ნინელი ჭანკვეტაძე: “ასაკში ვარ და ძალიან მიჭირს თამაში”

ნინელი ჭანკვეტაძე: "ასაკში ვარ და ძალიან მიჭირს თამაში"ნინელი ჭანკვეტაძის სამსახიობო გზა ადრიდან და საინტერესოდ დაიწყო. მისი შემოქმედება მდიდარია ნიჭიერად შექმნილი სახეებით. 60 წელს გადაცილებული მსახიობის რეპერტუარი დღესაც უამრავი როლით არის დატვირთული.

მეოთხე კურსზე იყო, როცა კინომსახიობთა თეატრმა მიიწვია სპექტაკლში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდა მომავალ მეუღლეს, მსახიობ ზაზა მიქაშავიძეს. მას შემდეგ ერთად მოდიან და საუკეთესო პარტნიორობას უწევენ ერთმანეთს როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაში.

ქალბატონ ნინელის, კარიერული წარმატებისგან განსხვავებით, დედობის ბედნიერება გვიან ეწვია, მსახიობების წყვილს ქალიშვილი ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ ეყოლა. უხარიათ, რომ ერთადერთმა შვილმა დედ-მამის პროფესია არ აირჩია, რადგან, როგორც ქალბატონი ნინელი ამბობს, მსახიობობას სიხარულთან ერთად ტკივილიც მოაქვს.

– ქალბატონო ნინელი, სტუდენტობის შემდეგ სცენაზე დგახართ. რას ნიშნავს სცენა თქვენთვის?

– ჩემი ცხოვრების წესია. მე სხვა არაფრის კეთება ვიცი. ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემს სათქმელს, ჩემს ტკივილს, რაც მაქვს დაგროვილი, მხოლოდ სცენიდან გამოვხატავ.

– ბევრი მსახიობი წუხს, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს. თქვენი შემოქმედება ყოველთვის დატვირთული იყო როლებით. ახლაც ასეა?

– ძალიან დატვირთული ვარ. ვეხვეწები, ასაკოვანი ქალი ვარ და ასე ძალიან ნუ მაკავებთ-მეთქი, ძალიან მიჭირს თამაში.

– “ასაკოვანი ქალი” – ამ შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით, ძალიან გაზვიადებულია, არც თქვენს გარეგნობაზე ითქმის ეს და არც იმ როლებსა და იმ ენერგიაზე, რასაც სცენიდან გადმოსცემთ. შვილზე უნდა გკითხოთ – მსახიობი მშობლების ქალიშვილმა თქვენი პროფესია რატომ არ აირჩია?

– დიახ, ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ. კიდევ კარგი, ჩემმა ქალიშვილმა ეს პროფესია არ აირჩია. მეც და ჩემი მეუღლეც ბედნიერები ვართ ამით.

– რატომ? ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ რთული გზა აქვს გასავლელი?

– არ მინდოდა, რომ მსახიობი ყოფილიყო. ურთულესი პროფესიაა და ძალიან თუ არ მოინდომებდა, მე ხელს არ შევუწყობდი. მსახიობობა დიდ ფიზიკურსა და მორალურ დატვირთვას მოითხოვს. მუდმივად ფორმაში უნდა იყო, არ შეიძლება, რომ ერთი წამითაც ფორმიდან ამოვარდე. ამ პროფესიას ბევრი ტკივილი და ბევრი სიხარული მოაქვს და ამ ყველაფერს გაძლება უნდა.

– თავის დროზე თქვენ რატომ გააკეთეთ ასეთი არჩევანი, ეს თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?

– ბავშვობისა – არა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ოჯახს უნდოდა, სხვა პროფესია ამერჩია. მგონი, სურდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა. კლასელის ბებიამ მუშაობა სამოყვარულო თეატრში დაიწყო, რეჟისორი იყო და მკითხა, მსახიობობას ხომ არ აირჩევო. ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი ბედს და რაიმე თუ ისე არ იქნა, სხვა პროფესიას მერე ავირჩევ-მეთქი. ოჯახს ძალიან არ ესიამოვნა, ეწყინათ კიდეც.

– მერე იყო თეატრალური ინსტიტუტი და ადამიანი, რომელმაც, როგორც ხშირად ამბობთ ხოლმე, თქვენი შემოქმედებითი გზა განსაზღვრა – მიხეილ თუმანიშვილი. როგორ ფიქრობთ, ეს პიროვნება რომ არ შეგხვედროდათ, თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა?

– მიხეილ თუმანიშვილი იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო. ჩემთვის თუმანიშვილის სახელობის თეატრი არის ყველაფერი. უნდა ვთქვა და იმედია, არავის ეწყინება, რომ ამაზე უკეთესი თეატრი ვერ წარმომიდგენია.

ბატონმა მიშამ ჩემს საოცნებო თეატრში მიმიყვანა მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი და იმის შემდეგ აქ ვარ. არასოდეს მქონია სურვილი და არ მითქვამს, ნეტა, სხვა თეატრში გადამიყვანა-მეთქი. ძალიან ნიჭიერი კოლეგები მყავს. სხვა თეატრებშიც ნიჭიერი მსახიობები არიან, მაგრამ ჩემს პარტნიორებს სხვებში ვერ გავცვლი.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019