,,ჩემს მოხუც დედას ჩემი ყოფილი ქმარი პატრონობს”

,,ჩემს მოხუც დედას ჩემი ყოფილი ქმარი პატრონობს"მუდმივად სხვებზე მზრუნველი და თავგადაკლული ადამიანები საკუთარ თავს და ინტერესებს უკან აყენებენ. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს ისეთივე არასწორია, როგორიც მეორე უკიდურესობა – ეგოცენტრიზმი. გონივრულია, ადამიანმა წინასწარვე იზრუნოს, სიბერის პერიოდი შეძლებისდაგვარად მშვიდად და უზრუნველყოფილად გაატაროს, სხვის სამადლოდ და შესანახად არ გაიხადოს თავი, თუნდაც ეს ,,სხვა” მისი სისხლი და ხორცი იყოს.

ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონი რუსიკოს, დედა მთელი ცხოვრება კრუხივით იყო გადაფარებული შვილებსა და შვილიშვილებზე, სიბერეში კი მწარე რეალობის წინაშე დადგა…

რუსიკო:

– მე და ჩემს ძმას, ლუკას, დედ-მამა ხელისგულზე გვატარებდა. საუკეთესო განათლება მოგვცეს, რაც იმ დროისათვის მშობელს შეეძლო შვილისთვის მიეცა. ჯერ მე გავთხოვდი, მერე ჩემი ძმა დაოჯახდა.

ჩემი ქმარი, რეზო, ისე გაიზარდა, რომ მშობლების მხრიდან მსგავსი ყურადღება არ ჰქონია. სულ უკვირდა ჩვენი, ხან ამაყობდა, ხანაც ღიზიანდებოდა. სხვების წინაშე თავი მოჰქონდა, ასეთი მაგარი სიდედრ-სიმამრი მყავსო, მეორე მხრივ, მათგან მზრუნველობას ჩვენს შიდა საოჯახო საქმეებში ჩარევად თვლიდა. მათ არაფერს ეუბნებოდა, მე კი მჭამდა შენიშვნებით, თითქოს მე ვიყავი პასუხისმგებელი სხვების საქციელზე. არც იმის უფლებას მაძლევდა, მშობლებისთვის მეთქვა, ზედმეტი ყურადღება რეზოს თავმოყვარეობაზე მოქმედებს-მეთქი.

ისე უნდა მომეგვარებინა საქმე, რომ რეზო არ მეხსენებინა. მშობლები, გამზადებული სადილიდან დაწყებული, რას აღარ მიგზავნიდნენ. ვეუბნებოდი, არ გინდათ, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ-მეთქი, მაგრამ ამას მოკრძალებად მითვლიდნენ და უფრო მეტად ირჯებოდნენ. რეზოს კი ჩემთან ჰქონდა პრეტენზია და ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით.

– მშობლებისთვის რომ გაგემხილათ თქვენი ქმრის დამოკიდებულება, რა მოხდებოდა მაშინ?

– ეწყინებოდათ. რეზოს რთული ბუნება ჰქონდა არამარტო ჩემი მშობლების მიმართ, ჩემს ნათესავებს, მეგობრებს – ყველას რაღაცას უძებნიდა და მათ გამო ლამის ჯვარს მაცვამდა ხოლმე. თვითონ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ გამო ამხელა ემოციებს მატეხდა თავს.

– კონფლიქტი არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს, მოგვარების გზა თუ ვერ იპოვეთ, რა შედეგი მოიმკეთ?

– ძალიან რომ გადავიტვირთე, ვუთხარი, გაგეყრები-მეთქი. კი, ბატონოო, მიპასუხა. მეგონა, ბოდიშს მომიხდიდა, ეს რამ გაფიქრებინაო, მეტყოდა. მან კი იოლად გამიმეტა. ვიფიქრე, თავისი ქცევებით ალბათ სპეციალურად აქამდე მივყავდი, გადაწყვეტილება რომ მიმეღო-მეთქი. ავდექი და წამოვედი.

– ქმარი არ ეცადა, შეეჩერებინეთ?

– თავიდან – არა, მაგრამ მშობლებთან რომ დავბრუნდი, მოვიდა და შერიგება მთხოვა. ფარისევლობად ჩავუთვალე – ჩემი მშობლების თვალში უნდა, კარგი ტიპი გამოჩნდეს-მეთქი. შეიძლება ახალგაზრდული მომენტი იყო, შეიძლება ისიც თამაშობდა როლს, შვილი რომ არ გვყავდა და სხვა საზრუნავი არ გვქონდა, ერთმანეთს ვჭამდით. პოზიცია აღარ დავთმე და არ შევურიგდი.

– ერთი შეხედვით, გამოდის, რომ მშობლების ზედმეტი მზრუნველობის გამო დაგენგრათ ოჯახი, თუმცა მთავარი მიზეზი ცოლ-ქმარს შორის ხასიათთა შეუთავსებლობა იქნებოდა.

– ქმარს რომ ვყვარებოდი, მეტად მომიფრთხილდებოდა და ასე წამდაუწუმ ჩემს ნერვებზე არ ითამაშებდა. ეს შერიგებაც სხვის მოსაჩვენებლად სჭირდებოდა.

– მშობლებს ეს როგორ აუხსენით?

– რეზოს აუგს ვერაფრით წარმოიდგენდნენ. ეგონათ, მე ვაჭარბებდი. ბრალს მდებდნენ, უმიზეზოდ ჭირვეულობო. ზოგ გოგოს სჩვევია, განქორწინების შემდეგ პირს მოაღებს და ქმრის ყველა “საიდუმლოს” დაფქვავს. ამას ვერ გავაკეთებდი. ახლაც, ინკოგნიტოდ რომ არ ვსაუბრობდე, პირად ცხოვრებაზე ვერ ვილაპარაკებდი.

– ალბათ ყველა გამტყუნებდათ, ოჯახი რომ დაარღვიეთ. ამაზე როგორ რეაგირებდით?

– ვეუბნებოდი, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ყველამ თავის პირადს მიხედოს-მეთქი. ამით ბევრი გავანაწყენე, მაგრამ რა მექნა? მაღიზიანებდა, რომ განმიკითხავდნენ, ჭკუას მარიგებდნენ და პასუხს ვერ ვცემდი. ცანცარა და არასერიოზული არასდროს ვყოფილვარ, ესე იგი მქონდა მიზეზი, რამაც ამ ზომამდე მიმიყვანა. ოჯახის დანგრევით ყველაზე მეტად მე დავზარალდი, არადა ყველა ისეთ დღეში იყო, თითქოს მათ დავატეხე რამე უბედურება.

– თქვენმა ძმამ სიძის მხარე დაიჭირა?

– შინ რომ მივბრუნდი, თავიდან თანამიგრძნო, მერე კი დაცინვა დამიწყო, ყოველ სიტყვაზე მეკიდებოდა – ეს რანაირი გახდი, ქმარი როგორ გითმენდაო.

– როგორც ჩანს, მშობლების ოჯახშიც ვერ იპოვეთ სიმშვიდე.

– ამის გამო მეორედ გავთხოვდი. გავყევი ლევანს, რომელიც ჩემი დედ-მამის რჩეული იყო. ჩვენი მშობლები ერთმანეთთან მეგობრობდნენ.

– მეორედ თუ მაინც ააწყვეთ ცხოვრება?

– არც ერთი კაცია თაფლი და მურაბა, მაგრამ წლებთან ერთად სხვაგვარად უყურებ ცხოვრებას, ცდილობ, შეეთვისო ოჯახურ ურთიერთობას, მეტ პასუხისმგებლობას იჩენ. შვილებს თუ გააჩენ, უკვე აღარ გაქვს უფლება, ქმრის უხასიათობის გამო შინიდან გაიქცე.

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ლევანს, რეზოსთან შედარებით, უფრო კარგი ხასიათი ჰქონდა. ნაკლებად ვჩხუბობდით. დროთა განმავლობაში ჩხუბიც აღარ გვიხდებოდა. მეტი ურთიერთგაგება კი არ გაჩნდა, უბრალოდ რაღაცების “გატარება” ვისწავლეთ, აღარ ვკამათობდით.

– თქვენი მშობლები ისევე მზრუნველობდნენ თქვენს ახალ ოჯახზე, როგორც ეს პირველი ქორწინების შემთხვევაში ხდებოდა?

ეს მათი ბუნება იყო, სხვაგვარად არ შეეძლოთ. ლევანს ეს არ აღიზიანებდა, მადლიერების შეგრძნებაც ჰქონდა. ვაჟები გავზარდეთ, დავაფრთიანეთ, დავაბინავეთ. იქორწინეს, ცალკე მოინდომეს ცხოვრება. ამის გამო ბინა დავშალეთ. წლობით ვიხდიდით ბანკის ვალებს, ესეც დავფარეთ.

– თქვენც იჩენდით ისეთივე მზრუნველობას შვილების მიმართ, როგორც მშობლები განებივრებდნენ?

– ეტყობა, შთამომავლობით გადმომეცა. დაფეთებული დედა ვიყავი და ახლაც ასეა, თუმცა შვილებისთვის იმდენის მიცემა ვერ შევძელი, რაც თავის დროზე მშობლებმა გამიკეთეს.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ რძლებთან?

– ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ ზედმეტად შევაწუხო. რძლების რეაქციებს ვაკვირდები და ვითვალისწინებ. შვილიშვილებს სიამოვნებით მიტოვებენ. მიხარია, რომ მანდობენ.

– თქვენი ძმა ლუკაც დაოჯახდა?

– ორჯერ. მეორედ მაკაზე იქორწინა – დედაჩემის რჩეული იყო, სოფელში გაზრდილი გოგო. მაშინ მამაჩემი უკვე ცოცხალი აღარ იყო. მაკა ერთი წელი მხოლოდ დადებით თვისებებს ავლენდა, შვილი რომ შეეძინათ, მაშინ დაიწყო უარყოფითის გამჟღავნება. ლუკას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელიც უკვე დიდია. მაკასთან გოგონა ეყოლა. ბიჭი და გოგო რამ გაყო, მაგრამ მაკამ დაიწყო გარჩევა. რატომღაც ჩათვალა, რომ ბიჭი უპირატესი შეიძლებოდა ყოფილიყო და მის გოგონას დაჩაგვრა ემუქრებოდა. ამიტომ “თავდაცვას” თავდასხმით შეუდგა.

ქმრის უფროს შვილს დაუწყო მტრობა. დედაჩემს ის მესამე შვილივით ჰყავდა, ისე მზრუნველობდა. მაკამ დაიწყო ეჭვიანობა. იმდენი ქნა, სანამ ჩემმა ძმისშვილმა მათთან სიარული არ შეწყვიტა. ამან დედაჩემი გააბრაზა, დადარდიანდა, მაკამ კი დედამთილს დაუწყო ბრძოლა, მოხუც ქალს უწუნებდა სიტყვა-პასუხს, მოძრაობას, ჭამის კულტურას, მანერებს და, საერთოდ, ყველა წვრილმანზე უშარდებოდა.

სოფლიდან ჩამოსულმა გოგომ, ჩვენს ოჯახში რომ გაიგო ქალაქის გემო, ასაკოვან დედამთილს ზემოდან დაუწყო ყურება და შემთხვევას არ უშვებდა, არ გაეკენწლა და გული არ ეტკინა მისთვის.

– თქვენი ძმა რას აკეთებდა იმ დროს, ცოლი რომ დედას უჩაგრავდა?

– ჩემი ძმა მაკასთვის ისეთი ქმარი გამოდგა, უკაცრავად და, ლენჩივით რომ მისჩერებიან ცოლს და სულ კვერს უკრავენ. მისი აზრით, დედას რაღაც ეშლებოდა, აშავებდა, რაკი მაკას რისხვას იმსახურებდა. მოკლედ, დედაჩემი აიძულეს, სახლიდან წამოსულიყო.

 -დედამ თქვენს ოჯახს შეაფარა თავი?

– ჩემთანაც გაუჭირდა. წინა ბინის დახურდავების შემდეგ პატარა ბინა შემოგვრჩა – ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი ადამიანი, თუნდაც მშობელი, კომფორტულად ვერ იცხოვრებდა. ორი თვე გაძლო ჩემმა ქმარმა, მერე კი ღრენა დამიწყო, 21-ე საუკუნეში ყველა ცალკე იწევს საცხოვრებლად და, რომ მდომოდა, დედაჩემს გადმოვიყვანდიო. ცხადია, სიდედრის თანდასწრებით ამას არ ამბობდა, მაგრამ დედა ხომ გრძნობდა, რომ ქმართან ურთიერთობა დამეძაბა და ხშირად ვკინკლაობდით.

არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ქმარს რომ გავყროდი და ბინა გაგვეყო, ხელში თითო ოთახის ფულიც არ შეგვრჩებოდა ორივეს. შვილებს შევჩივლე, მათ კი წაუყრუეს. ქმარმა მითხრა, ჩვენს შვილებს დამოუკიდებლად რომ უნდოდათ ცხოვრება, ამიტომ გავყიდეთ ბინა და ახლა ბებიას ხომ არ წაიყვანენო. რა თქმა უნდა, იყო ამაში სიმართლის მარცვალი.

სამწუხარო ისაა, რომ ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება კრუხივით იყო გადაფარებული ოჯახის წევრებზე, შვილებსა და შვილიშვილებზე, მოხუცებულობაში არც ერთმა ინდომა. ყველამ თავის თავზე წარმოიდგინოს – ეს არის ნამდვილი ტრაგედია! ისე ვდარდობდი, გული ხელით მეჭირა.

ისევ ლევანმა “იპოვა” გამოსავალი: თქვა, ბინა, სადაც შენი ძმა და რძალი ცხოვრობენ, შენი მშობლებისაა, დედაშენს შეუძლია გაყიდოს, წილი წამოიღოს, აქვე ახლოს ვუყიდით პატარა ბინას და ყურადღებას მივაქცევთო.

ამაშიც იყო სიმართლე. შეიძლებოდა ჩემი ძმისგან ყოფილიყო წინააღმდეგობა, მაგრამ იქამდე ვერ მივედით, დედამ არ დაგვანება: შვილს და შვილიშვილს სახლი როგორ გავუყიდოო. ისევ თავის დაუნახავ შვილზე და მის ოჯახზე დარდობდა. ზოგადად, წინა თაობის ადამიანებს მშობლიური სახლის გაყიდვა, თანაც შვილისგან გამოყოფა, ტრაგედიად მიაჩნიათ. საკუთარ თავს უკან აყენებენ, შვილების კომფორტზე ზრუნავენ.

ახალი თაობა კი უპირატესად თავის კომფორტზე ზრუნავს. ჩვენ, საშუალო თაობის ადამიანები, სადღაც შუაში ვიჭყლიტებით. აქეთ მშობელს უნდა ვეფეროთ, იქით შვილებს. დედა გამოსავალს ვერ ხედავდა, ნეტავ, მოვკვდეო, გაიძახოდა… უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა.

– მართლაც მძიმე სიტუაცია გქონიათ. და მაინც, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, რა გზა მოიძებნა?

– დაუჯერებელი რამ მოხდა. დედა პენსიის ასაღებად წავიდა ბანკში. მოულოდნელად იქ ნახა ჩემი ყოფილი დედამთილი, რომელსაც რეზოც თან ახლდა. ერთმანეთის ნახვა გაუხარდათ. რეზო მანქანით იყო და მოხუცები შინ მიიყვანა. ჩვენმა დედებმა საერთო ენა გამონახეს. რეზოს დედას ასაკთან ერთად შიშები დასჩემდა, შინ მარტო დარჩენა უჭირდა და ჩემს ყოფილ ქმარს გადაწყვეტილი ჰქონდა, მეთვალყურე დაექირავებინა მისთვის.

მოხუცები ერთმანეთს რომ დაუტკბნენ, რეზომ შესთავაზა დედაჩემს, მათთან გადასულიყო საცხოვრებლად. დედაც დათანხმდა. ახლა მათთან ცხოვრობს, ხანდახან გვსტუმრობს.

– ამას თქვენი და ლევანის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა?

– ისეთი გაოგნებული დავრჩი, ენა ჩამივარდა. რეზო, რომელიც ახალგაზრდობაში სიდედრის მზრუნველობის გამო ცოფებს ყრიდა, ახლა ისეთი ღვთისნიერი გამოდგა, მშველელად მოევლინა დედაჩემს. ალბათ ასაკი თავისას შვრება, ადამიანები დინჯდებიან. რაც შეეხება ლევანს, მეგონა, გაბრაზდებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, პირიქით მოხდა, შვებით ამოისუნთქა.

– ახლა როგორ ცხოვრობთ?

– რეზო დედაჩემზე ისევე მზრუნველობს, როგორც საკუთარ დედაზე. ჩემს ყოფილ ქმარზე შეხედულება რადიკალურად შემეცვალა. ამას ლევანთანაც არ ვმალავ, რომელიც ამბობს, რა ვქნა, დიდი ბინა რომ გვქონოდა, არაფერს ვიტყოდიო. არა მგონია, სიმართლეს ამბობდეს, სიდედრს ვერც დიდ ბინაში შეეგუებოდა. თავმოყვარეობა რომ ელახება, მეუბნება ხოლმე, წამოიყვანე დედაშენი, აქ იყოსო, მაგრამ არც მე ვცდილობ ამას და არც დედა… ვიცი, რომ დედა ტკბილად არის ჩემს ყოფილ დედამთილთან და ჩემი ყოფილი ქმარიც ორივე “დედას” საიმედოდ პატრონობს.

 ნანა კობახიძე, სარკე