დოდო გუგეშაშვილს პალატაში გარდაცვლილი ვაჟი გამოეცხადა

დოდო გუგეშაშვილს პალატაში გარდაცვლილი ვაჟი გამოეცხადაპოლკოვნიკ ქალს, დოდო გუგეშაშვილს, წარსულში “მხედრიონელად” ცნობილს, ერთი წლის წინ, 2018 წლის 7 თებერვალს, დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – მას ერთადერთი ვაჟი თვალწინ მოუკლეს.

მკვლელობა თბილისში, დიღმის მასივში მოხდა. მკვლელმა დედა-შვილს მათ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალბატონი დოდოს ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი, ადგილზე დაიღუპა, დედა კი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ სიკვდილს გადარჩა. დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მათ დაქირავებული მკვლელი, ე.წ. ქილერი, დაესხა თავს, რომლის ერთადერთი მიზანიც ოჯახის ამოხოცვა იყო.

– ქალბატონო დოდო,  განმავლობაში თქვენ თანამშრომლობდით გამოძიებასთან, თუმცა დანაშაული არ გახსნილა. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რისი გარკვევა მოახერხეთ ან რა არის თქვენი ვერსია?

– ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც განახორციელა ქილერმა. ოჯახის ამოწყვეტა იყო გამიზნული, მე სასწაულებრივად გადავრჩი. ალბათ იმიტომ დავრჩი, რომ საგამოძიებო ორგანოებთან ერთად ვიპოვო მკვლელი.

– ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს პირი ან პირები, რომელთაც თქვენი ოჯახის ამოხოცვა სურდათ?

– აი, ეს რომ ვიცოდე, მაშინ უფრო მარტივი იქნებოდა პოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუდმივად მაქვს კომუნიკაცია. ჯერჯერობით არაფერია, გარდა იმ ვერსიისა, რომელიც ერთ-ერთმა პატიმარმა განუცხადა ჩემს ადვოკატს. საუბარი იყო რუსების მიერ შეკვეთილ მკვლელობაზე, რაც ამ პატიმარს თავის დროზე თურქეთში დაავალეს. როგორც თვითონ ყვება, ორჯერ შესთავაზეს ჩვენი მოკვლა, მაგრამ ორივეჯერ უარი უთხრა. ამას მტკიცებულებით ფორმაში ვერ ვამბობ, მე ვაჟღერებ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა. ის საგამოძიებო ორგანომ უკვე დაკითხა.

– ადრე განაცხადეთ, რომ მკვლელს იცნობდით, სწორედ ამიტომ შეუშვით სახლში. შეგიძლიათ მისი გარეგნობის გახსენება, რაიმე გამორჩეული, დამახასიათებელი ნიშანი ან ნაკვთი თუ ჰქონდა?

– ეს ადამიანი იყო მუდმივად შეფუთული. ნაკლებად უჩანდა სახის ნაკვთები, არც რაიმე დამახასიათებელი ნაკვთი ჰქონია. ის გამეცნო ზურა ვეტერანის სახელით. მისი უცნაური ჩაცმულობისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მეომრების ძირითადი ნაწილი ციხეებში ჰყავდათ გამოკეტილი და ამ ყველაფერმა მათზე ცუდად იმოქმედა. სწორედ ამიტომ ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი მეგონა და ვფიქრობდი, ასე უცნაურად ამიტომ გამოიყურებოდა.

რამდენჯერმე მარტოც ვყავდი ნანახი, ასევე ნანახი ჰყავდა ჩემი ვაჟიც. მან მკვლელობის გადაწყვეტილება მაშინ კი არ მიიღო, როცა ცალ-ცალკე ვიყავით, როცა მე და ჩემი შვილი ერთად გვნახა, მაშინ განახორციელა თავდასხმა.

– თქვენს ვაჟზე გვიამბეთ, როგორი თვისებები ჰქონდა, რითი გამოირჩეოდა სხვებისგან?

– საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩემი შვილი იყო უვაჟკაცესი და უმამაცესი, თხემით ტერფამდე ქართველი. უკეთილშობილესი იყო. ამას არამარტო მე, ყველა ის ადამიანი ამბობს, ვისაც ნოდო ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი. მას ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც კაცს უნდა ჰქონოდა.

