როგორ შექმნეს ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა სიყვარულის ლეგენდა

როგორ შექმნეს ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა სიყვარულის ლეგენდაია ქუთათელაძე, სარკე

ორი ცნობილი მხატვრის, ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის, ოჯახური ცხოვრება სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის და ეს წლები ყოველთვის სავსე იყო – სიყვარულით, შემოქმედებით, შვილებით…

გასული საუკუნის 80-იანი წლების მხატვართა ახალგაზრდა თაობა (ირაკლი ფარჯიანი, ლევან ჭოღოშვილი, ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ხუტა ირემაძე, მაია ციციშვილი და სხვები) ორი ეპოქის გასაყარზე აღმოჩნდა. კომუნისტური წყობიდან თავისუფლების წყურვილით გაჟღენთილ, მაგრამ ჯერ კიდევ ქაოსში გახვეულ საქართველოში გადმოინაცვლეს. აკრძალულ თემებთან მიახლოება შესაძლებელი გახდა. სიტყვა “ავანგარდი” აღარ იკბინებოდა. არც საყოველთაო შერისხვისა და კოლექტიური წერილების მსხვერპლი გახდებოდი, თუ “კომუნიზმის გზის” სიდიადეზე არ გააკეთებდი ნახატების ციკლს.

მოკლედ, წესები შეიცვალა, თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქეთი და გია არასოდეს ემორჩილებოდნენ დადგენილ წესებს. მათი ნახატები ყოველგვარი ჩარჩოების მიღმა ცოცხლობდნენ. როცა ცნობილი კორეელი მხატვრები ქეთი მატაბელის შემოქმედებას გაეცნენ, დაეჭვებით, მაგრამ ძალიან მორიდებით იკითხეს, აქ არამხოლოდ ერთი მხატვრის ნამუშევრებია, იქნებ სხვების გვარებიც გვითხრათო. არ იჯერებდნენ, რომ ერთ მხატვარს შეეძლო რამდენიმე განსხვავებული მიმდინარეობით ემუშავა და ყველაფერი მაღალმხატვრული ოსტატობით ყოფილიყო შესრულებული.

განსხვავებული ხედვების ორი ხელოვანის ჰარმონიული თანაარსებობა ერთ ოჯახში ძალიან რთულია, მაგრამ მათთან ეს სირთულე არასოდეს ყოფილა, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ და ერთიმეორეს სასურველ გარემოს უქმნიან. ის კი არადა, მათ ოჯახში კიდევ სამი ხელოვანი ცხოვრობს – შვილები. შვილიშვილსაც უკვე კოჭებში ეტყობა, რომ ფუნჯი მისთვისაც მთავარი სამუშაო იარაღი იქნება.

– ბატონო გია, ხელოვანები ამბიციური ადამიანები არიან, უყვართ შექება, თავის გამოჩენა და ერთ სივრცეში ძნელად ეგუებიან ასევე წარმატებულ ხელოვანს, თუნდაც მეუღლეს. თქვენს ოჯახში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორ მოახერხეთ ასეთი გარემოს შექმნა?

გია: იქ, სადაც სიყვარული მეფობს, შურის ადგილი არ არის. ერთმანეთის წარმატება გვაძლიერებს. სულ ვამბობ, რომ ქეთი ძალიან მაგარია, უნიჭიერესი მხატვარია და ბედნიერებაა, რომ მისი ცხოვრების თანაზიარი ვარ. ზუსტად ვგრძნობთ, როდის რომელს რა გვჭირდება.

ჩვენი სამი შვილიც ხელოვანია. უფროსი, გიორგი, თავდაპირველად მხატვრობას დაეუფლა, ახლა კი კინორეჟისორია. ლუკა და მარიამიც ხატავენ. ერთად ვაპირებთ დიდი გამოფენის მოწყობას.

– ქალბატონო ქეთი, ყველა ბავშვი წერა-კითხვის სწავლამდე ჯერ ფერად ფანქრებს და სახატავ ფურცლებს უმეგობრდება. როგორ გადაიზარდა ეს ბავშვური გართობა დიდ სიყვარულში, რამაც მთელი თქვენი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა?

ქეთი: მხატვრობის ნიჭი უფლის საჩუქარია. ბავშვობიდან პორტრეტების ხატვა მიყვარდა. 14 წლის ვიყავი, როცა ებრაელი კაცის პორტრეტი გავაგზავნე თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ პალერმოში. მოიწონეს და ჯილდო დავიმსახურე.

ჩემი ნათლია ცნობილი მხატვარი ზურაბ კაპანაძე იყო. მან უთხრა დედას, ვნახოთ, როგორ დახატავს ნატურმორტსო და ბროწეულები დამიდეს. პასტელში გავაკეთე და ცუდი ნამუშევარი არ გამოვიდა. ამის მერე წამიყვანეს გურამ (ხიტა) ქუთათელაძესთან. იქაც პატარა გამოცდა გავიარე. “ფერის გრძნობა კარგი აქვს, დატოვეთ, ვასწავლი”, – თქვა ბატონმა გურამმა. ბევრნი ვიყავით – მე, ავთო მახარობლიძე, ლევან ჭოღოშვილი, მაია ციციშვილი, ხუტა ირემაძე, მარინა საყვარელიძე. დღეს ყველა საუკეთესო მხატვარია.

აკადემიაში თავდაპირველად სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთი წლის მერე ფერწერის ფაკულტეტზე გადავედი.

ხატვას ყველას ერთნაირად ასწავლიან, მერე საით წაგიყვანს ფანტაზია, იმპულსი, ალღო, ეს შენზეა დამოკიდებული. შეიძლება დარჩე იმ ნასწავლ თეორიასა და ტექნიკაში, გააპრიალო ყველა ნახატი, მაგრამ სულის მიცემა ვერ შეძლო. მაშინ გაგიჭირდება, იმ საოცარი სამყაროს ფერებს და სუნთქვას ვერ იგრძნობ.

მუდმივად ძიებაში ვარ. ერთი მიმართულებით მუშაობა დიდხანს არ შემიძლია. ყველაზე დიდხანს ფოლიანტებს შემოვრჩი. ბაბუა 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მისი გამოგზავნილი წერილების, ძველ სკივრში აღმოჩენილი ძველი სახარებისა და ლოცვანის გავლენით დავიწყე ძველი წიგნების ხატვა, რასაც ფოლიანტები დავარქვი. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი დრო იყო.

ყველაზე საკრალური, ძნელად გადასაწყვეტი და ძნელად მისაახლოებელი თემა იყო რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. ეს არის ღრმად ფილოსოფიური, მისტიკური, ზოგადსაკაცობრიო სიბრძნით შექმნილი ნაწარმოები. რუსთველოლოგები ათეული წლები იკვლევენ და ბოლომდე შეცნობილი არ არის. მე რომ მგონია, რაღაცას მივაკვლიე, ამოვხსენი, ვხვდები, რომ ისევ ძალიან შორს ვარ. არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ შევქმენი ის, რაც შევქმენი და ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ამ სერიაზე მუშაობას.

– ბატონო გია, ფიროსმანი ნატრობდა, ავაშენოთ დიდი სახლი, დავდგათ სამოვარი, შევიკრიბოთ, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ მხატვრობაზეო. ასეთი სახლი არსებობდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მას მხატვრის სახლი ერქვა. იქ მართლაც იდგა დიდი სამოვარი. რას ნიშნავდა თქვენთვის მხატვრის სახლი და სად საუბრობთ დღეს მხატვრობაზე მხატვრები?

გია: მხატვრის სახლს არა მარტო საგამოფენო დატვირთვა ჰქონდა, იქ არსებობდა სამხატვრო წრეები, ხელოვნების სტუდიები… უამრავი გამოფენა ეწყობოდა. ყველა მხატვარს ჰქონდა საშუალება, თავისი ნამუშევრები წარედგინათ საზოგადოებისთვის. რაც მთავარია, ეს იყო შეკრების, დამეგობრების, იდეების გაზიარების ადგილი.

აქ ხშირად ნახავდით ირაკლი ფარჯიანს, თითქმის ყველა იმ ახალგაზრდას 80-იანი წლებიდან, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს მხატვრობაში. სამწუხაროდ, დღეს ამ მხატვრებზე თითქმის არაფერი იწერება. მხატვრის სახლს ნამდვილად ჰქონდა ის ბოჰემა, რითაც იკვებებოდნენ ახალგაზრდა მხატვრები. ახლა არის პატარ-პატარა გალერეები, თანამედროვე ხელოვნების გალერეაც, მაგრამ ის ხიბლი აღარ არის.

90-იანი წლების გადატრიალებას შეეწირა მხატვრის სახლი. ზუსტად იმ დროს გარდაიცვალა უდიდესი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი. როცა მას ვასაფლავებდით, ზემოდან გადმოვხედეთ ალმოდებულ მხატვრის სახლს და მივხვდით, რომ დამთავრდა ჩვენი ლაღი ახალგაზრდობა. ცეცხლის სტიქიამ წაიღო ირაკლიც და ის დროც.

– ქალბატონო ქეთი, თქვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მხატვრის სახლში ყველამ იცოდა, თუ თქვენ მოხვიდოდით სამსახურში, იქვე გამოჩნდებოდა გია გუგუშვილიც და პირიქით, თუ თქვენი პოვნა უნდოდათ, გია უნდა მოეძებნათ. მერე შექმენით ოჯახი, გაჩნდნენ შვილები. როგორ უმკლავდებოდით ოჯახურ პრობლემებს, როცა ერთი წუთითაც არ მიგიტოვებიათ საყვარელი საქმე?

ქეთი: ნამდვილად იყო ჩვენს ცხოვრებაში ეს ბედნიერი ხანა და სიყვარული ახლაც გრძელდება. თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. მართალია, დედა მეხმარებოდა და გიაც ძალიან ყურადღებიანი იყო, მაგრამ ძირითადად მაინც მე მიწევდა ყველაფრის გაკეთება. მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენთან მოსვლა. საჭმელსაც ვაკეთებდი და გემრიელად ვუმასპინძლდებოდი. შვილები ჩემთვის იყო უდიდესი მოტივაცია, რომ მეტისთვის მიმეღწია.

გია: ჩვენი სიყვარული იყო საოცრად დიდი, ნათელი და ფერადი. ჩემთვის სიყვარული ფერებში გამოიხატება. თავდაპირველად ძალიან მწველია, თვალისმომჭრელად კაშკაშა ფერები აქვს და იმ ერთადერთის სახე ამ ალმოდებული ფერებით არის განათებული, მერე მშვიდდება, ნაზდება, სხვა ტონალობაში გადადის. უკვე აღარ ხართ ორნი, ხდებით სამნი, ოთხნი… მოდის სხვა მოვალეობები, პასუხისმგებლობა, ზრუნვა.

30 წელზე მეტი როცა ხართ ერთად, ერთ ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებ. ზოგჯერ თვალი და გული უნდა დაასვენო, ცოტა ხნით გაერიდო, გაემგზავრო, რომ მერე მობრუნდე და ცეცხლს ისევ შეაშველო შეშა. მადლობა ღმერთს, ჩვენი ცეცხლი ჩაუქრობლად ანთია და მარადიულია.

– ბატონო გია, თქვენს პროფესიულ არჩევანზეც გვიამბეთ და სამხატვრო აკადემიაზეც ვისაუბროთ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია უძღვებით.

გია: როცა დედაჩემი 8 კლასის აკადემიურ მოსწრებას გაეცნო, მიხვდა, რომ ხატვის გარდა არაფერი მაინტერესებდა. მხოლოდ ხატვასა და ხაზვაში მქონდა უმაღლესი შეფასებები. დანარჩენ საგნებში ერთგული ჯარისკაცებივით გაჭიმულიყვნენ სამიანები.

ჯერ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ იყო აკადემია, მერე ასპირანტურა. დიდხანს ვგრძნობდი თავს შეგირდად. სულ რამდენიმე წელიწადია, როცა თავს უფლება მივეცი, ოსტატი მეწოდებინა საკუთარი თავისთვის. მივხვდი, ისეთ საფეხურზე ავედი, როცა ოსტატობის დონით შეიძლება უბრალო სურათსაც კი გარკვეული ღირებულება მივცე. როცა ამ გარკვეულ სიმაღლეს აღწევ, პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან მაღალია და უკვე საკუთარ თავს სხვა მოთხოვნებს უყენებ.

სამხატვრო აკადემია არამარტო ხატვას ასწავლის ახალგაზრდებს, ეს არის სინთეზი მეგობრობის, ურთიერთობის, ხელოსნობის, ხელოვნების, კაცობის. თუ ყველაფერს ღვთით ბოძებული ნიჭი დაემატა, წარმატება გარანტირებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს თავისუფალი ხედვა განვუვითაროთ.

ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ქეთი მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან. ისინი სხვა სამყაროს კარს გვიხსნიან და უდიდეს სითბოს გვჩუქნიან.

წლების განმავლობაში სამხატვრო აკადემიის შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო – საძირკველგამოცლილი, დანგრევის პირას მისული. რამდენიმე წელია, რაც სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს.

– თქვენი ნამუშევრებით დიდი ხანია გაჭრილი გაქვთ ფანჯარა ევროპაში. იქნებ გაიხსენოთ, როგორ გახდით პოპულარულები მსოფლიოს მასშტაბით.

გია: ადრე სახელმწიფო ფულს იმიტომ უხდიდა მხატვარს, რომ მას დაეხატა ბელადები ან ის თემები, რაც დაშვებული იყო. მერე დაიწყო “პერესტროიკის” პროცესი და ხუნდები შესუსტდა. უკვე შესაძლებელი იყო, საკუთარი თავი გეპოვა. ქეთისთვის ეს არ იყო მარტივი, რადგან არა მხოლოდ ფუნჯით და პალიტრით მუშაობდა, არამედ ცემენტით, თიხით, რკინით, ხით, ოქროთი…

სხვადასხვა ნივთები, საღებავები ქეთისთვის იყო შთაგონების წყარო. ის ქმნიდა საუცხოო შედევრებს, ბევრისთვის ძნელად გასაგებს, ბევრისთვის მიუღებელს, ამას ემატებოდა 90-იანი წლების სიცივე, უშუქობა, პატარა ბავშვები, ოჯახური პრობლემები, ის კი მუდამ მუშაობდა, ღამე გვიან იწყებდა ხატვას.

ნელ-ნელა გავიკვალეთ გზა. დიდი წარმატება იყო მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოფენა. მერე უცებ დაიწყო ჩვენი ნახატების გაყიდვა, ზოგჯერ 7-8 სურათი ერთად იყიდებოდა.

მხატვრისთვის აუცილებელია, მისი ტილოები იყიდებოდეს. ეს საშუალებას გაძლევს, დაისვენო, სული მოითქვა და ახალი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ არის ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც ვერაფრით შეელევი, შენი ნაწილია და მუდმივად შენ გვერდით უნდა იყოს.

– რამდენად ახდენს პოლიტიკა გავლენას ხელოვანის ბედზე?

ქეთი: თუ ყველა თავის საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, პოლიტიკა ასეთი დოზით აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში.

გია: პოლიტიკა არა მარტო ხელოვანის, ყველა ადამიანის ბედზე მოქმედებს. როცა ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი წყნარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ სამუშაო, ეკონომიკური კეთილდღეობა, რაც საშუალებას აძლევთ, აღზარდონ შვილები, დაისვენონ, აკეთონ საყვარელი საქმეები. დღეს ქვეყანაში ბევრი რამ არ მომწონს, არც ის მომწონს, რომ უმეტესობა მაყურებლის როლშია. ხშირად ახალგაზრდები სიმართლეს გვეუბნებიან და ვისაც ხელეწიფება, უნდა მოუსმინოს. ბრძენი მსმენელია საჭირო.