დავით ივანიშვილი: “აუქციონზე გატანილი ჩემი ყველა ნახატი თვითონ შევიძინე”

დავით ივანიშვილი: "აუქციონზე გატანილი ჩემი ყველა ნახატი თვითონ შევიძინე"ია ქუთათელაძე, სარკე

დავით ივანიშვილი 3-4 წლის იყო, როცა ფანქარსა და ქაღალდს დაუმეგობრდა. მეხუთეკლასელმა ისეთი სახლის პროექტი დახაზა, პროფესიონალ არქტიტექტორს შეშურდებოდა. მამასაც დიდხანს არ უფიქრია, ძველი სახლი დაანგრია და მეხუთეკლასელი შვილის პროექტით ახალი ააშენა.

მიუხედავად ამ ნიჭისა, სხვა გზა აირჩია და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ეს უფრო მამის სურვილი იყო და დავითმაც შეუსრულა.

დღეს ეკონომისტის დიპლომი პალიტრის ნაწილზეა დამაგრებული და ეკლიან ჩარჩოში ჩასმული. გვერდით გატეხილი ფუნჯი დევს და წარწერაა – “შეგიძლია შენი მომავალი შენ თვითონ აირჩიო”.

დავით ივანიშვილის გამოფენებს ძირითადად უცხოეთის გალერეები მასპინძლობენ და ჯილდოებიც არ აკლია. ნიუ იორკში ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა მისი მისამართით ასეთი რამ თქვა: “ივანიშვილი თავისი ხელოვნებით უკვე კოსმოსშია გაჭრილი”.

– დავით, თქვენი ხუთწლიანი სწავლის სიმბოლო – დიპლომი, დღეს ეკლიან მავთულში ჩასმული, მხატვრული არტის ნაწილია. თუკი ბავშვობიდანვე ყველაზე საყვარელი გასართობი და გატაცებაც ხატვა იყო, რატომ აირჩიეთ სხვა პროფესია?

– საგარეჯოში დავიბადე. მამა რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და ყველას ძალიან უყვარდა. მას ჰქონდა სურვილი, რომ ეს პროფესია ამერჩია, მაგრამ შიგნიდან მწვავდა ხატვის ჟინი, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ამიტომ ავიღე ფუნჯი ხელში.

ჩემი შექმნილი არტი კი იმის სიმბოლოა, რომ პროფესიის შეცვლა გვიანი არასდროს არის. ყველა დაბრკოლება უნდა გადალახო და შენს სანუკვარ ოცნებაზე უარი არ უნდა თქვა.

– ფუნჯი კი აიღეთ ხელში, მაგრამ ფუნჯის აღებასაც ხომ ცოდნა უნდა.

– რა თქმა უნდა და ეს ცოდნა არ მქონდა. ისიც კი არ ვიცოდი, რომ საღებავების გახსნა ჩვეულებრივ ზეთშიც შეიძლებოდა.

თავდაპირველად სამხატვრო სკოლაში მივედი, რომ ელემენტარული ცოდნა მიმეღო. ახლა ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად, მაგრამ ყველაფერი მე თვითონ ვისწავლე. გზადაგზა, წლების განმავლობაში დავხვეწე ტექნიკა, გარკვეული გამოცდილება შევიძინე, თუმცა ვერ დავივიწყებ ბატონი გიორგი გეგეჭკორის მიერ გამოჩენილ გულისხმიერებას. მისი კონსულტაცია ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

– გახსოვთ თქვენი პირველი ნამუშევრები?

– ყველა სურათი მახსოვს – გაჩუქებულიც და გაყიდულიც. ჩემი პირველი ტილო დეიდას ჰქონდა სახლში. საქართველოში ჩამოვიდა რუსი გენერალი, რომელსაც დედა ქართველი ჰყავდა და დეიდაჩემთან სტუმრად მიიყვანეს. მას ისე მოეწონა ჩემი ნახატი, ითხოვა, მომყიდეთო. თქვა, ერთი ჩინელი მხატვარი ვიცი, რომელიც ამ სტილით ხატავს და ყოველთვის მინდოდა მისი ნამუშევრის შეძენაო. დეიდამ შემატყობინა და მივედი. თავიდან არ სჯეროდა, რომ ჩემი ნამუშევარი იყო. რა თქმა უნდა, სურათი ვაჩუქე.

