მარინა კახიანი გოგოს ბებიობას სწავლობს – “ალექსანდრა ლოყებით და ტუჩებით მგავს”

მარინა კახიანი გოგოს ბებიობას სწავლობს - "ალექსანდრა ლოყებით და ტუჩებით მგავს"რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა. გოგონა, რომელსაც ალექსანდრა დაარქვეს, შობადღეს, 7 იანვარს დაიბადა. მსახიობი ყოველი სპექტაკლის შემდეგ თავისი “ბუტია” გოგოსკენ მიიჩქარის, რომ მოეფეროს, სიყვარული და სითბო აჩუქოს. თავის ემოციებზე ის “სარკესთან” საუბრობს.

– ქალბატონო მარინა, იანვარში მეორე შვილიშვილის ბებია გახდით. როგორია გოგონას ბებიობა?

– გოგონას ბებიობას ახლა ვსწავლობ, ჯერ არ ვიცი, ალბათ უფრო იოლია ქალისთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ქალისთვის გოგოს დედობაც უფრო იოლი მგონია. მოგეხსენებათ, მე ვაჟი მყავს, უფროსი შვილიშვილიც ბიჭია და ასე მგონია, უფრო ადვილად ხდება ურთიერთობის დამყარება გოგოსთან, უფრო ადვილად აღსაზრდელია, თუმცა გოგოების დედებს და ბებიებს რომ ვკითხოთ, შეიძლება სხვანაირად თქვან. აი, ახლა, ნელ-ნელა ვსწავლობ გოგოს ბებიობას.

მარინა კახიანი გოგოს ბებიობას სწავლობს - "ალექსანდრა ლოყებით და ტუჩებით მგავს"– როგორი გოგონაა ალექსანდრა?

– პატარა ალექსანდრა 7 იანვარს დაიბადა – 3 კილო და 100 გრამი. ძალიან საყვარელი გოგონაა, ნაზი, მაგრამ, სხვათა შორის, თავის ხასიათსაც უკვე ავლენს, ისეთი მომთხოვნია, დროზე თუ არ შეუსრულე, რაც სურს, საკმაოდ მკაცრი ხდება და იბუტება.

– საოცარ ემოციებსა და შეგრძნებებს შემოიტანდა ოჯახში.

– ჯერ არგანცდილი ემოციაა, რადგან ჩემს ოჯახში გოგონა არ გაზრდილა. ძალიან ამაღელვებელია, თითქოს რაღაც ახალს ვსწავლობ. ძალიან მაინტერესებს ის ურთიერთობები, რაც ყალიბდება პატარა არსებებთან, ყოველი დღე ხომ რაღაც ახლის მომტანია მათთვისაც და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, გარშემომყოფთათვისაც.

– აქტიურად ხართ ჩართული შვილიშვილის გაზრდაში?

– ჯერჯერობით ბოლომდე არ ვარ ჩართული. ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ინტენსიური რეპეტიციები მაქვს, ახალ სპექტაკლს ვამზადებთ თეატრში. ალექსანდრა რომ მოევლინა ამქვეყანას, საახალწლო სპექტაკლები გვქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მოვასწარი სამშობიაროში მისვლა. როცა დაიბადა, გამოვიქეცი, რადგან სპექტაკლი მქონდა. დღეში ორ-ორ სპექტაკლში ვთამაშობდი და ამჟამადაც ახალ როლზე ვმუშაობთ, ამიტომ მთლად ალექსანდრათი არ ვარ დაკავებული. ასე რომ ვთქვათ, თეატრი მიშლის ხელს.

– გარეგნობით ვის ჰგავს, თქვენსავით ლამაზი ფერის თვალები ხომ არ აქვს?

– ახლა თითქოს ნაცრისფერი თვალები აქვს, მაგრამ შეიძლება ფერი შეეცვალოს. ამბობენ, თითქოს რაღაცით მგავს, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა და ვერ მიხვდები. რძალმა ჩემი ბავშვობის სურათები რომ ნახა, თქვა, უი, ახლა ნამდვილად მივხვდი, რომ თქვენ გგავთო. ლოყებით და ტუჩებით კი მგავს.

– “სარკესთან” ყვებოდით, რომ რძალთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ. ალექსანდრას დაბადებამ ოჯახში ფუნქციები როგორ დაალაგა?

– რძალთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ოჯახში როლებს, ამის განაწილება თავისთავად ხდება. ალექსანდრა 8 მარტს გადმოვიდა ჩემთან, მანამდე მეორე ბებიასთან იყო.

– შეცვალა თქვენი დღის გრაფიკი პატარამ?

– შეცვალა იმით, რომ რეპეტიციების მერე უკვე მენატრება და გიჟივით გავრბივარ, ერთი სული მაქვს, რომ ვნახო, თუ, რა თქმა უნდა, სხვა აუცილებელი საქმე არ გამომიჩნდა, ეს იქნება ჟურნალისტებთან შეხვედრა, გადაღება, ჩაწერა და სხვა მნიშვნელოვანი რამ. ყველაზე სასიამოვნო პროცესი ამ პატარა ქალბატონთან ურთიერთობაა.

– ალბათ გაგიახლდათ ის შეგრძნებები, როცა დედა გახდით.

– კავშირი ძალიან დიდია იმიტომ, რომ შვილი შენი ნაწილია და შვილიშვილიც უკვე თავისთავად ხდება შენი ნაწილი. გინდათ, ინსტინქტი დაარქვით, გინდათ, სხვა რამ, მაგრამ ეს არის ყველაზე მშვენიერი რამ, რაც არსებობს.

დიდი ხანი გავიდა, რაც შვილი გავაჩინე, მაგრამ ყოველი წუთი მახსოვს იმ დღის, როცა ვათა მოევლინა ამქვეყანას. დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარზე გაჩნდა, მაგრამ მე გამთენიისას ჩამეძინა, იმდენად სავსე ვიყავი შეუცნობელი გრძნობებით, შვილის სიყვარულით. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 22 წლის, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ საკუთარ თავზე დიდი ვალდებულება ავიღე და ეს გრძნობები არ მაძინებდა, მთელი ღამე თეთრად გავათენე.

– ინტერვიუს დასაწყისში ახალი სპექტაკლი ახსენეთ. ვინ დგამს პიესას და რა როლი გაქვთ?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ახლა ძალიან საინტერესო და რთული სამუშაო მაქვს. რეჟისორი გოჩა კაპანაძე დგამს სპექტაკლს საქართველოს უკანასკნელ დედოფალზე. იცით, რომ არსებობს ჯაბა იოსელიანის პიესა დედოფალ მარიამზე (“საქართველოს უკანასკნელი დედოფალი”. რედ.შენ), ბატონმა რობიკო სტურუამ გოჩა კაპანაძეს შესთავაზა სხვა ავტორების გაერთიანებაც.

აქამდე თუ უცხოელ დედოფლებს ვთამაშობდი, ახლა ვითამაშებ ქართველ დედოფალს და ეს არის უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე ითამაშო შოტლანდიის, ინგლისის თუ იტალიის დედოფლები. ყველა ქართველს განსაკუთრებულად გამძაფრებული გრძნობა აქვს ქართველი დედოფლებისა და მეფეების მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

– დამწყებ მსახიობებს რას ურჩევდით თქვენი გამოცდილებიდან?

– ადამიანების დამოძღვრა არ მიყვარს. წარმატებისკენ სავალ გზაზე ინდივიდუალურები და განსხვავებულები ვართ. ძალიან კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, ჩვენზე უფრო თამამები, უფრო თავისუფალები, ვიდრე ჩვენი თაობა იყო. ის კი არ ვიცი, ისევე თავგანწირვით უყვართ თუ არა ეს პროფესია, როგორც ჩვენს თაობას უყვარს. შრომისმოყვარეობასა და პროფესიის სიყვარულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამასთან ერთად ბედიც საჭიროა.

 ირმა ჭკუასელი, სარკე