,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში… ბესოს დავუმალე ძმის გარდაცვალება, არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა” – ლევან თედიაშვილის მეუღლე დიდ ტრაგედიასა და თავის ულამაზეს სამყაროზე – ვიდეო

,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში... ბესოს დავუმალე ძმის გარდაცვალება, არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა" - ლევან თედიაშვილის მეუღლე დიდ ტრაგედიასა და თავის ულამაზეს სამყაროზე - ვიდეოოფთალმოლოგმა ნანა მჭედლიშვილმა აფხაზეთის ომში შვილის დაღუპვის შემდეგ თიხაზე მუშაობა დაიწყო და დღემდე საოცარ სამყაროს ქმნის. ის კერამიკული ასოციაციისა და მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ. ქართველ მხატვართა 3 კატალოგშია შესული მისი ნამუშევრები. ის თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ლევან თედიაშვილის მეუღლეა. ნანა მჭედლიშვილი ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში... ბესოს დავუმალე ძმის გარდაცვალება, არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა" - ლევან თედიაშვილის მეუღლე დიდ ტრაგედიასა და თავის ულამაზეს სამყაროზე - ვიდეო– ღმერთმა რაღაცა წამართვა, სამაგიეროდ, სხვა რამით დამაჯილდოვა, ასე მგონია. ფაიფური რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. თიხას უარყოფითი ენერგია მიაქვს, თან სხვა რამეზე ხარ გადართული და ფიქრისთვის ნაკლები დრო გრჩება…

ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა იქ. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა, დღესაც მაქვს მისი ნახატები შენახული. როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ, ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე.
ჩემი მეორე ვაჟი – ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა.
ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ.

ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არც კი გავაგებინეთ. ყველას ვაფრთხილებდი, რომ არაფერი წამოსცდენოდათ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი. ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, პირველ კურსზე სწავლობდა. მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ დარდს. დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან…

– თქვენ ვინ გითხრათ, როგორ გაიგეთ?
– ლევანმა მოასვენა სახლში. 1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს… იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. ამ დროს მე აეროპორტში დავრბოდი და თვითმფრინავებს ვხვდებოდი და ვაცილებდი თბილისში.

– მისი შეჩერება ეცადეთ?
– არა და ვერც შევაჩერებდი, თვითონ გადაწყვიტა, რომ იქ უნდა მდგარიყო და მორჩა. მაშინ ისეთი პატრიოტული განწყობით იყო ყველა, ლამის ქალებსაც კი უნდოდათ წასვლა და როგორ ვეტყოდი, შენ სახლში დარჩი-მეთქი? ლევანი ამის გამო მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეც შენთან ერთად წამოვალ, ერთი დღე დამელოდეო, სთხოვა. უნდოდა, დაეცვა შვილი. სხვათა შორის, კარგი სროლა იცოდა სამივემ. პატარაობიდანვე სწავლობდნენ ცურვას, სროლას, ცხენით ჯირითს. წინადღეს ყველაფერი მოიმარაგეს, მეც გამოვუცხვე რაღაცები და ორივე გავაცილე… – კვირის პალიტრა (ვიდეოში იხილეთ ქალბატონი ნანას ნამუშევრები).