თამრიკო ჭოხონელიძე: ,,მე პატივს ვცემ გიასადმი გრძნობას, რომელიც წრფელი იყო” – რატომ ატარებს მომღერალი საქორწინო ბეჭედს

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,მე პატივს ვცემ გიასადმი გრძნობას, რომელიც წრფელი იყო" - რატომ ატარებს მომღერალი საქორწინო ბეჭედსსაბჭოთა ეპოქაში, როცა ქვეყანა შეჩვეული იყო სცენაზე მდგომი ნებისმიერი ასაკის მომღერლის მიერ გაუცინარი, გაშეშებული, სერიოზული სახით სიმღერის შესრულებას, მთელი საბჭოთა კავშირი (შემდგომში უცხოეთიც) ააფეთქა მართლაც მზის ენერგიით დამუხტულმა, ხალისიანმა, ლამაზმა, ფერადმა, სიხარულით და სილაღით სავსე გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა “მზიურმა”. ანსამბლის პოპულარობა კოსმოსური სისწრაფით იზრდებოდა და სწორედ ამ პოპულარობის ზენიტში მყოფმა “მზიურელმა” თამრიკო ჭოხონელიძემ 13 წლის ასაკში დატოვა. გააცნობიერა, რომ ის სახასიათო სიმღერები, რომლებსაც პატარა ასაკში ბუნებრივად ასრულებდა, უკვე მოზრდილს ისე ლაღად აღარ გამოსდიოდა.

მართალია, ამას მაყურებელი ვერ ამჩნევდა, მაგრამ თამრიკო საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო. უთხრა კიდეც მამას, ცნობილ მუსიკათმცოდნესა და ფოლკლორისტ კუკური ჭოხონელიძეს, სცენაზე გულწრფელი არ ვარ, მსახიობობა მიწევსო. მამამ მაშინ შეაქო, ყოჩაღ, სწორი გადაწყვეტილება მიგიღიაო. გოგონა იზრდებოდა, ცოდნას იძენდა და იღრმავებდა, რასაც მოჰყვა კონსერვატორიაში სწავლის ნაყოფიერი წლები. შემდეგ იყო ტელევიზიაში მუშაობა და ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრა.

ეკრანებზე როცა გამოვიდა ქართული ფილმი “იავნანამ რა ჰქმნა?!”, მეტროში უცნობმა კაცმა გააჩერა და უთხრა: “მე ვარ მხატვარი გია ბუღაძე. ამ ფილმის მხატვარი ვიყავი და როცა თქვენი შესრულებული “იავნანა” მოვისმინე, ბევრი რამ ახლებურად დავინახე, რისთვისაც მადლობას გიხდი”.

წლებმა ბევრი რამ მოიტანა მის ცხოვრებაში – შემოქმედებითი წარმატებები, შვილები, შვილიშვილები, მისი სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ. და ბევრი რამ წაიღო კიდეც, დაუტოვა ბზარი ოჯახურ ცხოვრებაში, მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი…

რამდენიმე ხნის წინ მის ცხოვრებაში დაბრუნდა ტელევიზია, “რუსთავი 2”-ში დაიწყო მუშაობა და ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი ნაბიჯი ბევრს გაუკვირდა. თამრიკო ჭოხონელიძეს ჩვენც ეს კითხვა დავუსვით ინტერვიუს დასაწყისში.

– გაოცება გამოიწვია ფაქტმა, რომ თქვენ “რუსთავი 2”-ზე მიხვედით სამუშაოდ, იმ არხზე, რომელიც ცალსახად ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერია, თქვენ კი ნაციონალური მოძრაობას ყოველთვის ოპოზიციაში ედექით.

