“მასტერშეფის” გამარჯვებულ ია ძაგანიას სახლში კერძების გაკეთება ეზარება – ”სადაც მე ვარ, სულ საჭმელზეა ლაპარაკი”

"მასტერშეფის" გამარჯვებულ ია ძაგანიას სახლში კერძების გაკეთება ეზარება - ”სადაც მე ვარ, სულ საჭმელზეა ლაპარაკი”რუსუდან ადვაძე, სარკე

“პირველი არხის” კულინარიული შოუ “მასტერშეფის” გამარჯვებული 19 წლის ია ძაგანია გახდა. მან ფინალურ შოუში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ვიზუალურად ულამაზესი, ტექნიკურად ურთულესი და გამორჩეული გემოს კერძები მოამზადა.

ია ძაგანია თბილისელია. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ ამბობს, რომ ეს დარგი მისი საქმე არ არის. ფიქრობს, მსახიობის ნიჭი აქვს და მომავალში ამ კუთხითაც შეიძლება სცადოს ბედი. მანამდე კი საკუთარი რესტორანი უნდა გახსნას მეგობარ თინა ვაშაკიძესთან ერთად, რომელიც “მასტერშეფის” ფინალურ შოუში მისი კონკურენტი იყო და ვისთან ერთადაც მართავს პატარა საწარმოს “ამოჭამე”.

ია ძაგანია: მიჭირს, გავაცნობიერო ის, რაც მოხდა. ამ გამარჯვებამ ჩემს ცხოვრებაში ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. ვერ აღვწერ, რა შეგრძნება დამეუფლა. ამ შოუმ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ვფიქრობ, ქართული კულინარიის განვითარებისთვის ძალიან კარგი პროექტი იყო და ამით ქართული კულინარიული შოუების სტანდარტმა საკმაოდ მაღლა აიწია.

“მასტერშეფის” ამერიკული და ევროპული შოუების თითქმის ყველა სეზონი ნანახი მაქვს. ჩემი ოცნება იყო ამ შოუში მოხვედრა. ეს ცნობილი და საერთაშორისო პროექტია და როგორც კი გავიგე, საქართველოში კეთდებოდა, მივედი. მგონი, პირველი ვიყავი, ვინც კასტინგზე მივიდა.

– არ ელოდით გამარჯვებას?

– ეს გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის. ჟიურის შეფასებების მიხედვით, ყველა თანაბრად მივდიოდით და ვერანაირ პროგნოზს ვაკეთებდი. ბოლოს ამ ყველაფერს ძალიან მოულოდნელი ფინალი ჰქონდა.

– პირის გემო ალბათ ბავშვობიდან ჩამოგიყალიბდათ, ოჯახში გემრიელ რამეებს გიმზადებდნენ.

– არა. სახლში განსაკუთრებულად – არა, მარტივად ვიკვებებოდით. სახლის კულინარია ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც შოუში ნახეთ. თუ სახლში საჭმელი არ იყო, პატარა ასაკში მეც შემეძლო მარტივი რამის გაკეთება, მაგალითად, კვერცხის შეწვა და ა.შ.

– პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე იყავით. როგორ მოვიდა თქვენთან კულინარიის ეს უზარმაზარი ცოდნა, როდის დაინტერესდით ამ საქმით?

– ალბათ 15-16 წლის ვიყავი და მერე კარგად ჩავეძიე, ახალი რაღაცები წავიკითხე. ეს ცოდნა ჩემთან ნელ-ნელა მოვიდა. კერძებს თეორიულად ვსწავლობ და მერე ვაკეთებ.

თავიდან ჩემს კვებაზე დავიწყე ფიქრი და მენიუდან ხორცის ამოღება გადავწყვიტე. ამის გამო უფრო მეტი დრო დავუთმე სხვადასხვა ინგრედიენტების შესწავლას. მერე ნელ-ნელა სხვადასხვა ტექნიკა გამოვიყენე. “კულინარიის აკადემიაში” დავიწყე სწავლა, სადაც თინა ვაშაკიძე გავიცანი. აკადემიაში რაღაცებს ერთად ვაკეთებდით.

– ხორცი რატომ ამოიღეთ თქვენი მენიუდან?

– მოვიძიე ხორცსა და ცილებზე ინფორმაცია და გადავწყვიტე, ჯანმრთელობის კუთხით ხორცის გარეშე ჯობდა. ვარჯიში მაშინ დავიწყე.

