”ერთხელ ღამის კლუბიდან ლამის გამომასვენეს” – რა გადახდა თავს მაია ჯავახიშვილს საბერძნეთში

”ერთხელ ღამის კლუბიდან ლამის გამომასვენეს” - რა გადახდა თავს მაია ჯავახიშვილს საბერძნეთშინანა კობახიძე, სარკე

სამი შვილის დედა, თბილისელი ქალი, მაია ჯავახიშვილი, 17 წელია კეთილსინდისიერად, თავდაუზოგავად შრომობს საბერძნეთში. ჯერ ათენში იყო, შემდეგ სანტორინიზე გადავიდა. ამჟამად მუსიკალურ კაფეში მუშაობს. ძალიან მადლიერია იმ ქვეყნის და ხალხის, რომელმაც ქართველები მიიღო, მუშაობის საშუალება მისცა და საქართველოში უამრავ ოჯახს ფინანსური კრიზისი დააძლევინა.

17 წლის განმავლობაში ქალბატონმა მაიამ მხოლოდ სამჯერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა. ემიგრანტული ცხოვრებიდან ბევრი სიკეთეც ახსენდება, ბევრი ტკივილიც და გაწბილებაც.

– ჩემი მრავალსულიანი ოჯახი უშემოსავლოდ დარჩა. ათენში მულის, ია შენგელიას, ხელშეწყობით გავემგზავრე, რომელიც იქ მუშაობდა. საბერძნეთში ევროპის გავლით მოვხვდი. ჩემმა მეზობელმა ბიჭებმა დამიმგზავრეს – გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავდათ საქართველოში. მათი ძალიან მადლიერი ვარ. გერმანიის ულამაზეს ქალაქ ესენში ერთი კვირა დავრჩით. ღამეს ვათევდი ქართველი ქალის ოჯახში, რომელიც იყო ექიმი, ნაომარი, ყოფილი მხედრიონელი. მუშაობდა სასტუმროში, სადაც მეტწილად მანქანების ბიზნესში ჩართული ქართველები ჩერდებოდნენ. ქალმა შემომთავაზა დარჩენა, სამუშაოსაც დამპირდა, მაგრამ ვერ გავრისკე, უცხო გარემოში შემეშინდა.

ბიჭებმა მანქანები შეიძინეს და დავიძარით ევროპის გავლით საბერძნეთისკენ. გავიარეთ ავსტრია, იტალია. ავედით გემზე, სადაც ნაყიდ მანქანებში გვეძინა. საბერძნეთში ჩვენი გზები გაიყო. შებინდებისას ჩამოვედი საპორტო ქალაქ პატრაში, – ყვება ქალბატონი მაია და სწორედ პატრადან იწყება მისი ემიგრანტული ცხოვრება.

– ენა იცოდით, როგორ გაიგნეთ გზა უცხო მიწაზე?

– ბერძნული არ ვიცოდი. მქონდა პატარა სამგზავრო ჩანთა და იას ტელეფონის ნომერი. ერთმა ტაქსისტმა შემომთავაზა დარეკვა. იას ნომერი მივეცი. დაურეკა და უთხრა, პატრადან ათენამდე ტაქსით წამოვიყვანო. ამისთვის საკმაოდ ძვირი, მგონი, 200 ევრო მოითხოვა. იამ უპასუხა, ათენის ავტობუსით იმგზავრებს, თქვენ მხოლოდ გაჩერებამდე მიიყვანეთო. კაცმა მანქანაში ჩამსვა და თითქმის მთელი ქალაქი შემომატარა. 20 ევრო გამომართვა და დამემშვიდობა.

გავიხედე და პორტზე ის გემი არ დავინახე, რითიც ვიმგზავრე? თურმე გაჩერება იქვე, ორ ნაბიჯში ყოფილა. ეს იყო პირველი შოკი, პირველი მოტყუება. ცარიელი ავტობუსით ვიმგზავრე ათენამდე, უმწეობის, მარტოობის შეგრძნება მქონდა. ახლაც მეტირება, რომ ვიხსენებ.

