“ემიგრანტების ჯიბის წურბელას მეძახიან” – რას ერჩიან შოთო სიხარულიძეს

"ემიგრანტების ჯიბის წურბელას მეძახიან" - რას ერჩიან შოთო სიხარულიძესრუსუდან ადვაძე, სარკე

ბათუმელ შოთო სიხარულიძეს, რომელიც 14 წელია საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანების ცხოვრებას აშუქებს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეპითეტებით ამკობენ, ზოგი ემიგრანტების იმედს უწოდებს, ზოგი – ემიგრანტების ჯიბის წურბელას.

როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, რომლის გარშემოც მუდმივად სკანდალები და ჭორები გორდება და როგორ დაუკავშირდა მისი სახელი ემიგრანტებს, “სარკეს” შოთომ თავად უამბო:

– ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობა 2007 წლიდან დავიწყე. თავიდან ჩემი იდეა იყო, რომ მათთვის ქართული ფილმები მიმეწოდებინა. მაშინ კონკრეტულ საიტებზე ქართული ფილმების ნახვა ფასიანი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, ინტერნეტში ამეტვირთა ფილმები, სიმღერები, გადაცემები, რომლებსაც უფასოდ ნახავდნენ. ასევე მქონდა ემიგრანტების დახმარების ცენტრი. ემიგრანტები მიცნობენ, როგორც ჟურნალისტს, რადგან მუდმივად მათ ამბებზე ვწერ.

მე და ემიგრანტები 14 წლის წინ შევიკარით ერთ ოჯახად და ჩვენი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. 2017 წელს ჩემს ჯგუფში მილიონი ადამიანი იყო გაწევრებული. 2017 წლის 8 მარტს კომპიუტერი გამიტეხეს და ყველანაირი ინფორმაცია წამიშალეს. იმ დროს საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა სამი ლექსი მომიძღვნა და ცრემლები ვერ შევიკავე. მთელი წელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – იმიტომ ტირის, რომ ემიგრანტებს ფულს ვეღარ სძალავსო.

– ვინ გერჩოდათ, ვინ გაგიტეხათ კომპიუტერი?

– ერთმა ემიგრანტმა ჰაკერები და პროგრამისტები ჩარია, რომ გაგვეგო, ვინ გამიტეხა, მაგრამ მაინც ვერ აღვადგინეთ. მერე სხვა გვერდები გავაკეთე და მეტი შემართებით შევუდექი ემიგრანტების დახმარებას, მათთვის ინფორმაციების მიწოდებას.

ჩემი არხი 14 წლის არის. მწერდნენ, რომელიმე გადაცემის ყურება თუ უნდოდათ და მათ თხოვნას მაშინვე ვასრულებდი. ამიტომაც შემარქვეს ემიგრანტების იმედი. მაგალითად, სერიალი “შუა ქალაქში” რომ გავიდოდა ეკრანზე, სპეციალური პროგრამით ვიწერდი და ერთი საათის მერე ახალი სერია უკვე ჩემს საიტზე იდო და ეწერა: “ვიდეო ემიგრანტებისთვის”.

ისეთი პოპულარული გავხდი, ემიგრანტის ოჯახის წევრი თუ ქორწინდებოდა, ყველგან სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვევდნენ. ოჯახის წევრად მთვლიდნენ.

– სალანძღავი პოსტებიც გვინახავს, წერენ, ემიგრანტების წურბელაო.

– როცა სიკეთეს აკეთებ, 14 წელი რეიტინგს არ კარგავ, ხალხის სიყვარული გაქვს, ამის გამო ადამიანები ბოროტდებიან. ბევრს უნდა, მსგავსი საიტი გააკეთოს და პოპულარული გახდეს, მაგრამ ვერ ახერხებენ. წინა წლებში ქართველი ემიგრანტები არავის ახსოვდა. ბოლო 3 წელია, რაც ამ თემამ წამოიწია, ტოქ შოუებში იწვევენ და ა.შ. 14 წლის წინ კი ისინი არავის ახსოვდა.

– ამის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მათი რეალური ყოფის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ყველას ეგონა, რომ კარგად ცხოვრობდნენ, რადგან ემიგრანტების ოჯახებს სხვებივით არ უჭირდათ.

– ყოველთვის ვიცოდი, რომ ემიგრანტები სამშობლოს ნატვრაში იყვნენ, დიდი პრობლემებიც ჰქონდათ და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშაც იყვნენ. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზოგი მოკლეს…

მაგალითად, ელენე გოქაძეს დედ-მამა დაეღუპა. ერთადერთი ძმა ჰყავდა სარჩენი. ემიგრაციაში 15 წლის წასული იყო, როდესაც მოკლეს. მანამდე წერდა, რომ ძალიან უჭირდა და ყველა და ყველაფერი ენატრებოდა. უზომოდ თბილი და ტკბილი ადამიანი იყო. თურქეთში მომვლელად მუშაობდა. ერთ საღამოს, როცა სახლისკენ მიდიოდა, ორი ადამიანი დახვდა, შეიყვანეს სახლში, სკამზე დააბეს და მოკლეს.

მეზობელმა ორი დღის შემდეგ იგრძნო სუნი და მაშინ ნახეს მკვდარი. პირი ლეიკოპლასტირით ჰქონდა აკრული და დაბმული იყო. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ენაც ამოჭრილი ჰქონდა. 3 თვის ხელფასი ერთად აიღო და ამ ფულის გამო მოკლეს.

რუსთაველი ქალი მზია დონდუაც მოკლეს. ის თურქეთში ძიძად მუშაობდა. ოჯახის უფროსმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში. იტალიაში ქართველი ქალი ტბაში ჩახტა და თავი დაიხრჩო… თვითმკვლელობებზე საუბარს თავს ვარიდებ მათი ოჯახების გამო, მაგრამ ბევრმა დაასრულა სიცოცხლე ასე, რადგან მძიმე ყოფას ვეღარ გაუძლეს.

ზოგიერთებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ საბუთის არქონის გამო ექიმთან ვერ მიდიან, ზოგს დილით ნახულობენ გარდაცვლილს, ზოგს გულის შეტევა ემართება და მოულოდნელად კვდება… ახლაც უამრავი ადამიანი მწერს, რომ ვეღარ უძლებენ იქ ყოფნას. მეუბნებიან, რომ ისინი ოჯახის წევრებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა თანხა აქვთ გადასაგზავნი.

2007 წლიდან ვიცი მათი მძიმე ყოფის შესახებ. მაშინ მათ უსახელო გმირები და უვადო პატიმრები შევარქვი. ემიგრანტების ფსიქოლოგსაც მიწოდებდნენ, რადგან ბევრი ადამიანი გადავარჩინე. ზოგს თვეები ვესაუბრებოდი, რომ მდგომარეობიდან გამომეყვანა. შეიძლებოდა, არც მქონდა განწყობა, მაგრამ უკან არ დამიხევია და ბევრი რჩევაც მიმიცია.

ვეხმარებოდი ადვოკატების მოძიებაში, როცა აქ, მაგალითად, სახლს კარგავდა რომელიმე. ბათუმიდან სპეციალურად ჩავსულვარ ქუთაისსა თუ თბილისში და მათი საქმეები მომიგვარებია. ასე რომ, ფილმებითა და სიმღერებით დავიწყე, მხოლოდ მათი გართობა მინდოდა და ნელ-ნელა სხვა თემებზე გადავერთე. ამ ადამიანებს ვუყვარვარ და ალბათ ეს სიყვარულიც დავიმსახურე.

– ემიგრანტების დახმარებას ახლა ბევრი ცდილობს, ოღონდ გარკვეული გასამრჯელოს ფასად. ეს ზოგისთვის სერიოზული ბიზნესია. თქვენ თუ გინაზღაურებენ გაწეულ შრომას?

– ჩემზე წერენ, რომ ემიგრანტების ჯიბის წურბელა და გამომძალველი ვარ, არადა მათი დახმარების სანაცვლოდ რაიმე თანხა არასოდეს მომითხოვია. არ ვმალავ, რომ აღდგომას, ახალ წელს თუ ჩემს დაბადების დღეზე ემიგრანტები საჩუქრებს მიგზავნიან. მათ ბევრი სიურპრიზიც გაუკეთებიათ. ბათუმიდან ბევრი ადამიანი დამისაქმებია საზღვარგარეთ, მაგრამ მხოლოდ უანგაროდ დავხმარებივარ, შუამავალი ვყოფილვარ.

