,,ცვლილებების შემთხვევაში პირველი იქნებით თქვენ, ვინც ამას გაიგებთ”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, დატოვებს თუ არა თანამდებობას დავით სერგეენკო.
-გუნდში განახლება და ახალი სისხლი არის ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ცვლილებების შემთხვევაში პირველი იქნებით თქვენ, მედია, ვინც ამას გაიგებთ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თავად სერგეენკო, გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ,,ოცნების” ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე და აღნიშნა, რომ სერგეენკოს გადაყენებაზე საუბარი შიდა დაპირისპირებაზე მიანიშნებს.
-ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები.
მგონია, რომ სერგეენკოს ან სხვა ნებისმიერი პირის მაღალი რეიტინგი ვიღაცებისთვის არ იქნებოდა მოსაწონი. ყოველ შემთხვევაში, მმართველ გუნდში ვერ ვხედავ დალაგებულ პოზიციას, რომ ერთმანეთის რეიტინგები მოსწონდეთ, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, თუ სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა, მზად არის, მკვეთრი განცხადებებიც გააკეთოს.

