გია რაზმაძე: ,,შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება”

გია რაზმაძე: ,,შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება"გუგუტიანთკარის მცხოვრებთა გასაჭირი გრძელდება. გია რაზმაძე ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

-15 აგვისტოს მოვიდნენ­ რუსები და პირდაპირ მომახალეს, სამ დღეს გაძლევთ აქაურობის დასაცლელადო.­ არ გამკვირვებია, რადგან ვხედავდი, მანამდე როგორ იქცეოდნენ. გამოვიტანე, რისი გამოტანაც­ შეიძლებოდა. სახლს ვერ დავშლიდი და ხელუხლებელი დავტოვე…

სახლი ჩემი ხელით ავაშენე. ბაღს ვუვლიდი, სიმინდი მომყავდა­ და როგორია, ვიღაც გადამთიელი რომ დაგადგება, დაცალე სახლ-კარი, აქ აღარ ცხოვრობო?! ვაზი ჩავყარე, წელს კარგად ესხა, მაგრამ დაუკრეფავი დამრჩა. კაკალი მაქვს, სიმინდი ცოტა ხანში მოსატეხი იქნება…­ თუმცა რაღა მაქვს, მქონდა…

ამბობენ, ეს ბოძები სასაფლაოს შუაზე გაყოფსო. სანამ წამოვიდოდი, თვალით ვზომავდი, სად შეიძლებოდა გაევლო ხაზს… დედ-მამა, ბებია და ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, უფროსი შვილი იქ მყავს დასაფლავებული. ვიდექი და მუშტისხელა ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი, შვილის საფლავი უპატრონოდ მრჩება. გოგონა წლების წინ ავადმყოფობით დამეღუპა, ლამის ყოველდღე გავდიოდი საფლავზე, ახლა რა მეშველება…

2008 წელს სახლი დამიწვეს, მაგრამ ასე უსუსურად მაშინაც არ მიგრძვნია თავი. კაცს მკვდრის მოკითხვის შესაძლებლობას რომ გართმევენ, რისთვის გიდგას სული…

კვირის პალიტრა