თორნიკე სოლოღაშვილი ბავშვების გულებს სიცოცხლეს უბრუნებს

თორნიკე სოლოღაშვილი ბავშვების გულებს სიცოცხლეს უბრუნებსრუსუდან ადვაძე, სარკე

ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ თავისი პროფესიით მუშაობს. ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. საქართველოში ცხოვრება და მუშაობა უნდა, მაგრამ იცის, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ვერც განვითარდება და ვერც იმ ოპერაციებს გააკეთებს, რომლებითაც არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია უცხოეთში.

მის პაციენტებს შორის ქართველებიც არიან. თორნიკე სოლოღაშვილს წლის განმავლობაში რამდენიმე ქართველი ბავშვი ჩაჰყავს ჟენევაში და მათ საკუთარი ხარჯებით მკურნალობს. იქ გულის გადანერგვის ოპერაციებსაც აკეთებს, მაგრამ ქართველი ბავშვებისთვის, სამწუხარდ, იმავეს ვერ ახერხებს. ახალგაზრდა წარმატებულმა ექიმმა, რომელიც 35 წლის გახლავთ, “სარკეს” თავის ცხოვრებასა და საქმიანობაზე უამბო.

– ბატონო თორნიკე, მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ, სანამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკის კარდიოქირურგიულ განყოფილებას ჩაუდგებოდით სათავეში.

– საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე. პირველივე კურსიდან ვესწრებოდი ოპერაციებს კლინიკა “ღია გულში”. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ამ კლინიკაში ვესწრებოდი ოპერაციებს და მერე უკვე “ჯოენის” კლინიკაში, სადაც ბავშვებს უკეთებენ. აქ ჩამოდიოდნენ კარდიოქირურგები, პროფესორები იტალიიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან…

ერთი ვიზიტის დროს შევხვდი პროფესორ კალანგოსს, რომელიც ძალიან ცნობილი კარდიოქირურგი იყო შვეიცარიაში. კალანგოსი მაშინ დაესწრო ერთ-ერთ კვლევით ოპერაციას, რომელიც ცხოველზე ჩავატარეთ და ძალიან მოიხიბლა. კომპლიმენტები მითხრა, დიდი მომავალი და პოტენციალი ჩანს თქვენშიო.

გავიდა წლები, დავამთავრე რეზიდენტურა და პოლონეთში წავედი. სამი თვე არ იყო გასული, რომ იქ დარჩენა შემომთავაზეს. დამოუკიდებლად დავიწყე ოპერაციების გაკეთება ბავშვებზე. ერთ დღეს საოპერაციოში შემოვიდა განყოფილების გამგე, პროფესორი ვოლტალიკი, სტუმართან ერთად. მასთან წარგვადგინა და ჩემზე თქვა, რომ ვიყავი ექიმი სოლოღაშვილი საქართველოდან. ეს სტუმარი გახლდათ პროფესორი კალანგოსი შვეიცარიიდან, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ მყავდა ნანახი საქართველოში.

კალანგოსმა შემომთავაზა, ჟენევაში მემუშავა. ერთი წლით მიმიწვია და ასე მოვხვდი შვეიცარიაში. ეს იყო 2011 წლის დასაწყისი. იქ დაიწყო ჩემი კარიერა. გავხდი ასისტენტი, უფროსი ასისტენტი… ახლა კი ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ვარ.

ოპერაციებს ვაკეთებ ჟენევაში, ლოზანაში. ასევე, წელიწადში ორჯერ ჰუმანიტარული მისიით დავდივარ აფრიკაში. ასევე – სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მიწვევენ სპეციფიკური და რთული ოპერაციების ჩასატარებლად. რასაკვირველია, საქართველოშიც ჩამოვდივარ და წელიწადში 3-4-ჯერ მაინც ვატარებ გულის როგორც თანდაყოლილ, ასევე შეძენილი მანკების ოპერაციებს.