– იცით, რა? მე მაოცებს ზუსტად იმ საზოგადოების პოზიცია, რომელიც ასე აფასებს მოვლენებს – თუ “რუსთავი 2”-ზე გამოხვალ, მტერი ხარ, ან პირიქით – თუ სხვაგან მიხვალ, მაშინ მეორე მხარის მტერი ხარ. სანამ მუშაობას დავიწყებდი, მანამდეც მივდიოდი “რუსთავი 2”-ში და გამოვთქვამდი ჩემს აზრს ამა თუ იმ საკითხზე. მერე რა, თუ ზოგჯერ და ბევრჯერაც ტენდენციურად მიმაჩნდა მათი გადაცემები. მაინც ვთვლიდი, რომ იქაც და, საუბედუროდ, გაგლეჯილი ერის ყველა მხარეს ქართველები არიან და ყველას თავისებურად უნდა ქვეყნისთვის სიკეთე.

შემომთავაზეს გადაცემაში რუბრიკის წაყვანა “ერთი სიმღერის ამბავი” და ჩავთვალე, რომ ეს სიკეთის მომტანი იქნებოდა საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მაყურებელს ვაცნობ ისეთი კომპოზიტორების სიმღერებს, მათი შექმნის ისტორიებს, მათ მუსიკალურ ღირებულებებს, რომელთაგან ზოგი კარგა ხანია დავიწყებულია. ეს ძირითადად ქართული სიმღერაა, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება.

მინდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიწვიო სტუდიაში, გამოთქვან აზრი, დაინახონ, რომ მათ განსხვავებული აზრის გამოთქმას არავინ უშლის.

და კიდევ, მე ყოველთვის მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი ცოდნა გადავცე ახალგაზრდებს და მივცე მიმართულება, რა ჯობია მოისმინონ მათ – ხარისხიანი მუსიკა  თუ მდარე ტაშ-ფანდური.

– წლების წინ ტელევიზიამ დიდი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, “მზიურის” შემდეგ იქ გამოჩნდით მაყურებლების წინაშე, პოპულარობა ისევ მოვიდა თქვენთან და მომავალი ქმარიც, მსახიობი გია როინიშვილი, ტელევიზიაში გაიცანით.

– საქართველოს ტელევიზიაში (მაშინ ერთი ტელევიზია იყო) გადიოდა შემეცნებითი გასართობი პროგრამა, სადაც შემომთავაზეს, მუსიკალური მიმართულებით მომემზადებინა სიუჟეტები. ძალიან მიმზიდველი წინადადება იყო, ბევრ თემას ვეხებოდი – მუსიკოსების, კომპოზიტორების ცხოვრებას, მათ ისტორიებს. არც საჩოთირო თემებს ვერიდებოდი, განვიხილავდი თანამედროვე სასიმღერო ტექსტებს, არასწორად დასმულ მახვილებს, მიმბაძველობას, განსაკუთრებით რუსული ესტრადის გავლენას, უგემოვნებო მუსიკის დამკვიდრებას.

ჩემი ასეთი მწვავე თუ მკვახე გამოსვლები ბევრს არ მოსწონდა, ბევრი პირიქით, მამხნევებდა. მახსოვს, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მითხრა, თამრიკო, ასე გააგრძელე, შენ გვერდით მიგულეო. ხოლო ეკა კახიანის ქორწილში ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა ჩემი სადღეგრძელო დალია და გადაცემა შემიქო.

ამ პროგრამის წამყვანი გახლდათ მსახიობი გია როინიშვილი. ჩვენ შორის გაჩნდა ნაპერწკალი, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა და გაცნობიდან ერთ წელში ვიქორწინეთ. ჩვენ ცხოვრებამ არაჩვეულებრივი საჩუქარი გვიბოძა, ორი უსაყვარლესი შვილი, რომლებიც უკვე დამოუკიდებელი და, ვფიქრობ, კარგად აღზრდილი პიროვნებები არიან.

ყველაფერი ხდება და ჩვენს ცხოვრებაშიც გაჩნდა ბზარი, რომელიც იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს დავცილდით.

– საქორწინო ბეჭედს ისევ ატარებთ?

– ხშირად აინტერესებთ, ვატარებ თუ არა საქორწინო ბეჭედს. დიახ, ვატარებ, რადგან ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი არის ჩემი წარსული, სავსე უამრავი ამბით, სიყვარულით, სიხარულით, შვილების შეძენის ბედნიერებით, თანაცხოვრებით. მე პატივს ვცემ ჩემს წარსულს და იმ გრძნობას, რომელიც წრფელი იყო.

