თამარ ურუშაძე: “მეუღლე არ მყავს, მაგრამ შვილებში გამიმართლა”

თამარ ურუშაძე: "მეუღლე არ მყავს, მაგრამ შვილებში გამიმართლა"რუსუდან ადვაძე, სარკე

თამარ ურუშაძე ორჯერ არის განქორწინებული, მაგრამ თავს ბედნიერ ქალად თვლის, რადგან ორი შვილის დედაა და ის შეცდომებიც უყვარს, ოდესღაც რომ დაუშვა. მისი უფროსი შვილი უკვე სტუდენტია, მეორე კი 12 წლისაა.

– თამარ, ახლა რას საქმიანობთ?

– რამდენიმე მედიაორგანიზაციასთან მაქვს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ალბათ ისევ ეთერში გამოვჩნდები – საინფორმაციო სამსახურში.

– რის მიხედვით აირჩევთ არხს, რა არის გადამწყვეტი?

– მთავარია, ჩემი საქმე ვაკეთო ისე, როგორც აქამდე მიკეთებია, ყოველგვარი მედიასტანდარტის დარღვევის, არაეთიკური გაშუქების და არაპროფესიონალური გადახრების გარეშე. ჩემი საქმე და პროფესიაა ახალი ამბები. ჯერ არ ვიცი, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები და სად გამოვჩნდები.

– “იბერიიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარი ხართ?

– გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ერთ-ერთ მედიაორგანიზაციაში, მაგრამ ახლა ისევ უმუშევარი ვარ.

– რამდენიმე ტელეკომპანიაში ხართ ნამუშევარი. რატომ იცვლიდით არხებს?

– ვმუშაობდი “იმედზე”, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, “იბერიაზე”… გარკვეული პროექტის ფარგლებში სხვა არხებთანაც ვთანამშრომლობდი. “იმედიდან” საზოგადოებრივ მაუწყებელში 2006 წელს გადავედი, რადგან უფრო საინტერესო შემოთავაზება მივიღე. იქ დაახლოებით 9 წელი ვიმუშავე. ბოლოს ძალიან კარგი გადაცემა მქონდა. ორ ბლოკად გადიოდა დებატების სეგმენტით. ამ გადაცემიდან და არხიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე და საკმაოდ მწყდებოდა გული.

ჩემი მეგობრები “იბერიაში” მივიდნენ და ყველას ერთად გვქონდა ამბიცია, ნულიდან დაგვეწყო და ახალი ამბები ისე შეგვექმნა. ეს იყო უკეთესი შეთავაზება იმ მხრივ, რომ ახალი რაღაცის გაკეთება მომიწევდა.

“იბერიაში” ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ყველაფერი ფაქტობრივად ჩვენ გავაკეთეთ – მე, ვახო ხუზმიაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა, შოთა ფალავანდიშვილმა, ბექა პატურაშვილმა, თორნიკე ხურციძემ, სოფო ხუციშვილმა, ნინო გომართელმა. ლევან ჩხაიძეც ჩვენთან ერთად იყო და მისი იქ ყოფნა იმედის მომცემი იყო, რომ აუცილებლად კარგ გადაცემას გავაკეთებდით.

ამ ტელეკომპანიაში იყო გადაცემები, რომლებიც დიდად არ მომწონდა და არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში… როცა ქალბატონმა ნატომ განაცხადა, რომ ერთ-ერთ პარტიაში მიდიოდა, არ გვესიამოვნა, მაგრამ გვითხრა, რომ ეს არ აისახებოდა ჩვენზე და უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც არ შეუქმნია დისკომფორტი.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც ამ არხზე ვაკეთებდით, აბსოლუტურად მიუკერძოებელი იყო და იმიტომაც იყო ჩვენთვის ასე მტკივნეული ამ არხის დახურვა.

– წლები იმუშავეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არხი კი ყველა დროს ხელისუფლების რუპორად ითვლებოდა.

– არ არის ასე. იქ გიცავს თავად მაუწყებლის კოდექსი. “ბიბისი” გვიტარებდა ტრენინგებს და ეს კოდექსი გვიცავდა ყველაფრისგან. არჩევნების პერიოდში დაბალანსებულად ვმუშაობდით, არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია. მე ყველგან თავისუფლება მქონდა, სადაც მიმუშავია.

