მაშველი: ,,მამა-შვილი ჩახუტებულები იყვნენ, მამას წყალში გული გაუსკდა, შვილს წყალი ჰქონდა ნაყლაპი”

მაშველი: ,,მამა-შვილი ჩახუტებულები იყვნენ, მამას წყალში გული გაუსკდა, შვილს წყალი ჰქონდა ნაყლაპი",,ერთი კაცის სიცოცხლეც კი ფასდაუდებელია, ათასი სიცოცხლიდან ერთიც თუ დავკარგეთ,­ თავს გამარჯვებულად არ ვთვლით”, – ამბობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ცვლის მეთაური ელიზბარ­ (ტატო) კოპალიანი და ყვება:

– მძიმე დღეები გამოვიარეთ ჭუბერის სტიქიის დროს. მოვარდნილმა წყალმა მდინარეები აადიდა და სოფლები გარესამყაროს მოსწყდა. მადლობა ღმერთს, ყველა სამშვიდობოს გამოვიყვანეთ, მაგრამ წყლის დონე მატულობდა. ჩვენ თვალწინ იშლებოდა სახლები და წყალს თან მიჰქონდა ადამიანების წლობით ნაკოწიწები ქონება…

მდგომარეობის დასტაბილურებას ერთი კვირა­ დასჭირდა, მთელი დღეები არ გავჩერებულვართ – გადაგვყავდა მოსახლეობა­ და ამ დაღლას ადგილობრივების სიყვარული გვიმსუბუქებდა, ჩვენ მათზე, ისინი კი
ჩვენზე ზრუნავდნენ. სულ იმას მოგვძახოდნენ, შვილო, ფრთხილადო. პირველადი და აუცილებელი ნივთების დარიგებაშიც მივიღეთ

მონაწილეობა. დავასრულეთ თუ არა სამუშაო, შეტყობინება შემოვიდა, ქვემო სვანეთი იწვისო და მაშველები წყალდიდობიდან ხანძრის ზონაში, ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოში აღმოვჩნდით. ხანძრის ლოკალიზებისთვის რამდენიმე დღე შეუსვენებლად ვიმუშავეთ. კლდოვანი რელიეფის გამო ქვები ცვიოდა და ყოველდღე იმ მონაკვეთის გავლა სიცოცხლისთვის საშიში იყო. ადიდებულ ცხენისწყალზე სპეციალურად მოწყობილი სისტემით, თოკებით გადაგვქონდა აღჭურვილობა. საბედნიეროდ, სტიქიას გავუმკლავდით…

წყალში სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს ხშირად წამები წყვეტს და ამიტომ ზოგჯერ გარდაცვლილების ძებნა გვიხდება. მახსენდება ანანურის შემთხვევა – რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ წყალში ჩახუტებული მამა-შვილი ვიპოვე. მამას წყალში გული გაუსკდა, პატარას კი წყალი ჰქონდა ნაყლაპი. ენით აღუწერელი ტრაგედიის მომსწრე გავხდი… მსგავსი მძიმე შემთხვევა რუსთავშიც მქონდა, როდესაც 9 წლის ბავშვს­ ვეძებდი­. წყალში ხილვადობა არ იყო. ბავშვი ნახევარ საათში ვიპოვე. როცა წყლის სიღრმიდან შეწყვეტილი სიცოცხლე ამოგყავს,­ გულს ბაგაბუგი გააქვს… ყოფილა­ ისეთი­ შემთხვევებიც, როცა ოჯახის წევრებს უთქვამთ, ოღონდ ცხედარი გვაპოვნინეთ და როგორც ცოცხალს, ისე ჩავთვლითო. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია და ამასობაში სიცოცხლის უფრო მეტად დაფასება ვისწავლე…

არცთუ დიდი ხნის წინ ურეკში მქონდა ბედნიერი შემთხვევა: ხშირად დამსვენებლები აკრძალულ ადგილებში ბანაობენ. მაღაზიიდან გამოვედი და გზად დავინახე, თითქოს წყალში ბავშვი შველას ითხოვდა. ამას თვალით მივხვდი, თორემ ყვირილი არც გამიგონია. ისე სწრაფად გავიქეცი, მეგონა, წყალზე ზემოდან გავირბინე. მივვარდი ბავშვს, გულში ჩავიკარი და 8 წლის ბიჭუნა სამშვიდობოს გამოვიყვანე. მშობლებისთვის არ მითქვამს, რომ მაშველი ვიყავი ან ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? წამოსვლის მერე ერთი რამ ვინანე – ბავშვს ჩემთვის მადლიერების ნიშნად რაღაც ნივთის ჩუქება უნდოდა და არ გამოვართვი, ალბათ, ვაწყენინე…

გასახსენებლად უმძიმესია აფეთქება ფონიჭალაში. აბსოლუტურად ყველა სართული დანგრეული, ჭერი და იატაკი გაერთიანებული, ქვედა სართულები კი დაბზარული იყო. შენობა მთლიანად რომ არ ჩამონგრეულიყო და მაშველები არ ჩაეტანა, გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, ამან დიდი დრო და ენერგია წაიღო, ლამის 7 საათს გაგრძელდა. გარდაცვლილ დედა-შვილს ვეძებდით, ჯერ დედა ვიპოვეთ, რამდენიმე საათში ბავშვსაც მივაგენით. უმძიმესია, როცა დასახიჩრებულ პატარას ხელში აიყვან, ასეთ მომენტში ყველაფერი აზრს კარგავს. როცა ყველაფერს მოვრჩით, მერე აღმოვაჩინეთ ჩვენი ჭრილობებიც და ტკივილიც ვიგრძენით. არადა, იმ 7 საათში, მტვერსა და ნგრევაში, არც გვიგრძნია, რამე თუ დავიზიანეთ. ფონიჭალის სამაშველო სამუშაოებისთვის პრემიერ-მინისტრმა დაგვაჯილდოვა.

დათვის ბელი ნუცა და ბეჰემოთი ბეგლარი

– 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის დროს ვერეს ხეობაში ურთულეს საძიებო ოპერაციას ვასრულებდით – დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებს დღედაღამ ვეძებდით. ზოოპარკის დატბორვის გამო ცხოველებიც საფრთხეს ქმნიდნენ. გახსოვთ, ალბათ, კონდიციონერზე შემომჯდარი დათვის ბელი, დათუჩას დასაძინებელი ნემსი ვესროლეთ და ჩამოვარდა. ნავში რომ ჩავსვით, ნახევრად გამოფხიზლდა და აგრესიული გახდა, დრუნჩზე თოკი შემოვახვიეთ, გავთოკეთ და ბოლოს ისე გამოვიყვანეთ. დღეს ნუცა თავს კარგად გრძნობს ზოოპარკში, უკვე დიდი გოგოა. შემდეგ ზოოპარკის თანამშრომლებმა გვთხოვეს, ქუჩაში მოსიარულე ბეჰემოთისთვის მიგვეხედა.­ უსაფრთხოების მიზნით იმდენი გამაყუჩებელი ნემსი ჰქონდა ნასროლი, წყლის დიდი რაოდენობა რომ არ მიეღო, შეიძლებოდა დაღუპულიყო. წყალი ხან ზემოდან ვასხით, ხან პირში და ბეგლარი გადავარჩინეთ.

ღამით­ თუ დღისით ისეთ ადგილებში დავდიოდით, სადაც ნიანგები დაცურავდნენ (ისინი უფრო ღრმა წყლებში­ იყვნენ და ალბათ ამიტომაც გადავურჩით). წყალმა რომ დაიკლო, მერე გამოჩნდნენ და იარაღით თუ უიარაღოდ მოხერხდა მათი დაჭერა…

11 წელია მაშველად ვმუშაობ. ოჯახის წევრები ჩემ გამო სულ შიშში არიან. ჩემთვის სხვა სამსახურიც მოუძებნიათ, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, ისეთი სიყვარული და მონატრება აქვს, არაფერზე გავცვლი… ჩვენს საქმეს ხომ სიკვდილზე გამარჯვება ჰქვია.

კვირის პალიტრა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019