დღეს გერგეტის სამების დღესასწაულია – ღვთაებრივი სიყვარულის დღე

დღეს გერგეტის სამების დღესასწაულია - ღვთაებრივი სიყვარულის დღედღეს, 16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულია – ღვთაებრივი სიყვარულის დღე.

ხევის მთავარი სალოცავია გერგეტის სამება. თქმულება სამების ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, წმინდა სამების მთაზე ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს. წინათ აქ მონასტერიც ყოფილა. შიშიანობის დროს აქ ამოჰქონდათ მცხეთის ტაძრის საგანძური. აქვე ყოფილა დაცული ნინოს ჯვარიც, რასაც ვახუშტიც ამოწმებს: ,,გერგეთის ზევით არის მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, შვენიერ ნაშენი, შვენიერ ადგილსა”.

1749 წელს რომანოზ ბატონიშვილს ჯვარი მოსკოვში წაუღია და ბაქარ ბატონიშვილისთვის გადაუცია. სიწმინდე მხოლოდ 1801 წელს დაბრუნდა საქართველოში. ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა, ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი, “კუბოს კარად” წოდებული. ხატები ფიცარზეა დაწერილი. ერთს “საავდროს” უწოდებენ, მეორეს – “სადაროს”.

საავდროზე გამოსახულია ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება, “სადაროზე” – ჯვარცმა, ყოვლადწმინდა სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა. გვალვაში გერგეტელები საავდრო ხატს ტაძრიდან გამოაბრძანებენ და წყაროს წყალში განბანენ, ავდარში კი “სადარო” გამოაქვთ.

ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და ტაძრის კარი ყოველი მომლოცველისთვის ღიაა (წყარო კარიბჭე).

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია:

,,მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო”.

მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, “ელგეშის” ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.