ზურაბ ანთელავა თბილისიდან მიდის – ,,მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით”

ზურაბ ანთელავა თბილისიდან მიდის - ,,მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით"მსახიობი ზურაბ ანთელავა, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას როლს ასრულებს, ზუგდიდში გადადის საცხოვრებლად. ამის შესახებ ის ჟურნალ ,,გზასთან” სუბრობს:
-ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი წერედიანმა თეატრში მიმიღო, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კი ბატონმა მანუჩარ სამუშიამ რეჟისორ-კონსულტანტად მიმიწვია. ასე რომ, ზუგდიდში გადავბარგდი. უბრალოდ, თვენახევრით ესპანეთში ვიყავი წასული. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვერ ვარ, თუმცა სერიოზული არაფერია. ახლა უკვე ზუგდიდში გამგზავრებას ვაპირებ.
– ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?
– არა. ჯერ ერთი, მე ხომ ზუგდიდელი ვარ და მეორეც: ზუგდიდში ანთელავამ თავისი კვალი ხომ უნდა დატოვოს? ანთელავები წარმოშობით ზუგდიდიდან ვართ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქის ღირსებისთვის. მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაც გავაკეთო. თანაც, გუბერნატორი ძალიან მოწადინებულია, რომ კულტურის სფერომ წინ წამოიწიოს. ჩემი სურვილი და მისი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. ზუგდიდის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: ვიცი, თუ როგორ უნდა ავაშენო თეატრი. დღესდღეობით, საქართველოში არსებული თეატრებიდან ისე არც ერთს უჭირს, როგორც ზუგდიდის თეატრს. ცოდნა მაქვს, მეგობრები და თანამოაზრეები მყავს, რომლებიც ხელს შემიწყობენ, რომ ამ თეატრმა თავისი სათქმელი თქვას.
– ძალიან კარგი. ბატონო ზურაბ, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, ახლობლებზე გაბრაზებული თქვენი პერსონაჟი – კვაზი მანტკავა ეტლში ჩაჯდა. რეალურ ცხოვრებაში, თქვენ როგორ გამოხატავთ სიბრაზეს?
– (იცინის) სხვადასხვანაირად. გააჩნია, რის გამო ვბრაზდები. არსებობს ისეთი გაბრაზება, რომელიც უნდა “გაატარო” – შეიძლება, არც სხვამ შეამჩნიოს და თავადაც არ უნდა შეიმჩნიო. ისეთი სიბრაზეც არის, რომელიც აუცილებელია, “გამოვიდეს”. მქონია შემთხვევა, როცა ყვირილი მინდოდა. წყნარად ვითმენდი, მაგრამ ეს იცი, როგორი სიწყნარეა ხოლმე? შინაგანად რომ ვდუღვარ და გარეგნულად არაფერი მეტყობა. შეიძლება, თავად მგონია, რომ არ მეტყობა, მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს, ვინმე ხომ მეტყოდა, – ასე რატომ ხარო?.. ასეთ დროს თავს ვიკავებ, მაგრამ მინდა, ვიღრიალო, ვიხავლო!.. გაბრაზება სიხარულის ანტიპოდია. ხანდახან ადამიანებს როგორც სიხარულის, გაბრაზების გამოხატვაც უჭირთ ხოლმე. ზოგჯერ მირჩევნია, ადამიანს გავერიდო, ხან კი მინდა – დავგლიჯო, ნაწილებად დავშალო. გააჩნია, ვისგან მოგხვდება და როგორი დარტყმაა.

– სიბრაზის მართვა ყოველთვის კარგად შეგეძლოთ?
– მოზარდობის პერიოდს გავიხსენებ, როცა საცხოვრებლად დიღომში გადმოვედით: მამიდაჩემი ძალიან მკაცრი იყო. ვიდრე არ ვიმეცადინებდი, მანამდე გარეთ გასვლის შანსი არ მქონდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ და მეც მინდოდა, არადა, მეცადინეობა დასასრულებელი მქონდა. აივანზე ვიდექი. ბავშვები ეზოდან მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ. ვგიჟდებოდი, ვხაოდი, ბოლოს ვტიროდი.

სამსახურიდან დაბრუნებული მამიდა მხედავდა, რა დღეში ვიყავი – თვალები დასიებული მქონდა. მიზეზით დაინტერესდა (ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა) და როცა ავუხსენი, მითხრა: იცი, რა, ისინი იმიტომ გაბრაზებენ, რომ იციან, პასუხს ვერ გასცემ. ამიტომ თავი შეიკავე და მათ ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენი გაბრაზებით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცეო.

სასწაული გაკვეთილი ჩამიტარა! მერე, ნელ-ნელა თავშეკავების სწავლა დავიწყე. ზოგჯერ ადამიანი ისე ბრაზდები, თავს ვერ იკავებ და გინდა, რამეს შეასკდე, თუნდაც მოკვდე. საერთოდ, ცხელ გულზე არასდროს არაფერი უნდა გააკეთო. შეიძლება, სიტყვა წამოგცდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 32 კბილი გვაქვს, ადამიანი ენას კბილს ვერ აჭერს, მაგრამ მოქმედება უნდა გაანალიზო: ჯერ “მაღალმა ტემპერატურამ” უნდა გაიაროს და გადაწყვეტილება დადინჯებულმა მიიღო. ამიტომაა ნათქვამი, – დილა საღამოზე ყოველთვის უფრო ბრძენიაო: საღამოს აღგზნებული ხარ, დილით კი დამშვიდებული გონებით ყველაფერს გააანალიზებ და მიხვდები.
– მოდი, კვაზი მანტკავას საქციელზე ვისაუბროთ, როცა კვაზის თვალში, მისი საახლობლო წახდა და თავად ეტლში ჩაჯდა…
– აი, გარშემო მყოფმა ვითომ მოსიყვარულე ხალხმა ადამიანი სადამდე მიიყვანეს (ყველა ეფერება – ყველა ფლიდობდა), მისი და თავიანთი ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს. კვაზიმ ეს ვერ გადაიტანა. ამჯობინა, ისევ სავარძელში ჩამჯდარიყო – არ ესმოდეს და არ დაინახოს. მის გარშემო მყოფებმა სახე დაკარგეს. “ჩემი ცოლის დაქალებში” სწორედ ეს იდეაა, რომ ჩვენს ერს ვაჩვენოთ, სად და რა გვტკივა, რომ ვუმკურნალოთ. თითქოს გასართობი სერიალია, მაგრამ ამაში ის სიბრძნეა ნაჩვენები, რომ შეუმდგარი ადამიანების შემხედვარენი ჩვენც ასეთად არ გადავიქცეთ. მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით, არა?

გზა