ IV და ნალა ახეტატონი V, სხვათა შორის, სამივე მაისურაძეა პასპორტით.

ისიდა და ნალა დედა-შვილი არიან, დონური სფინქსები და პიროვნებები. ტირა იაპონური აკიტაა – ოჯახში მშვიდობის მტრედი. მოკლედ, სრულ ჰარმონიაში ვართ. ალბათ დიდი სახლი რომ მექნება, ჩვენი ოჯახის შემადგენლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება.

2 წლისა და 3 თვის წინ ჯერ ისიდა გამოჩნდა ჩვენთან, მეგობრებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს. მერე ჩემმა მეგობარმა ერეკლეს აჩუქა დაბადების დღეზე ტირიონ ლანესტერი (გოგოა). ბოლოს ოჯახში დარჩა ისიდას მონაგარი ნალა ახეტატონიც. ასე რომ, ერთად ვცხოვრობთ, ერთ ფერმაში და, ბევრი პრობლემის მიუხედავად, ბედნიერები ვართ.