– ხორცს ახლაც არ ჭამთ?

– არა. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ხორცის ჭამა. თევზს ვჭამ, მუხუდოს, ლობიოს, რომლებიც ცილებს შეიცავს.

– თუმცა შოუში ხორციან კერძებს ამზადებდით.

– გასინჯვა შემიძლია. რას რა მოუხდება, ამას ძირითადად თეორიული ცოდნის საფუძველზე ვხვდები, ვიდრე გასინჯვით. შოუში რომ სტარტერი წარმოვადგინე, გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოხდომოდა. ყველაფერი თავისით გამოვიდა.

– ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– ამ ფაკულტეტზე შემთხვევით ჩავირიცხე. მივხვდი, რომ ეს სფერო არ მაინტერესებდა და სხვა რამის სწავლა მინდოდა. როცა კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე, უფრო დროის გაყვანის მომენტი მქონდა.

– ანუ არც კულინარია წარმოადგენდა თქვენი დიდი ინტერესის საგანს?

– დიახ, ასე იყო. ინტერესი ნელ-ნელა გამიჩნდა. ერთია, კულინარიას, როგორც საჭმელს, ისე რომ უდგები და მეორე, მის უკან რამდენი რამ დგას, რამდენი პროფესიონალი მზარეული არსებობს და რამდენად სერიოზული პროფესიაა. ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმე იყო და ამიტომაც ვისწავლე.

– მსახიობობა გინდათ თურმე.

– დიახ, მინდა. ბავშვობიდან სულ მსახიობობა მინდოდა და ამის ნაცვლად ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი. ფსიქოლოგია რომ არ მომეწონა, მერე კულინარიაზე მოვხვდი და ასე… ვფიქრობ, ჩემში მსახიობის ნიჭი ღრმად არის, მაგრამ ჯერჯერობით კარგად არ მაქვს განვითარებული. ჯერ არ ვიცი, ჩავაბარებ თუ არა სამსახიობოზე.

– თქვენი საფირმო ნაწარმი წიწაკის მურაბა ყოფილა.

– “კულინარიის აკადემიაში” რომ ვსწავლობდით, მე, თინამ და კიდევ ერთმა ჩვენმა მეგობარმა, თამიმ, ერთად დავიწყეთ წიწაკის მურაბის კეთება. მერე ერთ-ერთ ფესტივალზე მოვხვდით, სადაც ეს მურაბა წარვადგინეთ და ხალხს ძალიან მოეწონა. მერე მისი გამოშვება გადავწყვიტეთ. ეს არის ტკბილ-ცხარე მურაბა. როცა ბალანსია გემოების, ძალიან კარგად ჯდება. წიწაკა, თავის მხრივ, მწარეა, სიტკბო აბალანსებს და კარგი კომბინაცია გამოდის.

ასევე ვამზადებთ ყველის ჩურჩხელებს. ეს არის ჩვეულებრივი ჩურჩხელა, რომელსაც გარსად ბადაგის ნაცვლად ყველი აქვს. ყველი და ნიგოზი ძალიან უხდება ერთმანეთს. ხახვის მურაბასაც ვაკეთებთ. პასკის გემოს მიტოვებს, რადგან იმ სუნელებს ვუშვრებით, რომლებიც პასკას სჭირდება.

– სახლში ამზადებთ ამ ყველაფერს?

– არა, ჩვენი პატარა საწარმო გვაქვს და იქ ვამზადებთ.

– შოუში გამარჯვებამ ჩემი ცხოვრება შეცვალაო, ამბობთ. რა მხრივ შეიცვალა?

– უამრავი ადამიანი მწერს, რაც ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცი, მომავალში ეს ყველაფერი როგორ აისახება ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

– თქვენ ჟიურის ერთმა წევრმა საკუთარი სკამი დაუთმო და უთხრა, 19 წლის ასაკში რომ ასეთ რამეებს აკეთებ, აუცილებლად მასტერშეფი უნდა გერქვასო.

– დიახ და ვთვლი, რომ ასაკი ამ დროს მნიშვნელოვანი არ არის. გამოცდილება სულაც არ არის ასაკთან დაკავშირებული.

– თქვენი დამზადებული ნაყინი “ვედრით” დაიდგა ჟიურიმ და ისე ჭამდა.

– ნაყინი აზოტით პირველად გავაკეთე. ფინალისტებს იმდენად თანაბარი შესაძლებლობები გვქონდა, რომ დესერტი წყვეტდა ყველაფერს. ძალიან ვნერვიულობდი. მთელი პროექტის განმავლობაში მიღებული სტრესი იმ მომენტში გამიქრა, როცა ჟიური ჭამდა და ჭამდა ჩემს ნაყინს. საოცარი შეგრძნება იყო.

– მამა დაგყვებოდათ გადაღებებზე, ის ძალიან ნერვიულობდა. თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.

– ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. უფროსი ძმა მყავს. ამ საქმემ რომ დამაინტერესა, ყველა გვერდით დამიდგა. გაუკვირდათ ჩემი ამბავი, ასე რომ ვისწავლე კულინარია და ბოლოს, რა თქმა უნდა, გაუხარდათ. ძალიან მგულშემატკივრობდნენ. მამა მეუბნებოდა, მხოლოდ ის აკეთე, რაც შენ გენდომება და გამარჯვებაზე არ იფიქროო. ჩემს გამარჯვებას არც ელოდნენ.

– ოჯახის წევრები, მეგობრები ხშირად გთხოვენ, ორიგინალური კერძი მოუმზადოთ?

– დიახ, ყველა მთხოვს, როდის გაგვასინჯებო. სადაც მე ვარ, სულ საჭმელზეა ლაპარაკი. მე კი მირჩევნია, ასეთ დროს მაქსიმალურად მარტივი კერძი მოვამზადო. რთულ საჭმელებს არც სახლში ვაკეთებ და არც სხვაგან. დიდად არც მიყვარს სახლში კეთება. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამზადებ, თუ მთხოვენ. მეგობრები მოდიან ხოლმე ან ჩემი ძმა მთხოვს, მაგალითად, კვერცხის ან პასტის მომზადებას და ვუკეთებ.

– შოუსთვის სახლში არ ემზადებოდით?

– დავალებებს ძირითადად იქ ვიღებდით. ფინალში რაც გავაკეთე, ის კერძები სახლში რამდენჯერმე მოვამზადე. ოჯახის წევრებიც სინჯავდნენ. დედაჩემს, მამაჩემს და კიდევ რამდენიმე ახლობელს გავასინჯე. ყველას თავისი გემოვნება აქვს. ყველაზე მეტად მამაჩემის გემოვნება მომწონს.

– რესტორანში ჭამა თუ გიყვართ?

– დიახ. თუ მაღალი კლასის რესტორანია, მათი იდეების ნახვა უფრო მინდა ხოლმე, ვიდრე ჭამა. მე ზოგადად ცხარე საჭმელები მიყვარს.

– უკვე ნახეთ შოუში მოგებული ერთოთახიანი ბინა, რომელიც თურმე სამზარეულოს მთელი ტექნიკითაა აღჭურვილი?

– არა, ჯერ მაგაზე საუბარი არ ყოფილა.

– მარტო ცხოვრება გინდათ?

– არც მაგაზე მიფიქრია.

– რომ ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, მართალი გგონიათ? გაიზარდა თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვი, რაც თქვენი ამოუწურავი კულინარიული შესაძლებლობების შესახებ გაიგეს მამაკაცებმა?

– დიდად არ შემიმჩნევია ეს ამბავი. ყველა, ქალიც და კაციც, კარგ რაღაცებს მწერს. რაიმე განსაკუთრებული აქტიურობა ამ მხრივ არ ყოფილა.

– კულინარიის გარდა, კიდევ რა გატაცება გაქვთ?

– ენების სწავლა. ვიცი რუსული, ინგლისური, ფრანგული და იტალიურს ახლა ვსწავლობ. სპორტი, ვარჯიში ძალიან მიყვარს, ასევე სეირნობა, მოტოციკლეტი. ხანდახან ქალაქში სკუტერით დავდივარ. ექსტრემალური სპორტი მომწონს – თხილამურებით სრიალი და ა.შ.

– რა ოცნებები გაქვთ?

– ძალიან მინდა, უცხოეთში, რომელიმე კულინარიულ სკოლაში ვისწავლო და საქართველოში კულინარია ძალიან მაღალ დონეზე ავიდეს.