– მხოლოდ ბავშვებთან მუშაობთ?

– ძირითად დროს ბავშვთა კარდიოქირურგიას ვუთმობ. ზრდასრულებსაც ვუკეთებ, მაგრამ ბავშვებზე მოთხოვნა უფრო დიდია. ზრდასრულების კარდიოქირურგია უფრო კარგად არის ათვისებული საქართველოში, მაგრამ არის სპეციფიკური პათოლოგიები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება სჭირდება და სწორედ ამიტომ მიწვევენ სხვადასხვა კლინიკაში.

– გახმაურდა შემთხვევა, რომ პატარა ქართველ ბიჭს წლების განმავლობაში შეცდომით მკურნალობდნენ ქართველი ექიმები და მხოლოდ თქვენი წყალობით გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, მძიმე შეცდომებს უშვებენ ექიმები ჩვენს ქვეყანაში.

– მედიცინაში ასეთი შემთხვევები ხდება. იმასთან შედარებით, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა და ბიუჯეტიცაა ქართულ მედიცინაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიცინა კარგად არის განვითარებული. ყველაფრისგან მოწყვეტით მხოლოდ ერთი დარგი ვერ განვითარდება ქვეყანაში. ერთმანეთს მიჰყვება როგორც მეცნიერება, ისე კულტურა, ეკონომიკა და ა.შ.

– როდესაც ქართველი გავა საზღვარგარეთ, გახდება კარგი სპეციალისტი და აღარ დაბრუნდება სამშობლოში, სადაც ასე ჭირს კარგი ექიმი, ამ დროს ანაზღაურებაა ძირითადი ფაქტორი თუ ის, რომ სხვაგან უფრო მეტი შესაძლებლობაა?

– ანაზღაურება არ არის მთავარი, რის გამოც ექიმები არ ბრუნდებიან საქართველოში, რადგან სახელოვან ექიმებს საკმაოდ ბევრი პაციენტი ჰყავთ და კარგი შემოსავალიც აქვთ. ჩემს შემთხვევაში პროფესიული ზრდა და განვითარება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

შვეიცარიაში სახელმწიფო იმდენ ფულს ხარჯავს მედიცინაში, ტექნიკურ-მატერიალური ბაზისთვის, ექიმთა გადამზადების კურსებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ეს იძლევა საშუალებას, ჩვენი პოტენციალიც გამოვაჩინოთ, პროფესიულადაც გავიზარდოთ და მედიცინის მწვერვალებზე ვიყოთ. ქართულ ეკონომიკას და მედიცინას ვერ მოვთხოვთ, დახარჯონ იმდენი თანხა, რასაც ევროპის კლინიკები დებენ თავიანთი კადრების მომზადება-გადამზადებაში.

– რით დაგაინტერესათ გულმა, რატომ გინდოდათ ბავშვობიდან კარდიოქირურგობა?

– ეს არის ყველაზე საინტერესო და ფაქიზი ორგანო, სიცოცხლისა და ენერგიის წყარო და სხვა ყველაფრის, რაც ადამიანს აცოცხლებს და ასულდგმულებს. ეს ორგანო განუწყვეტლივ მოძრაობს და მუშაობს.

13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად გავიგე, რომ გულზე ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და მას მერე სულ ამაზე ვფიქრობდი. როცა გულს ვაჩერებთ ოპერაციისას და მერე თავიდან ვამუშავებთ, განსაკუთრებული მომენტია, რადგან სიცოცხლე უკან, ორგანიზმში ბრუნდება. რაც უნდა ბევრი ოპერაცია გქონდეს გაკეთებული, ყოველი ახალი შემთხვევა განსაკუთრებული და ამაღელვებელია.

– ჟენევაში ცხოვრებაზე გვიამბეთ. ახერხებთ ქართული ტრადიციების შენარჩუნებას?

– შვილს ვასწავლით ქართულს და იმას, რომ სამშობლო უნდა უყვარდეს. როგორ ტრადიციებზეც ჩვენ გავიზარდეთ, ვცდილობთ, ისე გავზარდოთ ჩვენი შვილიც, რომელიც 4 წლის არის. როგორც კი გამოგვიჩნდება თავისუფალი დრო, მაშინვე ჩამოვდივართ საქართველოში.

– შვეიცარიაში იქორწინეთ?

– არა, საქართველოში. 2011 წელს დავქორწინდით. იმ დროს უკვე შვეიცარიაში ვმუშაობდი. ჩამოვედი, დავქორწინდით და წავედით. მერე გაჩნდა ჩვენი გოგონა, რომელიც ამჟამად საქართველოშია და ისეთი აღფრთოვანებული და აღტაცებულია… ყველაფერი მოსწონს – გარემო, ადამიანები, სითბო.

შვეიცარიას საქართველოსგან სხვა ბევრი რამეც განასხვავებს. მაგალითად, ცხოვრებისა თუ ქცევის წესი. საღამოს 10 საათის მერე ლიფტით არ უნდა ისარგებლო, რომ მეზობელი არ შეაწუხო. ონკანი არ უნდა მოუშვა, ტელევიზორი არ უნდა ჩართო…

– თქვენი ცოლი რას საქმიანობს შვეიცარიაში?

– სწავლობს. ადრე საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა და სამომავლო გეგმებიც აქვს.

– შვეიცარიაში ბევრ ქართველთან გაქვთ ურთიერთობა?

– არა. აქ შეიძლება არიან გაჭირვებას გამოქცეული ქართველები, მაგრამ ლეგალურად მყოფი და დასაქმებული ცოტაა. ვიცნობთ ერთმანეთს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე თუ სხვა განსაკუთრებულ დღეს ვიკრიბებით, ქართულ ვახშამს ვაწყობთ. სამწუხაროდ, აქ ქართული პროდუქტები არ არის, მაგრამ ვცდილობთ, აქაური პროდუქტებით ქართული კერძები მოვამზადოთ.

– მრავალ ქვეყანაში აკეთებთ ოპერაციებს. კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით განსხვავდება გულის პათოლოგიები?

– გულის მანკებით ფაქტობრივად თანაბარი რაოდენობით იბადებიან ყველგან და შობადობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. დაბადებული ბავშვების 1%-ს აღენიშნება გულის მანკი. რაც შეეხება მანკების სახეობას, ნამდვილად არის განსხვავება რეგიონების მიხედვით. გულის სხვადასხვა მიდამოში ვითარდება პათოლოგია. ევროპულ პოპულაციაში ერთი და იგივე მდებარეობა აქვს, აზერბაიჯანშიც განსხვავებულია, უფრო აზიური დეფექტები აქვთ. აფრიკაშიც განსხვავებულია და საქართველოშიც.

– რაზე არის დამოკიდებული – კვებაზე, ჰაერზე?..

– გენეტიკაა ამაზე პასუხისმგებელი. ხშირად ქრომოსომული დარღვევები განაპირობებს გულის მანკებს. საქართველოში ბევრია ციანოზური ანუ ლურჯი მანკები და სარქვლოვანი პათოლოგიები. ეს ორი პათოლოგია ჩვენთან უფრო ბევრია, ვიდრე ევროპაში. ვერ ვიტყვით, ეს კარგია თუ ცუდი. სხვაგან სხვა ტიპის მანკებია.

– შვეიცარიაშიც უჩივიან ექიმებს, რომლებსაც ბევრად დიდი ფინანსები და შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ქართველებს?

– უკმაყოფილო პაციენტი ყველგან არის, მაგრამ ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას აადვილებს გამჭვირვალობა. პირველივე კონტაქტისას უნდა უთხრა ყველაფერი და არაფერი დაუმალო. საქართველოში რომ არ აჩვენებენ პაციენტს და ეუბნებიან, კარგადააო, უცებ კი აღმოჩნდება, რომ აღარ არის, ეს დიდ აგრესიას და შოკს იწვევს ოჯახისთვის. ევროპაში მუდამ ღიაა რეანიმაციის კარი და ყოველთვის შეუძლია ოჯახის წევრს შევიდეს, რასაკვირველია, წესების დაცვით და ნახოს, რა მდგომარეობაა. ეს ძალიან აადვილებს ოჯახსა და ექიმს შორის ურთიერთობას და თუნდაც გართულების შემთხვევაში გასაგები ხდება ყველაფერი, ვიდრე ცამოწმენდილზე რომ ეტყვიან, აღარ არისო.

– ოპერაციის დროს გულს აჩერებთ. ალბათ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჩერებული გული ვეღარ აგიმუშავებიათ…

– თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გული ყოველთვის ავამუშაოთ. შეიძლება სრული დატვირთვით ვერ ავამუშაოთ და არ ჰქონდეს იმდენი ენერგია, თავისი საქმე სრულფასოვნად შეასრულოს. ამ შემთხვევაში ვიყენებთ დამხმარე აპარატებს, ხელოვნური გულის მსგავს მოწყობილობებს. გული აღიდგენს თავის რესურსს და ამის შემდეგ ხდება გულის სრულად დატვირთვა. თუ ვნახეთ, რომ საერთოდ ვერ ხერხდება გულის ფუნქციის აღდგენა, ალტერნატივად გვრჩება გულის გადანერგვა.

– თავად აკეთებთ გულის გადანერგვის ოპერაციებს?

– დიახ, ვაკეთებ. გულის გადანერგვა ხდება წონისა და ზომის მიხედვით და სისხლის ჯგუფი იმუნურ სისტემასთან უნდა შეთავსდეს. სამწუხაროდ, გულის დონორი ყოველთვის ლეტალური შემთხვევის შედეგად მიიღება.

– ქართველი ბავშვები მიგყავთ შვეიცარიაში და თქვენივე ფინანსებით უკეთებთ ოპერაციებს. როგორ ირჩევთ პატარებს და ქართველებისთვისაც თუ გადაგინერგავთ გული?

– საქართველოდან წელიწადში 3-4 ბავშვი მიმყავს. მათი შერჩევა ხდება იმ კრიტერიუმით, თუ საჭიროა მასალა, რაც საქართველოში არ მოიპოვება ან არის საშიშროება, რომ გულს გაუჭირდეს თავიდან ამუშავება და ხელოვნური გულით დახმარება დაგვჭირდეს. ამიტომ მირჩევნია ამ ბავშვების წაყვანა. რამდენიმე რთული შემთხვევა მახსენდება. მრავალთვიანი ინტენსიური სამკურნალო კურსი ჩაუტარდათ. მერე დაბრუნდნენ საქართველოში და ახლა ბედნიერად ცხოვრობენ.

რაც შეეხება გადანერგვას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ხდება, თუ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება და დაზღვევა არ აქვს. კანონით აკრძალულია უცხოელებზე გულის გადანერგვა, ამიტომ მათ ხელოვნური გულით ვეხმარებით და მაქსიმალურად ვერევით მედიკამენტებით, რომ გულმა ენერგორესურსები აღიდგინოს და პაციენტი ვაცოცხლოთ.

– ბელორუსიაში უნერგავენ ქართველებს გულს…

– დიახ, რაღაც თანხის სანაცვლოდ, მაგრამ ამ ფულს ვის უხდიან, არ ვიცი. ევროპულ ქვეყნებში კანონმდებლობითაა აკრძალული, რადგან ორგანოების დეფიციტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ არის საკმარისი. კანონით კი, ჯერ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ქართველისთვის ერთადერთი გამოსავალი ბელორუსიაა, მაგრამ იქაც ერთი თუ ორი წელი იცდიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი