რა სასწაული მოახდინა სუჯუნის წმინდა გიორგიმ დავით კინწურაშვილის ცხოვრებაში

რა სასწაული მოახდინა სუჯუნის წმინდა გიორგიმ დავით კინწურაშვილის ცხოვრებაშინანა კობახიძე, სარკე

ივლისის ერთ დღეს თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ყვავილებით მორთული ძველი თბილისური ეზოს წინ, ბავშვები მათივე ხელით დარგულ ქოთნის მცენარეებს ყიდდნენ. მოსწრებული სიტყვა-პასუხით მიიქციეს ყურადღება – ყვავილების გაყიდვით შემოსული ფული საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზაში” გადაირიცხება, რომელიც გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ოჯახების გაძლიერებაზე ზრუნავსო. ისეთი ლაღები და თავისუფალნი ჩანდნენ, ვერც იფიქრებდით, რომ თავად არიან ბენეფიციარები. ამ ინტერესმა მიგვიყვანა ფონდის დამფუძნებელ დავით კინწურაშვილთან.

ორგანიზაცია, რომელიც პატარების ცხოვრებას იცავს და ალამაზებს, იმ თბილისურ ეზოში მდებარეობს, მათივე ხელით ოაზისად რომ არის ქცეული. სახლი კლდიაშვილზე სოციალურად დაუცველი ბავშვების სავანეა. თვითონ ბატონი დავითი სამი შვილის მამაა. 2013 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან დაჯილდოვდა ღირსების ორდენით სამოქალაქო თავდადებისთვის. მიღებული აქვს პატრიარქის სიგელიც.

დავით კინწურაშვილი:

– ორგანიზაციის თანადამფუძნებლები არიან ჩემი მეგობრები მარინა იზორია და მამა გურამი (გურამიშვილი). პოლიტოლოგი და დიპლომატი ვარ. მარინა იზორია ჩემი თანაკურსელი იყო, სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. მამა გურამი კი თბილისში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მქონდა პატივი, ამავე ტაძარში წლების განმავლობაში სტიქაროსნად მემსახურა.

– ბატონო დავით, რამ გიბიძგათ, ეს ორგანიზაცია დაგეარსებინათ?

– ეს ჩემი ოჯახის საუკუნოვანი ტრადიციაა. ჩემი წინაპრები, დედის მშობლები, გვარად უჩანეიშვილები, შეძლებული, ქველმოქმედი ადამიანები იყვნენ. ხუთშვილიან ოჯახში დავიბადე. დეიდასთან, ლილი უჩანეიშვილთან, გავიზარდე თბილისში, ქმარ-შვილი არ ჰყავდა. მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა – მოსიყვარულე დიდი ოჯახი ვიყავით. დეიდა სულ ვიღაცას ეხმარებოდა. ჩამაგონებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია გამეგრძელებინა. მე-8 კლასში ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

2000 წელს დავიწყე პროექტზე მუშაობა, რომელიც მარტოხელა მოხუცებზე მზრუნველობას მოიცავდა. გზადაგზა პროექტის შეცვლა მოგვიწია. 2008-2015 წლებიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა ოჯახების გაძლიერებაზე ვმუშაობთ.

– სპონსორთა მოძიება რთული იქნებოდა.

– ჩვენი საქმიანობა თავიდანვე გავხადეთ გამჭვირვალე. თითოეულ სპონსორს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით კონკრეტულ ადამიანზე, საშუალებას ვაძლევდით, პირადად დაკავშირებოდნენ ბენეფიციარებს და ჩვენი კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგი შეემოწმებინათ. თავიდანვე არ გაგვიჭირდა ფეხის ადგმა და დღემდე მყარად მოვდივართ.

– ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან ზოგადად დათრგუნულები არიან. თქვენი ბენეფიციარი ბავშვები კი ლაღები, თავისუფლები და ბედნიერები ჩანან. ამას როგორ მიაღწიეთ, რა გზა გაიარეთ?

– 2011 წლიდან დაიწყო კომუნისტური ყაიდის ბავშვთა სახლების დაშლა და ოჯახური ტიპის სახლების ჩამოყალიბება. დადგა საშიშროება, ბევრი ბავშვი დარჩენილიყო ქუჩაში, ამიტომ გავხსენით მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი. ქუჩიდან მოჰყავდათ ჩვენთან. ათეულობით ბავშვი გადავარჩინეთ შიმშილს და მძიმე პირობებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათი ბავშვობა ყოფილიყო ლაღი და ლამაზი: არ ვაკლებდით კვებას, ჩაცმას, მკურნალობას, განათლებას, ჰქონდათ ცნობილ სახეებთან, სამთავრობო პირებთან ურთიერთობა…

2015 წელს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებას. ამაში გვერდით დაგვიდგნენ ცნობილი კომპანიები. პირველ რიგში, გავარემონტეთ ჩვენთან მცხოვრები ბავშვების საცხოვრებელი სახლები, ავეჯით და ტექნიკით მოვამარაგეთ და მხოლოდ ამის შემდგომ გადავიყვანეთ ბავშვები თავიანთ ოჯახებში. 36 ბავშვი დავაბრუნეთ. მათი ოჯახები დღემდე ჩვენი ბენეფიციარები არიან, მათ გაძლიერებაზე ვზრუნავთ. ამჟამად 50 ბენეფიციარი ოჯახი გვყავს.

– ბავშვების განათლებაზეც ზრუნავთ. კონკრეტულად რას ასწავლით?

– სხვადასხვა საქმიანობას, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად იყვნენ – ხატვა, კერამიკაზე, თექაზე მუშაობა, წვრილმანი საგნებისგან დეკორატიული ნივთების შექმნა… ჩამოვაყალიბეთ დღის ცენტრი, ამჟამად გვყავს 70 ბავშვი, რომლებიც არიან გაშვილების რისკის ქვეშ, ანუ დღეს თუ არა ხვალ მშობელი შეიძლება იძულებული გახდეს, სთხოვოს სახელმწიფოს, მათი შვილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში ან მინდობით აღზრდაზე გადაიყვანოს.

ეს რომ არ მოხდეს, ვაძლიერებთ მათ ოჯახებს. ბავშვებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ჩვენთან, ვზრუნავთ მათ კვებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სამოსზე, სასკოლო აქსესუარებზე. ჩვენი პედაგოგების დახმარებით სკოლის დავალებებსაც ასრულებენ…

– მშობლებისგან თუ აწყდებით რაიმე სირთულეს? ზოგჯერ მშობლებთან ურთიერთობა უფრო ძნელია, ვიდრე ბავშვებთან.

– ჩვენთან ძირითადად ღატაკი ფენაა, არიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიც. მათ უფრო სხვაგვარი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდებათ. ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ ზედმეტი სიმკაცრით მეტ შედეგს მიიღებს, ვიდრე მოფერებით. ამ შემთხვევაში ვუტარებთ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა აღზარდონ შვილი, როგორ მიაჩვიონ ჰიგიენის დაცვას, ასწავლონ სახლის დალაგება… კარგ შედეგებს ვაღწევთ.

– ბავშვების რელიგიურ აღზრდაზეც ზრუნავთ?

– ჩვენი ყველა ბავშვი მართლმადიდებელია და შთავაგონებთ, რომ ყველა რელიგიას პატივი უნდა სცენ. სხვა აღმსარებლობის ბავშვსაც მივიღებთ, თუ საჭიროება იქნება. სიკეთის გაკვეთილების ფორმატში მოძღვარი რელიგიურ საუბრებსაც უტარებს – თუ რამდენად მნიშვნელოვანია რწმენით ცხოვრება. მოძღვარს უამრავ შეკითხვას უსვამენ, ზოგჯერ ისეთს, რომ გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება ბავშვს ასეთი კითხვა დაებადოს.

მაგალითად, 11 წლის მარიამის კითხვაა: “დედა მეუბნება: ღმერთი ერთია და ის ზეციდან გვიყურებს. მაინტერესებს, რატომ გვესაუბრება ღმერთი სხვადასხვა რწმენით. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჩემი ერთი მეზობელი ბაპტისტურ რელიგიაშია, სახლში ხშირად ბროშურებით გვსტუმრობენ იეღოველები და კიდევ სხვებიც არიან. თუ ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ, მაშინ რწმენა რატომ გვაქვს სხვადასხვა?”.

