ლიზა ვადაჭკორია: “უხელფასოდ 5 თვე ვიყავი და ეს ოჯახისთვის მძიმე ტვირთია”

ლიზა ვადაჭკორია: "უხელფასოდ 5 თვე ვიყავი და ეს ოჯახისთვის მძიმე ტვირთია"ირმა ჭკუასელი, სარკე

ლიზა ვადაჭკორიას ტელეკარიერაში რამდენიმე თვის წინ სირთულეები იყო. ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის შემდეგ უმუშევარი ჟურნალისტების რიცხვს შეუერთდა, თუმცა დროებით – ახლა მისი გადაცემა “სახალხო კონტროლი” ინტერნეტარხებზე გადის.

ერთადერთი, რაც ლიზამ დაზუსტებით იცის და შეცდომებსაც აღარ უშვებს, ეს ოჯახური ურთიერთობებია. ახლა შეუძლია თქვას, რომ ქალური სიბრძნე შეიძინა და ამით პატარ-პატარა კონფლიქტებსაც წერტილი დაუსვა.

– ლიზა, დღეს ტელეკომპანიების თემა ისევ აქტუალურია, ბევრი ჟურნალისტი გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იციან, გააგრძელებენ თუ არა მუშაობას – “რუსთავი 2”-ში შექმნილ სიტუაციას ვგულისხმობ. ეს ყველაფერი თქვენ უკვე გამოიარეთ. “იბერიის” დახურვის შემდეგ თქვენი გადაცემაც გაქრა ეკრანიდან. მოგვიყევით, მაშინ როგორი იყო თქვენი და თქვენი კოლეგების მდგომარეობა.

– ეს იყო ადამიანური ტრაგედია, რადგან დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი ვინმე, კრედიტი ან იპოთეკური სესხი არ ჰქონდეს აღებული. “იბერიის” თანამშრომლების უმრავლესობას ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, როცა შუა სეზონში უმუშევარი რჩები. ეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე განსაცდელი იყო.

“იბერიიდან” დღემდე ბევრია უმუშევარი – ოპერატორები, ჟურნალისტები, ტექნიკური მუშაკები. ზოგი სხვა სფეროში წავიდა. ამ არხზე მუშაობდა ძალიან ნიჭიერი მუსიკალური რედაქტორი, რომელიც იძულებული გახდა, პროფესია შეეცვალა. როდესაც აქციები დაიწყო, თანამშრომლების ნაწილი მიხვდა, რომ საქმე ცუდად დამთავრდებოდა და ხელსაყრელ შეთავაზებებს დათანხმდნენ. ისინი კარგად დასაქმდნენ.

– თქვენ რატომ არ მოხვდით მათ რიცხვში, ვინც კარგად დასაქმდნენ?

– ჩვენი ჯგუფის პრობლემა ის იყო, რომ გვინდოდა, გუნდი გადაგვერჩინა. ამის გამო 4 თვე ვიყავით უმუშევრები, შემდეგ კი “სტარვიზიაზე” გადავედით. დიდი მადლობა გია ალიხანაშვილს და ამ კომპანიას, რომ ჩვენს პირობებს დათანხმდნენ და ეთერში გავედით. პირდაპირ გეტყვით, სხვა შემოთავაზებებიც იყო, პირველი კი – “რუსთავი 2”-ისგან.

– რატომ არ დათანხმდით?

– დავთანხმდით.

– მაშინ რატომ არ გახვედით ეთერში, რა მოხდა?

– გარკვეული მიზეზების გამო. რაღაც ჩვენთვის იყო მიუღებელი, რაღაც – მათთვის. ანონსების ჩაწერა დაწყებული იყო, ძირითადი პირობები – გავლილი. ჩამოვუთვალეთ ყველა ის პრინციპი, რომლებსაც ვერ გადავუხვევდით და საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა, არამხოლოდ ჩვენ გამო, არც მათ აწყობდათ.

“სახალხო კონტროლი” იმდენად ხმაურიანი, პრინციპულია, რომ, პირდაპირ გეტყვით, ბევრ არხს არ აწყობს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი გადაცემა “იმედს” არ აწყობდა, რადგან ჩვენ ხშირ შემთხვევაში ბიზნესკომპანიებს ვურტყამთ, მსხვილ კომპანიებსაც. ხომ შეიძლებოდა იმ მსხვილ ბიზნესმენს დაერეკა “იმედის” ხელმძღვანელისთვის და ეთქვა, რას მიშვრებითო და ა.შ. აქვე დავამატებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

ზოგ არხს უბრალოდ ფინანსური საშუალება არ ჰქონდა, რადგან გუნდით გადასვლა ადვილი არ არის. ამ პროდუქტს სამნი ვქმნით, პლუს მემონტაჟე, ოპერატორები, მძღოლი და ა.შ.

– ახლა თავისუფალი ხართ ყოველგვარი დირექტივისგან?

– დიახ. ჩვენი პირობა ეს იყო, არავითარი ჩარევა და ზეწოლა. არჩევანში თავისუფლები ვართ, ჩვენი არჩევანი კი ყოველთვის მომხმარებლის წერილებზეა დაფუძნებული.

– “იბერიაზე” კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, რომ ეს თემა ამოვწუროთ. არხის დახურვის შემდეგ თანამშრომლები ალაპარაკდნენ დაგვიანებულ ხელფასებზე. ამაზე რას იტყვით?

– როგორც ვიცი, ხელფასი არავის დაჰკლებია. როცა მძიმე ფინანსური პრობლემებია, დაგვიანება ხდება, მაგრამ მითხარით კომპანია, სადაც მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა. მე, პირადად, ოქტომბრის ჩათვლით ხელფასი ჩამერიცხა. ლაპარაკი იყო გარკვეული თანამშრომლების კომპენსაციებზე. ანუ შუა სეზონში რადგან უმუშევრები დავრჩით, ჩათვალეს, რომ კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასი უნდა მიეღოთ.

– მიიღეს კომპენსაცია?

– არ ვიცი. “სახალხო კონტროლის” გუნდს პრეტენზია არ გამოგვითქვამს, რადგან მივხვდით, როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა “იბერია”. ვფიქრობდი, რომ ჩემი მხრიდან სრული უაზრობა იქნებოდა, კომპენსაცია მომეთხოვა მაშინ, როცა ტელეკომპანიის დამფუძნებელი დღემდე ინგლისშია და გასაგები მიზეზების გამო საქართველოში ვერ ჩამოდის. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება და “იბერია” ეთერს დაუბრუნდება. დღეს მართლა ძალიან მძიმე პირობებში ვართ… უხელფასოდ ხუთი თვე ვიყავი და ეს ოჯახისთვის მძიმე ტვირთია.

– თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორ მიდის, ახალი წევრი ხომ არ შემოგემატათ?

– კი, მეორე შვილიშვილი მყავს – 5 თვის მაშო. დაჩი 4 წლის არის. მას მამაკაცური ხასიათი აქვს, ყოველთვის იცავს თავის დედიკოს და დას. მაშო არის ბურბუშელა, ფუნთუშა, რბილი, საყვარელი, უპრეტენზიო – აჭამე და დააძინე.

– ტიპური ქართველი ბებია ხართ, შვილიშვილებზე ზრუნვა საკუთარ თავზე გაქვთ აღებული?

– მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული ვარ და ხშირად მიწევს მივლინებებში სიარული, მით უმეტეს, ახლა აჭარაში დავდივარ, მაინც არ ვაკლებ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. ხშირად ვთამაშობთ ერთად.

– რა გამოცდილება მიიღეთ ცოლქმრული ურთიერთობიდან, რა გასწავლათ ამდენწლიანმა თანაცხოვრებამ?

– ბევრ რამეს უფრო ბრძნულად ვუყურებ. ადრე ისიც კი მაღიზიანებდა, რომ ჩემი ქმარი ძმაკაცებთან ქეიფობდა და ღვინოს სვამდა. მე ალკოჰოლი არ მიყვარს, ამიტომ მეგონა, შენიშვნა უნდა მიმეცა და ის, რა თქმა უნდა, ღიზიანდებოდა. ზოგჯერ გვქონდა პატარა კონფლიქტები.

დღეს ბევრ რაღაცას სხვანაირად ვუყურებ. კარგი ქმარია, ერთგულია, ბევრ რაღაცას აკეთებს. ხანდახან უყვარს მეგობრებთან ერთად წასვლა, ღვინის დალევა და რატომ უნდა დავუშალო ჭიქის აწევა, როცა არაფერს აშავებს?! ეს არის მისი ჰობი, ისევე, როგორც ჩემი ჰობია გოგოებთან კლუბში ან კაფეებში წასვლა. ამიტომ დღეს ბევრ რაღაცას მსუბუქად ვუყურებ.

– და აღარც კონფლიქტები გაქვთ?

– საერთოდ არ გვაქვს კონფლიქტები.

– გაქვთ საშუალება ერთად მოგზაურობის, რომ რომანტიკა, ფერადოვნება არ დაკარგოს ურთიერთობამ?

– როდესაც სტაბილური სამსახური მქონდა, უფრო ხშირად ვისვენებდით და წელიწადში ორჯერ მაინც ვმოგზაურობდით. უმუშევრობის მძიმე პერიოდი რომ დაიწყო, თან მაშო გაჩნდა და ჩემს შვილს დახმარება სჭირდებოდა, ცოტა შევფერხდით. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, საქართველო მაინც მოვიაროთ.

– თქვენი ჩაცმის სტილში რაიმე შეიცვალა ასაკის მატებასთან ერთად?

– ქეჟუალი მიყვარს. უფრო ნორჩი და ტანწერწეტა რომ ვიყავი, სულ მოკლე კაბები მეცვა და ხშირად ამით ყურადღებას ვიქცევდი. მეც მომწონდა და ჩემს ქმარსაც. მიხდებოდა და ამიტომაც ვიცვამდი. დღეს შეიძლება მოკლე კაბა არ ჩავიცვა, მაგრამ თავს არ ვიზღუდავ, ვიცვამ ფერად კაბებს, თანამედროვე ტანსაცმელს. დაბერებას არ ვაპირებ, ყოველთვის ახალგაზრდა ვიქნები. შვილიშვილებს რომ ვასეირნებ, ჩემი შვილები ჰგონიათ.

– ტანსაცმელს ყიდულობთ თუ იკერავთ?

– რამდენჯერმე შევიკერე, მაგრამ მივხვდი, რომ ჯობია, მზა ვიყიდო. არიან დიზაინერები, რომლებთანაც ვმეგობრობ და მათი სახელობის ნივთებიც მაქვს.

– ყოველთვის გიყვარდათ შლაპები თუ თქვენი ბოლოდროინდელი გატაცებაა?

– დედა მიყვება, როდესაც ვისვენებდით გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში, ყოველთვის გქონდა შენი პატარა ჩანთა, პატარა პანამა ან შლაპაო. ეტყობა, იქიდან მომყვება ეს სიყვარული. ყოველთვის ვყიდულობდი ან ჭილოფის ქუდებს, ან შლაპებს და ჩემს შვილსაც ჩამოჰქონდა უცხოეთიდან.