,,იქნებ ოპრა უინფრისთან ინტერვიუ ჩავწერო” – როგორ ცხოვრობს ამერიკაში ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელსაც საქართველოში ოპერაცია შეცდომით გაუკეთეს

,,იქნებ ოპრა უინფრისთან ინტერვიუ ჩავწერო" - როგორ ცხოვრობს ამერიკაში ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელსაც საქართველოში ოპერაცია შეცდომით გაუკეთესჟურნალისტ ნინო მჭედლიშვილის პროფესიული ცხოვრება ამერიკაშიც საინტერესოდ გრძელდება. რამდენიმე თვეა, რაც შეერთებილ შტატებშია და უკვე მოინახულა იქ მცხოვრები ქართველები, მათზე საინტერესო წერილებიც დაწერა და ქართველ მკითხველს გააცნო. ნინო საქართველოდან საყვარელ ადამიანთან, გიორგი ბუდაგოვთან ერთად გაემგზავრა და ხელი იქ მოაწერეს. იმედი აქვს, რომ ამერიკაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მეტი საშუალება მიეცემა, მანამდე კი ბევრს მუშაობს და ინგლისურ ენას სწავლობს.

ნინო მჭედლიშვილი:

– ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ემიგრანტების ცხოვრება. ყოველთვის მიმზიდველია ის ქვეყანა, სადაც არ ხარ, რასაც ვერ ხედავ და უშუალოდ ვერ ეხები. ამდენად, დიდია ინტერესი ცნობილი ქართველი ხელოვანების მიმართ, რომლებიც უკვე წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.

ცოტა ხნის წინ მსახიობ ცუცა კაპანაძეს ვესტუმრე. მქონდა პატივი, ამერიკაში ჩატარებული სოლო კონცერტის შემდეგ კულისებში ჩამეწერა ნუცა შანშიაშვილი, გავეცანი ნინი შერმადინის ამერიკულ ცხოვრებას. აქ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი ხელოვანია. ეს თან მახარებს, თან ცოტათი მწყინს.

ერთ ამბავს მოგიყვებით: 14 თებერვალია. “მასტერ თეატრის” 1500 კაციან დარბაზში ნუცა შანშიაშვილის სოლო კონცერტზე ვიმყოფები. დარბაზი სავსეა. ამხელა დარბაზში, მგონი, ერთი რუსი იჯდა, რომელიც მთლად კარგად არ იცნობდა ნუცას და ისიც ჩემ უკან სავარძელზე მოხვდა. როგორც ჩანს, შეგვატყო, ემოციურად რომ გამოვხატავდით ყველა მის ნამუშევარზე კმაყოფილებას და მორიგი სიმღერის დასრულებისთანავე მხარზე დამიკაკუნა.

– პრასტიტე, აა, ატკუდა ანა? (უკაცრავად, სადაურიაო).

სახეზე შევატყვე, რომ კმაყოფილი ჩანდა და ყელმოღერილმა მივუგე:

– გრუზინკა ანა (ქართველია-მეთქი).

კვლავ შემომიბრუნა კითხვა და მის მერე არ გაჩერებულა… ნუცამ სცენაზე სამი ქართველი მომღერალი გამოიყვანა. დუეტები შეასრულა ზაზა ბანძელაძესთან და დავით ღვინიანიძესთან. ამ სცენიდანვე მოგვესალმა და გვიმღერა ვაჟა მანიამ.

რამდენი ქართველი მომღერალიც დადგა ნუცასთან ერთად სცენაზე, იმდენჯერ მხარზე დამიკაკუნა იმ ცნობისმოყვარე ქალმა. ბოლოს გაოგნებულმა იკითხა, კი, მაგრამ იქ ვინღა დარჩა, რა დაემართა საქართველოს, ასეთ მომღერლებს რომ უშვებს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლადო.

“ქალბატონო, ბევრი ნიჭიერი გვყავს საქართველოში. ესენი იმიტომ ცხოვრობენ აქ, რომ მსოფლიოს აჩვენონ ჩვენი ნიჭი”, – ვეცადე, დამაჯერებლად ამეხსნა. არადა გულზე მომხვდა მისი სიტყვები.

