ეკა ჩხეიძე: “არ ვთვლი, რომ ქმარი დავკარგე”

ეკა ჩხეიძე: "არ ვთვლი, რომ ქმარი დავკარგე"ავთო ჩიტიძე, სარკე

მსახიობ ეკა ჩხეიძეს ახლა ის ეტაპი უდგას ცხოვრებაში, როცა საკუთარ თავს ყველაზე მეტ დროს უთმობს. ცდილობს გააკეთოს ყველაფერი ის, რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა. ამიტომაც ის ერთ დღეს ხმაურიან წვეულებაზეა, მეორე დღეს – თუშეთში, მესამე დღეს ზღვაზე ირუჯება და ასე შემდეგ.

ეკამ 20 წლიანი ოჯახური ცხოვრება არქიტექტორ ლევან მუშკუდიანთან უკვე რამდენიმე წელია დაასრულა, თუმცა მათი იდეალური ურთიერთობა ბევრს აკვირვებს. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, როდესაც გასულ ზამთარს გუდაურში დამტვრეული მანქანის სანაცვლოდ ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს თბილისში ჩამოსვლისთანავე ახალთახალი მანქანა დაახვედრა. როგორც ეკა “სარკესთან” ამბობს, მის ცხოვრებაში იყო იდეალური მამაკაცი და ძნელია მისი ჩანაცვლება უფრო იდეალურით. თავად კი 50 წელს გადაცილებული მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია.

ეკა ჩხეიძე:

– დღეს ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპია, როდესაც უფრო მეტად ორიენტირებული ვარ საკუთარ თავზე. შვილები გაიზარდნენ, დაკვალიანდნენ, უფროსი გოგო, ინანო, იტალიაში მუშაობს, პატარა, დათა, სკოლას ამთავრებს და აღარ საჭიროებს მუდმივ დევნას. დამოუკიდებლად ახერხებენ ყველაფერს.

ამიტომაც ეგოისტურად საკუთარ თავზე ვარ გადართული. ამას ადასტურებს წლევანდელი ზაფხულიც, ვინც კი სადმე დამპატიჟა, ყველგან წავედი, მოვიარე თითქმის ყველა კუთხე. დადგა ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც ამისთვისაც მოვიცალე. ძალიან მსიამოვნებს ის, რომ არავისზე და არაფერზე არ ვარ დამოკიდებული და შინაგან თავისუფლებას ვგრძნობ.

არავინ ჩათვალოს, რომ ოჯახის წევრებზე ზრუნვა შევწყვიტე, უბრალოდ, ისინი აღარ საჭიროებენ იმდენ დროს, რამდენსაც აქამდე ვუთმობდი. რომ ვეხვეწო ჩემს შვილებს, ჩემთან ერთად დასასვენებლად არც მოინდომებენ წამოსვლას, ამიტომაც თავს უფლება მივეცი, რომ ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთო.

– ოჯახური ცხოვრება თქვენგან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა?

– არა, ყოველთვის ვიღაც მეხმარებოდა, პირველ რიგში, დედა, მაგრამ სანამ შვილებს კარგად არ წამოზრდი, რაც გინდა ხელშეწყობა გქონდეს, თავს მარტო დასვენების უფლებას მაინც ვერ მისცემ.

ინანო დიზაინერია, ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში. იმდენად კარგად ვუგებთ ერთმანეთს, რომ ბევრჯერ კარგი მეგობარივით რჩევას ვეკითხები. მომწონს, რომ თითქოს დედაშვილობის ზღვარი მოიხსნა.

– კმაყოფილი ხართ თქვენი შვილების ცხოვრებით და არჩევანით?

– ჩემს შვილებს, რაც შემეძლო, ის მივეცი. მე ვზრუნავდი მათ ჯანმრთელობაზე და განათლებაზე. დანარჩენი ყველაფერი ბედის ამბავია. წიგნის წაკითხვა არასოდეს დამიძალებია, ორივემ თავიდანვე იცოდა, რა და როგორ უნდოდათ. მე არასოდეს მდომებია, რომ კლასში საუკეთესო ვყოფილიყავი. ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, ისინი ყოველთვის ასეთები იყვნენ.

ინანომ რამდენიმე ენა იცის, მუდმივად სწავლაზე და განვითარებაზე ფიქრობს. დათამ კი საერთოდ გამაოცა, წელს აბარებს და აირჩია ასტროფიზიკა. ვერც კი მივხვდი საიდან გადაწყვიტა, რომ ამ პროფესიის გამხდარიყო. წარმოიდგინეთ, პატარაობიდან კითხვა რომ არ იცოდა, მე ვუკითხავდი წიგნებს და იქიდან დაინტერესდა პლანეტებით.

უფროსმა შვილმაც გამაოცა თავისი არჩევანით, როდესაც სწავლობდა მენეჯმენტის ფაკულტეტზე და უცბად გამოაცხადა, ხატვა მინდაო. დაიწყო ხატვაზე სიარული, ისწავლა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია.

– თქვენ არასოდეს გქონიათ სურვილი, რომ რადიკალური ცვლილებები მოგეხდინათ თუ ვერ ბედავდით, ოჯახის წინააღმდეგ წასულიყავით?

– მე მომწონს, რასაც ვაკეთებ და ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და სრულიად ახალი საქმე დამეწყო. ერთადერთი, თავიდან ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ ძალიან მეზარებოდა ფიზიკა-ბიოლოგიის სწავლა. მე უფრო აქტიური ვიყავი ყოველთვის და არ შემეძლო საათობით წიგნებთან გამეტარებინა დრო, ამიტომაც ექიმობა ნატვრად დამრჩა. როცა თეატრში მოვხვდი ერთი წუთი აღარ მინანია ჩემს არჩევანზე და არც არასოდეს მომდომებია ან თეატრიდან წავსულიყავი, ან პროფესია შემეცვალა, ნარკომანივით მოვიწამლე.

მიყვარს ის დღე, როცა სპექტაკლი მაქვს, ყოველთვის მსიამოვნებს რეპეტიცია. ჩემი პროფესია ყველა ეტაპზე სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა თავიდან ჩემი თავი მსახიობად ვერ წარმომედგინა, ყველაფერში ბედმა ითამაშა როლი. როცა მომიწია ჩაბარება, იმ წელს მიშა თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი. მამაჩემმა (ცნობილი თეატრალური რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რედ.) მაშინ თქვა, პრინციპულად არ ვიქნებოდი მომხრე, ეკას თეატრალურზე ჩაებარებინა, რომ არა ის ფაქტი, რომ მიშა თუმანიშვილს ჯგუფი აჰყავდაო. ასე გამიმართლა და ასე აღმოვაჩინე ჩემი პროფესია.

– ბოლო დროს ძალიან აქტიური ქალი გახდით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წვეულებებზე, პრეზენტაციებზე ყველგან ჩანხართ, კარგად ერთობით.

– ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი თავისთვის მოვიცალე, სადაც მინდა წასვლა, ყველგან მივდივარ. შვილებიც აღარ მყავს დასაძინებელი და არც ეჭვიანი ქმარი მელოდება სახლში. ასე რომ, შემიძლია ყველა წვეულებაზე წავიდე, სადაც მეპატიჟებიან.

– ალბათ ამიტომაც ამბობენ, რაც ქმარს გაშორდა ეკა, უფრო აქტიური გახდა ელიტურ ცხოვრებაშიო. მეუღლე გზღუდავდათ რამეში?

– არც ქმარი მიშლიდა არასოდეს, სადმე წავსულიყავი. უბრალოდ, ეტყობა სხვა ინტერესები მქონდა, უფრო სახლში ყოფნა მიყვარდა. ძალიან მსიამოვნებს ლამაზი, გაპრანჭული ხალხის გარემოცვაში ყოფნა. ჩვენს პროფესიაში არ შეიძლება იყო ჩაკეტილი და არ დადიოდე საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გეპატიჟებიან, აუცილებლად უნდა მიიღო მიპატიჟება და წახვიდე. მე, როცა ვეპატიჟები სპექტაკლზე და არ მოვა ვინმე, არ ვიკითხავ რატომ არ მოვიდა, უბრალოდ აღარ დავპატიჟებ.

მომწონს ხალმხრავალი ადგილები, გავიჩინე ახალი მეგობრები. არ ვიცი, ცუდი თვისებაა თუ კარგი, მაგრამ მალე მბეზრდება ადამიანებიც და სიტუაციებიც. აუცილებლად მომბეზრდება ჩემი პროფესია, სულ რომ ერთ სპექტაკლს ვათამაშობდე. მრავალფეროვნება მომწონს პროფესიაშიც და ცხოვრებაშიც.

– როდესაც ქმარზე საუბრობთ, იმდენად დადებითად ახასიათებთ მას, რომ ბუნებრივია კითხვა ჩნდება – თუ ასეთი იდეალური მამაკაცი იყო თქვენ გვერდით, რატომ გაშორდით?

– ვიცი, ბევრისთვის გაუგებარია ჩემი ოჯახის დასასრული, მათ შორის – ჩემი მეგობრებისთვისაც კი. როდესაც ჩვენი ურთიერთობა გადავიდა სხვა ფორმაში, გავხდით უფრო მეგობრები, ვიდრე შეყვარებულები, მაშინ მივხვდი, რომ ასე არ მინდოდა ცხოვრება. მასაც მივეცი თავისუფლება და საკუთარ თავსაც. არ ვფიქრობ, რომ ოღონდ ოჯახი იყოს და ბევრ რამეზე თვალი დახუჭო. იქ თუ ცეცხლი არ გიზგიზებს, არ ღირს არაფერი. ხანდახან უნდა დაშორდე, რომ მიხვდე, რა იყო ყველაზე ძვირფასი შენთვის.

არ ვთვლი, რომ ქმარი დავკარგე, უბრალოდ, ჩვენ შორის დისტანციაა. ჩვენ რომ გვეჩხუბა, გვქონოდა კონფლიქტები ან ერთმანეთისთვის გვეღალატა, დღეს ერთმანეთის პატივისცემა არ გვექნებოდა. არც ოჯახურ ცხოვრებაში და არც მას შემდეგ კონფლიქტი არ გვქონია.

– ოჯახური სიმყუდროვის ნოსტალგია არ გაქვთ, თუნდაც წარმატებული პრემიერის შემდეგ სახლში მიხვიდეთ და საყვარელ ადამიანს ემოციები გაუზიაროთ?

– ჯერჯერობით არ მაქვს ეს დეფიციტი და ძალიან მომწონს ჩემი ახლანდელი ცხოვრება. მქონდა გარკვეული ურთიერთობები, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, რომ ეს ოჯახურ ურთიერთობებში გადაზრდილიყო. ძალიან უნდა შემიყვარდეს და ასი პროცენტით უნდა მივხვდე, რომ მის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. როცა კომფორტულად ვარ ადამიანთან, არ აქვს მნიშვნელობა, ქმარი ჰქვია თუ არა.

მქონდა ურთიერთობა და არც ვმალავ. სანამ ვიყავი კარგად, ვიყავი და, როცა მივხვდი, რომ ურთიერთობაში რაღაც არ მომეწონა, დავამთავრე. როცა ოჯახური ვალდებულებები არ არის, ურთიერთობიდან გასვლა უფრო ადვილია. ალბათ ყველაფრის მიზეზი მაინც ის არის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომლითაც ჩემს ყოფილ ქმარს ჩავანაცვლებდი. ოცი წელი ისეთი ადამიანის გვერდით ვიცხოვრე, რომ ძალიან ძნელია, ისეთი კარგი თვისებები სხვაში იპოვო.

– ის გარემოება, რომ თქვენი დედ-მამაც გაყრილი იყო, თქვენი ბებიაც, კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მედეა ჩახავაც, ორჯერ იყო განქორწინებული, ქვეცნობიერად ხომ არ მოქმედებს თქვენზე, რომ ნაკლებად ანიჭებთ მნიშვნელობას ოჯახურ იდილიას?

– შეიძლება ეს ქვეცნობიერში არის, მაგრამ საკუთარი თავის ბატონ-პატრონიც ახლა მე ვარ, ეს ფაქტი ძალიან მომწონს. შეიძლება დამიდგეს ის ეტაპი, როდესაც მივხვდე, რომ მარტო ყოფნა მომბეზრდა. ახლა მე ჩემს ბიჭთან ერთად ვცხოვრობ და ნამდვილად არ მინდა მას მამა ჩავუნაცვლო. მისთვის ეს ტრავმა იქნება და ჩემთვის შვილების ფსიქოლოგიური სიმშვიდე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– საკუთარ ასაკს არ მალავთ. ბოლომდე გაქვთ ჰარმონია საკუთარ წლებთან თუ მაინც არის რაღაცები, რაც არ მოგწონთ?

– ჩემს ასაკში თავის მოვლა აუცილებელია, მე კი ამ მხრივ ძალიან ზარმაცი ვარ. განსაკუთრებით აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, რომ შეინარჩუნო ტანის სიმკვრივე, მაგრამ მე ვერ ვაიძულე ჩემი თავი, რომ ვივარჯიშო. წონის პრობლემა არ მაქვს და ამიტომ გათამამებული ვარ და უფრო ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, რომ ვივარჯიშო. მე რომ წონა მაწუხებდეს ალბათ ძალიან ბევრს ვივარჯიშებდი.

შეიძლება ითქვას, რომ სხეულს არაფრით ვუვლი, სახეზე უფრო ვარ ორიენტირებული და ბევრ პროცედურას ვიტარებ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გავიხანგრძლივო ის პერიოდი, სანამ პლასტიკური ოპერაციები დამჭირდება.

– ჩაცმულობითაც ყოველთვის გამოირჩევით – გემოვნებიანი და მოდური. წლებთან ერთად აქაც იგრძნობა ცვლილებები?

– ელეგანტურობა უფრო მეტად მხიბლავს ახლა. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და თავისი ჩაცმის სტილი. მაგალითად, ერთხელ იყო, სპექტაკლში რეჟისორს და კოსტიუმების მხატვარს ვუთხარი, აღარ მინდა, ამ კონკრეტულ სცენაში მოკლე კაბა მეცვას-მეთქი. მეორე სპექტაკლშივე შეუთანხმებლად კაბა დავიგრძელე. ყველა გაგიჟდა, რატომ გადაწყვიტე, რომ აღარ გიხდებაო. მე კი მგონია, რომ ასაკთან ერთად რაღაცეები სხვანაირად უნდა ჩაიცვა.

არ მიყვარს, როდესაც ქალი ცდილობს, იყოს 20 წლის და არის 50-ის. რაც გინდა გადასარევად გამოიყურებოდე, ასაკი მაინც გასათვალისწინებელია, ყველა ასაკი უნდა მოიხდინო. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ წელს, ზაფხულში, ჯინსის მოკლე შორტი არ ჩამიცვამს. პირველი ზაფხული აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი ჯინსის შორტები არ ჩავიცვი. შემიყვარდა უფრო შარვლები, დავარდნილი სტილის შარვლები, პიჯაკები.

– საბოლოოდ რა აკლია თქვენს ცხოვრებას?

– ბევრი ფული მინდა ძალიან და არ მინდა, კრედიტები მქონდეს. დიდი ოცნებით და იმედებით ვიყიდე მიწის ნაკვეთი ბეთანიაში. მინდოდა ოცნების სახლი ამეშენებინა, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვახერხებ.

– მფლანგველი ხართ?

– არა, უბრალოდ, როგორც ყველა ადამიანი, კრედიტებს ვერც მე ავცდი. ბინის რემონტიდან დაწყებული, ყველა ეტაპზე გვჭირდებოდა კრედიტი. ყველამ იცის, გასული წლის ზამთარში გუდაურში ჩემს მანქანას დიდი ყინული დაეცა და მთლიანად გადასაგდები გახდა. რომ ჩამოვედი, ჩემმა გაშორებულმა ქმარმა სადარბაზოსთან ახალი მანქანა დამახვედრა. ისეთი მოულოდნელი იყო ეს, რომ სიხარულის ცრემლები წამომივიდა და ვკითხე, რითი იყიდე, კრედიტით-მეთქი. მან კი მიპასუხა, აბა, 400 ლარი მქონდა ანგარიშზე და ამით არაფერი მომივიდოდაო. ნამდვილად ცოტაა ასეთი ადამიანი, გაშორებულ ცოლს რომ სიურპრიზებს უკეთებენ.

– საბოლოო ჯამში, ბედნიერი ქალი ხართ თქვენი განვლილი ცხოვრებით?

– კი, ძალიან ძლიერი მფარველი ანგელოზი მყავს ცხოვრებაში და ეს მაძლევს ამის თქმის საშუალებას. მართლა გეუბნებით, რომ ახლა არ მინდა ვიყო 20 წლის. ეს ეტაპი უკვე გავიარე. სიმართლე რომ გითხრათ, ცხოვრებაში არც არაფერს შევცვლიდი და ყველა შეცდომას გავიმეორებდი, ალბათ იმიტომ, რომ ვთვლი, რაიმე გლობალური შეცდომა არ დამიშვია. სანამ რაიმე ნაბიჯს გადავდგამ, ბევრს ვჭიდაობ საკუთარ თავთან, ბევრს ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ.