რა დარჩა სანანებლად ნუკრი რუხაძის ცოლს, მარიეტას – მუსიკოსმა სიკვდილის წინ ყველას პატიება სთხოვა

რა დარჩა სანანებლად ნუკრი რუხაძის ცოლს, მარიეტას - მუსიკოსმა სიკვდილის წინ ყველას პატიება სთხოვანანა კობახიძე, სარკე

ადამიანი ადამიანობის იშვიათი ნიჭით, მუსიკოსი თავისი ხელწერით, დაუზარელი პიროვნება ცინცხალი იუმორით, არაერთ სფეროში თვითნასწავლი და დახელოვნებული, კოლორიტი, ბევრისთვის ძალიან საყვარელი – ასეთი იყო ნუკრი რუხაძე. ოქროსხელება ადამიანს მუსიკალურ საქმიანობასთან ერთად ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან, რასაც მოინდომებდა.

1996 წელს დააარსა მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია “ენ ემ რეკორდსი”, რომელსაც მეუღლესთან ერთად უძღვებოდა. მასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა თაობის ცნობილი მუსიკოსები, მომღერლები. წარმატებით იმუშავა პროექტებზე “ჩხიკვთა ქორწილი”, “ფიროსმანი”…

2 წლის წინ, 9 აგვისტოს, 52 წლის ხელოვანი მოულოდნელმა დაავადებამ იმსხვერპლა.

ნუკრის პიროვნებას და ცხოვრების გზას მისი მეუღლე, მარიეტა რუხაძე იხსენებს, რომელიც თანაცხოვრების განმავლობაში ქმრისთვის ნამდვილი მეორე ნახევარი გახლდათ. ის პროფესიით პედაგოგია, თბილისის საბავშვო ბაღში მეთოდისტად მუშაობს.

– ქალბატონო მარიეტა, როგორი იყო შეხვედრა, რომელმაც ერთმანეთისთვის დაბადებულ წყვილს ერთად ყოფნა გადაგაწყვეტინათ?

– ნუკრი დედასთან ერთად საბურთალოზე, ონიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა კერძო სახლში. მისი დედა, თამარი და დეიდაჩემი ქაშვეთის ეკლესიის მრევლი იყვნენ და მეგობრობდნენ. ნუკრის აჩემებული ჰქონია, ცოლის შერთვა მინდაო. 21 წლის იყო. დეიდამ უთხრა თამარს, კარგი გოგო მყავს, დეიდაშვილის შვილი რუსთავიდანო. სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და… ახლაც აუხსნელია, ასე უცებ როგორ დავთანხმდი.

– გამოდის, ქორწინების შემდეგ დაიწყეთ ერთმანეთის შეცნობა. რა აღმოაჩინეთ მასში ისეთი, რამაც განგაცვიფრათ?

– ნუკრი იყო ძალიან მხიარული, უშუალო და უბრალო. არღვევდა კლიშეებს, სტერეოტიპებს, ეტიკეტს, ყველაზე მეტად მისმა ნიჭიერებამ განმაცვიფრა. ახალი პატარძალი რომ ვიყავი (რამდენიმე დღის), მოვინდომე, თავი მომეწონებინა და ფორტეპიანოს მივუჯექი. დავიწყე დაკვრა და სიმღერა. “ვა, რა მაგარი ხარ! – შემაქო, – ახლა მე დავუკრავ, გინდა?”. ფორტეპიანოს რომ მიუჯდა და დაკვრა დაიწყო, გავშეშდი. ელტონ ჯონის სიმღერას უკრავდა და მღეროდა. იმდენად შემრცხვა, რომ მას შემდეგ, 31 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, ფორტეპიანოს აღარ გავკარებივარ.

– რა იყო მისი ბუნებისთვის სახასიათო და განსაკუთრებული?

– ნუკრის უყვარდა შინ ყოფნა, სახლი იყო მისი სამფლობელო. ამის გამო დედა-შვილს სულ კონფლიქტი ჰქონდათ. დედას სურდა, ნუკრის ჰქონოდა სამსახური, ტრადიციული გაგებით, განიცდიდა, რომ შვილს უმაღლესი დამთავრებული არ ჰქონდა. ნუკრი კი სტერეოტიპებს ანგრევდა და გვარწმუნებდა, რომ თავადვე შექმნიდა თავის საქმეს და ამისთვის დიპლომი არ სჭირდებოდა. თქვა, სახლს გავყიდი, აპარატურას შევიძენ და დაგიმტკიცებთ, რომ ამ საქმეს ავაწყობო. დედა გაგიჟდა – სანამ ცოცხალი ვარ, სახლს არ გაგაყიდვინებო. ნუკრის დეიდამ, ქეთომ, გურჯაანში თავისი ოროთახიანი ბინა დაგვითმო გასაყიდად და ქმართან ერთად ჩვენთან გადმოვიდა.

ის ბინა 2.500 დოლარად გავყიდეთ და მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ აპარატურა. შევაკოწიწეთ პირველი სტუდია ონიაშვილზე. თავდაპირველად ნუკრიმ ჩაწერა ლიკა დოლიძე, მიშა ზაქარიაშვილი, გია სურამელაშვილი (მოსკოვში წასვლამდე). მანანა თოდაძემ მოისმინა ნუკრის მიერ ჩაწერილი ფონოგრამა, მოეწონა უცხო ხელწერა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა მოწაფეებისთვის. ამისთვის დღემდე მადლიერი ვარ ქალბატონი მანანა თოდაძის და ბატონი ბორის შხიანის.

5 წლის შემდეგ, 1991 წლის 24 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა ჩემი დედამთილი. 2 წლის შემდეგ კი ნუკრიმ გამომიცხადა – ან შევიძენ კარგ აპარატურას სტუდიისთვის, ან სამუშაოს თავს დავანებებო. გავყიდეთ სახლი ონიაშვილზე და შევიძინეთ კერძო სახლი სიხარულიძის ქუჩაზე. ნუკრიმ კვლავ თავისი ხელით მოაწყო სტუდიის ოთახები. მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ უახლესი კომპიუტერული აპარატურა. 1993 წელს ახალი სტუდიის გახსნაც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა.

შინაგანად თავისუფალი გახლდათ, სულ ამბობდა, დირექტორი არ მჭირდება, სხვისი მითითებით ვერ ვიმუშავებო. თავადვე აიწყო სამსახური, ის კომფორტი და გარემო შეიქმნა, რაც მას სიამოვნებდა. შეეძლო მუშაობაში გაეთენებინა.

– თქვენს სტუდიაში წერდნენ ძველი, საშუალო და ახალი თაობის ცნობილი მომღერლები. რას გაიხსენებთ?

– ჩვენი და ბატონი თემურ წიკლაურის გზები გადაიკვეთა ბორის შხიანის და ჯგუფ “ოთხი გიას” თანამშრომლობით. მისი ნდობა დავიმსახურეთ. ბატონმა თემურმა თითქმის ყველა ალბომის სიმღერის ვოკალი ჩვენთან ჩაწერა, არანჟირებებს სხვები უკეთებდნენ.

ჩვენთან ჩაიწერა გია სურამელაშვილის მრავალი ალბომი – არანჟირება და ხმაც, ჯაბა ბოჯგუას თითქმის ყველა ჰიტი, აჩი ფურცელაძის რამდენიმე სიმღერა, თამრიკო მეჭიაურის ყველა სიმღერა, კოტე მიქაძის ათეულობით სიმღერა. ჩვენთან წერდნენ თამრიკო ჭოხონელიძე და მისი დები, მარიამ როინიშვილი, “ოთხი გია”. უამრავი ბავშვთა ანსამბლი ჩავწერეთ. ნუკრი წლები თანამშრომლობდა გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის სტუდიასთან.

– ნუკრი რუხაძეს გია ბაღაშვილმა მსოფლიო დონის პროფესიონალი უწოდა.

– ნუკრის ყველაზე დიდი და საამაყო პროექტია ანსამბლ “ივერიის” “ჩხიკვთა ქორწილი” – კინოფილმის ახალი ვერსია. მუშაობის დროს გია ბაღაშვილი ნუკრისთან ერთად ათენებდა სტუდიაში.

ნუკრის მთავარი “კოზირი” მუშაობის სისწრაფე და მიხვედრილობა იყო. მის ტემპზე ყველა გიჟდებოდა. თამრიკო ჭოხონელიძესაც უკვირდა, ამ ტემპით როგორ მუშაობო. ზოგ სტუდიაში ანაზღაურება საათობრივია. ნუკრი ამბობდა, იმის გამო, რომ საათობრივად მეტი ავიღო, “მაუსს” ვერ ვათამაშებო. თვალის შევლებას ვერ ასწრებდნენ, ისე სწრაფად ასწორებდა.

– თქვენ იყავით ნუკრის მარჯვენა ხელი სტუდიაში, როგორც პროდიუსერი. რა გევალებოდათ და თქვენს რჩევებს თუ ითვალისწინებდა?

– დიახ, ძირითადად მე მიწევდა დამკვეთთან მოლაპარაკება. შენ კარგად იციო, მეტყოდა ნუკრი და მთლიანად მომანდობდა. მოკრძალებულ თანხას იღებდა და ამის გამორთმევაც ძალიან უჭირდა, ერიდებოდა. “არ აქვს? არა უშავს… ამაზე ნერვიულობ? მერე იყოს. სულ არ იყოს!..”, – ამბობდა.

პირველად რომ ფონოგრამაში ათდოლარიანი აიღო, თქვა, რა საოცრებაა, ფული გადამიხადესო. ვუთხარი, რატომ გიკვირს, შენ ხომ იშრომე-მეთქი. მე მესიამოვნა, რასაც ვაკეთებდი, მათ კი ამაში ფული გადამიხადესო, მიპასუხა. მაშინ 32 წლის იყო.

– ნუკრი რუხაძეს სამგზის გადაეცა საპატიო ჯილდო. მისი ნიჭი რომ აღიარეს, ამაზე თავად რა რეაქცია ჰქონდა?

– აჩი ფურცელაძე 13 წლის იყო, ნუკრიმ პირველი ფონოგრამა რომ გაუკეთა, 15 წლისას კი ფილარმონიაში უკვე საიუბილეო საღამო ჰქონდა. სიმღერების კონკურსზე გრან პრი აჩის სიმღერის შესრულებისთვის გადაეცა, მანანა მერაბიშვილს – როგორც კომპოზიტორს, ხოლო ნუკრის – არანჟირებისთვის. აჩის დედამ, ქალბატონმა ხატულამ მოგვართვა სახლში გრან პრის სტატუეტი და დიპლომი. არასდროს მავიწყდება პირველი ემოცია – ტახტზე იწვა ნუკრი, იქვე ედო ჯილდო, უყურებდა და ტიროდა.

მეორედ გრან პრი აიღო ეთერ კაკულიას და ჯაბა ბოჯგუას დუეტის არანჟირებისთვის – “ასე ჩონგური”. 2015 წელს “მეგას” ჯილდოც მოულოდნელი იყო. დაჯილდოების ცერემონიალზე ნუკრი შვილთან, ნატალისთან ერთად წავიდა, ერთად გაიარეს წითელი ხალიჩა. ჯილდო შინ რომ მოიტანა, თვალცრემლიანი უყურებდა.

– ოჯახში რა სიურპრიზებს გიკეთებდათ, რით გაოცებდათ?

– დაუზარელი იყო, გარშემო ყველას ეხმარებოდა. ყველა სფეროში თვითნასწავლი იყო, სიტყვა “მასწავლებელი” არ უყვარდა. საკმარისი იყო, რამე წამომცდენოდა, მაშინვე მის რეალიზებაზე ზრუნავდა. ერთხელ ვთქვი სახლის ყრუ კედელზე, აქ ფანჯარა რომ იყოს გაჭრილი, რა მაგარი ხედი იქნებოდა-მეთქი. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ამონგრეული დამხვდა.

ახალ ბინაში გურამიშვილის გამზირზე ხის ფანჯრები დაგვხვდა, ქარი შემოდიოდა. ვუთხარი, იქნებ რამე მივაფაროთ, რომ დავიცვათ, “მეტალოების” ფული არ გვაქვს-მეთქი. მასალა შეიძინა, ოთახში სახელოსნო მოაწყო და მთელი სახლის კარ-ფანჯარა მარტომ ააწყო. რომ დავბრუნდი, კარ-ფანჯარა ჩასმული დამხვდა.

დასასვენებლად რომ მივდიოდი, შინ თავისი ხელით რესტავრირებულ ავეჯს მახვედრებდა. სახლში უყვარდა ხინკლის მომზადება, მოიტანდა ხორცს, გაატარებდა. ისეთ მაგარ ცომს მოზელდა, ვერ ვერეოდით ქალები. ერბოკვერცხს შეწვავდა და “მადონას” სერვიზის თეფშზე გადმოიღებდა, რისთვის გილაგია ეს სერვიზი, აი, ამაზე მინდა ვჭამოო. ფული იმისთვისაა, რომ უნდა დახარჯოო, იტყოდა. მისთვის ოქრო და ბრილიანტი ბრჭყვიალა ნივთები იყო.

– შვილებს როგორ მამობას უწევდა და რითი ჰგვანან მამას, რას საქმიანობენ?

– შვილებთან მხიარული და ზედმეტად გახსნილი იყო. თავადაც ბავშვური იყო, შვილივით მყავდა ფრთებქვეშ, სულ უნდა დამეცვა.

ოთხივე შვილი მღერის. მამას მრავალმხრივი ნიჭიერებით ძალიან ჰგავს უფროსი შვილი თამუნა (ინგლისური ენის სპეციალისტია). ნატო სტუდიით ყველაზე მეტად აღმოჩნდა დაინტერესებული. რამდენიმე წელია რესტორანში მღერის, რამდენიმე სიმღერაც ჩაუწერა თემურ წიკლაურს, კოტე მიქაძეს და თამრიკო მეჭიაურს.

ზოიკო გერმანიაში გათხოვდა, მისი მეუღლე გერმანელია, 2 შვილი ჰყავთ – ქალ-ვაჟი. უმცროსი, დათუნა, სიალალით ჰგავს მამას, ტყუილი არ ეხერხება. 17 წლისაა, ლეილა მესხის სასტუმროში დაიწყო მუშაობა და ძალიან კმაყოფილია.

– გარდაცვალებამდე ნუკრის თუ ჰქონდა რაიმე წინათგრძნობა, მისი ბოლო დღეები როგორი იყო?

– გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ნუკრის თავისი ნატურისთვის უჩვეულო ფიქრი დასჩემდა, ამბობდა, ადამიანები ამქვეყნად მისიით ვართ მოსულები, მისიას რომ დავასრულებთ, მერე ვკვდებით, მაგრამ მე არ მეშინია გარდაცვალების, იმ ბავშვმა რომ სიკვდილი გაიარა (ჩემს გარდაცვლილ დისშვილს გულისხმობდა), ჩვენც არ გაგვიჭირდებაო.

ბოლო ხანებში შეკვეთები შეუმცირდა, ამბობდა, მანქანების სახელოსნოს გავხსნიო. რამ მათქმევინა, არ ვიცი, მაგრამ ვუთხარი, ნუკრი, შენ ხელოვანი კაცი ხარ და ხელოსნად არ უნდა მოკვდე-მეთქი. შემომხედა და თქვა, ერთი ამას უყურეთ, არ მიმასაფლავაო. დაკრძალვის მეორე დღეს ჩამოგვივიდა მანქანების დიაგნოსტიკის აპარატურა, ჩუმად მაინც გამოუწერია ნუკრის.

მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე გერმანიაში გავემგზავრე ზოიკოსთან. ნუკრიმ და დათომ აეროპორტში გამაცილეს. გადამეხვია. ვუთხარი, აბა, შენ იცი, შვილებს როგორ მიხედავ-მეთქი. მივხედავ, აბა, რას ვიზამო, მიპასუხა. თავადაც გეგმავდა წამოსვლას.

ერთ კვირაში საყლაპავი მილის წყლული გაუსკდა. საავადმყოფოში ექიმს უკითხავს ასაკი. ნუკრის უთქვამს, ღმერთმა თუ დამაცადა, 53-ის უნდა გავხდეო. ალბათ გრძნობდა, რომ ცუდად ჰქონდა საქმე. ნატოს ხელი მოჰკიდა და უთხრა, ყველას პატიებას გთხოვთო. სისხლდენა ვერ შეუჩერეს. ორ დღეში მიიბარა უფალმა. გარდაცვალებას ვერაფრით დავუშვებდი, იმედიანად ვიყავი. შოკში ჩავვარდი.

ძალიან ვნანობ, რომ მძიმე დღეებში მის გვერდით ვერ აღმოვჩნდი, ვერაფრით ვანუგეშე, ვერც მისი ბოლო სიტყვები მოვისმინე.

– საოცარი იუმორი ჰქონდა, კოლორიტული. ინტერვიუც ამ განწყობით დავამთავროთ.

– კახელებზე უყვარდა ანეკდოტები. დედით კახელი იყო, მამით – იმერელი. 2 წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა. კახეთში იზრდებოდა. რომ ეკითხებოდნენ, სადაური ხარო, გადარგული პომიდორი ვარო, პასუხობდა.

გაურკვეველი ქცევის ადამიანს უდიაგნოზოს ეძახდა. სუფრასთან ასეთ სადღეგრძელოს ამბობდა – ეს იმას გაუმარჯოს, ვისაც ვისთვის უკანკალებსო. ყველა გაოცებით შეხედავდა, ეს რა თქვიო. გული, კაცო, გულიო – განუმარტავდა.