გოგი ქავთარაძე თავის შეცდომებზე წიგნს წერს

გოგი ქავთარაძე თავის შეცდომებზე წიგნს წერს79 წლის მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრს ხელმძღვანელობდა, დღეს კი იქ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იწვევენ. აღარც თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობს, სადაც სტუდენტების არაერთი თაობა აღზარდა.

გოგი ქავთარაძე გასული მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დღეს პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობს, არსად ჩანს. თუ რატომ აღმოჩნდა ჩრდილში, ამის შესახებ ბატონი გოგი “სარკეს” უამბობს.

– ბატონო გოგი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ბრძანდებით, ასევე იყავით წინა მოწვევის პარლამენტის წევრი. საკმაოდ აქტიური პიროვნება ხართ, მაგრამ ბოლო დროს არსად ჩანხართ. რა არის ამის მიზეზი?

– თეატრის ხელმძღვანელი აღარ ვარ და ეს ჩემთვის ცოტა გასაკვირი და უჩვეულო ამპლუაა. მე სხვადასხვა თეატრების ხელმძღვანელი ვიყავი. ეს არ მომხდარა ასაკის გამო, უბრალოდ ყველამ თავის საქმეს მიხედა და ჩემი ადგილი აღარ დარჩა.

სამაგიეროდ, ვარ თავისუფალი, მაქვს ბევრი დრო. თეატრებში სტუმრის სტატუსით რომ მივდივარ, ძალიან კარგად მხვდებიან, მიღებენ და ამბობენ, რომ ჩემთან თანამშრომლობა სურთ. ეს არ არის პატარა საქმე.

– თავისუფალ დროს რაში იყენებთ, რას აკეთებთ?

– დიდი ხანია დავიწყე მუშაობა წიგნზე “შეცდომები”. მასში ვწერ იმ მნიშვნელოვან შეცდომებზე, რომლებიც დავუშვი. ძალიან მომწონს ეს სათაური. ერთმა ჩემმა მეგობარმა ხუმრობით მითხრა, მაჩუქე ეს სახელი და რასაც გინდა, გადაგიხდიო. ადამიანების ცხოვრებაში შეცდომები გარდაუვალია. შემდეგ ვცდილობთ, გამოვასწოროთ, მაგრამ ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ – არა…

კარიერის კუთხითაც ბევრი შეცდომა დავუშვი. ბათუმში მთავარი რეჟისორი ვიყავი და ვფიქრობ, რომ იქ კიდევ უფრო დიდი ხანი უნდა მემუშავა. ახლა მარჯანიშვილის თეატრში ვსაქმიანობ.

120-მდე სპექტაკლი დავდგი. არ ვამბობ, რომ ყველა თანაბრად კარგი იყო, მაგრამ რეჟისორის სურვილია, ყოველი ახალი სპექტაკლით კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი ადგილი. სპექტაკლების დროსაც დამიშვია შეცდომები… მოკლედ, ამ წიგნში ყველაფერს თავს მოვუყრი.

– პოლიტიკაში წასვლა და პარლამენტის დეპუტატობაც ხომ არ იყო შეცდომა?

– არა, რატომ უნდა ყოფილიყო შეცდომა ჩემი პოლიტიკაში მოსვლა?! მე კი არა, უკრაინაში შოუმენი და მსახიობი გახდა ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი. თუმცა ამ გადასახედიდან ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ, ვგულისხმობ პარლამენტში ყოფნის პერიოდს. ძალიან აქტიური კაცი ვარ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ჩემი თავი ვერ წარმოვაჩინე. ზესტაფონის მაჟორიტარი გახლდით, იქ თითქოს უფრო აქტიური ვიყავი, მაგრამ პარლამენტში – ვერა. არ ვიცი, რისი ბრალი იყო.

– ცნობილია, რომ თქვენ ძალიან ახლო მეგობარი ხართ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის. მოგვიყევით მასზე, როგორც მეგობარზე.

– მე და ბიძინას კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. დიდი ხანია მას არ შევხვედრივარ. ბოლოს საჩხერეში ვნახე, დედა რომ გარდაეცვალა, მაშინ. იქაც დადასტურდა, როგორი კარგი დამოკიდებულება აქვს ადამიანების მიმართ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გულდაწყვეტილი ვარ იმ ხალხზე, რომელმაც ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილის ფასი. ძალიან მტკივნეულია, როცა ვერ აცნობიერებ, რამხელა კაცი გვყავს გვერდით. გავა დრო და ჩვენ შეგვრცხვება, რომ ის ვერ დავაფასეთ.

ტელევიზიით ვინმე რომ გამოდის და ბატონ ბიძინას ლანძღავს, გულში ვფიქრობ, ნეტა, ბიძინა ამას თუ უყურებს-მეთქი. მერე გული მწყდება, მისი გუნდი და მის გვერდით მყოფები ხმას რატომ არ იღებენ, რატომ არ იცავენ.

– მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გუნდი?

– ეს არეულობა, რაც “ოცნებაშია”, ძალიან არ მომწონს. მე არ მაქვს უფლება, ვთქვა, რომ გუნდი არ მომწონს, მაგრამ ისეთი გუნდურობა აღარ აქვთ, როგორიც ადრე იყო.

– ვისთან მეგობრობთ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებიდან?

– ვინც შემხვდება, ყველას კარგად ვხვდები და თბილად მოვიკითხავ ხოლმე. ჩვენ უკვე ძალიან დავშორდით ერთმანეთს, ახლო ურთიერთობა აღარავისთან მაქვს.

– ბიძინა ივანიშვილმა რომ შემოგთავაზოთ, დაბრუნდებით პოლიტიკაში?

– რასაკვირველია. მე მგონია, რომ ჯერ კიდევ შემიძლია საქმის კეთება. ბიძინა ივანიშვილმა რომ მითხრას, გუნდში ისევ მჭირდებიო, მზად ვარ, მისი ჯარისკაცი გავხდე. პარლამენტის წევრობას დავთანხმდებოდი, ისევ ზესტაფონის მაჟორიტარობას. მინდა, მომდევნო პარლამენტის წევრი ვიყო, როგორც უხუცესი დეპუტატი.

– თქვენს შემოქმედებას დავუბრუნდები. რომელ სპექტაკლს გამოარჩევდით, რომელი გიყვართ განსაკუთრებულად?

– ალბათ “დიდოსტატის მარჯვენა”, რომელიც ჯერ ქუთაისში დავდგი, შემდეგ – სოხუმში. ასევე მიყვარს ჩემი კინოროლები, რომლებსაც თავიანთი ადგილი უჭირავთ. ბუნებრივია, კინო სხვა ჟანრია, სულ სხვა სფეროა, მაგრამ საინტერესოა. თეატრი კი ჩემთვის სულ სხვა რაღაცას ნიშნავს.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი, შვილთაშვილიც გყავთ.

– კი, ასეა, უკვე დიდი ბაბუა ვარ. მყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილი. ჩემი შვილიშვილი, ნუცა ქავთარაძე, ჟურნალისტია, ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციოს წამყვანად მუშაობს. როცა მას ვუსმენ, ძალიან განვიცდი, ვნერვიულობ, რომ რამე არ შეეშალოს.

– ბოლოს მინდა გკითხოთ: არის რაიმე განუხორციელებელი სურვილი, რაზეც ყველაზე მეტად გწყდებათ გული?

– კი, ის, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში აღარ ვმუშაობ. მე იქ 5 ჯგუფის გამოშვება შევძელი. ახლა ჯგუფი აღარ მყავს და რატომ არ უნდა მყავდეს?! ამ ხელისუფლების პირობებში აღარ მყავს. რამდენჯერაც შევეხმიანე, ხან რა მიზეზი მითხრეს, ხან – რა. ძალიან მინდა თეატრალურ უნივერსიტეტში დაბრუნება.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე