,,ბავშვს ორგანო ამოაჭრეს და სახლში ცალი თირკმლით დააბრუნეს” – 9 წლის ბიჭის გატაცების საქმე – საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის ათობით დანაშაულია გამოუძიებელი

,,ბავშვს ორგანო ამოაჭრეს და სახლში ცალი თირკმლით დააბრუნეს" - 9 წლის ბიჭის გატაცების საქმე - საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის ათობით დანაშაულია გამოუძიებელისისხლის სამართლის დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაა, რომლის ისტორიაც დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო, როცა ტელევიზიით თითქმის ყოველდღე აცხადებდნენ, რომ ადამიანები უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ.

24 წლის ბიჭი, რომელიც უშიშროების სამსახურში წვრთნას გადიოდა, ნორმატივების ჩაბარების მომენტში გაუჩინარდა. მისგან მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი დარჩა, რომელსაც ოჯახის წევრები ექსპერტიზიდან ექსპერტიზაში დაატარებდნენ, მაგრამ ბიჭის კვალს ვერავინ მიაგნო.

იმავე პერიოდში 22 წლის ბიჭი დაიკარგა. ვარკეთილის მეტროდან 10 მეტრის რადიუსში ისე გაუჩინარდა, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, დღემდე არავინ იცის. გაუჩინარდა 20 წლის გოგონაც, რომლის ხელჩანთა გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრასასთან ახლოს აღმოაჩინეს…

ათობით ასეთი ისტორია ინახება გაუხსნელ საქმეთა თაროზე. სამართალდამცავები ტრანსპლანტაციის მოტივზე მუშაობდნენ, მაგრამ დამნაშავეებს ვერ მიაკვლიეს.

პირველი ასეთი ისტორია – 9 წლის ბიჭუნას გატაცება, 90-იან წლებამდე გაცილებით ადრე, 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. ეს საქმე საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის მიზნით ჩადენილ დანაშაულთა შორის პირველია, ბიჭუნა კი პირველი მსხვერპლია.

ანკესი

ბექას სკოლიდან სახლამდე ყოველდღე 2 კილომეტრი ფეხით ჰქონდა გასავლელი. ამ გზაზე სიარული უყვარდა. ყველაფერს გულისყურით ათვალიერებდა – ახალამოსულ ბალახს, მზესუმზირის გამყიდველ ქალს, მაღაზიის ვიტრინებს…

ტანსაცმლის მაღაზიის შემდეგ “მონადირის” მაღაზია იყო. აქ ბიჭუნა ნამდვილად იკარგებოდა. ათვალიერებდა თოფებს, ანკესებს, მაღალყელიან ბათინკებს, ხაფანგებს და დრო ისე გადიოდა, ვერც იგებდა. ბავშვს სახლში არც ეჩქარებოდა. იცოდა, დაგვიანების გამო არავინ უსაყვედურებდა. დედა ბიბლიოთეკში მუშაობდა და შინ საღამოს ბრუნდებოდა. მამა დიდი ხნის წასული იყო ოჯახიდან და წელიწადში ერთხელ თუ ახსენდებოდა შვილი.

– დათვზე სანადიროდ უნდა წაგიყვანო, – ბექას გვერდით ახალგაზრდა, დაბალი მამაკაცი ამოუდგა თეთრი მაისურითა და სპორტული შარვლით.

ბექამ მორიდებით გაიცინა.

– მაშინ თევზაობა ვცადოთ, აბა, რას იტყვი?

– მაპატიეთ, არ გიცნობთ, – თავი დახარა ბავშვმა და სხვა სექციისკენ გადაინაცვლა.

– ყოჩაღ! – წამოიძახა უცნობმა და ორ ნაბიჯში ბექას წამოეწია, – მამაშენი კი ამბობდა, ძალიან გულუბრყვილო ბავშვიაო.

ბექა გაჩერდა და ღიმილით შეხედა მამაკაცს.

– მამაჩემი? დიდი ხანია არ მინახავს.

– ვიცი, მეგობარო, – უცხო მამაკაცმა ბავშვს ხელი შემოხვია, – მამაშენი კარგი კაცია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ხომ გესმის?

– არა, – ხანმოკლე პაუზის შემდეგ თავი გააქნია ბავშვმა, – არ მესმის.

– კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ანკესი ავარჩიოთ, ხომ შემპირდი, რომ ერთად ვითევზავებდით.

ბექამ ახალგაზრდა მამაკაცს შეყრილი წარბებით შეხედა. მის მომღიმარ სახეს ერთხანს უყურა და თითი ვიტრინისკენ გაიშვირა.

– ის ანკესი მინდა, მწვანე ტარით.

– მშვენიერი არჩევანია, – აღფრთოვანების ნიშნად თავი დააქნია მამაკაცმა და გამყიდველთან მივიდა.

ბექა მის ზურგს უკან ატუზული იდგა. არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ბავშვი ყოველთვის ოცნებობდა, რომ როდესმე მამა ამ მაღაზიაში მიიყვანდა, იყიდდნენ ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ და ხელჩაკიდებულები ერთად გამოვიდოდნენ.

– მეგობარო, ხვალ შაბათია, ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს, – თქვა მამაკაცმა და ნავაჭრით ხელდამშვენებული ბექასთან ერთად ქუჩაში გავიდა.

უცნობი დაძაბული იყო, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მაგრამ ბექა ამას ვერ ამჩნევდა. თვალები უბრწყინავდა და არ იცოდა, როგორ უნდა მოეთმინა ორშაბათამდე.

დონორი

გამომძიებელი ბადრი ჭკადუა ჩვენებაში ამბობს:

,,12 თებერვალს მილიციის განყოფილებაში განცხადება შევიდა არასრულწლოვან ბექა ბაკურიძის დაკარგვასთან დაკავშირებით. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მაშინვე ჩაერთვნენ ძებნის საქმეში. დაიკითხა ყველა შესაძლო პირი, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეხება უნდა ჰქონოდათ მოზარდთან. მათ შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, თანაკლასელები, მეზობლები. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დედამ ზუსტად არ იცოდა, რა დროს მიდიოდა მისი შვილი სახლში, ვინ იყვნენ მისი მეგობრები და სად ატარებდა მთელ დღეს. სავარაუდო წრის დადგენა ამის გამო გაჭირდა, თუმცა რამდენიმე დღეში მაინც შევძელით, მიგვეკვლია მაღაზია “მონადირის” გამყიდველისთვის. მან იმ ადამიანის აღწერილობა მოგვცა, რომელიც იმ მხარეში მანამდე არასოდეს ენახა.

უცნობი რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა აღნიშნულ მაღაზიაში და ყოველთვის იმ საათებში, როცა ბექა სკოლიდან ბრუნდებოდა. ბოლოს ბიჭუნა სწორედ მასთან ერთად ნახეს ანკესით ხელში. ამგვარად საეჭვო პირი გამოიკვეთა, მაგრამ მსგავსი აღნაგობის მამაკაცის მოძებნა, რომელსაც სხვებისგან არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონდა, ძალიან გაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილის საპოვნელად თავს არ ვზოგავდით, ხელჩასაჭიდი არაფერი გვქონდა…”.

სისაურების ტრაგედია

ერთი თვით ადრე კი თბილისში მცხოვრებ სისაურების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ცოლ-ქმარი მცირეწლოვან გოგონასთან ერთად მანქანით ყაზბეგიდან თბილისისკენ მიემართებოდნენ. წინა ღამით ნაქეიფარ და ნამთვრალევ მამაკაცს, ოჯახის უფროსს, ფასანაურთან ახლოს საჭესთან ჩაეძინა. მოსახვევში მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაყირავდა და ხევის პირას სახურავით დაეცა.

ილო სისაური გონს საავადმყოფოში მოვიდა. მას რეანიმაციულ განყოფილებაში შეატყობინეს, რომ ცოლი გარდაეცვალა, ქალიშვილი კი უმძიმეს მდგომარეობაში იყო – გოგონა სიკვდილს ებრძოდა.

