განო მელითაური: ,,2015 წლის შემდეგ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ”

განო მელითაური: ,,2015 წლის შემდეგ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ",,2015 წლის მერე მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება. ანუ დღეს არის და ამით უნდა ვიცხოვროთ”, – ამბობს “სარკესთან” განო მელითაური. 2015 წლის აპრილში კი იყო დიდი ტრაგედია – ქმრის, მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელი გარდაცვალება. განომ სამ შვილთან ერთად ძალიან რთულად, მაგრამ გააგრძელა ცხოვრება. დღეს უკვე ნაბიჯებს დგამს მოდის ინდუსტრიაში და საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.

– განო, “სარკეს” ბოლოს რომ ესაუბრეთ, სწავლით იყავით დაკავებული. ამჟამად რას საქმიანობთ?

– გავაკეთე ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც ჩემს მეოთხე შვილს ვეძახი. მისი ისტორია დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც მე და კახა გაგნიძემ დავაფუძნეთ სრულიად ახალი ხედვის მქონე კომპანია, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში უნდა შეექმნა განსხვავებული ბრენდები ქართული ბაზრისთვის.

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც სამაგისტრო ნაშრომს ვასრულებდი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში. ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ფერების მიმღებლობას საქართველოში. უნიკალური ნაშრომი გამოვიდა. კვლევის საფუძველზე შემუშავებულ იქნა რეკომენდებული ფერთა შკალები – როგორ უნდა დავგეგმოთ ფერი ტანსაცმელში და როგორი კოლაბორაციები უნდა იყოს, რომ სწორად მიიღოს მომხმარებელმა და ეფექტური იყოს გაყიდვების თვალსაზრისითაც.

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ორიენტირებულია სოციალური პროექტების განხორციელებაზეც. დაახლოებით შვიდწლიანი განვითარების გეგმა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც პირველი ნაბიჯი იყო ფერების მიმღებლობის კვლევა. შემდეგ კი მასზე დაყრდნობით უნდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული ტანსაცმლის ხაზი და ასეც მოხდა. შარშან ბაზარზე გამოვიტანეთ ბრენდი “კომბინიზონა”, რომელიც იყო ქალებისთვის და ასევე – საბავშვო ხაზი.

მომხმარებლებს იმდენად მოეწონათ დიზაინი, ტანსაცმლის კონცეფცია, რომ დაახლოებით 3 კვირაში სრული კოლექცია ამოვყიდეთ. მოთხოვნა მოწოდებას აღემატებოდა. შემდეგი პროექტი იყო ადაპტური ტანსაცმლის ხაზი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაა. ეს ნიშნავს სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ ტანსაცმელს, რომელიც მათ ცხოვრებას უადვილებს. კომფორტულია და თავიდან ბოლომდე ეკონედლეულით არის შექმნილი. მესამე ინოვაცია არის ორსულთათვის ტანსაცმლის შექმნა.

პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ფინანსური ინვესტიცია. ჩვენ გავედით “საქართველოს ბანკის” ფონდის “სიცოცხლის ხის” საგრანტო კონკურსზე. ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ სოციალური საწარმოები დააფინანსოს.

ასევე პიარაკადემია “ალტებრიჯის” ბაზაზე გაკეთდება პირველი საერთაშორისო დონის დიზაინისა და მოდის მარკეტინგის პროფესიული და საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც მოამზადებს პროფესიონალ კონსტრუქტორებს, მკერავებს, მოდის ბლოგერებს, მარკეტერებსა და სტილის არტისტებს. საქართველოში ამის დეფიციტია. ჩვენც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა იმან, რომ წარმოებაში პროფესიონალები ფაქტობრივად არ არიან.

მოლაპარაკებები დავიწყეთ მოდის უმაღლეს უნივერსიტეტებთან უნიკალური სასწავლო მოდელის შესაქმნელად, რომელიც ძალიან ბევრს გააბედნიერებს.

– საქმეს, მით უმეტეს, როცა თავიდან იწყებ, დიდი შრომა და დრო სჭირდება. სამი სხვადასხვა ასაკის შვილი გყავთ. როგორ ანაწილებთ დროს და ენერგიას ბავშვებსა და საქმეს შორის?

– სამწუხაროდ, ბავშვებთან 24 საათს ვერ ვატარებ, მაგრამ მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. ჩემი მშობლები ძალიან მეხმარებიან.

ტასო 10 წლის არის. ძალიან დაკავებულია. კლასიკური ჩოგბურთის თამაში დაიწყო, სხვადასხვა საგნებში ემზადება და წამი არ აქვს თავისუფალი. ტასოს აქვს დიზაინის და ვიზუალური არტის მონაცემები და იმედია, მომავალში ამ საოჯახო ბიზნესის ბორდს გადაიბარებს, თავის მიმართულებას უხელმძღვანელებს, თუ, რა თქმა უნდა, მამის გზას, მსახიობობას არ გაჰყვა.

თარაში 7 წლის არის, ძალიან საყვარელი და მოწესრიგებული ახალგაზრდა მამაკაცია… (იცინის). თქმა არ სჭირდება, რომ იმეცადინოს, დაიძინოს ან დაგვიჯეროს. ტასოს უფრო მეამბოხე ხასიათი აქვს.

რაც შეეხება ლოლიტას, ის უკვე სამწლინახევრის არის და ძალიან მხიარულია, მუსიკალურია. დიდად არ მიყვარს, როცა პატარებს ამღერებენ და კლიპებს უღებენ, ამიტომ ვეცდებით, აკადემიური განათლება მივცეთ მუსიკის მიმართულებით. ელასტიკურია და ოცნებობს, ბალეტზე შევიდეს. ძალიან კომუნიკაბელური, მეგობრული და საყვარელია.

ტასოს, ჩაცმის სტილიდან დაწყებული, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს. ძალიან სამართლიანია, რის გამოც ხშირად პრობლემები ექმნება. ყველას შეიძლება გამოესარჩლოს – გამვლელებს, უცხოებს და ამის გამო ხშირად თვითონაც ხდება პატარ-პატარა ინციდენტების მონაწილე.

შვილთან დიალოგი ერთადერთი სწორი გზაა, რომ დამახინჯებულ სოციალურ გარემოში ბავშვი გზას არ ასცდეს. სხვათა შორის, ფსიქოლოგებთან ხშირად გავდიოდი კონსულტაციებს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა. ფსიქოლოგების უმრავლესობა თანხმდება, რომ შეიძლება ბავშვთან ერთი საათი გაატარო, მაგრამ ნაყოფიერად. ვცდილობ, დრო საინტერესოდ გავატაროთ, გავისეირნოთ, წავიდეთ მუზეუმში.

თარაში უფრო მარტივი ბავშვია, ვიდრე ტასო. თარაში სენსიტიურია, ტასო კი არ ლაპარაკობს იმაზე, რაც აწუხებს, რაც ორმაგად მანერვიულებს. ლოლიტა ქარბორბალაა. განვითარებით თავის ასაკს უსწრებს. წიგნიერი შვილები მყავს, რაც ძალიან მახარებს. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც გვერდში მიდგანან.

ჩემთვის ყველაფერი შვილების გარშემო ტრიალებს. სულ მაფორიაქებს იმაზე ფიქრი, ვუკეთებ კი იმ ყველაფერს, რისი გაკეთებაც მინდა მათთვის? მატერიალურზე არ მაქვს აქცენტი. ღმერთს მარტო იმას ვთხოვ, რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელები.

მეც ძალიან სენსიტიური და ბავშვური ნატურა ვარ. ტასო სულ დამცინის, შუშასავით ხარ, ყველაფერზე გეტირება, ასე არ შეიძლება, ცოტა გაძლიერდიო. ბოლო დროს ვცდილობ, რომ ჩემი განცდები არ ვანახო, რადგან რთული ასაკი ეწყება და სიფრთხილეა საჭირო. მგონია, რომ 100%-დან 40%-ს მაინც ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები ბედნიერად და კომფორტულად იყვნენ.

– როგორია ახლა განო მელითაური, რომელმაც დიდი განსაცდელი გამოიარა?

– დედას გეფიცებით, საკუთარ თავზე ვერ ვფიქრობ. დღის განმავლობაში შეიძლება 5 წუთი ვიფიქრო საკუთარ თავზე. ჩემ წინაშე დგას ისეთივე განო, როგორიც 3 წლის ვიყავი, ზუსტად ისეთივე მეოცნებე, როგორიც დღეს ვარ. მაშინაც ზუსტად ისეთი ფასეულობები მქონდა, როგორიც დღეს. ძალიან რთული ხასიათი მაქვს.

– ძლიერიც?

– არ ვთვლი, რომ ძლიერი ვარ, პირიქით, საკმაოდ სუსტი ვარ. სამსახური რომ მაქვს, შვილებს ვუვლი და ჩემი საქმე დავიწყე, ძლიერ მხარედ არ მიმაჩნია, რადგან ვინც მოისურვებს, ეს ყველას შეუძლია.

16 წლის ვიყავი, როდესაც ნიუ იორკის კინოაკადემიიდან მოწვევა მივიღე, მაგრამ ვერ წავედი, რადგან ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა გამოვნახე ალტერნატიული გზა, რომლითაც მოვედი იქამდე, რომ ძალიან მაღალანაზღაურებად მარკეტერად ვითვლები ჩვენს ქვეყანაში, დავიწყე ჩემი ბიზნესი და ა.შ.

ეს გზა ძალიან ეკლიანია. ყოველდღიურად ვეცემით, ვდგებით… არ ვიცი, ეს თუ არის სიძლიერე, რომ დაცემისას ადგომის ძალა იპოვო. როდესაც გყავს სამი შვილი, გაქვს ლიმიტირებული დრო დედამიწაზე, რაღაც უნდა გააკეთო, უნდა განვითარდე, იმოძრაო.

– როგორი წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ თქვენი ცხოვრება?

– 2015 წლის მერე ასეთ რაღაცებზე აღარ ვფიქრობ. მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება, ანუ დღეს არის და ამით უნდა ვიცხოვროთ.

10 და 15 წლის მერე თუ ვიქნები ჯანმრთელი და ვიქნები დედამიწაზე, კვლავ სიამოვნებით ვიქნებოდი წარმატებული ისევ ისეთი ღირებულებებით, როგორითაც ვარ დღეს. არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები დაბერებული და უშნო. მგონია, რომ გენეტიკურად ნაოჭებისადმი მიდრეკილება არ მაქვს.

ვიქნები ისევ ისეთი აქტიური, მექნება საკუთარი ბიზნესი, რომელიც ათჯერ უფრო კარგ საქმეს გააკეთებს თავისი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ადამიანი მეყოლება დასაქმებული. მეტ პროდუქციას გავიტან საერთაშორისო ბაზარზე, კოლექციებს მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზე წარვადგენ. იმედია, შევძლებ, რომ შვილებთან ერთად ბევრი ვიმოგზაურო და მათ ბევრი ღირსშესანიშნაობა ვაჩვენო.

– დღეს რა არის თქვენთვის ყველაზე ფასეული?

– ის, რომ ვარ ცოცხალი და მაქვს ოცნებები, ასევე სიყვარული, რომელიც მაქვს გულში ჩემი შვილების, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების და ჩემი საქმის მიმართ. სიცოცხლე და ადამიანები – ამაზე ღირებული არაფერი არსებობს.

 ირმა ჭკუასელი, ჟურნალი სარკე