გოგიჩას ოჯახს სჯეროდა, რომ მძიმე სენს დაამარცხებდა

გოგიჩას ოჯახს სჯეროდა, რომ მძიმე სენს დაამარცხებდამსახიობ გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის ოჯახი დიდი ხანია განსაცდელს ებრძვის. გიორგის რამდენიმე წლის წინ მძიმე სენი დაუდგინეს. ყველას სჯეროდა, რომ ამ დაავადებას დაამარცხებდა, მაგრამ… ის გუშინ 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ქალიშვილი, ,,მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე თავის ოჯახზე ყვებოდა:

-შესაძლოა არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორ ცუდადაც უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს – ყველაფერი კარგად იქნება.
ახლა მკურნალობის გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ იმდენად მხნე ადამიანია თვითონ, არაფერზე პრობლემას არ ქმნის, საოცრებაა. ზუსტად მისი განწყობა გვაძლევს იმის ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო, ძაღლი მყავდეს და ა.შ. ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი დაეტყოს. ახლა რაღაც ბრძოლა არის, რომელშიც მჯერა, გაიმარჯვებს.

ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. როცა მეუბნებიან, შენზე რაღაც დაწერეს და ამაზე, როგორ არ გაბრაზდიო… ვეუბნები, ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი. დღეს ყველაფერი დაჩქარებულია და ყველაზე ღირებული სიცოცხლეა, ბოლო ყველასი ერთია.