სისაური, რომლის სიმდიდრეზე თბილისში ლეგენდები დადიოდა და რომელსაც ავარიამდე თავი უძლეველი ეგონა, პალატაში იწვა და ტკივილისგან ერთ მუჭად ქცეულიყო. ექიმები ადგომის უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ შვილის მკურნალმა თავად მიაკითხა და გოგონას მდგომარეობა გააცნო.

სისაურმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ მის ქალიშვილს ხერხემალთან ერთად ორივე თირკმელი ჰქონდა დაზიანებული.

– მან უნდა იცოცხლოს! – კაცის ხმაში თხოვნა, სასოწარკვეთა და მუქარა ერთნაირად იგრძნობოდა.

– არ ვიცი, – თავი გააქნია ექიმმა, რომელსაც უსიამოვნო პირისახე და მსხვილი, ბუდიდან ამოვარდნილი თვალები ჰქონდა, – მხოლოდ ერთი გამოსავალია. დონორი გვჭირდება, ერთი თირკმელი მაინც უნდა გადავუნერგოთ. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ იცოცხლებს, მაგრამ გადარჩენის შანსი იქნება.

– იყიდეთ დონორი, რაც უნდა ღირდეს, გადავიხდი.

ექიმმა ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.

– ბატონო ილო, ყველაფერი არ იყიდება.

ილომ კარგად ვერ გაიგო, ექიმი რას გულისხმობდა, მაგრამ არც აინტერესებდა. სისაურს მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს შეჰპარვია ეჭვი, რომ ყველაფერი იყიდებოდა და, მისი აზრით, არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი.

გატაცება

9 წლის ბიჭი სახლიდან ჩვეულ დროს გავიდა. ჩანთამოკიდებულმა სირბილით ჩაიარა ქუჩა და ატალახებული სკვერის წინ გაჩერდა. “მამის მეგობარი” უკვე იქ ელოდებოდა, ბექა უკანა სავარძელზე დასვა და ღიმილით მიუხურა კარი.

– კიდევ შორს არის ტბა? – ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მორიდებით იკითხა ბავშვმა.

მძღოლის სახიდან ღიმილი გამქრალიყო. შუბლიდან ოფლი ჟონავდა და ხელი, რომელიც სიჩქარეების გადამრთველზე ედო, უკანკალებდა.

თითქმის 2 საათი იმგზავრეს. ბავშვი ჯერ მხიარულად იყო, შემდეგ მოიწყინა და ბოლოს ჩუმად, მაისურის სახელოთი იწმენდდა ცრემლებს. ბიჭუნას აღარ უნდოდა თევზაობა, დედასთან სურდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს. ბექა და მისი გამტაცებელი თეთრად შებათქაშებული შენობის წინ გაჩერდნენ. მამაკაცმა ბავშვი მანქანიდან გადაიყვანა და ვიწრო, ნახევრად განათებულ დერეფანში ხელჩაჭიდებული შეიყვანა.

– თქვენ არ ხართ მამაჩემის მეგობარი! – ბექას ცრემლები ახრჩობდა, ხმამაღლა უნდოდა ეტირა, მაგრამ ეშინოდა სიბნელის, მარტოობის, იმ კაცის, რომელიც სათევზაოდ წაყვანას შეჰპირდა და ახლა იმ თეთრხალათიანისაც, რომელიც შენობაში დახვდა. მას თავზე ექიმის ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, სახე პირბადით შეენიღბა და ხელში რაღაც ინსტრუმენტებს ატრიალებდა.

– დაიღალე, ახლა ცოტა ხანს დაიძინე და მალე ყველაფერი დამთავრდება, – ექიმს ბოხი ხმა და ბუდიდან ამოვარდნილი თვალები ჰქონდა.

– დედასთან მინდა, – ჩაილაპარაკა ბავშვმა და წამწამებზე ჩამოკიდებული ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა.

მისთვის პასუხი არავის გაუცია. ბექამ მხარზე ნემსის შერჭობა იგრძნო, შეჰყვირა, მაგრამ ქუთუთოები მალევე დაუმძიმდა. ექიმმა ხელში აიტაცა, საწოლზე დააწვინა. ბავშვს აღარაფერი გაუგია…

ორჯერ მოვიდა ბექა გონზე, თუმცა ბიჭუნა კარგად ვერ აცნობიერებდა, მის გარშემო რა ხდებოდა. თეთრხალათიან მამაკაცს ხედავდა, რომელსაც სახე შებურული ჰქონდა. ექიმი რამდენიმე კითხვას დაუსვამდა ხოლმე, ბექა კი ძლივს ამოთქვამდა რამდენიმე სიტყვას. ბავშვი თავის წამოწევას ცდილობდა და საკუთარ მკლავებს დასჩერებოდა, რომლებზეც რამდენიმე წვრილი, პლასტმასის მილი იყო შეერთებული. პატარას ყველაფერი სტკიოდა, თუმცა იქ გულშემატკივარი არავინ ჰყავდა, ტირილსაც ვერ ბედავდა.

– დედა მინდა! – ამოიკვნესებდა ბავშვი და ისევ ძილში მიდიოდა.

დაბრუნება

მარტის ბოლო რიცხვები იყო. ქართლში ახალაყვავებული ხეების სურნელი იდგა, მზის სხივების სითბო ჰაერს ავსებდა. ტრასასთან ახლოს, ერთ-ერთი ხის ძირში, ბავშვი იჯდა. ისეთი ფერი ჰქონდა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რომ გაჰყვება ადამიანს. ბიჭუნა გზას უყურებდა. მანქანა, რომლიდანაც ის ჩამოსვეს, რამდენიმე წუთის წინ თვალს მიეფარა. ბავშვი გაუნძრევლად იჯდა, პატარა ზურგჩანთა მკერდზე ჰქონდა მიკრული.

– ეს ხომ ის დაკარგული ბავშვია! – უცნობი გამვლელი ბიჭუნას წინ შეჩერდა და დაჟინებით დააცქერდა.

– მილიციას შეატყობინეთ, დარეკეთ ვინმემ! – აყვირდა მის გვერდით მდგომი ფაშფაშა ქალი. ბავშვი კი იჯდა ხის ძირში და ჩანთას მკერდზე იხუტებდა.

გამომძიებელ ბადრი ჭკადუას ჩვენება:

“ვინ წარმოიდგენდა, რომ გატაცებულ ბავშვს დააბრუნებდნენ?! მსგავსი რამ კრიმინალისტიკის ისტორიაში ალბათ არ მომხდარა. როცა მილიციაში დარეკეს და შეგვატყობინეს, რომ დაკარგული ბავშვი გამოჩნდა, მაშინვე აღნიშნული მისამართისკენ გავემართეთ.

ბიჭუნა შოკში იყო. თითქმის არ ლაპარაკობდა და არავისთან კონტაქტობდა. ზურგჩანთა, რომელიც მას გამტაცებლებმა გამოატანეს, დედის თანდასწრებით გაიხსნა. ის ფულით იყო სავსე.

ბავშვი სამედიცინო ექსპერტიზაზე გადავიყვანეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ პერიოდისთვის სტაბილური იყო, თუმცა ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა. გამტაცებლებმა ბავშვს ორგანო ამოაჭრეს და “კომპენსაციისთვის” სოლიდური თანხაც გადაუხადეს”.

ხელახლა დაიწყო სამძებრო ოპერაცია, დაკითხვები, ანაბეჭდების აღება. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ გამოძიება სისაურის კვალს დაადგა, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. ის მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, რუსეთში გაემგზავრა და მას შემდეგ მათი კვალი სამუდამოდ დაიკარგა.

რაც შეეხება ბექას, მან ცხოვრება ფულით, ცალი თირკმლითა და ჯოჯოხეთური მოგონებებით გააგრძელა.

ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი სარკე