9 წლის ანის კითხვაა: “რატომ არსებობს ნაადრევი სიკვდილი? ღმერთი ზოგ ადამიანს რატომ არ აცდის სიბერეს? რატომ უკვდებათ დედებს შვილები?”.

10 წლის ამირანი: “რატომ ვარ ღარიბი, ღმერთმა რატომ დაუშვა, რომ მე ვიყო ღარიბი?”

– ქოთნის მცენარეების გამოფენა-გაყიდვასაც მართავთ, რომელსაც ბავშვები უძღვებიან. მათი ამ მხრივ დასაქმება თქვენი იდეაა?

– ეს პატარა ეზო მეგობარი კომპანიების დახმარებით შევიძინეთ. ნანგრევები დაგვხვდა და ჩვენი ხელით დავასუფთავეთ, აღვადგინეთ, ავაშენეთ. შემდეგ ყვავილების მოშენება დავიწყე. ამ საქმეში ჩვენი ბავშვებიც ჩაერთვნენ. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ელოლიავებიან თითოეულ ფოთოლს. ხუთიოდე ყვავილი ზედმეტი მორწყვისგან გაუფუჭდათ და ისე განიცადეს, თითქოს ოჯახის წევრებს შეექმნათ ჯანმრთელობის საშიშროება. რამდენიმე ბავშვს გაუჩნდა სურვილი, გახდნენ მებაღეები, ცდილობენ, ეს საქმე შეისწავლონ.

– ბავშვების მიერ გაყიდული მცენარეებისგან აღებულ ფულს რა მიმართულებით იყენებთ?

– ვფიქრობდით, ამ ფულით ზაფხულში ბავშვები ქალაქგარეთ გაგვეყვანა. ადრე სახელმწიფოსგან გვქონდა ხელშეწყობა, 1-2 კვირით დაგვესვენებინა ბავშვები, მაგრამ ეს პროექტი შეწყდა. ქოთნის მცენარეთა გაყიდვიდან შემოსული თანხა ამისთვის მწირია, ამიტომ ბავშვებთან ერთად გადავწყვიტეთ, ეს ფული ისევ მცენარეთა განვითარებას და ახალი ჯიშების შეძენას მოვახმაროთ.

– ერთმა გოგონამ, ანა ნინიკაშვილმა, რომელიც გაყიდვისას აქტიურობდა, განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება დახვეწილი პასუხებით. გვიამბეთ ამ გოგონაზე.

– ანა მოცეკვავე გვყავს, ამჟამად პოლონეთშია გასტროლებზე. მოსწავლეთა სასახლეში დადის, 50%-იანი ფასდაკლება მისცეს სწავლის გადასახადზე. მეგობარი კომპანიების დახმარებით შევეწიეთ, რომ ბავშვს გული არ დაწყვეტოდა და შინ არ დარჩენილიყო. სექტემბერგი 5 ბავშვი მიგვყავს გერმანიაში. თავად ჩამოვიდნენ გერმანელები, მოეწონათ ჩვენი მიმართულება, სხვადასხვა ნიჭის მიხედვით შეარჩიეს 5 ბავშვი და გადაწყვიტეს, 2 კვირით დაასვენონ გერმანიაში.

– სახელმწიფო თუ გეხმარებათ რაიმე სახით ამ ბავშვების შენახვაში?

– სახელმწიფო გამოგვიყოფს თითო ბავშვზე დღეში 5 ლარს, თვეში 22 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენთან კი ბავშვები დასვენების დღეებშიც მოდიან, მათ ყოველდღიურად ვემსახურებით. ცხადია, ეს თანხა არასაკმარისია საკვებად, პედაგოგების ხელფასების, საკანცელარიო მომსახურებისა და კომუნალური გადასახადებისთვის. წესით, ასეთ ორგანიზაციებს კომუნალური გადასახადები მოხსნილი უნდა ჰქონდეთ, ჩვენ კი ყველაფერს ვიხდით. გვაქვს ფილიალი საბურთალოზე, ქირით ავიღეთ და თვეში 500 დოლარს ვიხდით.

– ამ საქმეში ოჯახის წევრებიც გვერდით გიდგანან. გვიამბეთ თქვენს პირადზე, ოჯახზე.

– ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია. ჩემს მშობლებთან აბაშაში ვიყავი ჩასული. მეზობელ სახლში ათეულობით დევნილი აფარებდა დროებით თავს, მათ შორის ეკაც. პირველივე დღიდან მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა, შემიყვარდა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. ამის გამო მისმა მშობლებმა ეკა სხვაგან გადაიყვანეს – არ უნდოდათ უცხო ქალაქში შვილის გათხოვება, იმედი ჰქონდათ, მალე აფხაზეთში დაბრუნდებოდნენ.

ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენი სენაკში, დევნილთა დასახლებაში. გავიპარეთ. სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძარში მოძღვარმა ჯვარი დაგვწერა.

ცოლთან ერთად თბილისში დავბრუნდი და დამოუკიდებლად ცხოვრებას შევუდექით. ერთ წელიწადში უფროსი ვაჟი, ლევანი, შეგვეძინა. მეორე შვილის, გიორგის, დაბადების შემდეგ სახლი დავკარგეთ. მრავალი წელი ნაქირავებ ბინაში გვიწევდა შვილების გაზრდა. დიდი გასაჭირი გამოვიარეთ, მაგრამ ერთმანეთს ვამხნევებდით.

ქვეყანაში მძიმე პერიოდი იდგა, ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა. წავედი სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში. იქ დაბრძანებულია წმინდა გიორგის ყური და ეძახიან “სურვილის ადრე მსმენელს”. დავიჩოქე და ღმერთს ვთხოვე, ჩემი ოჯახი ფეხზე დაეყენებინა, გაეძლიერებინა ჩემი ჯანმრთელობა, შრომა რომ შემძლებოდა. დავპირდი, მთელ ჩემს ცხოვრებას ქველმოქმედებას მივუძღვნიდი, თუ რამეს მოვიპოვებდი, ოჯახთან ერთად გაჭირვებულებს გავუნაწილებდი.

ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინა. ვმუშაობდი, ვსწავლობდი, ოჯახს ვუძღვებოდი, ბავშვებს ვზრდიდი და ყველაფერი ისე იყო, როგორც ღმერთს დავპირდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანაპირებს ვასრულებ. სიკეთეს თან სდევს ბოროტება, მუდმივად დგახარ ეკლიან და ვიწრო ბილიკზე და ისე უნდა გადაიარო, რომ ყველა დაბრკოლება აიტანო. ვუძლებ იმიტომ, რომ მყავს შესანიშნავი მეუღლე. თითქმის არ მიწევს ოჯახში ყოფნა, ჩემი ცხოვრება სხვის შვილებსა და ოჯახებზე ზრუნვას ეძღვნება. ეკას ესმის, რომ ეს გზა ავირჩიე და არ მსაყვედურობს.

გიორგი ბავშვთა სახლის ბავშვებთან ერთად გავზარდე და იქ ისწავლა, რომ სიკეთე ყველაზე ძვირფასია. დღეს უკვე დამოუკიდებლად ეწევა ქველმოქმედებას. სტუდენტია, მაგრამ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში. უმცროსი, მარიამი, 9 წლის არის, მამის სიხარული. ისიც სულ ჩემთან არის, ბავშვებთან მეგობრობს. მეუბნება, მე გავაგრძელებ შენს საქმეს, ქველმოქმედი ვიქნებიო.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. რამდენიმე წლის წინ მძიმე ავადმყოფი ვიყავი, დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. ყველას ეგონა, ცხოვრების ბოლო პერიოდი მქონდა. ღვთის წყალობით, ნელ-ნელა გამოვკეთდი – დღემდე დაუდგენელი დაავადება თითქოსდა გაიყინა. კვლავ ფეხზე წამოვდექი. ახლა ყველაფერს ძალიან ვჩქარობ, თითქმის არც მძინავს ღამით, ბევრი საქმეა.

რა სასწაული მოახდინა სუჯუნის წმინდა გიორგიმ დავით კინწურაშვილის ცხოვრებაში

დატოვეთ თქვენი კომენტარი