რატომ ერიდება ოჯახზე ლაპარაკს სალომე ბაკურაძე – ,,წონასთან მუდმივად ჭიდაობაში ვარ”

რატომ ერიდება ოჯახზე ლაპარაკს სალომე ბაკურაძე - ,,წონასთან მუდმივად ჭიდაობაში ვარ"მომღერალ სალომე ბაკურაძის შემოქმედებაში საავტორო ალბომის ჩაწერის დრო დადგა. უკვე მუშაობს, რომ მსმენელს შეკრებილი სიმღერები წარუდგინოს, მერე კი სოლო კონცერტის ეტაპიც მოვა. ბენდთან ერთად სხვადასხვა პროექტს აკეთებს, აქვს კონცერტები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

აქტიური მუშაობის შემდეგ სალომე სიმშვიდეს პატარა შვილთან და ქმართან, ლაშა ბასლანძესთან პოულობს. როგორც გვითხრა, ოჯახი მისთვის სიმყუდროვე და კომფორტია.

– სალომე, ნოდიკო ტატიშვილის კონცერტზე დუეტებიც იმღერეთ და სოლო ნომერიც. კიდევ რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში?

– ერთი ახალი სიმღერა მაქვს, რომელზე მუშაობასაც ზაფხულისთვის უკვე დავასრულებთ. ჩემი აზრით, კარგი გამოხმაურება ექნება, რადგან ძალიან მელოდიური, რიტმულია და ზაფხულს მოუხდება. ბორიკო შხიანის სიმღერაა, არანჟირებაც მისია, ტექსტი თემო საჯაიამ დამიწერა, ბოლო სტროფი კი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის.

კვირაში ერთ დღეს ბენდ “გრუვერსთან” ერთად ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი, ასევე მაქვს სხვადასხვა კორპორატიული საღამოები და კონცერტები რეგიონებში.

– არ დადგა სოლო კონცერტის დრო?

– ჯერ სოლო ალბომი მინდა, ამიტომაც ვაგროვებ სიმღერებს, რომ ერთიანად შევუტიო. მინდა, გაზაფხულზე კლიპი გადავიღო. ამასთან დაკავშირებით რეჟისორებს უკვე ვესაუბრე, იდეებიც გავუცვალეთ ერთმანეთს.

სადებიუტო ალბომი დამიგვიანდა, ამის შემდეგ უკვე სოლო კონცერტზეც შეიძლება ფიქრი. პრინციპში, პომპეზურ სოლო კონცერტზე მაქვს ლაპარაკი, თორემ პატარ-პატარა ვერსიები ძალიან ბევრჯერ მქონია.

– ცნობილია, რომ შოუ-ბიზნესში ფარული თუ აშკარა მტრობა ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ კი ბევრ ადამიანთან მეგობრობთ, ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანს. ვის გამოარჩევდით თქვენი კოლეგებიდან?

– შოუ-ბიზნესში საკმაოდ ბევრთან ვარ ახლოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემთვის უკვე ოჯახის წევრები არიან. ნოდიკო ტატიშვილი ჩემი ისეთი ძმაა, დედაჩემსაც ჰგონია, რომ მან გააჩინა და დედამისსაც ჰგონია, რომ მან გამაჩინა. ვერ ვხსნი, ისეთი დედმამიშვილური გრძნობა მაქვს ამ ადამიანის მიმართ. ნათია დუმბაძე და თიკა მახალდიანი ჩემთვის არამარტო კოლეგები, ოჯახის წევრები არიან. თიკა ჩემი მეჯვარეა, მე ნათიას მეჯვარე ვარ.

– თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ყველაფერი კონკურსებიდან დაიწყო, იყო “ნუცას სკოლა”, “ჯეოსტარი”, “ბრავო”, რომელიც მოიგეთ. როგორ გახსენდებათ ის წლები?

– “ნუცას სკოლა” ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად შევეხე ტელევიზიას, იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი. უცებ აღმოვჩნდი შიდა სამზარეულოში, მათგან რჩევებს ვიღებდი. ამ პროექტმა დამაყენა იმ ტალღაზე, რომ ნამდვილად უნდა გამეგრძელებინა ეს საქმიანობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, “ნუცას სკოლაში” მნახა კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მე და ნოდიკო ტატიშვილი მის კვინტეტში მოვხვდით.

