მარიამ გაფრინდაშვილი: ,,კაცების დიდ ნაწილს ალბათ პირსისხლიანი ვგონივარ” – როგორი მეუღლე სჭირდება ,,კურიერის” უშიშარ ჟურნალისტს

მარიამ გაფრინდაშვილი: ,,კაცების დიდ ნაწილს ალბათ პირსისხლიანი ვგონივარ" - როგორი მეუღლე სჭირდება ,,კურიერის" უშიშარ ჟურნალისტსტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ყველგანაა, სადაც ექსტრემალური და ტრაგიკული მოვლენები ხდება. ის მიკროფონით ხელშია იქ, სადაც ინგრევა, სადაც კლავენ და სადაც იჭერენ. მისთვის კულტურულ მოვლენებზე სიუჟეტის მომზადება ნამდვილი სასჯელია. მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც არ შეუძლია თბილ და კომფორტულ გარემოში საქმიანობა, ექსტრემალური ვითარება ჩემთვის ყველაზე კარგი გარემოაო, გვითხრა.

მალე 30 წლის გახდება და აქედან 10 წელზე მეტი საინფორმაციო გამოშვება “კურიერში” გაატარა. პროფესიის მიღმა უფრო ნაზია, მგრძნობიარე. თავისი მშობლიური ჭიათურა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მსოფლიოს ყველა მეგაპოლისს ურჩევნია, იქ დაბრუნება და დასვენება ყველაზე მეტად უყვარს.

– მარიამ, სადაც კი ნგრევა, მკვლელობა, დაკავება და ათასი უბედურებაა, იქ ყოველთვის მიკროფონით ხელში ხართ. ეს მიმართულება მიზანმიმართულად აირჩიეთ თუ შემთხვევამ განაპირობა და მერე ასე გაგრძელდა?

– “კურიერში” 10 წლის წინ მოვედი. პირველი სიუჟეტი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სპექტაკლზე გავაკეთე. პროდიუსერმა იცოდა, რომ თეატრალური მქონდა დამთავრებული და ამ მიმართულებით გამიშვა. ძალიან მოვინდომე, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო სიუჟეტი არ გავიდა.

მალევე დაიწყო საპროტესტო აქციები და მეც მათთან ერთად ვათენებდი და ვაღამებდი ქუჩაში. აქედან დაიწყო ჩემი მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციებში. ჩემი დასჯა თუ ვინმეს უნდა, კულტურაზე სიუჟეტის გადასაღებად უნდა გამიშვას.

ერთხელ კიდევ გამაგზავნეს თეატრში. რეჟისორი დათო საყვარელიძე დგამდა სპექტაკლს და რეპეტიციაზე მივედი. პოლიტიკოსებთან ურთიერთობას რომ ვიყავი მიჩვეული, მომინდა, რეპეტიცია შეეწყვიტათ და მე ჩამეწერა მსახიობები და რეჟისორი. შოკში იყო რეჟისორი. მირჩია, თეატრში სიუჟეტის გადასაღებად აღარასდროს მოხვიდეო.

ძალიან მომწონს ჩემი დღევანდელი პროფილი, რომ ძირითადად სამართალზე ვმუშაობ. მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც არ შეუძლია თბილ და კომფორტულ გარემოში საქმიანობა. ექსტრემალური ვითარება ჩემთვის ყველაზე კარგი გარემოა.

ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ, ჟურნალისტური კუთხით, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამუშაო იყო 26 მაისი, როდესაც რუსთაველზე ხალხი დაარბიეს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. არ ვარ კულტურული ჟურნალისტი და არ შემიძლია რესპონდენტებთან ურთიერთობაში ვიყო კულტურული.

– ალბათ შინაგანად ძალიან ძლიერი ქალი ხართ, სხვა შემთხვევაში ძნელი იქნებოდა ექსტრემალურ პირობებში მუშაობა.

– სუსტი არ ვარ, მაგრამ ხანდახან ჩემზეც მოქმედებს ბევრი რამ. კარგად მახსოვს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, პოლიციელი მოკლეს. მიხეილის საავადმყოფოში ვიყავი, როდესაც ამ ადამიანის მამა შემოვიდა და იმ წუთში გაიგო, რომ მისი შვილი მოკვდა. მე კი ჩართვა მქონდა და შვილმკვდარი მამა პირდაპირ ეთერში ჩავრთე. სახლში რომ მივედი, ძალიან შემრცხვა და ეს დიდხანს მაწუხებდა.

გარკვეულ ეტაპზე მახსენდება ხოლმე ყველა გვამი, რაც კი გადამიღია და შევსწრებივარ. ძალიან უნდა გიყვარდეს ეს პროფესია, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არაადამიანები ვართ, რადგან ყველაზე უბედურ მომენტში მივდივართ ადამიანებთან ჩართული კამერით და კითხვებს ვუსვამთ, მაგრამ ეს არის ჩვენი პროფესია.

-ექსტრემალურ სიტუაციებში არასდროს შეგშინებიათ?

– ყველას ახსოვს სვანეთში წყალდიდობა, რომელმაც ნახევარი ჭუბერი თითქმის წაიღო. მაშინვე წავედით გადამღები ჯგუფი. ღამე იყო და, როგორც კი მივუახლოვდით სოფელს, ჩვენ წინ მდინარემ გზა წაიღო. საშინელება იყო – გარშემო სიბნელე და წინ ადიდებული მდინარე. გვირჩიეს, მანქანა დატოვეთ და გაიქეცითო. მაშინ მართლა შემეშინდა.

– ემოციებს შეუშლია ხელი მუშაობაში?

მაგალითად, 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობისას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გაიგო, რომ ამ ტრაგედიას მსხვერპლი მოჰყვა. პირდაპირი ეთერის რეჟიმში ვმუშაობდი, ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ მაინც იმდენად ვერ წარმოვიდგინე ამ ტრაგედიის მასშტაბი, სანამ არ დადასტურდა ინფორმაცია დაღუპულებზე, მანამდე არ ვთქვი.

ასევე ძალიან ემოციური იყო ცოტა ხნის წინ დიღომში გაზით აფეთქებული კორპუსის ამბავი. როდესაც შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში მივედი, ექიმმა მითხრა, რომ 4 წლის ბავშვს გული გაუჩერდა და მოკვდა. ახლაც მიკვირს, ამ თემაზე საუბრისას ეთერში ცრემლები როგორ შევიკავე. ეს იყო ყველაზე რთული სიტყვები, რაც ეთერში მითქვამს. ისე განვიცადე, რომ მუშაობის შემდეგ სახლში მარტო ვერ დავრჩი და მეგობარი წავიყვანე.

ძალიან ბევრი რამის მეშინია, ყველაზე მეტად კი სიმაღლის. შეიძლება ისტერიკა დამემართოს მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხედვისას. მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და ფანჯარას მაშინ აღებენ, როცა სახლში არ ვარ. მეშინია გველების და, დავითგარეჯში გადაღებაზე რომ წავედი, მანქანიდან არ გადმოვსულვარ.

– ტელევიზიის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?

– სამსახურის მიღმა არის ის, რომ კარგად დავისვენო და მეორე დღისთვის ფორმაში ვიყო. როგორც წესი, “კურიერის” ბოლო გამოშვების დასრულებამდე სამსახურში ვარ, ყველაზე დიდი დეფიციტი მეგობრებთან ურთიერთობაში მაქვს, ამიტომ ხშირად ძალიან დაღლილიც ვყოფილვარ, ძილის გარდა არაფერი რომ არ გინდა, მაგრამ მაინც ვაიძულებ თავს, მეგობრები ვნახო.

– როგორია თქვენი განტვირთვა, გართობა?

– ცეკვა არ ვიცი და არ ვცეკვავ, არც სიმღერა ვიცი, მაგრამ სულ ვმღერი. მალე 30 წლის გავხდები და მგონია, რომ ძალიან დავბერდი.

– დაოჯახებული არ ხართ. თქვენი ძლიერი ქალის იმიჯი ხომ არ აშინებს მამაკაცებს?

– მამაკაცების დიდ ნაწილს ალბათ ჰგონია, რომ პირსისხლიანი ვარ. სხვათა შორის ერთი პერიოდი მქონდა კიდეც კომპლექსი, რომ ადამიანებს ჩემი პირიდან კარგი ინფორმაცია არ ჰქონდათ მოსმენილი. ეს მომენტი ბიჭებს ალბათ აშინებს. ხშირად მიგრძვნია ახალგაცნობილ ბიჭთან ურთიერთობაში, რომ არ უნდა, მენდოს, რადგან ჟურნალისტი ვარ.

თავად როგორი მამაკაცები მოგწონთ?

არ უნდა ვიყო მასზე ძლიერი. რეალურად არ ვარ ისეთი ქალი, როგორიც ხანდახან ეკრანზე ვჩანვარ. არ მჯერა გოგოების, რომლებიც ამბობენ, რომ სიყვარულის გამო ცულის ტარზე იცხოვრებენ. მე ამას არ ვაპირებ. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ იმაზე ცუდ პირობებში არ უნდა ვიცხოვრო მომავალში, რა პირობებშიც ვცხოვრობ ან მიცხოვრია.

ვერაფრით ავიტან უსაქმურ კაცს, რომელსაც სიგარეტიც მე უნდა ვუყიდო. უკიდურესად მგრძნობიარე ვარ და, ვინმე თუ მიყვარს, მიყვარს თავდავიწყებით. ოქროს შუალედი არაფერში ვიცი, არანაირ ურთიერთობაში.

– ე.წ. ძველი ბიჭები უფრო მოგწონთ თუ კარიერაზე ორიენტირებული მენეჯერი ტიპები?

– 21-ე საუკუნეში, როდესაც ბიჭს აქვს განცდა, რომ ძველი ბიჭია ან გოგოს აქვს განცდა, რომ ის კარგი ბიჭის დაა, ეს უკიდურესი სიბნელის მაჩვენებელია. არ შეიძლება 2019 წელს ორიენტირებული იყო ქუჩასა და ძველბიჭობაზე. არ მესმის, როგორ უნდა მომწონდეს ძველი ბიჭი. მე მომწონს დალაგებული და ჭკვიანი ბიჭები, რომლებმაც იციან, ცხოვრებაში რა უნდათ.

– თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში რამ შეასრულა ყველაზე დიდი როლი?

– მე დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში. ის, რასაც დღეს წარმოვადგენ, სწორედ ჭიათურის დამსახურებაა. ვგიჟდები ამ ქალაქზე, ყველა ქუჩა ვიცი და ყველა ადამიანს ვიცნობ. ჭიათურას ვუწოდებ მეგაპოლისს. ორი დღე თუ მაქვს დასვენება, მაშინვე იქ გავრბივარ.

– საკუთარ მომავალს რა კუთხით ხედავთ?

– გათხოვება ჯერ ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ პროფესიაში ხანდახან მგონია, რომ განვითარებას ვერ ვახერხებ და ჩემი თავი ამოვწურე. ზოგჯერ კი მგონია, რომ უბრალოდ დავიცალე, აღარ მინდა ქუჩაში ბორდიურზე ჯდომა და ისე მუშაობა. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. მინდა სწავლაც და ვნახოთ.

“რუსთავი 2” ჩემი პირველი სამსახურია და ძალიან მიყვარს. მგონია, 30 წლის რომ გავხდები, მერე უფრო მივხვდები, რა და როგორ მინდა.

ავთო  ჩიტიძე, ჟურნალი ,,სარკე”