ნოდოს უნდოდა, ბავშვთა გასართობი ცენტრი გაეკეთებინა და ასევე, მისი გატაცება ბაიკერობა იყო. თქვენ ალბათ იცით, როცა დაბადების დღე ჰქონდა, მეგობრებმა მის პატივსაცემად ბაიკერთა მსვლელობა მოაწყვეს ქუჩებში.

დაოჯახება ვერ მოასწრო. ჰყავდა საცოლე, არაჩვეულებრივი გოგონა. 10 წელი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ იმის გამო, რომ ბინა არ გვქონდა, ცოლის მოყვანა ვერ შეძლო. ასე დავრჩი ჩემი ვაჟის შთამომავლის გარეშე.

ჩემს შვილს მეგობრები ასე ეძახდნენ – ადამიანი პოზიტივი. როგორი გაჭირვებაც უნდა ჰქონოდა, ის მას არ შეიტყობდა.

– დედა-შვილს შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მას სიკვდილიც ვერ ერევა. თქვენ თუ გრძნობთ ვაჟის სულთან კონტაქტს?

– ჩემი ვაჟი ერთადერთხელ დავინახე, ძილ-ბურანში ვიყავი. დედის დღეს, 3 მარტს, ჩემს მეგობარ ნარგიზ ლომთაძეს დაესიზმრა და უთხრა, ჩემს ლამაზ დედიკოს მიულოცე დედის დღე, მოეფერე და უთხარი, რომ მაგრად იყოსო. ჩემ ირგვლივ ბევრს ესიზმრება, ჩემთან სიყვარულს და მოკითხვას აბარებს. ჩემს მოძღვარს როცა ვკითხე, მითხრა, არ განერვიულებს, შორიდან გესიყვარულება და მუდმივად ზრუნავს შენზეო.

პირველად ვამბობ: როცა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში ვიყავი, პალატაში ჩემთან მხოლოდ პოლიციის თანამშრომელი ვერონიკა იყო და მუდმივად თავზე მედგა. როგორც მან შემდეგ მითხრა,  საწოლთან  დახრილი ჩემი ვაჟი დაუნახავს. ვერონიკა ნოდოს იცნობდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელს, ვერონიკას, გაუფიქრია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და გადავრჩებოდი. ის ძალიან მორწმუნე ქალბატონია.

– თავად როგორ გრძნობთ თავს, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა?

– ამის აღწერა არ შეიძლება. ეს არის ის, რაც ყველაზე მძიმე და ტრაგიკულია ადამიანის ცხოვრებაში.

– საკმაოდ მკაცრი იმიჯი გაქვთ. შვილთანაც ამჟღავნებდით სიმკაცრეს?

– ჩვენ ძმაკაცური, მეგობრული და დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. ჩემი შვილი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი და ძმაკაცი მე ვიყავი.

მკაცრი იმიჯი მაქვს, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში ვარ სრულიად ჩვეულებრივი ქალი, იმაზე მეტად ლმობიერი, დამთმობი და კომუნიკაბელური, ვიდრე სხვა ქალები. დილით ის ამზადებდა ჩაის ან ყავას, რომელიც უფრო ადრე გაიღვიძებდა. ხან მე მივართმევდი ჩემს შვილს, ხან ის მიმზადებდა.

– ამჯერად რას საქმიანობთ?

– ომის ვეტერანებს აქტიურად ვეხმარები პრობლემების გადაწყვეტაში. მე ვარ საერთაშორისო ასოციაციის “დაიცავი შენი წილი სამშობლო” თავმჯდომარე, საკონსულტაციო საბჭოს წევრი – ეს ყველაფერი საზოგადოებრივ საწყისებზე. მთელი ენერგიით ვარ ჩართული ვეტერანების პრობლემების მოგვარების პროცესში. ვცდილობ, ადამიანები ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი ტრაგედიით არ დავძაბო.

მე ვცდილობ, არ ვატკინო და არ ვაკადრო ჩემს ვაჟს, რომ დავჩაჩანაკდე და მოვეშვა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ მოვეწონებოდი.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე