მარიკა სამანიშვილი: ,,ჩემი ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტი ბანკში მიდის”

მარიკა სამანიშვილი: ,,ჩემი ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტი ბანკში მიდის"ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობ მარიკა სამანიშვილის კარიერას მალე 40 წელი შეუსრულდება. ამ დროის განმავლობაში მის ცხოვრებაში არ ყოფილა პერიოდი სცენის გარეშე, უთეატროდ, უმაყურებლოდ არსებობა ვერ წარმოუდგენია. ასეთი სიყვარულისა და ერთგულებისთვის ხალხისგანაც დიდი მადლიერება მიიღო. ქუთაისში, თეატრის წინ მარიკა სამანიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

მსახიობმა სხვა რა უნდა ინატროს, მაგრამ ამ ბედნიერებას ის მძიმე ყოფა აბნელებს, რომელსაც მარიკა სამანიშვილი ირგვლივ და საკუთარ ცხოვრებაში აწყდება.

მარიკა სამანიშვილი:

– ზოგადად რატომღაც ძალიან რთული პერიოდია. თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, არასდროს მოკვდება, მაგრამ მაყურებლის რაოდენობა ძალიან შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სოციალური ფონია. არადა ომიანობის დროს, როდესაც ძალიან დიდი გაჭირვება იყო, ხალხი თეატრში მაინც დადიოდა. დედაჩემი ამბობს, საპონს ვყიდდით და თეატრის ბილეთებს ვყიდულობდითო. თეატრს მაყურებელი წაართვა კომპიუტერმა, ინტერნეტმა, ტელეფონმა და ზოგადად ტექნიკამ.

– დღეს ვინ დარჩა თეატრის მაყურებლად?

– ძირითადი მაყურებლები პედაგოგები არიან. სტუდენტებს შევთავაზეთ ფასდაკლებით ბილეთები, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არ იგრძნობა დიდი ინტერესი.

– 40 წელი სცენაზე – ეს თქვენს უღალატო სიყვარულზე მიუთითებს. რას ნიშნავს თქვენთვის სპექტაკლში თამაში?

– ჩემთვის სცენა ყველაფერია. აი, როგორც საკვები, წყალი და ჰაერია მნიშვნელოვანი, ასე არის თეატრიც ჩემთვის. ამის გარეშე არსებობა არ შემიძლია. ეს სივრცე ჩემთვის ყველაფერია.

მსახიობები ხშირად ვწუწუნებთ, რომ დავიღალეთ, ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ, როდესაც სცენაზე შევაბიჯებთ, აღარაფერი გვტკივა. დღეს უკვე დავრწმუნდი იმ ამბის სიმართლეში, რასაც წლების განმავლობაში მიყვებოდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე ცუდად რომ იყო, თეატრში მიჰყავდათ, სკამს სცენაზე უდგამდნენ და კარგად ხდებოდა.

როგორც კი პროჟექტორი მომანათებს, მე უკვე “მე” აღარ ვარ, გარდავისახები. ასეა ყველა მსახიობი.

მარიკა სამანიშვილი: ,,ჩემი ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტი ბანკში მიდის"– თქვენს ოჯახში სამი მსახიობია: თქვენ, თქვენი ქმარი თენგო ჯავახაძე და ქალიშვილი თეკლა ჯავახაძე. საინტერესოა, როგორია სამი მსახიობის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ, როგორ თავსდებით?

– უიმე! ძალიან რთულია, მაგრამ ამასთანავე კარგიც არის, რადგან შენ გყავს კეთილი თანამოაზრეები, რომლებიც ობიექტურად გაფასებენ. ჩვენს ოჯახში სამი კი არა, ოთხი მსახიობია. ჩემს ორივე შვილს თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ბექა ჯავახაძე 13 წელია ირლანდიაშია. ვატყობ, რომ იტანჯება, რადგან თავისი პროფესიით ვერ ცხოვრობს და მე ამას ვგრძნობ. რაც შეეხება თეკლას, ის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია.

– ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, კარიერა და პირადი ცხოვრება თანაბრად წარმატებულად ააწყვეთ?

– კი და ეს ძალიან დიდი მოთმინების ხარჯზე მოხდა. ჩვენ რთული პერიოდი გავიარეთ. 1989 წლიდან მოყოლებული, ქვეყანამ ურთულესი ეტაპი გაიარა და ახლაც ასე ვართ. ყველაფერი ძვირდება და ჩვენს ხელფასზე კი არავინ ფიქრობს. ჩემი ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტი ბანკებში მიდის.

მე, შემდგარმა არტისტმა, თუ ვერ შევძელი და ვერ ვიყიდე მანქანა, თუ ვერ ვიყიდე ის, რაც მე მინდა ზომიერების ფარგლებში, თუ ვარსკვლავის გახსნა არ აისახება მსახიობის მატერიალურ მდგომარეობაზე, მე იქ, თეატრის წინ დადებული ქვა არ მჭირდება და შეუძლიათ ამოიღონ!

– ბიძინა ივანიშვილი ბევრ მსახიობს აძლევს სტიპენდიას. ქუთაისელ მსახიობებს არ გიწევთ ფინანსურ დახმარებას?

– არა და მე ბიძინა ივანიშვილს არ ვთხოვ, მე სახელმწიფოს ვეუბნები, მომიმატოს და მომცეს ის თანხა, რაც ჩემს სტატუსს და ვარსკვლავგახნილ მსახიობს შეეფერება.

– როგორ იქნება სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მადონას ამბავი, რომელსაც თქვენ თამაშობდით? გაგრძელდება თქვენი გმირის ხაზი?

– არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბაია დვალიშვილმა (ნელიკოს როლის შემსრულებელი სერიალში. ავტ.) დამირეკა, როდესაც ბოლოს გადაიღეს და ძალიან გახარებული იყო, იქნებ ჩვენი, მადონას და ნელიკოს, ხაზი დაბრუნდესო. ხალხმა ძალიან შეიყვარა ეს ჭორიკანა მეზობლები.

ზოგადად მსახიობი ძალიან ღორმუცელაა, მუდმივად ენატრება გადაღებების პროცესი. “ჩემი ცოლის დაქალებში” სამ წელიწადში 100 სერიაში ვითამაშე.

– თქვენ როგორი მეზობლობა იცით, აქტიური და ყველაფერში ჩართული ხართ მადონასავით?

– არანაირად. ისე გადის კვირა და თვე, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მეზობელს ვერც ვნახულობ. კარგი მეზობლები მყავს, ერთმანეთთან ნათელმირონობით ვართ დაკავშირებული.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე