დაბერების აპლიკაცია – ,,საფრთხე რეალურია, თქვენ ინფორმაციას აწვდით სპეცსამსახურებს” – სპეციალისტების რეაქცია ციფრულ უმეცრებაზე

დაბერების აპლიკაცია - ,,საფრთხე რეალურია, თქვენ ინფორმაციას აწვდით სპეცსამსახურებს" - სპეციალისტების რეაქცია ციფრულ უმეცრებაზე,,ჰოდა, ახლა ვინც თავი დაიბერეთ, რუსულ კომპანიას თქვენი მონაცემები ნებაყოფლობით გადაეცით. სორი”, – დაწერა ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ.

საქმე ეხება ბოლო დროს გავრცელებულ დაბერების პროგრამას, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლები სარგებლობენ, უსაფრთხო არ არის და შესაძლოა ეს ყველაფერი ძვირად დაგვიჯდეს.

faceapp, იგივე დაბერების აპლიკაცია 2017 წელს, რუსეთში, სანკტპეტერბურგელმა პროგრამისტებმა შექმნეს იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით.

აპლიკაცია ბოლო ორ წელიწადში რამდენჯერმე განახლდა და სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარული გახდა.

პროგრამა რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს, ნახოს, სახის როგორი გამომეტყველება ექნება მას წლების შემდეგ.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მომხმარებლებს faceapp-ის გამოყენება ძვირად დაუჯდეთ, რადგან როგორც წესი, მსგავსი პროგრამების საშუალებით მათი პირადი მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ხდება.

ზვიად სულაბერიძე, რომელიც ,,თავისუფალ უნივერსიტეტში” კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიას ასწავლის, ,,რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ სატელეფონო აპლიკაციებით ძალიან ბევრი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი – ამის საშუალებას თავად მობილური ტელეფონის ეკოსისტემა იძლევა. მით უმეტეს, თუ კონკრეტულ აპლიკაციას ინტერნეტი ესაჭიროება.

Face App-ს კონკრეტულად ფოტოგალერეაზე წვდომა სჭირდება, თუმცა თუკი ტელეფონის მეხსიერება ინახავს რაიმე დოკუმენტს, აპლიაკაციას, ცხადია, მასზეც აქვს წვდომა.

Face App-ის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტში ასევე წერია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ IP მისამართი, ადგილმდებარეობა, იცოდნენ, რა ტელეფონი გაქვთ და ა.შ. და როგორც ზვიად სულაბერიძე ამბობს, ამაზე ვერც შეედავები, რადგან ამ აპლიკაციის გამოყენებისას მის პირობებს შენი ნებით ეთანხმები.

„მაგრამ აქ საყურადღებო ის არის, რომ ეს საკმაოდ კარგი ალგორითმის მქონე და სახალისო აპლიკაცია, რომელიც უკვე 50 მილიონმა ადამიანმა ჩამოწერა, შესაძლოა, „საინტერესო“ იყოს ისეთი არამოსურნე მხარისთვის, როგორიც არის რუსული სპეცსამსახურები. შეიძლება ითქვას, რომ ამდენივე ადამიანის პირად მონაცემებზე გაქვს წვდომა. როგორ შეიძლება, რომ ამ რუსული კომპანიით არ დაინტერესდეს რუსული სპეცსამსახური? დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია ვერც კი შეეწინააღმდეგება მათ“.

ზვიად სულაბერიძე ამბობს, რომ რუსულ სპეცსასმახურებს აქვთ წვდომა ყველგან, სადაც ბევრი ადამიანის პერსონალური მონაცემია თავმოყრილი – იქნება ეს მაილ.რუ, იანდექსი თუ სხვა. მათ არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ სჭირდებათ კომპანიებისგან ინფორმაციის მისაღებად.

ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა გამოყენებული იქნეს:

  • პოლიტიკური მიზნებისთვის,
  • არჩევნებზე გავლენისთვის,
  • ტროლებისა და ბოტების შესაქმნელად.

სააგანგაშო სწორედ ეს არის და არა ვინმეს ფოტოს გამოყენება:

„რეალურად, ეს არის ჩვენ მიმარ მტრულად განწყობილი ქვეყნის კომპანია. გამოდის, რომ ჩვენ მტერს ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოიყენოს ეს ინფორმაცია და ჩვენზე მანიპულირების დამატებითი ინსტრუმენტები ჰქონდეს. სამწუხაროდ, 21- საუკუნეში ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა ციფრული უმეცრება“, – გვითხრა ზვიად სულაბერიძემ.

მეორე მხრივ, პერსონალურ ინფორმაციას ინახავს ფეისბუქიც, გუგლიც, თუმცა როგორც ზვიად სულაბერიძე განმარტავს, ამ ინფორმაციას ძირითადად იყენებენ რეკლამისთვის, გაყიდვების გასაზრდელად და თან, მისი სიტყვებით, ამერიკა არ არის საქართველოს ომის მტერი ქვეყანა და ნაკლებია შანსია, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია CyberHouse-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით აღნიაშვილი ხსნის, რომ როდესაც მსგავს სერვისებს ვიყენებთ, ეს ნიშნავს, – ჩვენი ნებით ვაზიარებთ ჩვენს მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას – IP მისამართებს, ვებ-ბროუზერის ტიპს, ჩვენი სმარტფონის უნიკალურ მახასიათებლებს, მომხმარებლის ადგილმდებარეობის ინფორმაციას, აპლიკაციის მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას და რაც მთავარია, ჩვენს პირად ინფორმაციას (ამ შემთხვევაში ჩვენს სახეს (ფოტოებს) – ადამიანის იდენტიფიკაცია კი შესაძლებელია როგორც თითის ანაბეჭდით, ასევე სახის თავისებურებებით.

Face App-ის პროვაიდერი ამ ინფორმაციას ამუშავებს და უმეტესწილად, მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო მეტი მონაცემი (ფოტო) ექნებათ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ სახის ამომცნობი ალგორითმების დასახვეწად. რაც შეეხება საფრთხეს:

„საფრთხე რეალურია. ერთ შემთხვევაში აპლიკაციის მწარმოებელმა შეიძლება ლეგალურად გაასხვისოს/გაყიდოს მომხმარებლებისგან მოგროვებული ინფორმაცია, უარეს შემთხვევაში კი, შეიძლება, ეს ინფორმაცია მოხვდეს სპეცსამსახურების ხელში. კონკრეტული მტკიცებულებები, რომ Face App აპლიკაციის შემქმნელები მონაცემებს აზიარებენ რუსულ სპეცსამსახურებთან ან რაიმე სხვა კავშირი აქვთ, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა რუსული კიბერსივრცის სამთავრობო კონტროლის გამო, რუსული კომპანიებისადმი ნდობა გაცილებით დაბალია“, – ამბობს დავით აღნიაშვილი.

პრაიმტაიმი, რადიო თავისუფლება