ლევან ვასაძის თანამოაზრის, „ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას თქმით, ვერის პარკში მათი მხარდამჭერები 23 ივნისამდე დარჩებიან, ამიტომ მათ საკვები და ლეიბები დასჭირდებათ.
„მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას!
ხალხი ჩამოდის რეგიონებიდან და ბევრი მათგანი აპირებს, დარჩეს 23-მდე.
ამ დღეებში ჩვენი შეკრების ადგილი იქნება ვერის პარკი.
მცირედი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. დიასახლისებმა ღვეზელები (რისი საშუალებაც გექნებათ) გამოუცხვეთ ბიჭებს. ასევე, დაგვჭირდება ,,მატრასები”, რომ ბიჭებმა ღამით ცოტა ხნით მაინც დაისვენონ (ბოლო-ბოლო გვათხოვეთ და დაგიბრუნებთ).
მოკლედ, ყველა ჩავერთოთ მცირედით მაინც და მთლიანობაში დიდი საქმე გაკეთდება.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!“- წერს ლევან ჩაჩუა ფეისბუქში.
მილიონერი ბიზნესმენი ლევან ვასაძე სახალხო ლეგიონებს ქმნის, რომლებიც ,,თბილისი პრაიდის” მონაწილეებს ძალადობრივად დაუპირისპირდებიან. მან იქვე განმარტა, რომ პოლიციასაც გაუწევენ წინააღმდეგობას.
მის ამ განცხადებებს რეაგირება მოჰყვა, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაერთიანებას გულისხმობს.