მთავარი იყო ჩვენი პროფესიული სტანდარტი, რომლის დაცვაც არცთუ ისე რთულია, როცა გინდა, რომ დაიცვა. იყო მძიმე პერიოდები, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც უნდა წასულიყო, იყო მძიმე დღეებიც, მაგრამ მეტნაკლებად ვართმევდით თავს. უკან რომ ვიხედები, ისეთი არაფერი მახსენდება, რაც, როგორც ჟურნალისტს, დისკომფორტს შემიქმნის.

– აგვისტოს ომის დროს პირდაპირ ეთერში მკლავში დაიჭერით. 11 წლიანი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ ის დღე და რას გრძნობთ?

– ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობ, რადგან 11 წლის მერეც გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ეს იყო გამჭოლი ჭრილობა, ტყვია ძვალს არ შეხებია. კი ვამბობდი პირდაპირ ეთერში, ტყვიამ გამკაწრა-მეთქი, მაგრამ ხელი გახვრიტა და გაიარა. იმ პერიოდში ისეთი ამბები ხდებოდა და ისეთ უბედურებებს ვუყურებდით, ჩემს ტკივილს ვინ ჩიოდა.

– ნატო ჩხეიძეც კი აღიარებს, რომ ლამაზი ქალი ხართ. სილამაზეს ბედნიერება თავისთავად მოაქვს თუ მსხვერპლის გაღება გიწევთ ბედნიერებისთვის ბრძოლაში?

– სილამაზე არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი ბედნიერი არ არის და საკუთარი თავის რწმენა არ აქვს. საკუთარი თავი უნდა მოგწონდეს, ძლიერი უნდა იყო და სწორედ ესაა მთავარი ძალა ქალისთვის. როცა ქალს საკუთარი თავის რწმენა აქვს, ლამაზიც არის, ბედნიერიც და ძლიერიც. შენი თავი უნდა გიყვარდეს. თუ შენი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ.

სილამაზეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ, როცა ადამიანს სასიამოვნო გარეგნობა აქვს, მისი დანახვა ყველას სიამოვნებს. მთავარი შინაგანი ძალა და შინაგანი სილამაზეა, რისი ნაკლებობაც მქონია, ნატო ჩხეიძეს თუ დავუჯერებთ.

– თქვენ ძლიერი ქალი ხართ?

– კი, ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მე მაქვს ჩემი სუსტი წერტილები, ისევე როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ. ბევრ რამეს გავუძელი ცხოვრებაში და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ რამეს გავუძლებ. ცხოვრების პერიპეტიები, კარგი და ცუდი მოვლენები გვაძლიერებს. კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრის, რაც გამოვიარე. ამან მომცა ძალა, აქამდე მოვსულიყავი და ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ.

– ორჯერ ხართ განქორწინებული. როგორ თვლით, პირად ცხოვრებაში გაგიმართლათ თუ არა?

– ძალიან გამიმართლა, რადგან ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. მეუღლე არ მყავს, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ საოცარი შვილები მყავს.

– რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ძლიერი ქალი არ თუ ვერ ინარჩუნებს ოჯახს. რა შეცდომას უშვებს ამ დროს?

– “ვერშენარჩუნებას” ვერ ვიტყოდი. ცხოვრებაა და რაც გვინდა და რაც ჩვენთვის უკეთესია, ის უნდა გავაკეთოთ. სადაც უკეთესად ვგრძნობთ თავს, იქ უნდა ვიყოთ. რადიკალიზმი არ არის საჭირო. შეცდომებს რომ ვუშვებთ, ის შეცდომებიც უნდა გვიყვარდეს, რადგან ჩვენია. არც შეცდომების დაშვების უნდა გვეშინოდეს და არც წინ გადადგმული ნაბიჯის, რადგან ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. როდესაც შვილები გყავს, ამას შეცდომასაც ვეღარ დაარქმევ.

ახლა ფოკუსირებული ვარ საქმეზე, რადგან დღეს ნომერი პირველი პრიორიტეტი პროფესიული საქმიანობის დალაგებაა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელსაც ყველაზე მეტი შევწირე. ჟურნალისტის ცხოვრება დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

– რომელი შვილი გგავთ?

– არც ერთი. ორივე ქერაა. ერთს ცისფერი თვალები აქვს, მეორეს – მომწვანო. მინდოდა, დამმსგავსებოდნენ, მაგრამ… არ მიყვარს, დედები რომ შვილებს აქებენ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილი, დადა, ბებიას ჰგავს – მამის მხრიდან. ულამაზესი ბებია ჰყავს, თბილისში თავისი სილამაზით იყო განთქმული. უფროსზე უფრო ამბობენ, რომ ჩემი შვილია, პატარა კი სულ არ მგავს.