თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და მისი მეუღლეს, ირინა გორდელაძეს 4 შვილი ჰყავთ – მია, ანდრია, ანა და ნინა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მომავალი მეუღლე პირველად ,,თელასში” ნახა, გაცნობიდან 5 თვეში კი იქორწინეს.
ირინა გორდელაძემ რამდენიმე წლის წინ ,,დილის გაზეთს თავის კარიერასა და ოჯახის შექმნის ამბავი მოუყვა (,,დილის გაზეთი”, ავტორი მეგი კიკაჩეიშვილი).
ირინა გორდელაძე:
-მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, მყავს მშობლები, და და დისშვილები. დავამთავრე მე-6 გერმანული გიმნაზია, ვსწავლობდი გერმანიაში შონდორფის გიმნაზიაში, ვარ იურისტი, მაგისტრი შედარებით სამართალში.
მე-11 კლასში ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი, უფრო სწორად, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და ელიტურ სკოლაში გამაგზავნეს. იქ ნახევარი წელი ვისწავლე, საოცრად საინტერესო და დატვირთული დღეები მქონდა. მაშინ უკვე გატაცებული ვიყავი გერმანული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, ხელოვნებით. ვხატავდი კერამიკის კლასში, გატაცებული ვიყავი ბატიკით.
შინ აპრილში დავბრუნდი და დილემის წინაშე აღმოვჩნდი – 3 თვეში მისაღები გამოცდები იწყებოდა, მე კი არაფერი მქონდა გადაწყვეტილი. არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. ბევრი რამ მინდოდა და მაინტერესებდა. ყველაფერთან ერთად კი მსურდა, ისეთი დარგი ამერჩია, რომელიც საშუალებას მომცემდა, ოჯახისგან ეკონომიურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.
დედამ იურიდიულზე ჩაბარება მირჩია, მამამ მითხრა, რომ ზედმეტ წვალებას, სჯობს, ისეთი პროფესია აირჩიო, რომელიც ნაკლებად დაგტვირთავსო. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ვიცოდი გერმანული ლიტერატურა და ენა, არ მექნებოდა პრობლემა სამხატვრო აკადემიაშიც, მაგრამ მე დედის რჩევა გავითვალისწინე და იურიდიულზე ჩავაბარე, თავდაპირველად საერთაშორისო განხრა ავირჩიე.
უნივერსიტეტი და ისევ გერმანია
ირინამ მესამე კურსზე, გადაწყვიტა, რომ ისევ გერმანიაში წასულიყო და სწავლა გაეგრძელებინა. წავიდა კიდეც, ამჯერად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. რაკი სტიპენდია არ ჰქონდა, მუშაობა დაიწყო, ფინანსურად ეხმარებოდა მამაც.
ირინა გორდელაძე:
– იქ წელიწადზე მეტი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი მუშაობით სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. ხუთწლიან სწავლას და ორწლიან პრაქტიკას, ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა. ასე რომ, უკან მომიხდა ჩამოსვლა. უნივერსიტეტს დავუბრუნდი და მუშაობა დავიწყე.
პირველი პროფესიული სამუშაო “ივერთბანკში” მქონდა, იქ ცოტა ხანი ვიმუშავე, მოგვიანებით იყო მსოფლიო ბანკის პროექტი ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა ,,თელასის” პრივატიზება. მაიკლ სქოულმა ,,ეი-ი-ეს-თელასში” იურისტად მუშაობა შემომთავაზა. 6 თვე ვიმუშავე…
შემდეგ კონკურსში გავიმარჯვე და ამერიკაში წავედი. ეს იყო ერთწლიანი მაგისტრის ხარისხის პროგრამა ფლორიდის უნივერსიტეტში და 3-თვიანი პრაქტიკა ვაშინგტონში. ახლა ვარ მაგისტრი შედარებით სამართალში.
ირაკლი
-ირაკლი ,,თელასში” გავიცანი, ხუთი თვის თავზე დავქორწინდით. ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით, მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთი თვის შემდეგ ამერიკაში წავედი და რომ არა ირაკლი, ჯერჯერობით საქართველოში არც დავბრუნდებოდი.
პატარ-პატარა გატაცებები იყო, მაგრამ ირაკლის გარდა სერიოზულად არავისზე მიფიქრია. ძალიან რთული იყო 5 თვეში ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ერთია, როგორც მე ვიტყოდი, ისე იქნებოდა, ასეც მოხდა. ოჯახში ერთადერთი რაც მითხრეს – კარგად დაფიქრდიო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში მარტო არ ვიყო. როცა დავვახლოვდით, ვიგრძენი, რომ მე ჩემი ნახევარი ვიპოვე.
შეყვარებული კაცი
-როცა ,,თელასში” მუშაობა დავიწყე, ირაკლის ფირმა ამერიკელებს ეხმარებოდა. ყველა ლაპარაკობდა, რომ არსებობდა ადვოკატი, რომელიც თელასზე მუშაობდა. სახელი და გვარიც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი.
პირველად, როცა დამინახა, ძალიან საქმიან გარემოში, გვერდით ჩამიარა, ყურადღება არც მიმიქცევია. არც კი ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ დარეკა და მითხრა, -მე ირაკლი ოქრუაშვილი ვარ და ,,ლანჩზე” გეპატიჟებიო. ჩავთვალე, რომ საქმიანი სადილი იქნებოდა. ,,სადილი” 9 საათზე გაიმართა. მივხვდი, რომ ამ ვახშამს საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრა იყო.
შემდეგ იყო რეისი ,,თბილისი-სტამბოლი-თბილისი”, დილით წავედით და საღამოს ჩამოვედით, შესანიშნავი საჩუქარი იყო.
…

