ლალი მოროშკინა: “ვაკელ კაცებს კახელები მირჩევნია – მე ვიქნები მდიდარი, ტატუებიანი ბებო”

ლალი მოროშკინა: "ვაკელ კაცებს კახელები მირჩევნია - მე ვიქნები მდიდარი, ტატუებიანი ბებო"ნელი ვარდიაშვილი, სარკე

ლალი მოროშკინას ყოველდღიური ცხოვრება გარეცხილი თეთრეულის ფუთებით, საკვები პროდუქტებითა და სამშენებლო მასალით სიარული გახდა მას შემდეგ, რაც ბიზნესს შეეჭიდა და სიღნაღში საკუთარი სასტუმროები გააკეთა. ახალმა საქმემ მის ცხოვრებაშიც სიახლეები მოიტანა, ბევრი რამ გადააფასა, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედა. პირველ რიგში კი, ცვლილებები პირად ურთიერთობებს შეეხო.

პირად თემებზე სანამ გადავიდოდით, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავუარეთ ტურიზმის სფეროში შექმნილ პრობლემებს. მერე ლალიმ იმ სასწაულებზეც გვიამბო, რომლებიც მის თვალწინ ხდება. ასე რომ, საინტერესო ინტერვიუ გელით.

– ლალი, ბოლო დროს საქართველოში შექმნილი ვითარება როგორ აისახა ტურისტულ სეზონზე, სასტუმროების ბიზნესზე?

– სიღნაღში არის სასტუმროები, სადაც ერთი ღამით გაჩერება 900-1200-1500 ლარი ღირს. მათი კლიენტები არიან რუსი ტურისტები – ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ხელოვანი ხალხი. სანამ რუსი ტურისტებისთვის საქართველო ჩაიკეტებოდა,  სიღნაღის ქუჩებში ისეთი ამბავი იყო, იფიქრებდით, რუსეთის კინემატოგრაფიის ელიტურ შეხვედრაზე მოვხვდიო. ახლა ეს სასტუმროები თითქმის დაცარიელებულია. სიღნაღის რესტორნების მეპატრონეები ყველს წნორში ყიდულობენ და მათგან ვიცი, რომ ადრე დღეში 500 ლარის ყველს ყიდდნენ, ახლა კი 50 ლარისას ძლივს ყიდიან.

– ეს ჩავარდნა თქვენს სასტუმროებსაც შეეხო?

– ჩემი სასტუმროები რუს ტურისტებზე არ არის გათვლილი, მე გავთვალე საშუალო დონის ევროპელებზე, რომელთაც 30-40 ევროზე მეტის გადახდა არ სურთ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ევროპელი ექიმები, მასწავლებლები, არქიტექტორები… მათ იციან, რა არის პროვანსის სტილი.

პროვანსში როცა პირველად ჩავედი, გავოცდი. მაგალითად, ვნახე, რომ სამი მუშკეტერის ქალაქი პერუჟი სიღნაღის ანალოგია. იმდენად აღმაფრთოვანა ამ მსგავსებამ, რომ სიღნაღში მეორე სასტუმროს “პროვანსი” დავარქვი. ფრანგი ტურისტები ხუმრობენ ხოლმე, სიღნაღურ “პროვანსში” ჩამოვედითო.

– თქვენი აზრით, ევროპელი ტურისტია უფრო მომგებიანი საქართველოსთვის თუ რუსი?

– სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში აქცენტი მხოლოდ ტურიზმზე კეთდება. ჩვენ გამოვრიცხეთ ქარხნების, ფაბრიკების აშენება, სოფლის მეურნეობის აყვავება და განვითარება. ფოკუსირება მთლიანად რუსეთის ტურიზმზე მოვახდინეთ და ამიტომაც აღმოჩნდა ეს დარტყმა ძალიან მტკივნეული. რუსი ტურისტები საქართველოში დიდ ფულს ხარჯავდნენ.

ევროპელი ყველაფერზე მხოლოდ გეწუწუნება. მსოფლიოში საუკეთესო ტურისტები არიან რუსები და მართლა თუ გვინდა ფოკუსირება ტურიზმის სფეროზე, ჭკუა უნდა ვიხმაროთ და მდგომარეობა აქამდე არ მივიყვანოთ.

ჩვენ წავედით კონფრონტაციის გზით. უკრაინა ომშია რუსეთთან, მაგრამ რუსეთ-უკრაინას შორის ერთი დღე არ გაჩერებულა მატარებელი, თვითმფრინავებიც დაფრინავენ. ამერიკელი ტურისტებით სავსეა რუსეთი. მაინცდამაინც ჩვენ აღმოვჩნდით ყველაზე ცუდ სიტუაციაში. ჩემთან მოსულ რუს ტურისტებს ყოველთვის ვუხსნი, რომ ჩვენ ოკუპანტი პუტინის პოზიციას ვგმობთ, მაგრამ ადრე თუ გვიან იქაც შეიცვლება პუტინის ხელისუფლება და მეზობელთან საერთოს ნახვა უნდა მოვახერხოთ.

– ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებიდანაც იკლო ტურისტების ნაკადმა, ევროპელებიც შეშინებული არიან საქართველოს არასტაბილური მდგომარეობით. თქვენ როგორ ატყობთ?

– იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთთან არიან მიბმულნი, ტურისტების რიცხვი შემცირდა. ყაზახეთიდან თითქმის აღარავინ შემოდის საქართველოში, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი ევროპელებზე. ისინი ისეთივე სიხშირით შემოდიან, როგორც ადრე.

ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ბიზნესმენს ბანკის ვალი აქვს და ბანკებში აქვთ ჩადებული მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები ქონება. ხელისუფლება რომ იკვეხნის, ბიზნესსექტორზე შეღავათებიაო, წყალზე საოცრად დიდი გადასახადი მომდის. წყლის ქვეყანაში ბიზნესმენებს ათჯერ მეტს გვახდევინებენ და ეს არის შეღავათი?!

– ამას წინათ “ფეისბუქში” წერდით, სიღნაღში ყოველდღე შუქი ქრებაო. როგორც ვიცი, უკვე კარგა ხანია სიღნაღის პარკშიც არ არის ღამის განათება და ტურისტები ხელის ცეცებით დადიან. ამ პრობლემებს უცხოელები გაგებით ეკიდებიან?

– უამრავი ტურისტი დადის ღამით სიღნაღში და როგორ შეიძლება, ის გაბრდღვიალებული არ იყოს?! ჩემი ორივე სასტუმრო ტურისტებით იყო გადავსებული და დენი 18 საათით გამორთეს. ეს ხარვეზი ტურისტებს მსუბუქად რომ გადაეტანათ, მე და ჩემი თანამშრომლები “ფოკუსნიკებად” ვიქეცით – სანთლები ავანთეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ…

ყველამ იცის, როგორია ბუქინგის სისტემა – დაგიწერენ, რომ არ მოეწონათ შენი მომსახურება და სიმწრით ნაგროვები ქულები დაბალ ნიშნულამდე დავარდება.

– სიღნაღის გალამაზება და ტურისტული კუთხით მისი დატვირთვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სახელს უკავშირდება. გამოდის, რომ მისი ხელისუფლების დროს ამ ქალაქში ახლანდელზე უკეთესი მდგომარეობა იყო.

– სიღნაღთან დაკავშირებით სააკაშვილზე ძალიან ცუდი ისტორია ვიცი, რომელიც გახმაურებული არ არის. როდესაც მიშამ სიღნაღი გაალამაზა და გააკეთა, მერე გადაწყვიტა, არაბებზე გაეყიდა. ერთ-ერთ შეიხს უნდა ეყიდა, მაგრამ ხალხი ფეხზე დადგა და ამის საშუალება არ მისცა. დღეს სიღნაღში სახლი რომ იყიდო, ვერ გაიფორმებ. სააკაშვილის დროს ხალხს უფასო დარეგისტრირების უფლება მისცეს და ამის გამო ყველა სახლის ზომა რეესტრში აცდენილია რეალურ ზომებს.

მიუხედავად ამდენი პრობლემისა, მაინც ძალიან მადლიანია ეს მხარე და ჩემს სახლშიც სასწაულები არ მაკლია.

– რას გულისხმობთ?

– რამდენიმე ამბავს მოგიყვებით. სახლი, რომლიც ვიყიდე და იქ სასტუმრო გავხსენი, მეწაღისა იყო. ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. პატივი ვეცი მის ხსოვნას, ნამუშევარს და სახლში ბევრი არაფერი შევცვალე, მხოლოდ გავალამაზე. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის სულმა ჩემი სიკეთე დაინახა და იქიდან დამლოცა. სახლში ისეთი დადებითი აურაა, ენერგიის ვიბრაციასაც კი ვგრძნობ. რაც იქ სასტუმრო გავხსენი, როგორც თაფლზე ფუტკრები, ისე მოდიან ტურისტები. ახლა მოემზადეთ სასწაულების მოსასმენად!

– ყურადღებით გისმენთ.

– ჩემს თანამშრომლებს 8 წელი შვილი არ ჰყავდათ. ჩემთან მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ქალმა მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ამის მერე ბელორუსიიდან მოვიდა უშვილო წყვილი. მათაც წასვლის მერე დამირეკეს და მახარეს, საოცრება მოხდა, ქალი ფეხმძიმედ არისო. მერე გერმანელები მოვიდნენ, რომელთაც ასევე წლების განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ. ქალი უკვე ასაკში იყო. სიღნაღიდან წასვლის მერე მომწერა, ფეხმძიმედ ვარო.

– როგორც ცნობილი მეცნიერის, უფოლოგის, თალეს შონიას, შვილობილი, როგორ ახსნიდით ამ ფაქტებს?

– როგორც ჩანს, სიღნაღში არის ენერგეტიკული ვიბრაციის ადგილები, ანუ ენერგეტიკული ველების გადაკვეთები. ჩემი სასტუმრო ისეთ ველში მოხვდა, რომელიც ადამიანებზე დადებითად მოქმედებს. სიღნაღი მადლიანი ადგილია და ეს იმითიც მტკიცდება, რომ საქართველოს გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო სწორედ აქ ჩამოვიდა, დასახლდა და აღესრულა. ისტორიულად ქიზიყი უბატონო კუთხეც სწორედ ამიტომ იყო – დადებითი ველები ეხმარებოდა აქ მცხოვრებ ადამიანებს თავისუფლების მოპოვებაში.

თალეს შონია მეუბნებოდა, სიღნაღში წადი, იქ კარგად იქნებიო. მაშინ ამ ქალაქთან არანაირი კავშირი არ მქონდა და დედას ვეუბნებოდი, რას აიჩემა სიღნაღი-მეთქი. მაშინ თალესს ვერ მივუხვდით. გავიდა ათწლეულები და რაღაც ძალამ სწორედ სიღნაღში ჩამომიყვანა.

ზამთარში აუცილებლად ჩავდივარ წმინდა ნინოს წყალში. იქ ჩასვლის დროს რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერი მისრულდება. ნინოს წყალში პირველად მე და ჩემი მეგობარი ჩავედით. მაშინ საშინელი თავის ტკივილები მაწუხებდა, ჩემს მეგობარს კი წელი სტკიოდა. მას მერე აღარც ერთი ვუჩივით ტკივილებს.

ჰო, კიდევ – ჩემს კატაზე უნდა მოგიყვეთ სასწაული ამბები. ვიღაცამ სახლიდან გააგდო წითური, საყვარელი კატა. ეს რომ გავიგე, ჩავედი თბილისში და რიჩი სიღნაღში ჩამოვიყვანე. მას მერე რიჩი თავად არჩევს, ღამე ვისთან დარჩეს. მიდის იმ ადამიანთან, რომელსაც იმ დროს რაიმე სახის პრობლემა აწუხებს.

ახალგაზრდა წყვილი გვსტუმრობდა და ერთ საღამოს ერთმანეთთან დაეძაბათ ურთიერთობა. რიჩი მათ ოთახში შეიპარა, მძინარე ცოლ-ქმარს ზემოდან დააწვა და ასე დაიძინა. დილით ისე მხიარულად გაიღვიძა ამ წყვილმა, თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარა. მითხრეს, თქვენმა კატამ შეგვარიგაო.

თუ სტუმრად მოსულ ადამიანს პრობლემა არ აქვს, კატა მასთან არ მიდის. ჩემი ძმა, უფოლოგი ერეკლე შონია, ყოველთვის მეუბნება, შენ გვერდით მუდამ უნდა იყვნენ ცხოველები, რადგან ბევრ უარყოფით ენერგიას იღებ და ამდენმა წყევლა-კრულვამ შეიძლება გაგანადგუროსო.

– ვინ გწყევლით?

– როცა წარმატებული ხარ, ყველა შენ გერჩის. “ფეისბუქში” დაბერების აპი გავრცელდა და სულ ჩემი დაბერებული ფოტო ატრიალეს. რატომ? მე ხომ არავის ვერჩი? არავის ცხოვრებაში ვიჭრები. ძალიან უნდათ, დაბერებული და დავრდომილი მნახონ. ეს ბოროტება ჩემ გვერდით მყოფ ცხოველებს მიაქვთ.

თბილისშიც მყავდა კატა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. იმ დღეს, როცა ფისო მომიკვდა, ტელევიზორი ამიფეთქდა და რკინის ონკანი გაიგლიჯა. ჩემმა ძმამ მითხრა, ეტყობა, ჯადო გქონდა გაკეთებული ან ისეთი ენერგეტიკული შემოტევა იყო შენზე, ყველაფერი თავის თავზე ლითონმა და ცხოველმა აიღესო.

თალესი მირჩევდა, ლითონი ატარეო. ლითონი, ქვა და ცხოველები იღებენ უარყოფით ენერგეტიკას, ამიტომ ეს დამცველები არც თქვენ უნდა მოიშოროთ.

– რამდენიმე თვის წინ “ფესბუქში” დაწერეთ, ვაკელ ბიჭებზე მეტად კახელები მომწონსო. რაიმე ახალი ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

– ვერა-ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბავშვობიდან უპირატესობას რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებს ვანიჭებ. პროვინციაში ისევ არის შემორჩენილი ქალის პატივისცემა, მოკრძალება. მოვლენ, დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. კახელმა მამაკაცმა შეიძლება რაღაც უხეშად გითხრას, მაგრამ არ მოგატყუებს. ვისთანაც ვმეგობრობ, ვიცი, სუფრასთანაც რომ ისხდნენ და რაიმეში დამჭირდნენ, ადგებიან და მომეხმარებიან, არ მიღალატებენ.

ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. დიდი ხანია მარტო ვარ და ამას განაპირობებს ჩემი ცხოვრების სტილი. სიღნაღში ხან საწნახელით დავბოდიალობ, ხან ქვევრით და ხანაც შეშით, ამიტომ სიღნაღელებმა ელია შემარქვეს. ყველაფერს მარტო ვაკეთებ.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა გვერდით მამაკაცები მედგნენ, მინდოდა, ჩემი ბიზნესი მქონოდა. ყველა მეუბნებოდა, რაში გჭირდება, ჩვენ ხომ აქ ვართო. არ ვარ მიჩვეული, სხვას ვუთხრა, თმის დასავარცხნი ან რამის საყიდელი ფული მომეცი-მეთქი. გამოდის, რომ თავმოყვარეობასა და მორჩილებას შორის არჩევანი გავაკეთე.

სიღნაღამდე ჯერ შეკვეთილში დავიწყე მშენებლობა და მუშებთან ერთად ხელებდაკაპიწებული, ბოტებით დავრბოდი. მერე მივიღე რისკიანი გადაწყვეტილება, წამოვედი სიღნაღში და აქაც მარტო ვშრომობ. ჩემს ერთ თაყვანისმცემელსაც კი არ უკითხავს, ამ პერიოდში რას ვჭამდი და ვსვამდი. ის მილიონრებიც, რომლებსაც შეკვეთილში სახლები ჩემი სახლის გვერდით ჰქონდათ, მშენებლობას რომ მოვრჩი, მერე მეუბნებოდნენ, ერთი გადარეკე, იქნებ ასფალტიც დაგვიგონო.

როცა დავინახე, ყველა მამაკაცი ერთნაირია, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არავისი დახმარება არ მჭირდება, ჩემს შეცდომაზეც და გაკეთებულზეც პასუხს მე ვაგებ. მივდივარ ნიცაში ისე, რომ ჩემს ხარჯზე არავინ მიმყავს. მე ავირჩიე დამოუკიდებლობა და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

– დამოუკიდებლობა მამაკაცის გარეშე ყოფნას ნიშნავს?

– ასე გამოდის. თავდაპირველად ძალიან მოსწონთ ძლიერი და ცნობილი ლალი მოროშკინა, მაგრამ მერე თამაშის პირობების შემოთავაზებას იწყებენ. 50 წლის ვხდები და ვეღარავის თამაშში მივიღებ მონაწილეობას. ახლა თამაშის პირობებსაც მე ვადგენ, “კოზირსაც” მე ჩამოვდივარ და ჯოკერიც მე თვითონ ვარ.

– ხომ გაგიგონიათ, არასოდეს თქვა “არასოდეს”.

– მე არ ვიცნობ ნორმალურ კაცს, რომელიც აიტანს იმას, რაც ჩემ გარშემო ხდება – ქუჩაში ყველა მცნობს, სამი ჭიქის მერე ყველა მოდის, რომ გადამკოცნოს, მუდმივად ჭორაობის ობიექტი ვარ. ძალიან რთულია ამის მოთმენა და ატანა. მომწონს კიდევაც, ჩემს ცხოვრებაში მარტოობის ასი წელი რომ დაიწყო.

– დაბერების აპზე გამახსენდა, როგორ წარმოგიდგენიათ სიბერეში ლალი მოროშკინა?

– ის იქნება მდიდარი, ტატუებიანი ბებო, რომლისგანაც შვილიშვილებს მუდმივად რაღაც დასჭირდებათ. მდიდარი, ღირსეული ბებოს იმიჯი ყოველთვის მომწონდა და მეც ასეთი ვიქნები.