,,გულში დეფიბრილატორი მიდგას, ჯიბეში – წამლებით სავსე სეიფი” – ჟანრი ლოლაშვილი

,,გულში დეფიბრილატორი მიდგას, ჯიბეში - წამლებით სავსე სეიფი" - ჟანრი ლოლაშვილიახალგაზრდობაა მუდმივი ძიების, ცოდნის შეძენის, სამყაროს შეცნობის ჟამი. ასაკს კი მოაქვს ფიქრი ამაოებაზე და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. კაცობრიობამ ძალიან კარგად იცის ათი მცნება, მაგრამ არ უყვარს ამ მცნებებით ცხოვრება…

ასე ფიქრობს ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი, რომელსაც ბედმა სამუშაოდ მსახიობთათვის სანატრელი რუსთაველის თეატრი განუსაზღვრა, ხოლო პარტნიორებად ისეთი გენიოსები ჰყავდა, როგორებიც იყვნენ – სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი… მისი ცხოვრების თანამგზავრი და დიდი სიყვარული კი მსახიობი თათული დოლიძეა.

ბევრმა არ იცის, რომ ბატონმა ჟანრიმ მსახიობობაზე ადრე პროფესიად მხატვრობა აირჩია. ორივე ხელოვნება კი, როგორც ცნობილია, “გულის სისხლს მოითხოვს საფასურად”. ამიტომაც არის, რომ ხელოვანის გულმა მუდმივ დონორობას ვერ გაუძლო და დახმარება დასჭირდა. ახლა ხელოვანი უფრო მეტად საკუთარ სამყაროშია განმარტოებული, სადაც ბევრი ფერი და კარგი მუსიკა სუფევს.

– ბატონო ჟანრი, საუბარი ახალგაზრდობის წლების გახსენებით დავიწყოთ. როგორი იყო მაშინ ქართული თეატრი და როგორ ადამიანებთან მუშაობდით?

– 1961 წელს მოსკოვში ვსწავლობდი მხატვრობას. გვიკითხავდნენ სამსახიობო ხელოვნებასაც. პედაგოგი მყავდა კარგი – სტაბილინი. ეტყობა, შენიშნა ჩემში მსახიობის მონაცემები. მირჩია, რომ სწავლა გამეგრძელებინა, დავრჩენილიყავი მოსკოვში. მე კი თბილისში დავბრუნდი და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.

ინსტიტუტის დამთავრებას დაემთხვა ზუგდიდის თეატრის გაჭირვება. უნდოდათ, გაეუქმებინათ, როგორც სახელმწიფო ერთეული. არადა მშვენიერი სახალხო თეატრი იყო, მდიდარი ისტორიით. ჩვენ, კურსდამთავრებულებმა, რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ერთად გადავწყვიტეთ ზუგდიდში წასვლა. იქ ერთი წელი ვიმუშავეთ. ფაქტობრივად გადავარჩინეთ თეატრი.

თბილისში დაბრუნებულს ქუჩაში სერგო ზაქარიაძე შემხვდა. მომიკითხა და მითხრა, თეატრში მივსულიყავი. თავდაპირველად თავისუფალ მსახიობად მიმიღეს, შემდგომ ჩამსვეს შტატში. თემურ ჩხეიძესთან უკვე ნამუშევარი ვიყავი, რობიკო სტურუას კი რუსთაველის თეატრში შევხვდი.

ეს იყო სწავლის, დაოსტატების წლები, რის შემდეგაც რაღაც დონეს მივაღწიე. ახლა ვხუმრობ ხოლმე, უკვე სცენის ჯადოქარი ვარ-მეთქი. დიდად პრეტენზიული არ ვიყავი როლების მოთხოვნაში. რასაც მომცემდნენ, იმას ვთამაშობდი, მაგრამ გამოდიოდა, რომ ბევრი მთავარი როლი შევასრულე. არასოდეს მიოცნებია ჰამლეტზე.

ქართველი მაყურებელი ძალიან ნიჭიერია, თავადაა ბუნებით მსახიობი, ამიტომ კარგად ხვდება შენი შესრულებული როლის სიავკარგეს. თუ მან მოიწონა სპექტაკლი, უნდა გჯეროდეს, რომ ეს სპექტაკლი უცხოეთში ხმაურით გაისვრის.

– ადრე სხვა ურთიერთობები იყო, სხვა ტრადიციები, სხვა ფასეულობები, ახლა როგორ არის საქმე, რას ხედავთ მათ ადგილზე?

ადამიანები არაკომუნიკაბელურები გავხდით, მოიშალა ერთმანეთის მოკითხვა, ოჯახური დღესასწაულები, შეხვედრები. ვერ გავექეცით გლობალიზაციას, მობილურმა კავშირებმა, ინტერნეტმა ჩაანაცვლა გულთბილი დამოკიდებულება. ახლა ორსიტყვიანი მესიჯებით ეხმაურებიან ერთმანეთს.

ჩემს ახალგაზრდობაში წერილებით არ ვუხსნიდით სიყვარულს გოგონებს, მაგრამ ვთამაშობდით “ფლირტს”, “ყვავილნარი” ერქვა ბარათებს, ვაწვდიდით ერთმანეთს. “ჟუნჟრუკო, ზამბახი, იასამანი – თქვენ მომხიბლავი ხართ, რას ფიქრობთ ჩემზე?”. ასე შეფარული ტრფობა იყო ქალ-ვაჟს შორის.

ჩემი ახალგაზრდობის დროს იყო ახალგაზრდა მწერალი გურამ რჩეულიშვილი. მან დაამკვიდრა ცხოვრების თავისი სტილი – ქართული სიტყვის სიყვარული და საქართველოს მთა-ბარის შემოვლა, შემეცნება. დავდიოდით ხევსურეთში, მთა-თუშეთში, სვანეთში. მე და ჩემი მეგობრები დაახლოებით წელიწადნახევარი ვცხოვრობდით დავითგარეჯში, შიომღვიმეში, ტაძრების მოხატვას ვაპირებდით, საქართველოთი ვიყავით სავსე. გაკრიალებული, სუფთა ურთიერთობები გვქონდა, სოციალურადაც ერთნაირები ვიყავით, ჯამაგირებიც ერთნაირი გვქონდა, არც სიმდიდრისკენ სწრაფვა იყო ასეთი ძლიერი.

– რა არის თქვენთვის თეატრი?

თეატრი არის ილუზორული სამყარო, ბევრი რამ დასაშვებია, მაგრამ ამას გამართლება სჭირდება, რეჟისორის თვალი, მსახიობის ოსტატობა, გარდასახვის საშუალება, ნიჭი და, რაც მთავარია, მსახიობი უნდა იყო პიროვნება, რომ მაყურებელი გვერდით დაუდგეს შენს პიროვნულ თვისებებს, უყვარდე და გაფასებდეს.

თეატრი არა მხოლოდ სამუშაო ადგილია, ჩვენ თეატრში ვცხოვრობთ, ჩვენი კალენდარული დრო სხვანაირია. იქ, თეატრში ითვლება ეს დრო. იქ სუნთქავ, იქ გარდაისახები. შენი სული, აზროვნება, გონება, სწრაფვა განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან.

ხშირად ამბობენ, მსახიობობა იოლი პროფესიაა, ერთობითო. არადა პირიქითაა, ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება ჯანმრთელობა. მსახიობს ეს ჯანმრთელობა ოთხჯერ, ხუთჯერ მეტად სჭირდება. ურთულესია გარდასახვის ხელოვნება, დიდ ენერგიას მოითხოვს. საშინელებაა ტრანსფორმაცია, უნდა იტირო, იცინო, ხასიათი გამოკვეთო. ყველა პერსონაჟის ემოციამ ჩემს გულზე გაიარა. ეს არის უდიდესი სტრესი, რომელიც ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება.

ჩვენ ვართ ქრონიკული აბიტურიენტები. სულ გამოცდებს ვაბარებთ. მაყურებელი კი გვაფასებს და ნიშნებს გვიწერს.

მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვება პოპულარობა, ხალხის სიყვარული, რაც თავისთავად ძალიან სასიამოვნოა.

– რა არის პოპულარობა? დიდი ჯახია, დიდი გზა, რომელიც თავდაუზოგავი შრომით უნდა გაიარო, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია. როცა გიწევს უდიდეს მსახიობებთან ურთიერთობა, ეს დიდი ბედნიერებაც არის და დიდი სირთულეც. ადამიანების, პარტნიორების პატივისცემა უნდა იცოდე, გულწრფელი უნდა იყო, უნდა იცოდე, რომ შენი პირით შენი სცენური გმირი იმ სათქმელს ამბობს, რაც მაყურებელს სჭირდება.

ამ ყველაფერს როცა გაივლი, ოსტატდები და ხალხის სიყვარულს მოიპოვებ, ხდები პოპულარული. მერე რომ მოგადგებიან ამ პოპულარობის გამო და გეკითხებიან აზრს პოლიტიკაზე, სხვადასხვა მოვლენაზე, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შენმა აზრმა შეიძლება სხვას აზრი შეაცვლევინოს, ამიტომ ტვირთიც არის პოპულარობა.

– რადგან ვახსენეთ პოლიტიკა, რა აზრის ხართ დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებზე?

– პოლიტიკა არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, რომელიც მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. პოლიტიკის მკეთებელ ხალხს ქვეყანა უნდა უყვარდეს.

კულტურით და ხელოვნებით განთქმულ საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. ბევრი რამ შესაცვლელია, ჯამაგირებიდან და პენსიებიდან დაწყებული ქვეყნის მოწყობამდე.

ჯადოსნური ქვეყანა გვაქვს. ყველაფერი მოდის ამ მიწაზე, მაგრამ უცხოურს, უვარგისს ვამჯობინებთ. რატომ? მავანი რომ გამდიდრდეს, იოლი ფული იშოვოს, სწრაფად მოითბოს ხელი.

ყველაზე საშინელი, იცით, რა არის? ქვეყნის გადამრჩენი და გამომკვებავი გლეხი აღარ არის, მიატოვა მარჩენალი მიწა. მახსოვს, 1968 წელს სომხებმა წაიღეს ვაშლის ნერგები. გაახარეს, მოიწიეს მოსავალი და ნაყოფს აიდარიდი დაარქვეს. ახლა ამ აიდარიდს სომხებისგან ვყიდულობთ ქართველები. არადა, რა ჯიშია! ძირძველი ქართული თურაშაული.

ქვეყნისთვის ასევე დიდი უბედურებაა დაყოფა ჯგუფებად – ამისისტ-იმისისტი. ეს მიყვარს, ამის მხარეზე ვარ… შე ვირის თავ-ფეხო, შენი ოჯახის წევრი არ გიყვარს, მამა არ გიყვარს, დედა არ გიყვარს და ის ვიღაცა პოლიტიკოსი გიყვარს?! ეს უკვე კლინიკაა, დანაშაულია ქვეყნის წინაშე. შეიძლება პატივი სცე, მაგრამ ის თავისი ქმედებით პატივისცემის ღირსი უნდა იყოს. სირცხვილია ასეთი პოლიტიკა!

– აბსოლუტური თავისუფლება ადამიანისთვის მიღწევადი და დასაშვებია?

– ადამიანი ბოლომდე თავისუფალი არასოდეს არის, თუ, რა თქმა უნდა, შეურაცხადი არ არის. ძნელია ადამიანობა. უამრავი რამ მოგვახვია თავს გამჩენმა და სამყარომ. სიზმრები, ამოუხსნელი მოვლენები, ავადობა, შური, წამლები, უაზრო სიამაყე…

ადამიანს თუ შენთან უნდა დალაპარაკება, უნდა მოძებნო ამისთვის დრო, როგორი დაკავებულიც უნდა იყო. უნდა დააფასო მეორე ადამიანის სურვილი, რომ შენით არის დაინტერესებული, შენგან ელოდება რაიმე სასიკეთო პასუხებს კითხვებზე, თუმცა ამ ვერაგ კითხვებზე სწორი პასუხები შეიძლება არც შენ გქონდეს.

შედარებით თავისუფალია შემოქმედი ადამიანი, აქ სივრცე უფრო დიდია და ფანტაზიაც ფრთებს შლის, მაგრამ არსებობს შინაგანი ცენზურა, რომელიც გაგრძნობინებს, სად გადის ზღვარი.

ადამიანები მტრობენ ერთმანეთს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყველგან. ეს ყოფილა ადამიანის შინაგანაწესი. ამის გამოსასწორებლად შეიქმნა უამრავი წიგნი, მათ შორის მთავარი – ბიბლია, რომლის ათ მცნებასაც სულ ვკითხულობთ, ზეპირადაც ვიცით, მაგრამ არასდროს ვასრულებთ და არც მწარე გამოცდილება გვიხელს თვალებს.

ჩვენი ინტერვიუ პესიმიზმით გაიჟღინთა.

– ბოლომდე დეკადანსად არ ჩამითვალოთ. იმედები ყოველთვის არის, ხელჩაქნეული ადამიანი არ ვარ. ცხოვრება წინ მიდის, ცუდი ტრადიციები შეიცვლება, ახალგაზრდობა ახალ ენერგიას მოიტანს.

ქვეყანა, სადაც დაიბადნენ ამ დონის მეცნიერები – ბერიტაშვილი, ვეკუა, უზნაძე, მუსხელიშვილი… მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები… არ შეიძლება ისე დაეცეს, ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლოს. ცუდია, რომ სხვები გვასწავლიან ჭკუას. უფრო ცუდია, რომ თავად ვჭამთ ერთმანეთს.

როგორ წარმოგიდგენიათ ქალისა და მამაკაცის ტანდემი, კავშირი? რას ფიქრობდით ამაზე ახალგაზრდობაში და რას ფიქრობთ დღეს?

– მამაკაცის სასიცოცხლო ძალა არის ქალი. ცნობილი ქვეცნობიერი – ლიბიდო ყველაში დევს და დაფუძნებულია სექსზე. მამაკაცი გასცემს, ქალი იტოვებს, მამაკაცი უფრო ლირიულია, ქალი პრაქტიკული – ფიზიოლოგია და ანთროპოლოგია განსაზღვრავს ბევრ რამეს.

ურთიერთობის დაწყებისას ყველაფერს განაგებს სექსი, მერე მოდის მიჩვევა. ბოლოს კი სექსუალური სიყვარული გადადის ნამდვილ სიყვარულში. ხდება აწონ-დაწონა, განსჯა, შვილები, შვილიშვილები, ოჯახური სითბო, სიმყარე…

საერთოდ მამაკაცში თუ მოკვდა ქალის მოწონება, თუ თვალი არ გაგექცა ლამაზი ქალისკენ, მაშინ შენ, როგორც მამაკაცი, მკვდარი ხარ. მე დღემდე მომწონს ეს პროცესი, სიამოვნებით შევხედავ ლამაზ ქალს და ვხატავ მათ. ეს ყველაფერი სულ არ მიშლის ხელს, რომ ვიყო ერთგული მეუღლე და მიყვარდეს ჩემი მეორე ნახევარი.

– დაბოლოს, როგორია თქვენი თვალით დანახული ჟანრი ლოლაშვილი?

– ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით, სხვაზე მოფიქრალი, ცოტა პრანჭია. ადრე უფრო მიყვარდა კარგად ჩაცმა. ახლა ჩემს კონფიგურაციას ვითვალისწინებ. ჩემი ინტერესების სფერო შევიწროვდა. გამძაფრდა ბუნებასთან ახლო ყოფნის სურვილი.

მინდა, შეუმჩნევლად, მშვიდად ვიცხოვრო. ჩემი ბალიში დავიდო მუხლებზე, დავეყრდნო და ვიფიქრო ჩემთვის. მყავს მუდმივი მეგობრები მუსიკოსების, თეატრალების, მხატვრების სამყაროდან. ბევრი გარდაცვლილიც, მაგრამ მუდმივად ჩემთან მყოფი.

გულში დეფიბრილატორი მიდგას, ჯიბეში – პატარა სეიფი, წამლის აბებით სავსე. ვფიქრობ, ჩემს ოჯახს ჯერ კიდევ ვჭირდები. ვარიდებ თვალს და თავს უსიამოვნო ამბებს, ვცხოვრობ ჩემს სამყაროში, მაგრამ სამყარო მაინც იჭრება ჩემში.

ცხოვრებაში ბევრი კითხვის ნიშანია, რაც ასაკს მოჰყვება. როცა იწყებ ძიებას პასუხებისას ამ კითხვის ნიშნებზე, უკვე სიბერე მოდის.

პოსტ სკრიპტუმ კი მინდა გითხრათ: ყველა ამბავი მოგონილია, რადგან არავინ იცის ჭეშმარიტება. რაც სამყარო არსებობს, არსებობს კითხვის ნიშნები, რასაც ვერც ერთმა გენიოსმა პასუხი ბოლომდე ვერ გასცა.

ია ქუთათელაძე, ჟურნალი ,,სარკე”