– არ გიჭირდათ ორი, თითქმის ერთი ასაკის ბავშვის გაზრდა?

– ძალიან ბუნებრივად გავითავისე დედობა. შვილები ერთი დღეც არ დამიტოვებია უჩემოდ. სულ ვფიქრობდი, მე თუ წავალ, მართალია, ჩემს შვილებს ყურადღება არ მოაკლდებათ, მაგრამ ჩემსავით ვერავინ გაიგებს, მათ თუ რამე შეაწუხებთ-მეთქი. მართლაც ასე იყო.

ერთხელ საბერძნეთში მივდიოდით კონცერტისთვის. ღამე კოკოს მხოლოდ ერთხელ წამოახველა და ისე შევშფოთდი, მთელი ღამე ფხიზლად გავატარე. არც შევმცდარვარ, დილით ბავშვს ცრუკრუპი აღმოაჩნდა. აღარ წავსულვარ გასტროლზე.

ორი თვის იყო მარიამი, როცა გიას სპექტაკლზე წავედი სულ ორი საათით. სახლში დაბრუნებულს დიდი ალიაქოთი დამხვდა – მარიამი ტიროდა, დედაჩემი წამლით ხელში დარბოდა, ბებია ნაჭრებს ათბობდა, რომ მუცელზე დაეფინა ბავშვისთვის, მამაჩემს წყლიანი ჭიქა ეჭირა… ავიყვანე ხელში, მოვეფერე, დედიკო, მოვედი-მეთქი და მაშინვე დაწყნარდა.

ბავშვები პიროვნებებად პატარაობიდანვე უნდა გაზარდო. არ მოაკლო სითბო და ყურადღება, მოუსმინო, არ შეაწყვეტინო საუბარი, წიგნი შეაყვარო არა ყვირილით, არამედ შეუმჩნევლად, თამაშ-თამაშით, შეაქო, გაამხნევო.

კოკო სულ პატარა იყო, 4 წლის. ერთად მოვდიოდით, მოზრდილი ჩანთა მეჭირა და ვუთხარი, დედიკო, შენ კაცი ხარ, ქალს უნდა მიეხმარო, მოდი, ჩანთა წამომაღებინე-მეთქი. აბა, კოკო როგორ შეძლებდა ჩანთის აწევას? ისიც მე დამეკიდა, მაგრამ ხელი არ გავაშვებინე, პირიქით, შევაქე და მადლობა გადავუხადე.

კოკოს თითოეული ნაბიჯი ვიცოდი. თუ გახსოვთ ფილმი “თოჯინები იცინიან”. სესილია თაყაიშვილის გმირს ვგავდი, შვილიშვილს რომ ჩუმად დაჰყვება უკან. ასე ხშირად გავყოლივარ, დამიხედავს იმ ადგილისთვის, სადაც იკრიბებოდნენ, დავინტერესებულვარ მის გარშემო შეკრებილი ადამიანებით, მაგრამ ისე, რომ კოკოს არ გაეგო, მის თავმოყვარეობას არ შევხებოდი.

ორივე შვილი გულწრფელი და მეგობრულია ჩემთან. როცა კოკომ მითხრა, რომ შეყვარებული იყო, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, არ დამიშლია და გვერდით დავუდექი, რადგან ვიცოდი, ჩემი შვილი კაცად გავზარდე და გაუაზრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ახალგაზრდა წყვილმა აუცილებლად ცალკე უნდა იცხოვროს, რომ ერთად გაიარონ თანაცხოვრების ტკბილი და ამავდროულად რთული მომენტები. შეისწავლონ ერთმანეთი ოჯახურ გარემოში, მოერგონ ერთმანეთის ხასიათს და ერთ ხმაში გააგრძელონ ცხოვრება.

– თქვენ ყოველთვის შეულამაზებლად გამოთქვამთ აზრს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენმა პირდაპირობამ არ გავნოთ ცხოვრებაში?

– არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ცხოვრობენ და არიან ადამიანები, რომელთაც საკუთართან ერთად ქვეყნის ბედ-იღბალიც სტკივათ. როცა საქმე ჩემს ქვეყანას, მის სატკივარს თუ კეთილდღეობას ეხება, ვერ გავჩერდები. არც არასდროს გავმდგარვარ გვერდზე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მიფიქრია კიდეც, რომ მთლად უსაფრთხო არ იყო ჩემი ოჯახისთვის ჩემი ნაბიჯები.

უკვე საკმაო დრო გავიდა და ვიტყვი. იყო ჩემთან ასეთი სატელეფონო ზარი: “ქალბატონო, არ გინდა, რომ შენს შვილებს დიდხანს უმღერო “იავნანა?”. ეს გაცხადებული მუქარა იყო, დაშინების მცდელობა. ვერ გავიგე, ვინ დარეკა.

არც მაშინ გავჩუმებულვარ და ვერც ახლა გავჩუმდები, როცა ვხედავ, რომ არაფერი კეთდება ჩემი სფეროს გასავითარებლად და ყველაფერი ზედაპირულია, როცა ბევრ უვიცს ჩაუვარდა ხელში ჩვენი საგანძური, რისი ფასიც არ იციან. დამღუპველია, როცა ტელეეკრანებიდან ხშირად ისმის თვითმარქვია მუსიკოსების მენტორული ტონით ნათქვამი სრულიად არაპროფესიონალური რჩევები და ეს ყველაფერი საზოგადოებას ჭეშმარიტება ჰგონია.

– ორი შვილიშვილის ბებია ხართ, აქტიურად მონაწილეობთ მათ აღზრდაში?

– ჩემი რძალი და ჩემი ქალიშვილი თავადაც ძალიან კარგად ზრდიან თავიანთ შვილებს. კოკოც მაოცებს, ისეთი იდეალური მამაა. რა თქმა უნდა, მეც დიდ მონაწილეობას ვიღებ ამ საქმეში და თან დიდი სიამოვნებით. მათთვის მე ბებია არ ვარ, ბებიად უფრო დედაჩემს მოიაზრებენ.

ორივე გონიერი და ნიჭიერი გოგოა. ელენე მრავალმხრივია, დადის ბალეტზე, მღერის, უკვე “მსახიობობაც” დაიწყო. “პირველ არხზე” იღებენ სერიალში “იდეალური დედა”. უყვარს კითხვა, მე დადის მეძახის. ამას წინათ მითხრა: “დადი, მე შენთან დამრჩა ეზოპეს იგავები”. მარიამმა უყიდა და ძალიან მოსწონს. სკოლაში კარგად სწავლობს, დამოუკიდებლად წერს პატარა თხზულებებს, ნოველებს.

მარიამი ხუთი წლისაა, ისიც ძალიან ნიჭიერია. რასაც ელენე სწავლობს, მარიამმაც ზეპირად იცის. ზოგჯერ მაოცებს კიდეც, მეკითხება: “იცი, რა ჰქვია ციყვის შვილს?”. მართლა არ ვიცოდი – დღნაჩვი.

ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს – მე, ჩემი შვილები, ჩემი ორი და თავისი ქმარ-შვილით, უკვე შემომატებული რძლებით. მოუთმენლად ველოდებით ზაფხულს. ყველანი საგურამოს დიდ სახლში ვგროვდებით და ეს არის ბედნიერება. ჯერ ჩვენი შვილები ხედავდნენ, როგორ გვიყვარს დებს ერთმანეთი და მათ მიიღეს ეს სიყვარული, ახლა შვილიშვილები ხედავენ, როგორ უყვართ მათ მშობლებს ერთმანეთი და ასე გადადის სიყვარული თაობიდან თაობაში. ვისურვებ, საქართველოში არც ერთ ოჯახს მოჰკლებოდეს ასეთი მზე და ასეთი სიყვარული.

 ია ქუთათელაძე. ჟურნალი ,,სარკე”