“ჩემი შვილის მამასთან კარგი ურთერთობა მაქვს” – რა აბედნიერებს თაკო აბაშიძეს

"ჩემი შვილის მამასთან კარგი ურთერთობა მაქვს" - რა აბედნიერებს თაკო აბაშიძესირმა ჭკუასელი, სარკე

მსახიობი თაკო აბაშიძე თეატრის სცენაზე წლების განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ პოპულარობა ერთმა როლმა მოუტანა. ახალგაზრდულ სერიალ “ჩიფსების თაობის” პირველივე სერიების გასვლის შემდეგ ქუჩაში ყველა ცნობდა და მისი გმირის, ნატას, საყვარელი კითხვით ეგებებოდნენ: “ხვდები?”.

“ჩიფსების თაობის” შემდეგ იუმორისტულ გადაცემებში გადაინაცვლა, მალე კი “რუსთავი 2”-ზე “კომედი შოუს” ჯგუფთან ერთად გამოჩნდება.

რაც შეეხება პირადს, თაკო ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა და შვილთან, 7 წლის ბარბარესთან ერთად ცხოვრობს. როგორც გვითხრა, სურს, რომ ბედნიერი იყოს და ამისთვის პოულობს კიდეც მიზეზს, თუმცა ჩვენთან საუბარში ის არ დააკონკრეტა და ღიად დატოვა კითხვა, არის თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი.

– თაკო, დიდი ხანია არსად გამოჩენილხართ. რას აკეთებთ, სად მუშაობთ?

– ბევრ რამეს ვაკეთებ: სხვადასხვა მულტფილმებსა და კინოფილმებს ვახმოვანებ, ერთ-ერთ კომპანიას დოკუმენტების მოგვარებაში ვეხმარები. წლების განმავლობაში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც ვმუშაობდი. მალე კი “რუსთავი 2”-ზე გამოვჩნდები, “კომედი შოუში” ვიქნები. ახლა მინდა, გავაკეთო კომპანია, სადაც გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც პროდუქციის გაყიდვას კარგად ახერხებენ.

ახალ-ახალი პროფესიების შეძენა მიყვარს, რომ მუდმივი შემოსავალი მქონდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ვარსკვლავურად არავინ ცხოვრობს და ვარსკვლავები არც არსებობენ. ამ სახელმწიფოში ყველაფერი არასტაბილურია, ამიტომ მხოლოდ იმის იმედით ვერ ვიქნები, რომ ჩემი პროფესიით სულ ვიმუშავებ. სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ. მე ბავშვობიდან, 16 წლიდან ვმუშაობ, საქმის გარეშე არ შემიძლია.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში რა სირთულეებს აწყდებიან ქალები, თუნდაც თქვენი კოლეგები? ახერხებენ, იყვნენ რეალიზებულები?

– მე პირადად, როგორც ქალი, ყოველთვის რეალიზებული ვიყავი და ვარ. მგონია, რომ ეს პრობლემა ადრე უფრო იყო, ახლა ცოტა წინ წავედით. ჩემი აზრით, ქართველი ქალები არც ისეთი სუსტები არიან, როგორც თავს გვაჩვენებენ ან როგორც ქართველი მამაკაცები ცდილობენ, რომ გამოაჩინონ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხანდახან სისუსტეც ძალიან სასიამოვნოა, თუკი გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავს.

თუ არავინ გყავთ გვერდით და მარტოობაში გხდებათ სული, რა თქმა უნდა, ძლიერიც იქნებით, ლურსმანსაც ჩააჭედებთ და ყველაფერს იზამთ. თუმცა, ვიმეორებ, ცოტა სისუსტე ქალისთვის ძალიან სასიამოვნოა.

– სამწუხაროდ, ხშირად მოძალადე მამაკაცების მიმართაც იჩენენ სისუსტეს, მათ ხელს აფარებენ, უამრავ შეურაცხყოფას ითმენენ. ალბათ თქვენც გეყოლებათ სანაცნობოში ასეთი ქალები.

– არაერთი ადამიანი ვიცი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგრამ ამას მალავენ. კარგი, მესმის, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობ, მაგრამ უნდა იმოქმედო მაინც. თუ შენ არ შეგიძლია, ძალადობის წინააღმდეგ რამე გააკეთო, მაშინ უნდა თქვა, რომ შენ ნაცვლად სხვამ იმოქმედოს. ყველა ქალმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ხმა უნდა ამოიღოს. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ ბედნიერება ეძებოს და არა – უბედურება. ეს არის მისი მისია, რომ აუცილებლად ბედნიერი იყოს. ძალადობის მსხვერპლი კი ბედნიერი ვერასოდეს იქნება.

– სიყვარულით შექმენით ოჯახი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობა დაინგრა. რთულია მარტოხელა ქალის სტატუსით ცხოვრება?

– ცხოვრებაში ხან ასე ხდება, ხან – ისე… ძალიან ცუდად მხვდება გულზე სიტყვა “მარტოხელა”. მე დისკომფორტს არ განვიცდი და, საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბედნიერი იყოს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ბედნიერები იყვნენ, მე კი მინდა და სულ ვპოულობ მიზეზს ბედნიერებისთვის. ძალიან ადრე ვდგები, რადგან მიყვარს გათენება და აუცილებლად უნდა ვნახო, როგორ თენდება. ადამიანი რომ შუადღეზე დგება, ის დღე დაკარგული აქვს.

– ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც სიყვარულს მოაქვს. დღეს არსებობს თქვენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?

– ამ შეკითხვაზე არ გიპასუხებთ, პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს.

– თქვენი დაკვირვებით, ქალის ბედნიერებისთვის საჭიროა, რომ გვერდით მამაკაცი ჰყავდეს?

– ღმერთმა ასე ინება, რომ ქალი და კაცი ერთად უნდა იყვნენ. ქალი მარტოობისთვის ცოდოა. ნამდვილად აუცილებელია, რომ გვერდით მამაკაცი ჰყავდეს. საკუთარ თავს მიეცით საშუალება, რომ ბედნიერები იყოთ.

– 7 წლის წინ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე გათენდა, როცა პატარა ბარბარეს დედა გახდით. როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა ამ წლების განმავლობაში, როგორი დედაშვილობა გაქვთ?

– მკაცრი საერთოდ არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარბარეს ყველაფრის უფლება აქვს. ჩემი თხოვნა მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე და ბარბარე მარტო ვცხოვრობთ, ერთმანეთი გვყავს. მას ისე ველაპარაკები, როგორც დიდ გოგოს. ბარბარე ძალიან ჭკვიანია.

– ბარბარეს აქვს მამასთან ურთიერთობა?

– რასაკვირველია. ჩვენც კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ჩემს შვილს ძალიან კარგი მამა ჰყავს. ერთად დასასვენებლად დადიან, ხშირად ნახულობენ ერთმანეთს.

მე საერთოდ არ ვარ კონფლიქტური. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა წარსულში, დღეს უნდა დალაგდეს ყველაფერი. როგორ შეიძლება, ბარბარეს ურთიერთობა არ ჰქონდეს მამასთან ან მე მქონდეს ცუდი ურთიერთობა შვილის მამასთან?! დასასვენებლად ერთად არ დავდივართ, არ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს ერთად ვწყვეტთ. მე არ მაქვს უფლება, ბარბარეს რაც ეხება, მამამისს არ ვკითხო. ამის უფლება არც დედას აქვს, არც მამას.

– ფსიქოლოგებში არსებობს შეხედულება, რომ ქალური თავდაჯერება მაშინ უყალიბდება გოგონას, როცა ხედავს, მამისთვის ის არის მთავარი და ყველაზე მშვენიერი ქალიო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– გარკვეულწილად ვეთანხმები. ბავშვობიდან იწყება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება. იმ გოგონებს, რომლებიც სიყვარულს ვერ იღებენ, ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. მე მამა ძალიან მიყვარს და მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი ვიყავი.