ვახტანგ კიკაბიძე: ”ზელენსკის ჩემი წინასწარმეტყველება აუხდა”

ვახტანგ კიკაბიძე: ”ზელენსკის ჩემი წინასწარმეტყველება აუხდა”ია ქუთათელაძე, სარკე

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე – საყოველთაოდ აღიარებული, ლეგენდად ქცეული ხელოვანი, გამორჩეული თავისი “საფირმო” ღიმილით და საოცარი არტისტული ხიბლით – 81 წლის გახდა. მისმა ბედის ბორბალმა დაუღალავად იტრიალა წუთისოფლის გზებზე. სანახავი ბევრი იყო. ჭირიც იყო და ლხინიც.

დრომ უდიდესი სიმდიდრე მოუტანა – სახალხო სიყვარული და დაუვიწყარი ადამიანური ურთიერთობები. ის ერთადერთია საქართველოში, ვისაც სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი.

– ბატონო ვახტანგ,  უკვე მრავალი წელია, არ დადიხართ რუსეთში და პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე ხართ. თქვენით მუდმივად ინტერესდება რუსული მასმედია და კონცერტებზე მიწვევებიც ხშირია. რას ფიქრობთ ამ ურთიერთობებზე და წახვალთ თუ არა ოდესმე რუსეთში?

– როცა პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ჩავალ და დიდ კონცერტს გავმართავ. ეს – მოკლედ, ახლა უფრო ვრცლად გიპასუხებ: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, მე კი ხალხთა მეგობრობის ორდენი გამომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, უკან გავუგზავნე.

“მიმინო” უმეტესობას კომედია ჰგონია, არადა ფილმი ქვეყნის სიყვარულზეა. “დიდმა ავიაციამ” არ უნდა მოგხიბლოს და გაგიტაცოს. შენი, თუნდაც ძალიან პატარა ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მასთან ერთად უნდა იყო უბედურიც და ბედნიერიც. შენს სამშობლოში უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გაზარდო თაობა. მე რომ ოკუპანტის ორდენი ამეღო, შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ შემეხედა, ჩემი სიმღერის სიმართლეში ჩემი ხალხი როგორ დამერწმუნებინა?!

იცით, რატომ არის ჩემი რუსულენოვანი საკონცერტო პროგრამა მისაღები? საუკეთესო პოეტების ტექსტებია, იქ სიყვარულზეა საუბარი, მშვიდობაზე, სიკეთეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე. რუსი კაცი ჩემს სიმღერაში თავის ნაფიქრს და ნანატრს ისმენდა და ამიტომ შემიყვარა, ამიტომ უხაროდათ ჩემთან შეხვედრა. მე კი მათ მანამდე ვერ ვუმღერებ, სანამ მათი უმაღლესი ხელისუფალი, ჩემი, როგორც მოქალაქის, ეროვნულ ინტერესს შეურაცხყოფს და ჩემი მიწის შესაბილწად რუსულ ჩექმას იყენებს.

ამბავი მომიტანეს, პუტინს სათანადო სამსახურებისთვის უთქვამს, კიკაბიძე სასწრაფოდ დააბრუნეთ მეგობრების წრეშიო. ჯერ მან დააბრუნოს ის, რაც წაგვართვა, მერე მე ვიზრუნებ რუსეთში დაბრუნებაზე.

– ცნობილია თქვენი ურთიერთობები უკრაინის პრეზიდენტებთან. გვიამბეთ ამაზე.

– ვიქტორ იუშჩენკო აღარ იყო უკრაინის პრეზიდენტი, როცა თბილისში დამირეკეს და მითხრეს, შენთან საუბარი სურსო. ვიხუმრე, ჯობდა, როცა პრეზიდენტი იყო, მაშინ დაერეკა-მეთქი. ჩემს ყოველ კონცერტზე მოდის მთელი ოჯახით და მერე ოჯახში გვეპატიჟება. თავისი ხელით გვიხარშავს უხას და თავისივე გაკეთებულ მურაბებს გვჩუქნის. საკუთარი მეურნეობა აქვს და ძალიან უყვარს მიწაზე ფუსფუსი. ქვეყნის მოყვარული კაცია, კარგი მოქალაქე.

უკრაინელებისთვის ტარას შევჩენკო დიდი მწერალი და მამულიშვილია. ისე გალია ცხოვრება, საკუთარი სახლი არ გააჩნდა, მაგრამ პროექტი ჰქონია, როგორი სახლის აშენებაზეც ოცნებობდა. იუშჩენკომ ეს პროექტი მოიძია და საკუთარი ხარჯებით ზუსტად ისეთი სახლი ააგო. იქ დღეს შევჩენკოს მუზეუმია. ნიშანდობლივია, რომ ეს მაშინ გააკეთა, როცა პრეზიდენტი აღარ იყო.

კარგად ვიცნობ დღევანდელ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ის იმ კომპანიის (“კვარტალი 95”) დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო, რომელიც წლები გვიწვევდა კონცერტებზე. პირველივე შეხვედრისას მომეწონა სიმპათიური, ნიჭიერი, იუმორით სავსე ახალგაზრდა კაცი. სულ ცდილობდა, განსაკუთრებული გარემო შეექმნა ჩვენთვის. დავმეგობრდით.

ერთხელ დაბადების დღე მივულოცე, ჩემი სახელობის ღვინო და წერილი გავუგზავნე, სადაც ეწერა: “ახლა შენობით მოგმართავ, მაგრამ პრეზიდენტი რომ გახდები, თქვენობით ფორმას ვამჯობინებ”. ეს სიტყვები ძალიან მალე აუხდა.

გვერდით დგომა სჭირდება, დიდ თამაშში მოხვდა. უკრაინა დიდი ქვეყანაა, ბევრი ოლიგარქიც ჰყავს და მათთვის სასურველი პოლიტიკა თუ არ აწარმოა, წინააღმდეგობას გაუწევენ. უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული და რეალური საფრთხე ემუქრება.

ახლახან დავბრუნდით გასტროლებიდან. უკრაინის ფრონტისპირა ქალაქებში გვქონდა კონცერტები, ათასობით ადამიანი გვესწრებოდა საქართველოს და უკრაინის დროშებით. წვიმდა და ქუჩის სცენაზე ვიდექი. ერთი ადამიანიც კი არ განძრეულა. ისეთი მუხტი იყო, ისეთი ემოცია… დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კონცერტი.

– უკრაინისა არ იყოს, არც საქართველოშია სიმშვიდე. გარეშე მტერი თუ შინაარეულობა ერთნაირად ღუპავს ქვეყანას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– თითქმის ყველა მიმართულებით ამღვრეულია წყალი. ავიღოთ თუნდაც დავითგარეჯის საკითხი. ეს კრემლის პროგრამაა, უნდა, რომ კეთილგანწყობილი მეზობლები გადაგვკიდოს. ჩვენ გაზს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ნავთობროდუქტები შემოგვაქვს. რუსეთი ცდილობს, ბაქო ჩაანაცვლოს, ამიტომ წამოიწია გარეჯის საკითხი, რომ დაგვეძაბოს ურთიერთობა, უარი ვთქვათ სასიცოცხლოდ აუცილებელ კონტრაქტებზე და მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული აღმოვჩნდეთ.

ბოლო დროს ქართველებმა წაყრუება ვისწავლეთ, ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს, ხელი ჩავიქნიეთ, დინებას მივყევით. მტერი სარგებლობს ამით და ბრძოლის გარეშეც კარგად გვიპყრობს. ვენაცვალე ახალგაზრდებს, გამოვიდნენ, შეგვანჯღრიეს, შემოგვილაწუნეს, გაგვახსენეს, რომ მონობაში ცხოვრება დამღუპველია. მიჭირს ფეხზე დგომა, თორემ მათ გვერდით უნდა ვმდგარიყავი. მორალურად მათი მხარდამჭერი ვარ.

ვერიდები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, განსაკუთრებით ტელევიზიით. ისედაც ორად გახლეჩილია ერი და წითელი ხაზების გადალახვა არ შეიძლება. მე რომ ყველაფერი ვთქვა, რასაც ვფიქრობ, ბევრი შეიცვლის აზრს და ნაპრალი უფრო გაიზრდება.

ახალგაზრდების მიტინგის სისხლიანმა დარბევამ შემზარა. რუსეთმაც კი, ამ აგრესიულმა იმპერიამ, ისე დაშალა მიტინგი და დაიჭირა 1.500 კაცი, სისხლი არ დაღვარა. ჩვენ რამ გაგვამხეცა, საიდან ამდენი სისასტიკე?!

ერთმა მეგობარმა მითხრა, ბუბა, გადაცემებს მხოლოდ ცხოველთა სამყაროზე ვუყურებ და ვიცი, მგელს როცა შია, მხოლოდ მაშინ ჭამს მსხვერპლსო. ჩვენ რა მოგვივიდა, მუდმივად რომ ვჭამთ ერთმანეთს?!

– ბატონო ვახტანგ, რა გეგმები და სურვილები გაქვთ?

– პროდიუსერი მპირდება, რომ 85 წლის იუბილე გრანდიოზულად უნდა აღვნიშნოთ. თუ ღმერთმა ინება, გაერთიანებულ საქართველოში ერთ დიდ კონცერტს ჩავატარებ და მერე ალბათ წავალ სცენიდან. 81 წლის კაცი ვარ, ჯანმრთელობა აღარ მაქვს, მაგრამ წუწუნი არ მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სცენაზე დავდგე, ვიმღერო და ჩემი მსმენელი გავახარო. რაიმეს ნიჭი როცა გაქვს, ეს შენი დამსახურება არ არის, ეს უფლის საჩუქარია და ხალხს უნდა გაუნაწილო.

დაბოლოს, მინდა, ჩემი სურვილი გაგიმხილოთ: ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, გვიყვარს სიმღერა, უფლის ნაჩუქარ მიწაზე ვცხოვრობთ და გადავხვიოთ ხელი ერთმანეთს, ვიმღეროთ “მრავალჟამიერი” და ჩვენი თბილი სახლი ავაშენოთ.