– რამდენიმე სიტყვით გვითხარით, როგორია ქართველი ჟურნალისტის თვალით დანახული ამერიკა.

– სულ რამდენიმე თვეა აქ ვარ და ჯერ ბევრი არაფერი მინახავს. ერთი და მთავარი განსხვავება მენტალიტეტსა და კომპლექსებშია. აქ არავის აინტერესებს, რამდენი კილოა, როგორ გამოიყურება და რა აცვია. ქუჩაში უცხო ადამიანები გესალმებიან, მაღაზიის გამყიდველები ბედნიერ დღეს გისურვებენ, ავტობუსის მძღოლები ქათინაურს გეუბნებიან. თითქოს პრობლემა არავის აქვს, ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია… და მაინც ყველას სადღაც ეჩქარება, ძალიან მაღალია ტემპი, ყველა წუთი და წამი გათვლილი აქვთ და შენც ამ რელსებზე დგები.

– რაზე იქნებოდა თქვენთვის ყველაზე საინტერესო სიუჟეტი შტატებიდან?

– აქაც, როგორც ჩვენთან, არაერთი ქუჩის მუსიკოსია. აი, ისეთი, გვერდს რომ ვერ აუვლი მშვიდად, მისი მუსიკის გაგონებაზე სხეული რომ თავისით ცეკვავს. ამ ადამიანებს გავესაუბრებოდი სიამოვნებით, მათი ენა რომ კარგად ვიცოდე. ჯერ ისევ ენის კომპლექსი მაქვს, ვსწავლობ. სიამოვნებით შევხვდებოდი ოპრას. ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

– რა არის ჟურნალისტიკაში ყველაზე მიმზიდველი, რა გხიბლავთ ამ პროფესიაში?

– ჩვენ ბევრი უფლება გვაქვს, ჩვენ ყველგან შესვლა შეგვიძლია. თუ “წონიანი” ჟურნალისტი ხარ, საზოგადოებრივი აზრის შეცვლაც გამოგივა. ჩვენი ეშინიათ მათ, ვინც ცრუობს, არასწორად იქცევა, დანაშაულს ჩადის.

– გყოლიათ ისეთი რესპონდენტი, რომლის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ?

– ასეთი არ არსებობს. ყველა ჩემი გახმაურებული, სკანდალური სტატიის ქვეშ თამამად ვწერდი ჩემს სახელსა და გვარს. უკმაყოფილო ბევრი იყო, სასამართლოში ჩივილის მუქარაც არაერთი ყოფილა, მაგრამ აქამდე საქმე არასდროს მისულა. რომელიმე შემთხვევაში დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მიჩივლებდნენ.

ერთადერთი, ადამიანურად შეიძლება არ ვყოფილიყავი მართალი ცალკეულ შემთხვევებში, როცა ჩემი სტატიის გამო რომელიმე ჩემს რესპონდენტს საქმე გაუფუჭდა პირად ან ბიზნესურთიერთობებში, მაგრამ ამ პროფესიაში კომპრომისები ლამაზი თვალების გამო არ “მოსულა”. ინფორმაციის მოპოვების ყველა მეთოდი უნდა გამოიყენო. ზოგადად შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა არ მიჭირს.

– ჟურნალისტს პროფესიული თვალსაზრისით გაზრდაში დიდწილად რესპონდენტები ეხმარებიან. თქვენთვის რომელი რესპონდენტი იყო ასეთი?

– 20 წლის წინ, მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი – ყველა. თითოეული გამოცდილება იყო ჩემთვის და ასეა დღემდე. გამიმართლა და ყოველთვის საუკეთესო გამოცემებში ვმუშაობდი, საუკეთესო რესპონდენტები მყავდა. არის სფეროები, რომლებსაც შენს რესპონდენტთან ერთად სწავლობ, ეცნობი. ჩვენი პროფესია ხომ ყველა სფეროში მეტნაკლებად გარკვევას მოითხოვს. და მაინც, გელა ჩარკვიანი ის ადამიანია, რომელთანაც ყოველი სტუმრობა შემეცნებაა.

როცა ადამიანი ტოვებს კომფორტის ზონას, ოჯახს, მეგობრებს, სამშობლოს, ეს ყოველთვის იწვევს დეპრესიას. თქვენ არ გაგიჭირდათ საქართველოდან შორს ყოფნა?

– პირველ ხანებში ძალიან რთული იყო. აბსოლუტურად უცხო გარემოში მოვხვდი, სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან, უცხო სახეებთან. ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, პროდუქტიც კი, რომლებიც მაღაზიის დახლებზე აწყვია. მაგრამ აქ მალევე აცნობიერებ, რომ ხარ ქვეყანაში, სადაც ოცნებები ხდება, სადაც შენს პროფესიაში კიდევ უფრო წინ წახვალ. ამერიკა ამის საშუალებას გაძლევს.

,,იქნებ ოპრა უინფრისთან ინტერვიუ ჩავწერო" - როგორ ცხოვრობს ამერიკაში ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელსაც საქართველოში ოპერაცია შეცდომით გაუკეთეს– საქართველოდან შეყვარებულთან ერთად წახვედით და ამერიკაში მოაწერეთ ხელი. მოგვიყევით ამ ქორწილის შესახებ.

– აქაური ხელის მოწერა ცალკე ფენომენია. მე და გიორგი მანამდე 2 წელი ვიყავით ერთად. დაქორწინება რომ გადავწყვიტეთ, ერთმა ჩემმა ახალშეძენილმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, აქ სხვანაირად ხდება, ხელს აწერენ და ქორწინების სახლიდან სამსახურებში მიდიანო. გამეცინა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ასეა.

სხვადასხვა კანის ფერის, რასის, ეროვნების წყვილი ვნახე, მაგრამ თეთრი კაბა და მაყარი ნამდვილად არ მინახავს. ჩვენ მაინც, როგორც ქართველები, ქართულ რესტორანში გავუმასპინძლდით ჩვენს ახლო მეგობრებსა და ნათესავებს.

– რამდენიმე თვის წინ გააზიარეთ პოსტი, რომელიც ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმს ეხებოდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რადგან თავად გაახმაურეთ ეს ამბავი, იქნებ ჩვენს მკითხველებსაც უამბოთ.

– საქართველოდან გამოფრენამდე ოპერაცია გავიკეთე იმ იმედით, რომ პრობლემა, რომელიც მაწუხებდა, აქ აღარ მექნებოდა. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა ოპერაცია გამიკეთეს საქართველოში და პრობლემას, რომელიც მქონდა, ქირურგიული ჩარევა საერთოდ არ სჭირდებოდა. აჭრელებული იყო ქართული ვებგვერდები ჩემი ფეისბუქსტატუსით. სათქმელი რომ ჰქონოდა რამე, აუცილებლად ამოიღებდა ხმას ის ექიმი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა. არც გამოჩენილა, გამოხმაურებაც არ ყოფილა…

იმედია, ამის მერე უფრო ყურადღებით იქნება პაციენტებთან. შეცდომები ყველა სფეროშია, მაგრამ ექიმის შეცდომას ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგი მოჰყვება ხოლმე. ამ მხრივ ამერიკაში სხვა სიტუაციაა. შეიძლება ექიმმა დიაგნოზი ვერ დასვას, გითხრას, რომ ვერ გაიგო, რა გჭირს, მაგრამ ტყუილად ოპერაციას არ გაგიკეთებს, რადგან ზუსტად იცის, ამ შემთხვევაში ან ციხით დაასრულებს კარიერას, ან იმხელა ჯარიმით, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა იხადოს. აი, ესაა განსხვავება.

 ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი სარკე

,,იქნებ ოპრა უინფრისთან ინტერვიუ ჩავწერო" - როგორ ცხოვრობს ამერიკაში ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, რომელსაც საქართველოში ოპერაცია შეცდომით გაუკეთეს