ჯემალ ჭკუასელი: ,,ათმეტრიან ხრამში გადავიჩეხე, მაგრამ ნაკაწრიც არ მქონდა”

ჯემალ ჭკუასელი: ,,ათმეტრიან ხრამში გადავიჩეხე, მაგრამ ნაკაწრიც არ მქონდა",,შეუცნობელი მოვლენები ისეთი საშიში არ არის, როგორიც შეუცნობელი ადამიანები. გალაქტიკაში არავინ არაფერს დაგიშავებს, მაგრამ დედამიწაზე ადამიანი ისეთ რაღაცას ჩაიდენს, რომ შოკში ჩაგაგდებს”, – ამბობს ცნობილი ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, უამრავი რამ აქვს ნანახი და განცდილი, ათასგვარ ხალხს შეხვედრია სამშობლოში თუ უცხოეთში. რაც კი დედამიწაზე ან მის ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს სამყაროს კანონზომიერებად მიიჩნევს და არ სვამს კითხვებს – რატომ და რისთვის. იცის მთავარი, რომ ღმერთი სწყალობს და განსაცდელში მყოფს იცავს.

– ბატონო ჯემალ, ამქვეყნად რა გაოცებთ ყველაზე მეტად?

– ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საოცრება ცისარტყელაა, მისი ფერები მაგიჟებს. კანადიდან ვაშინგტონში მივფრინავდით და ცისარტყელას გადავუფრინეთ. ზემოდან ნახევარი საათი ვუყურებდი ამ სილამაზეს.

– ცხოვრება ხიფათებით არის სავსე და სიკვდილის შიშიც ადამიანს სულ თან სდევს. თქვენ თუ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ სიკვდილისთვის თვალებში ჩაგეხედათ?

– კი და არაერთხელ. რამდენჯერმე ავარიაში მოვყევი. ერთხელ დაღმართზე ჩავდიოდი, მაშინ ამერიკული “ვილისი” მყავდა. საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დამეჯახა. ჩემს “ვილისს” ნაკაწრიც არ ჰქონდა, ის მანქანა კი ჯართში ჩასაბარებელი გახდა.

ახალგაზრდობაში მოტოციკლეტით მიყვარდა სიარული. ერთხელ მოტოციკლეტზე ვიჯექი და დავინახე, საპირისპიროდ მომავალი მანქანა როგორ მეჯახებოდა. ერთ წამში გავიფიქრე, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, გვერდით მოვუხვიე და ხრამში გადავვარდი. თითქმის 10 მეტრის სიღრმეში ჩავვარდი, მაგრამ არც მე და არც ჩემს მოტოციკლეტს ნაკაწრიც არ გვქონდა. მას შემდეგ რწმენა გამიჩნდა, რომ ასე ადვილად არ მოვკვდებოდი.

საერთოდ, ადამიანის ორგანიზმი რასაც იტანს, მეც შემიძლია იმის ატანა. სისხლში თრომბოციტების 200 ერთეულია, ამაზე მეტი საშიშია. მე აღმომაჩნდა 4700 თრომბოციტი. ექიმმა გაკვირვებულმა მითხრა, 3 ათასი თრომბოციტი ისე გაგიფრინდა, ვერაფერი გაიგეო. არადა ვენიდან ერთიც რომ გამოვიდეს, თრომბი დაეცობა და მორჩა. მე ისე დავკარგე ეს თრომბოციტები, ერთიც არ მომკარებია. შემდეგ მათმა რიცხვმა კიდევ დაიკლო და ნორმაში ჩადგა.

კარდიოლოგ ანზორ მელიას მადლობა რომ გადავუხადე, მითხრა, ღმერთი გწყალობს და მან გადაგარჩინაო. ადამიანების 98% იღუპება ასეთი დაავადებით, მე კი გადავრჩი.

– რამდენიმე წლის წინ ავიაკატასტროფას გადაურჩით. ეს შემთხვევა გაიხსენეთ.

– გასტროლებზე მივფრინავდით მთელი ანსამბლი, მათ შორის – ჩემი სამი შვილიშვილი. თვითმფრინავი აფრინდა, მაგრამ კარი არ დაიკეტა, შუილი დაიწყო და 4 საათის განმავლობაში ასე ვიფრინეთ. მოგეხსენებათ, თვითმფრინავში ჰაერის პატარა ნაკადის შესვლა კატასტროფის ტოლფასია, ჩვენ კი კარებღიათი მოგვიწია ფრენა. 4 საათის შემდეგ მინსკში დასვეს თვითმფრინავი.

სალონში პანიკა იყო, სახეზე ადამიანის ფერი არავის ედო. შემეშინდა, ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ-მეთქი და ხუმრობა დავიწყე. გულში შიში მქონდა, სახეზე კი – ღიმილი. ხალხის დასამშვიდებლად ვიცინოდი, ვხუმრობდი. ანსამბლში სულ 18-19 წლის ახალგაზრდები იყვნენ და მათი გამხნევება მინდოდა.

როგორც კი დედამიწაზე დავდგი ფეხი, მაშინვე დავივიწყე ეს ამბავი, რადგან ამაზე ფიქრი რომ გამეგრძელებინა, გავგიჟდებოდი. როგორც გავიგე, ის ადამიანები, რომლებმაც აფრენის წინ თვითმფრინავი არ შეამოწმეს, დააპატიმრეს.

ერთხელ მოსკოვიდან “ტუ-104”-ით მოვფრინავდით. თვითმფრინავის ბორბლები არ გაიშალა. ისტერიკული სიცილი ამივარდა. მეგობარმა მკითხა, რა გაცინებს, შენც ხომ ამ თვითმფრინავში ზიხარო. სიცილით ვუთხარი, რადგან ბორბლები ვერ გაშალა, ხომ არ მოვიწყენ-მეთქი. ერთი ქალი შიშისგან ცუდად გახდა და, როგორც შემდეგ გავიგე, ჩამოფრენის შემდეგ გარდაიცვალა. ალბათ ავად იყო და შიშმა იმოქმედა.

– სიკვდილს ან რაიმე უბედურებას გადარჩენილი ადამიანები შესაწირს აკეთებენ, საკლავს სწირავენ ხოლმე ეკლესიას მადლობის ნიშნად. ეს თქვენც გაგიკეთებიათ?

– ეკლესიაში შევდივარ და სანთელს ვანთებ. არ მიყვარს, როდესაც ჩემი გულისთვის საკლავს კლავენ. არ მინდა, დაიკლას თიკანი, ცხვარი. სოფელ შემოქმედში (ოზურგეთის რაიონი) ვიზრდებოდი და პატარა თიკნები მყავდა. ერთხელ, სკოლიდან სახლში რომ მივედი, დედას შევეკითხე, თიკნები სად არიან-მეთქი. მითხრა, დასაკლავად წაიყვანესო. ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე, 10 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. მერე დედა მეუბნებოდა, ძლივს გადაგარჩინეო.

მას შემდეგ არასოდეს გამისინჯავს არც გოჭის, არც თიკნის და არც ბატკნის ხორცი. რაც პატარა არსებაა, მის ხორცს არ ვჭამ, თუმცა ხორცი მიყვარს და სიამოვნებით გეახლებით ღორის მწვადს. ერთხელ თიკნის ხორცი შემომაპარეს და რომ გავიგე, ცუდად გავხდი.

– თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი ამოუხსნელი რამ არის – სიზმრები, რომლებიც გიცხადდებათ.

– მშობლების გარდაცვალება სიზმარში ვნახე. დედა 60 წლის იყო და ყველა კბილი თავისი ჰქონდა. ერთხელ მესიზმრა, რომ ყველა კბილი ჩამოცვივდა, სიზმარში დედის გარდაცვალებას ვხედავდი. მართლაც, მალევე გარდაიცვალა. ასე იყო მამაზეც, მაგრამ ამის მოყოლა არ მინდა. სიზმარი მისრულდება 4 წლის, 10 წლის მერე. ბოლო რამდენიმე წელია, აღარ მამახსოვრდება სიზმარში ნანახი.

მკითხავთან თუ ყოფილხართ?

– არასოდეს! თუმცა ერთ ამბავს გავიხსენებ. ახალგაზრდობაში მეგობარმა გოგომ ყავაში ჩამიხედა და მითხრა, სულ მალე ტრიუმფი გელისო, წლებიც დამისახელა და ყველაფერი ამიხდა…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, წინასწარ არის დაწერილი და ჩვენ ვერ შევცვლით. საუბარს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დავასრულებ – “ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა”.

ლია ოსაძე, ჟურნალი სარკე