ერთ-ერთი პირველი გამოფენა საგარეჯოში გაიმართა. სხვა მხატვართა ნამუშევრებს შორის ჩემი ტილოებიც იყო. ამ გამოფენაზე მიიწვიეს ცნობილი მხატვრები – აკადემიკოსი შოთა ციციშვილი და გივი ყანდარელი (ისინი საპატიო საგარეჯოელები იყვნენ). მერიდება, ამას რომ ვიმეორებ, არ იფიქროთ, ისეთი თავხედი ვარ, ფიროსმანს ვეტოლები, მაგრამ ბატონმა შოთამ მაშინ ჩემი ცხოვრების მთავარი სიტყვები მითხრა: “შვილო, იცოდე, ფიროსმანი ერთია, შენც ერთი ხარ, არ გადაუხვიო შენს გზას”.

– თქვენი ნამუშევრების ერთი ნაწილი დაყადაღებული იყო და შემდეგ აუქციონის წესით გაიყიდა. როგორ მოხდა, რომ თქვენი კერძო საკუთრება სახელმწიფომ დააყადაღა?

– ეს წლების წინ იყო. ერთი ქართველი ბიზნესმენი ძალიან მგულშემატკივრობდა. შემომთავაზა, მის ბიზნესცენტრში გადავსულიყავი და იქ მემუშავა. მქონდა გარანტირებული ხელფასი, სამუშაო პირობები, საღებავები, ტილოები და ა.შ. სახელოსნო არ მქონდა და მისი წინადადება სიამოვნებით მივიღე. მოულოდნელად ამ ადამიანს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღეს. ამ ქონებაში ჩემი ტილოებიც მოყვა.

გავიდა რამდენიმე წელი და უცებ გავიგე, რომ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და სახელმწიფო აუდიტი ჩემს ნახატებს ყიდდა. ფასები ძალიან დაბალი იყო. აუქციონში მონაწილეობა მივიღე და ყველა სურათი შევიძინე. როცა მანქანა მივიყვანე წამოსაღებად, აუდიტმა მითხრა, ასლები რომ ასეთი ლამაზია, ნეტა, ორიგინალები როგორ გამოიყურებაო. თურმე ასლები ეგონათ და დაბალი ფასი ამიტომ დაადეს.

– მხატვრის პოპულარობისთვის აუცილებელია გამოფენების მოწყობა და არა მარტო სამშობლოში, არამედ უცხოეთში, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია. თქვენ როგორ დაძლიეთ ეს პრობლემა? ვიცით, რომ ხშირად გიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში.

– რაც უფრო მეტ გამოფენაში მონაწილეობ, მით მეტი ადამიანი ეცნობა შენს შემოქმედებას. ეს არის ერთგვარი შერჩევის პრინციპი და კვლავ თუ მიგიწვიეს, ე.ი. აქტუალური ხარ. ამასთანავე, ეს არის საშუალება, შენს ნახატებს მყიდველი გამოუჩნდეს.

თვალახვეული ადამიანი რომ ხელისცეცებით იკვლევს გზას, ასე წავედი პირველად საფრანგეთში, სტრასბურში. ქუჩის გამოფენა ტარდებოდა. მართალია, მაღალი კლასის ღონისძიება არ იყო, მაგრამ მაინც მივიღე მონაწილეობა და თითქმის ყველა სურათი გაიყიდა. შემდეგ ჩემი ნამუშევრები ბევრ ქვეყანაში გამოვფინე, მათ შორის – უკრაინაში, იტალიაში, მალტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მალტაში გამოფენის შემდეგ “იცეკა მალტას” (ეს არის მალტის აკადემიასთან არსებული მხატვართა კავშირი) პრეზიდენტმა პიოტრ სტრომსკიმ და დირექტორმა ირინა მალიკოვამ, შემომთავაზეს ამ კავშირის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

გასულ წელს ირინა მალიკოვა დამიკავშირდა და მითხრა – მალტის სამეფო კარის მოწვევით უნდა ჩამოვიდეს რუსეთის “იმპერატრიცა”, მარია რომანოვა, მისთვის საჩუქრად გვჭირდება რომანოვების სამეფო გერბი და გადავწყვიტეთ, თქვენ გთხოვოთ დახატვაო.

ორი თვე მქონდა დრო. შევქმენი ესკიზი და გავაგზავნე. აღმოჩნდა, რომ უკვე არსებული გერბი უნდა დამეხატა. სულ ორი კვირა იყო დარჩენილი, აღარავინ ფიქრობდა, რომ მოესწრებოდა. დავუკავშირდი სტანისლავ დუმინს, რომელიც რუსეთის ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარეა, მივიღე აუცილებელი რჩევები და დავიწყე მუშაობა.

