,,ჩემი მოსწავლის მამამ სიყვარული ამიხსნა”

,,ჩემი მოსწავლის მამამ სიყვარული ამიხსნა"მალე 40 წლის გავხდები, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი რამ მაინც სასწავლი მაქვს, ბევრი რამ არ ვიცი, მაგალითად, ადამიანებს როგორ უნდა მოვექცე. ალბათ გაინტერესებთ, ასე რატომ ვამბობ, ამიტომ მოგიყვებით იმას, რაც თავს გადამხდა.

ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ურთიერთობები პირველ ადგილზე იდგა. მშობლებისგან მხოლოდ ის მესმოდა, რომ მთავარია ადამიანობა და ყველას გასაჭირის გულთან მიტანა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, ყველას მიმართ თანაგრძნობას ვიჩენდი. არ შემიძლია წაქცეულს გვერდი ავუარო. რასაკვირველია, ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს, მაგრამ თურმე ზომიერება ყოფილა საჭირო. უნდა იცოდე, სად დაიჭირო დისტანცია და რა დროს მიუახლოვდე. აი, სწორედ ეს ზღვარი ვერ დავიცავი, არ ვიცოდი, სად უნდა გავჩერებულიყავი.

ოჯახი არასოდეს შემიქმნია, არც დედა ვარ. ერთადერთი ძმისშვილი მყავს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, მხოლოდ კომპიუტერში და სურათებზე ვესიყვარულები.

პედაგოგი ვარ, დაწყებით კლასებს ვასწავლი. მოგეხსენებათ, ბავშვები როგორი საყვარლები არიან და მეც თითოეული მოსწავლე უზომოდ მიყვარს. მათ ისე ვექცევი, როგორც საკუთარ შვილებს. ამიტომაც იბრძვიან მშობლები, რომ ბავშვები როგორმე ჩემს კლასში მოხვდნენ. იციან, რომ პატარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს ხელში გამოვლილები საუკეთესო მოსწავლეებად ითვლებიან.

2 წლის წინ ახალი კლასი ავიყვანე – პირველკლასელები. ოთხ თვეში დიდი ტრაგედია დატრიალდა, ერთ-ერთ ბავშვს, გოგონას, დედა გარდაეცვალა. სარკომა გაუჩნდა, რა აღარ გაუკეთეს, რით არ უწამლეს, მაგრამ არაფერმა უშველა. იმ დღიდან, როცა გავიგე, მათ ოჯახში რა უბედურებაც ტრიალებდა, ბავშვს გვერდიდან არ მოვშორებივარ. ყველანაირად ვცდილობდი, ეს ტრავმა როგორმე გადაეტანა. როცა დედამისი მძიმე პროცედურებს იტარებდა და ძალიან ცუდად იყო, ვეუბნებოდი, რომ ბავშვს მე წავიყვანდი და მართლაც მომყავდა სახლში.

კოლექტივში მეუბნებოდნენ, ზედმეტები მოგდის, შენც ცოდო ხარ, სულ დაზაფრული დადიხარო. ჩემს თავს არ ვიცოდებდი, ჩემი პატარა მოსწავლის გამო მიკვდებოდა გული. აღარ ვიცოდი, ამ ოჯახისთვის მდგომარეობა როგორ შემემსუბუქებინა.

მერე მოხდა ის, რამაც უამრავი ადამიანი გაანადგურა. ბავშვის დედა, სრულიად ახალგაზრდა ქალი, გარდაიცვალა და ორი შვილი ობლად დატოვა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კეთილშობილი და მისმა წასვლამ უზომოდ დაგვწყვიტა გული.

მაშინაც ოჯახის გვერდით დავდექი. ბავშვი ისე მომეკედლა, გვერდიდან არ მშორდებოდა. ჩემი აზრით, შევძელი, რომ მისთვის ეს ნაკლები ტრავმა ყოფილიყო, ყველანაირად ვეცადე, მის პატარა გულს ნაკლები ჭრილობა მიეღო და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

ბუნებრივია, ბავშვი განსაკუთრებულად შემიყვარდა. ოჯახი გონზე რომ მოვიდა და ფეხზე დადგა, მოსწავლე სახლში აღარ წამომიყვანია. ვეცადე, ისე ვყოფილიყავი მასთან, როგორც დანარჩენ ბავშვებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ვიჩენდი და არამარტო მე, მთელი სკოლა და ბავშვებიც კი. უნდა ნახოთ, კლასელებიც როგორ ევლებიან თავს და როგორ უყვართ ეს უსაყვარლესი გოგონა.

ბავშვს მამა ხშირად აკითხავდა, მას მიჰყავდა და მოჰყავდა სკოლაში. მეც ძალიან თბილად ვხვდებოდი. მეცოდებოდა მარტოდარჩენილი მამაკაცი, რომელსაც ამხელა ტკივილი ჰქონდა საზიდი. მას უკვე მეგობრად ვთვლიდი, მაგრამ…

რამდენიმე კვირის წინ საშინელება მოხდა, მოვიდა და სიყვარული ამიხსნა. მითხრა, შვილებს შენზე უკეთესად ვერავინ მიმიხედავს, მინდა, ცოლად გამომყვეო.

ვერ აგიხსნით, რა დამემართა, ლამის მოვკვდი! მხოლოდ ის ვუთხარი, მეტჯერ აღარ გაიმეორო და არც ჩემთან მოხვიდე-მეთქი. წავიდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდა. თურმე ბევრი აქეზებდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. თითქმის ცოლობა გაგიწია იმ გაჭირვების დროს და ბარემ დაქორწინდით, უარსაც არ გეტყვის, 40 წლის ქალია, გათხოვება უნდაო.

ძალიან ბევრისთვის მომიხდა ახსნა, რომ შეუძლებელი იყო, ასეთი რამ გამეკეთებინა. ფიქრებშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ მისი ცოლის ადგილი დავიკავო. არადა მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, ბევრმა დაიწყო ჭორაობა, ამ კაცის ცოლობა უნდა, შვილებიც მზამზარეული ეყოლება, მაგრამ ახლა უბრალოდ თავს იფასებსო.

ასეთ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი. ნუთუ შეიძლება ასე გაამწარო სხვა, ასეთი ცილი დასწამო?! მე ბავშვს დავუდექი გვერდით, მისი პატარა გულის დაცვა მინდოდა და არასოდეს მიფიქრია, რომ დედამისი ჩამენაცვლებინა. ვისაც ასეთი მახინჯი აზრები მოსდის თავში, რცხვენოდეს!

მერე, რა, რომ 40 წლის ვხდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის შესაქმენელად ვიბრძვი და ამის გამო ყველაფერზე წავალ. როგორც ჩანს, დისტანცია უნდა დამეცვა, მე კი ზღვარს გადავაბიჯე და ასეთი შედეგიც მივიღე. სიკეთის კეთების დროსაც ზომიერება ყოფილა საჭირო.

სარკის ერთგული მკითხველი