“ჯეოსტარის” პერიოდში დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ “რუსთავი 2”-ზე ამ გადაცემაზე მუშაობდნენ და პედაგოგებმა – მარინა ბერიძემ, მანანა მორჩილაძემ, ლანა ქუთათელაძემ, ნინო ჩაჩავამ. “ბრავო” იყო 2010 წელს, ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის უდიდესი ტიტული იყო. კონკურსი ძალიან კარგი საშუალებაა დამწყები მომღერლისთვის, რომ ფართო აუდიტორიისკენ გაეხსნას გზა.

– ესტრადის მსახიობისთვის ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის – ვიზუალი, იმიჯი. თქვენ როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

– მუდმივად დიეტაზე ვარ, რომ წონა ვაკონტროლო. ეს საკითხი არამარტო საქართველოშია ბევრისთვის მტკივნეული, არამედ მთელ მსოფლიოში. წონასთან მუდმივად ჭიდაობაში ვარ.

მადლობა ღმერთს, თმა ისეთი მაქვს, ბევრი წვალება არ სჭირდება, არც ვიღებავ, მხოლოდ ვიჭრი სალონში.

მასაჟებზეც დავდივარ. ერთ-ერთ ესთეტიკურ ცენტრში სამთვიან მარათონში ჩავები, სადაც სხეულის პროცედურებს ვიკეთებ. ძალიან მონდომებული ვარ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო და კარგი შედეგი მივიღო. სოლარიუმსაც ვსტუმრობ.

– თქვენი და ლაშა ბასლანძის ოჯახური ცხოვრება როგორ მიედინება?

– მშვენივრად. ოჯახზე ნაკლებად ვსაუბრობ, რადგან იმდენად მყუდროა ჩემთვის და იმდენად კომფორტია, რომ სიღრმეებზე ლაპარაკს ვერიდები.

– ცოლ-ქმარი ბევრ დროს უთმობთ ერთმანეთს?

– ცხადია, ბევრ დროს ვუთმობთ ერთმანეთს. მოგზაურობა ორივეს ძალიან გვიყვარს და, როცა დრო და ფინანსები გვაძლევს ამის საშუალებას, მაშინვე გავრბივართ ახალ-ახალი ადგილების დასაპყრობად.

– ბოლოს სად იმოგზაურეთ?

– ერთი თვის წინ ვიყავით ბერლინში. ცოტა სიცივე იყო, მაგრამ ამას გართობაში ხელი არ შეუშლია.

– პატარა ბიჭუნას ახალგაზრდა დედიკო ხართ. როგორ ზრდით, როგორი მიდგომები გაქვთ შვილთან?

– მეგობრული და არა – ისტერიკული, მაგალითად, ყველაფერზე რომ ეჩხუბებიან ბავშვებს. დიალოგით, მშვიდი ლაპარაკით ვაგვარებ ყველაფერს. თუ, მაგალითად, ბებიას მეტი ჯაფა სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც გააგებინოს, მე ეს ადვილად გამომდის და არ ვიცი, რისი დამსახურებაა, ალბათ დედაშვილობის. მეტი თუ არა, ნაკლები როლი არ მიუძღვის დედაჩემს მის გაზრდაში, მაგრამ ჩემი ძალიან ესმის და სჯერა.

ჩემი შვილი 3 წლისაა და ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რამდენად ვიქნებით მეგობრები, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან მინდა და ამის ნიშნებიც ჩანს ჩვენს ურთიერთობაში.

– რა გასწავლათ დედობამ, რა აღმოჩენები გააკეთეთ საკუთარ თავში?

– თუკი დრო მაქვს, იმის ნაცვლად, რომ სადმე ვიხეტიალო, ვცდილობ, შვილთან ერთად ვიყო. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვინც ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა დაღლილი ვიყო ან ცუდი განწყობა მქონდეს, ყველაფრის უებარი წამალია. ეს გრძნობა ყველა დედისთვის ნაცნობია.

ირმა ჭკუასელი, სარკე