– ათენში როგორ მოეწყვეთ?

– იამ გამაფრთხილა, ათენში პოლიცია ჩამოსულებს დასდევს და თვალში არ მოხვდეო. შენგენის ორთვიანი ვიზა მქონდა, მაგრამ მაინც შეშინებული ვიყავი. ტაქსით მივედი მისამართზე, სადაც ია მუშაობდა. დავიბენი, ფილარმონიასავით დიდვიტრაჟებიან, მდიდრულ სახლს რომ მივადექი. იქ მუშაობდა ბებოსთან და პაპასთან. პაპა ფანტასტიკური ადამიანი იყო, პროფესორი, 85 წლის. იამ თავის ნაქირავებ ბინაში მიმიღო.

ორი კვირა ვიჯექი შინ და ბერძნულ სიტყვებს ვსწავლობდი. მუშაობის დაწყებას ვეშურებოდი, სესხი რომ გამესტუმრებინა და შვილებსაც შევწეოდი. შუათანა შვილს, ციცოს, ორ თვეში მშობიარობა უწევდა. დავიწყე მუშაობა ბერძნულ ოჯახში. ორი ბავშვი ჰყავდათ: უფროსი 13 წლის იყო, უმცროსი – 2-ის. პატარას ჰქონდა პრობლემა – ჭამის დროს კოვზის ჩადებაზე პირღებინება ემართებოდა.

ოთხსართულიანი სახლი ჰქონდათ, მრგვალი კიბით, თანამედროვე დიზაინის. ბოლო სართულზე მომცეს ოთახი სააბაზანოთი და აივნით, საიდანაც მთელი ათენი ჩანდა, მაგრამ ბევრი საქმის გამო ხედით ტკბობას ვერ ვასწრებდი. ალიონიდანვე თავდაუზოგავად ვმუშაობდი. სახლს ყოველდღე ძირფესვიანად ვალაგებდი, რომ ეკრიალა, მტვრის ნასახიც არ უნდა დარჩენილიყო. დიასახლისს კატერინა ერქვა. მისი ქმარი სისუფთავის და წესრიგის ზედმეტად მოყვარული იყო.

უმცროსი შვილი მთელი დღე ჩემთან იყო, ვაძინებდი, ვაჭმევდი. არ იყვნენ ძალიან მდიდრები, მაგრამ დიდ სიკეთეს იჩენდნენ, ყველგან დავყავდი, რესტორანი იქნებოდა თუ ტავერნა. მამარაგებდნენ ტანსაცმლით, თმის საღებავითაც კი. ჩემმა შვილმა რომ იმშობიარა, მასთან გასაგზავნად სამოსი და საჭირო ნივთები შემიგროვეს – ზოგი ახალი, ზოგიც ნახმარი. მარიას მეძახდნენ.

– ამ ღვთისნიერი ოჯახის დატოვება რატომ მოგიწიათ?

– ხელფასის სიმცირის გამო. ოჯახისთვის მეტი ანაზღაურება მჭირდებოდა, თანაც ჩაკეტილ სივრცეში მიჭირდა გაძლება. კუნძულზე წასვლა გადავწყვიტე. დიასახლისმა იტირა, მთხოვა, ქართველი მიმეყვანა შემცვლელად. ბათუმელი გოგო მივიყვანე, მაგრამ ბევრი საქმე რომ ნახა, უარი თქვა. მითხრა, ყოჩაღ, როგორ აუდიოდიო.

– როგორც ვიცი, სანამ კუნძულზე წახვიდოდით, კიდევ ერთ ოჯახში იმუშავეთ, სადაც შინაპატიმარივით გექცეოდნენ.

– დიახ. იამ მიშოვა 1.100 ევროიანი სამსახური ოჯახში, ისევ ათენში. დუპლექსის ტიპის უზარმაზარი ბინა ჰქონდათ და ორი გოგონასთვის უნდა მომევლო. ერთი ბრონქებით იყო ავად და ხელშეწყობა სჭირდებოდა. მისვლისთანავე პასპორტი ჩამომართვეს. სამუშაო დღეებში გარეთ გასვლის უფლება არ მქონდა. სიგნალიზაცია ჰქონდათ ჩართული, მიკონტროლებდნენ ყველაფერს, ბინის ტელეფონსაც ამოწმებდნენ, სად და რამდენჯერ მქონდა დარეკილი. მხოლოდ კვირადღეს მასვენებდნენ და გასვლა-გამოსვლას ვერც ვასწრებდი.

ხელფასსაც სრულად არ მაძლევდნენ, ადამიანურ დამოკიდებულებას, ნდობას და პატივისცემას ვერ ვგრძნობდი. სადილსაც არ მთავაზობდნენ, მხოლოდ – ტოსტერის პური, ყავა და ჩაი. ბოლო შემთხვევა კულმინაცია იყო – დამავალეს ბავშვების მეთვალყურეობა მათ სათამაშო ოთახში. ისინი თამაშობდნენ, მე კი ვიჯექი და ვუყურებდი. რაღაც მომენტში ფიქრი გამექცა, ფანჯრისკენ თვალი გამიშეშდა. შემოვიდა დიასახლისი და მისაყვედურა, იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს შეხედო, ფანჯარაში იყურებიო. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი.

ოჯახი იმ საღამოსვე დავტოვე. თვენახევრის ხელფასი აღარ გადამიხადეს. შიშით გამოვიარე ათენის ქუჩები, სანამ იამდე მივიდოდი, საბუთები არ მქონდა მაშინ. მეორე დილითვე გავემგზავრე გემით კუნძულზე. იქ იას დეიდაშვილი ლია იმყოფებოდა. საერთოდ, საბერძნეთი ბიუროკრატიული სახელმწიფოა, საბუთებს ექცევა დიდი ყურადღება და ამიტომ ძნელია სამსახურში მოწყობა, მით უმეტეს, კუნძულებზე.

– სანტორინის ზღაპრული სილამაზე ალბათ გაძლებას გიიოლებდათ.

– სანტორინიზე რომ ჩავედი, ლამის მიწას ვემთხვიე, სივრცე და თავისუფლება შევიგრძენი. კუნძულის სილამაზით და ეკოლოგიური სისუფთავით უცხოელები აღფრთოვანებულები არიან, არ არის ბევრი მანქანა, გამონაბოლქვი. ცენტრი, სადაც ვმუშაობ, ზღვიდან მოშორებითაა. სამსახურიდან ღამის 11-12 საათზე ვბრუნდები სახლში დაღლილ-დაქანცული, იშვიათად მაქვს დრო ზღვაზე გასასვლელად. თავგადაკლული ემიგრანტებისთვის ზღვა ფუფუნებაა.

თავიდან სანტორინი იყო, როგორც სოფელი. ჩემ თვალწინ განვითარდა. კლდის ბექობზეა გაშენებული, ვირები ასრულებენ ტრანსპორტის ფუნქციას, ტურისტებს ვირებით ასეირნებენ. სანტორინი ვირების აშენებულია. ეს ცხოველი ბიზნესის წყაროა, ამიტომ დიდ პატივს სცემენ, მათთვის თითქმის საკულტო პირუტყვია ისე, როგორც ძროხა – ინდოეთში… აქ ლამისაა ვირის უფლებები დაიცვან. არ გაძლევენ უფლებას, მიეკარო.

– რა პირობებში გიწევთ ცხოვრება?

– ტურიზმის განვითარებამ ფასებიც გაზარდა. ადრე ბინაში 280 ევროს ვიხდიდი, ახლა 500-ს ვიხდი. სეზონზე ოთახის ქირა 1 დღე-ღამე 70-75 ევროდან იწყება.

ადრე ორ ადგილზე ვმუშაობდი – სასტუმროში და ღამის კლუბში. სხვა ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი ქირით. განსხვავებული გრაფიკით ვმუშაობდით, შინ დღის საათებში ვბრუნდებოდი, ძილის არც საშუალება მქონდა, აღარც თავი. ერთხელ ღამის კლუბიდან ლამის გამომასვენეს, ისე დავიღალე. კარგ უკრაინელ ქალს, მაშას, მოტოციკლეტით დავყავდი სამსახურში. ერთ უბანში ვცხოვრობდით.

სანტორინიზე 10 წელი გავატარე უშვილო ოჯახში – საკუთარი შვილივით მიმიღეს, პაპას ვუვლიდი. ღმერთი მწყალობდა, რომ სამუშაოს ადვილად ვშოულობდი და თანაც კარგ ხალხთან. სანამ სამსახურში აგიყვანენ, წინა მეპატრონეს ეკითხებიან შენზე, როგორი ხარ. ყოველთვის კარგად მახასიათებდნენ. ამჟამად ცალკე ვცხოვრობ, შვილებიც ჩამომყავს.

უფროსი შვილი, ქეთინო, საბერძნეთში გათხოვდა ადგილობრივ მოსახლეზე. მათი შვილი, ანასტასია, 9 წლისაა. ჩემი უმცროსი ვაჟი ირაკლიც მყავდა ჩამოყვანილი. ჯერ კიდევ 15 წლისამ მოინდომა, შემხიდებოდა, მორალურად და ფიზიკურად დამხმარებოდა. ერთი წლის წინ თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე თვის წინ ჩემი შუათანა შვილი, ციცო, ჩამოვიყვანე სამუშაოდ.

– შინაურებისგან შორს ყოფნას მძიმე განცდებიც მოაქვს. თქვენ როგორ გადაიტანეთ?

– საქართველოში მამა გარდამეცვალა და ვერ შევძელი ჩამოსვლა, საბუთი არ მქონდა. დამთრგუნველია, საყვარელ ადამიანს ბოლო გზაზე რომ ვერ აცილებ. სანაცნობოდან ბევრი დაიღუპა საქართველოში, ზოგიც – ახლობელი. სულ ცუდი ამბები მესმის, უკვე მეშინია, ადამიანი რომ მოვიკითხო და მიპასუხონ, აღარ არისო.

წასვლიდან 6 წლის შემდეგ ჩავედი თბილისში პირველად. ციცო ისეთ ემოციაში ჩავარდა, წივილ-კივილი დაიწყო, ვერც კი შემომხედა. მაშინ ინტერნეტი არ იყო. ახლა სოციალურმა ქსელებმა შეანელა მონატრების სიმწვავე.

– ყვებიან როგორც დადებით, ისე მიუღებელ ამბებს ემიგრანტთა ცხოვრებიდან. თუ შესწრებიხართ შემთხვევას, რომ ჩვენს თანამემამულეს იქ უმსგავსო საქციელი ჩაედინოს?

– უამრავი ქართველია საბერძნეთში, შეიძლება ითქვას, მთელი დასავლეთი საქართველო… მე ჩემი წრე მყავს, ერთმანეთს ვეხმარებით. მადლობა ღმერთს, რომ აქაც მყავს მეგობრები, რომლებსაც დაეყრდნობი. მონატრებას, სულიერ მარტოობას მივსებენ. შევქმენით ფონდი, ყოველთვე 5-10 ევროს ვდებთ და ერთმანეთს ვეხმარებით.

ყველა ქართველთან არ მაქვს ურთიერთობა, ყველას ვერ მიენდობი. შეიძლება შენს თანამემამულეს ხელი გაუმართო, ფული ასესხო, მან კი გააპროცენტოს და მერე ბრძოლა მოგიწიოს საკუთარი ფულის დასაბრუნებლად.

იყო შემთხვევა, ქალებმა სასტუმროდან თეთრეული და პირსახოცები მოიპარეს, შვილები რომ გაემზითვებინათ. მათი ასეთი საქციელის გამო მეც მრცხვენია. ტელევიზიით რომ გადმოსცემენ კრიმინალურ ამბებს ევროპის მასშტაბით, ვამბობ ხოლმე, ოღონდ ქართველი ნუ იქნება-მეთქი. მადლობა ღმერთს, მსგავსი შემთხვევები კუნძულზე ხშირი არ არის. ბერძნები შენს წესიერებას, კეთილსინდისიერებას ხედავენ და აფასებენ. ჩემთვის მიუღებელია, როცა ემიგრანტები არადამაკმაყოფილებელი პირობების, არასაკმარისი ანაზღაურების გამო ადგილობრივებს ლანძღავენ, თუნდაც ერთმანეთში ან ფეისბუქზე.

ახლა ისეთი სიტუაციაა, ბერძნები თითქმის სულ უფროსები არიან, ისეთი შრომა, რასაც ჩვენ ვეწევით, მათ არ უნდათ. თანაც დამსაქმებლებს ადგილობრივი კადრის ნაცვლად ურჩევნიათ, შენ აგიყვანონ – ნაკლები ხარჯი აქვთ, ფულს ზოგავენ. თუ გინდა, მიიღე პირობები, თუ გინდა – ნუ მიიღებ. არავინ გაძალებს. არავის მოუწვევიხარ. თუ ერთი სამუშაო არ მოგწონს, მეორე მოძებნე. მადლობა ღმერთს, უმუშევარი არ რჩები. დიდი მადლობა საბერძნეთს, რომ კარი გაგვიღო, უამრავი ქართული ოჯახი გამოიყვანა კრიზისიდან.

– საბერძნეთში ყველაზე რთული პერიოდიდან რა სიკეთე გახსენდებათ?

– გადაგვარებული ცხიმგროვა აღმომაჩნდა ბეჭსა და მკერდს შორის, საოპერაციო გავხდი. ია ვისთანაც მუშაობდა, ის ღვთისმოსავი ბერძენი პაპა დამეხმარა. ცდილობდა, კვლევით ანალიზებში იაფად გამოვსულიყავი. მისმა საუკეთესო მოწაფემ გამიკეთა ოპერაცია, ქირურგმა მამოლოგმა კონსტანტინემ. პაპა ამბობდა, უჭკვიანესი მოსწავლე იყოო. სამწუხაროდ, ის პაპა ცოცხალი აღარ არის.

კლინიკაში მიპატრონა ჩემმა თანაკლასელმა თამაზ იაშვილმაც, რომელიც ათენში მუშაობდა. მისი ძალიან მადლიერი ვარ. სასწაულია, თამაზი იქ რომ ვნახე. მთელი ათენი ფეხით მომატარა.

– ამჟამად მუსიკალურ კაფეში მუშაობთ, უგემრიელეს ბერძნულ კერძებს ამზადებთ. გაგვანდეთ რომელიმე რეცეპტი ჩვენი მკითხველებისთვის.

– ნამდვილი ბერძნული სალათის რეცეპტს გეტყვით. საჭიროა კიტრი, პომიდორი, ზეთისხილი (მწვანე თუ შავი, მნიშვნელობა არ აქვს), ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა (უფრო მწვანე). სალათას ზემოდან აწყობენ კუბიკებად დაჭრილ ყველს – ფეტას, ზოგი მთლიანად დებს, ოთხკუთხედი ფორმისაა, როგორც ტოსტერის ყველი. მერე მოასხამენ ზეითუნის ზეთს და მოაყრიან ხმელ ორეგანოს.

ძალიან გემრიელია კრეტული სალათაც, რომელსაც დაკო ჰქვია. 2 ნაჭერი პურის ორცხობილას ზემოდან ასხამენ დაბლენდერებულ პომიდორს (მე კუბიკებად ვჭრი პომიდორს და ისე ვდებ), მისი წვენით უნდა გაიჟღინთოს პური. ამატებენ ხელით დაჭყლეტილ ფეტას, ზეთისხილს, ბლომად ზეითუნის ზეთს და აყრიან ორეგანოს.