დათო ლიკლიკაძე: “შვილთან ვალში ვარ, კაცად მაქცია”

დათო ლიკლიკაძე: "შვილთან ვალში ვარ, კაცად მაქცია"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

“სულ ვოცნებობდი, ასეთი სურათი მქონოდა და მეც მაქვს”, – დაწერა ქუთაისელმა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ “ფეისბუქში” და შვილთან, პატარა ეველინთან, ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ის აქტიური მამაა და ეველინიც მამიკოს გოგოა. დათო ყველა ეტაპს შვილთან ერთად გადის და არა მარტო ახლა, მაშინაც, როცა მისი გოგონა ჯერ კიდევ დედიკოს მუცელში იყო. ძალიან უჭირს, როცა შვილს ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება, არადა ეს ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად უწევს, რადგან ახალი პროფესიაც შეიძინა – გიდი გახდა.

– დათო, სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სელექციური აბორტები დიდი პრობლემაა, ჯერ კიდევ აქტუალურია მოსაზრება – აუცილებელია გვარის გამგრძელებელი ანუ ვაჟი და ა.შ. როგორც გოგოს მამა, რას იტყვით ამაზე?

– მე გოგოს მამა ვარ და ძალიან ვამაყობ ამით. უბრალოდ არ მესმის ის იდიოტური ხუმრობები, როცა კაცები ყვებიან, სამშობიაროში დავტოვებ, გოგო რომ იყოს, ორი გოგო მყავს და კიდევ ერთი გოგოო… შეიძლება დავტოვო ის საზოგადოება ან სუფრა, სადაც ასე ლაპარაკობენ. მძულს ასეთი უწიგნური ხუმრობები! იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როცა გოგონა გყავს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ საჩუქრით დამაჯილდოვა.

ჩემი გოგონა, ეველინი სანამ დაიბადებოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვატარე მუცლით ცხრა თვე, არ ვხუმრობ, აი, ასე, მთელი ცხრა თვე აბსოლუტურად ყველაფერი გავიარე, რაც ჩემმა მეუღლემ. ფეხმძიმე ცოლი ერთი წუთითაც არ მიმიტოვებია. მერე მეც ჩვეულებრივად ვიმშობიარე ზუსტად ისეთი ტკივილებით, როგორიც ჩემს მეუღლეს ჰქონდა.

– სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ხშირად ახერხებთ შვილთან ერთად სეირნობას?

– როცა ქუთაისში ვარ, გამორიცხულია, ვინმე შემეხიდოს. ცხოვრება ისე სწრაფად გარბის, ოჯახიც გვიან ასაკში შევქმენი და… ადრე, როცა თავისუფალი დრო მქონდა, გავვარდებოდი მეგობრებში საქეიფოდ ან “ჯოკერის” სათამაშოდ. ახლა ნახევარი საათიც რომ გამომიჩნდეს თავისუფალი, სახლში გავრბივარ. ჩემი სახლი ასეთი საყვარელი არასოდეს ყოფილა. რაც ეველინი დაიბადა, გარეთ გასვლა არ მინდა ან, თუ გავალ, ბავშვთან ერთად.

– ამიტომაც ამბობენ, მშობლების ამაგს შვილები ვერასოდეს გადაიხდიანო…

– რა ამაგი უნდა გადაიხადოს ჩემმა შვილმა?! განა გადახდილი არ აქვს უკვე? იქით ვარ ვალში – მამად მაქცია, კაცად მაქცია, ადამიანად მაქცია, მთლიანად ამოაყირავა ჩემი თითქოს საინტერესო ცხოვრება. აქამდე რაც მიცხოვრია, თურმე ყველაფერი სისულელე ყოფილა. ვის რად უნდა ჩემი გადაცემები, ინტერვიუები, ჩემი სპექტაკლები, აფიშები?! მე თვითონ არ მინდა და ვინ მოიკითხავს სხვა?! შვილი ყოფილა ყველაფერი!

ერთხელ დაღლილი ჩამოვედი რომელიღაც ქვეყნიდან და პირდაპირ სავარძელში ჩამთვლიმა. ეველინი მომეპარა და მაკოცა. თვალები რომ გავახილე, შერცხვა და დაიმალა. ხალხო, მარტო ამ წამისთვის არ ღირდა ცხოვრება?! მარტო ამ ეპიზოდით არ აქვს გადახდილი სამაგიერო? ასე რომ, შვილები ჩვენთან ვალში არ არიან. ეველინს არაფერი ჰმართებს ჩემი, ამით მე მამაჩემის ვალს ვაბრუნებ და არა – ჩემი შვილის. ისინი, ვისაც მამები აღარ გვყავს, ყველაზე ზუსტად მიხვდებიან, რა ვალსაც ვგულისხმობ.

– ხშირად გიწევთ საზღვარგარეთ წასვლა. როგორი რეაქცია აქვს ბავშვს, როცა რამდენიმე დღის უნახავ მამას ხედავს?

– ეს ისეთი მონატრებაა, სულის სიღრმემდე რომ შეგძრავს, ერთი სული რომ გაქვს, აეროპორტიდან სახლში გაქანდე. რაც ეველინი დაიბადა, მას შემდეგ მოგზაურობას გემო ვერ ჩავატანე. ახლახან მეუღლესთან ერთად 11 დღით ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას ვსტუმრობდი და ფინეთშიც ვიმოგზაურეთ. როცა ორივენი ვტოვებთ ეველინს, ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია, რაღაცნაირი დანაშაულის შეგრძნებით ვმოგზაურობთ, თითქოს რამეს ვაშავებდეთ.

გვეგონა, სახლში რომ დავბრუნდებოდით, ჩვენს დანახვაზე სასწაულს ჩაიდენდა, მან კი საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება. ბებიებს მიეკედლა და ძლივს მოგვეკარა. ასე რომ, ჯერ პატარაა და ჩვენ უფრო გვიჭირს მისი დატოვება, ვიდრე მას. შემდეგ ალბათ უფრო რთული იქნება.

– ცოლზეც გვიამბეთ. როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ცოლქმრული ურთიერთობა მას შემდეგ, რაც სამნი გახდით?

– ჩემი მეუღლე ღირსეული ადამიანია. ის საუკეთესო დედაა და საუკეთესო ცოლია. მის გვერდით ვერ მოდუნდები, ამიტომ ყოველთვის ფორმაში მიწევს ყოფნა. თითქოს კარგი ქმარი და მამა ვარ, მაგრამ ასეთი კიდეც რომ არ ვყოფილიყავი, ის აუცილებლად მაქცევდა ან უბრალოდ მიმატოვებდა. არ არის ისეთი ქალი, საჯაროდ ეს თქვას, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამაყობს ჩემით.

– ანებივრებთ საჩუქრებით?

– კი, მაგრამ ამის თქმასაც მიკრძალავს. ერთხელ ძვირადღირებული ტელეფონი ვუყიდე და სამსახურში თანამშრომლებსაც არ უთხრა. შემდეგ თვითონ ვუთხარი მის თანამშრომლებს და კინაღამ უკან დამიბრუნა.

– გიდობის პროფესიაც მოირგეთ. მოგვიყევით ამ ახალ ამპლუაზე.

– როგორც გიდს, ბევრმა ტურისტულმა სააგენტომ გამომიცხადა ნდობა და უკვე 2 წელია, ეს ბიზნესად ვაქციე. თავიდან ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ გააკეთა ტური “ტიტების ფესტივალი დათო ლიკლიკაძესთან ერთად”. ჯერ შემრცხვა, ვთქვი, ჩემი გულისთვის სტამბულში ვინ წამოვა-მეთქი. სამ დღეში დამირეკეს ქუთაისლებმა, წამოსვლა გვინდა, მაგრამ სააგენტოში უარს გვეუბნებიანო. ვიფიქრე, აფერისტები ხომ არ არიან-მეთქი. დავრეკე და მითხრეს, დიახ, ბატონო დათო, უმრავლესობა თქვენ გამო მოდის და ყველა ბილეთი გაყიდულიაო.

შევიფერე, მაგრამ ამავდროულად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორც ტურის ხელმძღვანელს. არადა დამირეკეს, ხომ იცით თქვენი ფუნქციებიო და იხტიბარი არ გავიტეხე, კი, როგორ არა-მეთქი. სინამდვილეში ექსკურსიის ხსენებაზე ბავშვობისდროინდელი კომპლექსი მაქვს. მე-7 კლასში სკოლიდან დადიანების სასახლეში ვიყავით ექსკურსიაზე და ისე გაგვლახა ჩემი თანაკლასელის დედამ, გულიკო დეიდამ, სიტყვა “ექსკურსიას” რომ გავიგონებ, ახლაც ინსტინქტურად თავზე ვიფარებ ხელს. ისე, ცოტა უზრდელურად კი ვიქცეოდით.

– ანუ ოფიციალური გიდი ხართ უკვე.

– კი, გიდი ვარ. რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ჩემი სახელობის ტურებს აწყობენ.

– სტამბულის გარდა სხვაგანაც დადიხართ?

– კი, როგორ არა. ოქტომბერში ბარსელონაში მივდივართ, ნოემბერში – ბუდაპეშტში. რომ არ იფიქროთ, რეკლამას ვაკეთებ, გეტყვით, რომ ყველა ტურზე ყველა საგზური გაყიდულია.

– ვიზიტორები გიდისგან ამომწურავ ინფორმაციას ითხოვენ, ხშირად ჩამჭრელ კითხვებსაც სვამენ. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა კითხვაზე პასუხი არ გქონიათ?

– ახლახან ვიყავით პრაღასა და დრეზდენში. ეს ტურიც ჩემი საავტორო იყო და პოსტის დადებიდან 2 საათში შევავსე.

პრაღა კარგად ვიცი, ბევრჯერ ვყოფილვარ და კი მივდიოდი წყალივით. დრეზდენში კი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, რადგან პირველად ვიყავი. “გუგლში” მოვძებნე, რომ იქ რაც უნდა ნახო, არის ცვინგერის სასახლე. ამას ყველა გეტყვის, რომ დრეზდენში ყველაზე მთავარი არის ამ სასახლის ნახვა. ასევე გამიგია, რომ დრეზდენგალერეა არის უმაგრესი. მოკლედ, რაც ვიცი, რომ უნდა ვანახო, ესენია დრეზდენგალერეა და ცვინგერის სასახლე.

მივედით ცვინგერში, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი, ძალიან მაგარია. იქ ასევე არის ოთხი მუზეუმი – ნახატების, ჭურჭლის და სხვა. ჭურჭლის განყოფილებაში რომ შევედით, ტურის წევრებს ვუთხარი, ნახატებზე არ მოიკლათ თავი, დრეზდენგალერეაზე მაგარი მაინც არ იქნება-მეთქი და ასე გამოვედით ცვინგერის სასახლიდან. ახლა ვეძებთ დრეზდენგალერეას და ვერავინ გვპასუხობს, “გუგლ მეფითაც” ვერ იძებნება. გადავირიე, ვამბობ: “რანაირად!”. ბოლოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ქუთაისის პირველი სკოლის დირექტორმა შემომაპარა, ცვინგერის სასახლეში რომ ნახატების განყოფილებაა, დრეზდენგალერეა მას ჰქვიაო.

გაირკვა, რომ იქ ვყოფილვართ, მაგრამ არ შევიყვანე. არ მეგონა, ერთი და იგივე თუ იყო ცვინგერი და გალერეა. “ჰოდა, კი ვყოფილვართ გალერეასთან”, – ვთქვი და უხერხულობისგან შევიშმუშნე. ცოტა “გაუტყდა” დელეგაციას, ჩემგან ასეთ არაპროფესიონალიზმს არ მოელოდნენ. ავტორიტეტიც მომერყა.

გამოვედით ულამაზეს მოედანზე, რომელიც მდინარე ელბას გადაჰყურებდა. “ეს რა მოედანია?” – იკითხა ერთმა. “ო, ეს დამოუკიდებლობის მოედანია”, – მივუგე სხარტად, რადგან ყველა მოედანი ქალაქების ცენტრში თითქმის დამოუკიდებლობის არის ან თავისუფლების და, პრინციპში, ერთი და იგივეა. “არა, ეს გოეთეს მოედანია, აქედან უყვარდა გოეთეს მდინარე ელბაზე გადახედვა”, – თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა ირინა ონიანმა, რომელიც გადასარევი ქალია. “შენ რა იცი, ირინა, ეს ყველაფერი?” – ვკითხე და მიპასუხა: “აგერ ნამდვილი გიდი ჰყავდათ რუს ტურისტებს და მას მოვუსმინე”. “აჰა, ესე იგი ნამდვილ გიდებს დასდევთ, ხომ?!” – ვუთხარი.

ირინამ ეს თქვა თუ არა, ზუსტად ორ წუთში იმავე მოედანზე კიბის საფეხურს წამოედო და ისე დაეცა, ორ ქალს მოჰყავდა მთელი გზა. აი, გიდის წინ მორბენალ კვიცს რა ემართება, მომინდომეს ნამდვილი გიდები! მოკლედ, ამ ამბებზე ბევრი ვიცინეთ.