ჩემი არხი რომ არა, ბევრი ემიგრანტი დღეს დაკარგული და დაჩაგრული იქნებოდა. ჩემი კეთილი ნებაა მათი დახმარება და ამიტომაც შემიყვარეს. სახელმწიფო სამსახურში რომ ვიყო და გასამრჯელოდ გარკვეულ თანხას ვიღებდე, უკვე ვალდებულება იქნებოდა მათი დახმარება. ახლა კი ამ ადამიანების დახმარება მხოლოდ ჩემი კეთილი ნებაა. შსს-საც რომ არ აქვს ინფორმაცია ემიგრანტების მკვლელობასა თუ სხვა რამეზე, მე მაქვს. ყველა ინფორმაციას ემიგრანტებზე დაყრდნობით ვავრცელებ.

– რა პროფესია გაქვთ?

– ჩემი პროფესია ტურიზმის ბიზნესი და საბანკო საქმეა, ჟურნალისტობაც შევითავსე. ბევრმა კომპანიამ და ადამიანმა შემომთავაზა, რომ ემიგრანტების დახმარების ცენტრი გამეკეთებინა და ხელფასი იქიდან მიმეღო. ანგარიშს გამოვაქვეყნებთ და ემიგრანტები ფულს ჩარიცხავენო, მაგრამ ჩემი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნით ამაზე უარი ვთქვი. მათ არ სურდათ, სოციალური ბულინგის მსხვერპლი ვყოფილიყავი. ისედაც უამრავ ყალბ ნიუსს მივრცელებენ და არ მიღირდა.

ჩვენი არხი ისედაც ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. ერთმა ქალმა 4 დიდი ფუთა ტანსაცმელი გადმოგზავნა და მარტყოფის პანსიონატის ბინადრებს დავურიგეთ. მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანსიონატს ისედაც ხშირად ვსტუმრობ და ჩემი არხისა და ქართველი ემიგრანტების საშუალებით ვეხმარები.

რომელიმე ემიგრანტის ოჯახს თუ სჭირდება დახმარება, ხელს ვუწვდით. ბევრისთვის კომუნალური გადასახადები დაგვიფარავს. უსინათლო მომღერალ ლელა ვეფხვაძეს რამდენჯერმე დავეხმარეთ. გლდანში ერთმა უსინათლო ქალმა გვითხრა, რომ კომუნალურებს ვერ იხდიდა. ეს ინფორმაცია ჩვენი არხით რომ გავავრცელე, მეორე დღესვე ფული შევუგროვეთ. სამწუხაროდ, ის ქალი გარდაცვლილა…

– თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

– ოჯახური ბიზნესი გვაქვს. მშობლები მყავს და არასოდეს მიფიქრია, რომ ქართველი ემიგრანტების ხარჯზე მეცხოვრა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება სიკეთე ანაზღაურების გარეშე აკეთო. მხოლოდ საჩუქრებს მიგზავნიან და ამის შესახებაც საჯაროდ ვწერ და მადლობებს ვუხდი.

წერენ, 2 ბინა აქვს თბილისში, დაცვით დადის, ემიგრანტების ხარჯზე მოგზაურობს მსოფლიოს გარშემოო… ბათუმში სადაც ვცხოვრობ, იმ სახლზეც თქვეს, ემიგრანტებს წაართვაო, არადა ეს ბინა ბაბუისგან მემკვიდრეობით მერგო. ერთხელ გია სურამელაშვილის დაცვა მახლდა, რადგან ჩვენი არხისთვის კონცერტი ჩავატარეთ და ამის გამო ერთი ამბავი ატეხეს.

დადებენ ფოტოებს და დააწერენ – “შოთო სიხარულიძის ვილა”, “შოთო სიხარულიძის მანქანა”… ჭორი გაავრცელეს, რომ ავარიაში მოვყევი. მერე დაწერეს, მშობლები დაეღუპაო. სულ ბოლოს თქვეს, შვილი გარდაეცვალაო. არც ცოლი მყავს, არც შვილი. ვერ ვხვდები, როგორ იკვებებიან ასეთი ინფორმაციებით.

უკვე დიდი ხანია მივეჩვიე ამას და რეაქციაც აღარ მაქვს. ასეთი ბოროტების გავრცელების მიუხედავად, ემიგრანტებს ვერავინ დამაშორა, ჩემი სახელის გატეხა ვერ შეძლეს.

– ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რა მიგიღიათ ემიგრანტებისგან?

– ერთმა ქალმა მთხოვა, რაღაც გამირკვიე და  თანხას გადაგიხდიო. ნათლულს ეძებდა. ვუთხარი, თქვენი 1 ევროც არ მჭირდება, ახლავე გადაცემას გავაკეთებ და გაპოვნინებთ-მეთქი. ლაივ-გადაცემაც გავაკეთე, “ფეისბუქის” გვერდზეც დავპოსტე და ორ დღეში ვიპოვე ქრისტინა ბოგვერაძე, ამ ქალის ნათლული. ისინიც ჩამერთვნენ პირდაპირ ეთერში და სამივე ერთად ვტიროდით.

ამ ქალმა გამომიგზავნა ბერძნული ხატი – ხეზე დაწერილი ღვთისმშობელი. ხატი ძალიან მძიმეა, 5-6 კილო. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.

არ აქვს მნიშვნელობა, რას მაჩუქებენ – შოკოლადებს, იქაურ ზეთს, სუნამოს თუ სხვა რამეს… ფულიც გამოუგზავნიათ. ერთმა ქალმა დაბადების დღეზე ფული გამომიგზავნა, ჩემს სახელზე ესა და ეს იყიდეო. თუ ადამიანი რაღაცას გჩუქნის, ეს იმას ნიშნავს, რომ იმსახურებ.

ერთმა ქალმა განცხადება გააკეთა, შოთო სიხარულიძემ ქალს 1000 ევრო გამოსძალაო. მოვითხოვე, დაედო დოკუმენტი, რომ ვინმეს რამე გამოვძალე ან გადმომირიცხეს. იცით, რეებს კადრულობენ? ჩემი სახელით თვითონვე აკეთებენ ყალბ გვერდებს და ფულს ითხოვენ. ერთმა ქალმა მითხრა, შენ გამო გადავაგზავნე თანხა, რადგან წერდი, ავად ვარ და ფულს მიგროვებენო. შოკი მივიღე! ლინკიც გამომიგზავნეს, მაგრამ ის გვერდი უკვე გაუქმებულია. კაცმა არ იცის, ჩემი სახელით რამდენმა მოითბო ხელი.

– როგორც ვიცი, მღერით კიდეც და აქედანაც გაქვთ შემოსავალი.

– დიახ, წვეულებები მიმყავს, ვმღერი… მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ემიგრანტების ოჯახებისგან ფულს არ ვიღებ.

– თამადობთ კიდეც?

– მქონია შემოთავაზება, მაგრამ წამყვანი და მომღერალი ვარ და ყველაფერს ერთად ვერ შევძლებ. ჩვენი არხის ექსკლუზივები არიან გია სურამელაშვილი, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, დათო ქურდიანი და ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ სიკეთეს. საქველმოქმედო კონცერტებს ვაწყობთ.

ერთი ქველმოქმედი ქალბატონია – შორენა იმნაძე, რომელიც ყველა გაჭირვებულს ეხმარება და ერთად ვთესავთ სიკეთეს, კონცერტებს ვმართავთ სხვადასხვა ქვეყანაში.

ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, რომ ბავშვი მოვნათლო, მაგრამ არ ვთანხმდები. ნათლიმირონობა 9 თაობაზე გადადის და თან ნათლულს ყურადღების მიქცევა უნდა. ერთი ნათლული მყავს გურიაში და მასაც ვერ ვაქცევ ყურადღებას, რადგან დრო არ მაქვს. ნათლია როცა ხარ, ბავშვი უნდა ატარო ეკლესიაში, მისი სულიერი მამა უნდა იყო…ჩემი დისშვილი 2 სექტემბერს 2 წლის გახდა და მისთვის არ მცალია, ვერ ვესიყვარულები, იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს.

– სოციალურ ქსელში პატარძალთან ერთად გადაღებული ფოტო გიდევთ და ხალხი ცოლის მოყვანას გილოცავთ, თქვენ კი მადლობას უხდით…

– ქორწილში ვიყავი, პატარძალთან ერთად გადაღებული ფოტო დავდე და მწერენ, გილოცავო. აღარ ვბრაზდები და მადლობას ვუხდი, რადგან უკვე რამდენჯერმე “მომაყვანინეს” ცოლი.

მინდა გითხრათ, რომ შეყვარებული მყავს და დაქორწინებას სულაც არ ვჩქარობ. 21-ე საუკუნეა. მაინცდამაინც საქორწინო დარბაზში მისვლა და ეკლესიაში ჯვრის დაწერა საჭირო არ არის. ადამიანები უნდა შეეგუონ ერთმანეთს, რომ მათი ოჯახი 2 თვეში არ დაინგრეს.