სწორედ იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვიყავი – საგარეჯოს გამგებლის მოადგილე. ტარდებოდა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომლის კომისიის თავმჯდომარეც ვიყავი. მოკლედ, ურთულესი დატვირთული გრაფიკი მქონდა. ღამეში 1-2 საათი მეძინა. გამგზავრებამდე 1 საათით ადრე დავამთავრე. ჯერ კიდევ სველი ტილო ჩავდე სპეციალურ ყუთში და გავფრინდი.

უკვე აღარ მელოდებოდნენ. ჩემი გამოჩენა საოცრად გაუხარდათ და, რაც მთავარია, დედოფალს, რომელიც ნახევრად ქართველია (იგი ლეონიდა ბაგრატიონის ქალიშვილია და ესპანეთში ცხოვრობს), ძალიან მოეწონა. მადლობა ქართულად გადამიხადა. მითხრა, აღფრთოვანებული ვარ ამ საჩუქრით, მიყვარს საქართველო და აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად დაუბრუნდება ერთიან საქართველოსო.

მნიშვნელოვანი გამოფენა მქონდა ნიუ იორკში, სადაც იყვნენ ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მხატვრები, იგორ ბაბაილოვი და ჟენია შეფი. მათი თითოეული ნამუშევარი 700-800 ათას დოლარად იყიდება. ჩვენ დავმეგობრდით და 2020 წელს კვლავ ვარ მიწვეული ნიუ იორკში, სადაც სამხატვრო სკოლის გახსნას მთავაზობენ. ძალიან მიჭირს ჩემი მშობლიური გარემოს დატოვება, მაგრამ შეიძლება დროებით წავიდე.

– ვიცი, რომ საფრანგეთის პოლიციამ ერთგვარი გამოცდა მოგიწყოთ. იქნებ გვიამბოთ ამის შესახებ.

– საფრანგეთში გამოფენა მქონდა. თავისუფალ დროს ქალაქს ვათვალიერებდი. უკვე გვიანი იყო, როცა სასტუმროსკენ მიმავალი პოლიციელებმა გამაჩერეს. საბუთები შემიმოწმეს და წესრიგში მქონდა. მითხრეს, რა მიზნით ხარ ჩამოსულიო. ავუხსენი, გამოფენაში ვმონაწილეობ-მეთქი. აქ თქვენი ხალხი ქურდობს, როგორ დაგიჯეროთ, რომ შენც ამ მიზნით არ ხარ ჩამოსულიო.

ქაღალდი და ორი კალამი ვითხოვე. მე ორივე ხელით შემიძლია როგორც წერა, ასევე ხატვა. დავიჭირე ეს კალმები და რამდენიმე წამში მათ თვალწინ არსებული პეიზაჟი ჩავხატე. თვალებს არ უჯერებდნენ. ავტოგრაფი დამატოვებინეს და ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, არა ჩემია, არა – ჩემიო.

– ძალიან ორიგინალური ფსევდონიმი გაქვთ – ენდორფინი. რა დატვირთვა აქვს მას?

– მოგეხსენებათ, ენდორფინები ბედნიერების ჰორმონებია, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს. რაც უფრო მეტია ეს ჰორმონები, მით უფრო ბედნიერად და ამაღლებულად გრძნობ თავს. მე ბედნიერი ვარ ხატვის პროცესში და ამიტომ გადავწყვიტე, ეს ფსევდონიმი ამერჩია. თუ ჩემი ნამუშევარი მნახველს ცოტათი მაინც ანიჭებს ბედნიერებას, მაშინ ჩვენ, ორივეს გვაერთიანებს ენდორფინები.

– ალბათ ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ოჯახისთვის.

– მე და ჩემი მეუღლე, ნინო როსტიაშვილი, 5 წელი ვიყავით შეყვარებულები და აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ხატვა საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ვერ დავიტრაბახებ, რომ რომანტიკული შეყვარებული ვიყავი და სიყვარულზე ლექსებს ვუკითხავდი, მაგრამ ერთგული და ოჯახის მოყვარული ვარ. ჩემი სამი შვილიდან (გეგი, მარიამი და თეკლა) მარიამი ძალიან მგავს. მასაც საოცრად უყვარს ხატვა. თუ რამეს ხატავს, დროის შეგრძნება ეკარგება.

ოჯახი და შვილები არის ის, რასაც შეიძლება ტოლობის ნიშანი დავუსვა ჩემს უსაზღვრო სიყვარულთან – მხატვრობასთან.