გოგი წულაია: ,,ცოლისთვისაც მიყვირია და ბავშვებისთვისაც”

გოგი წულაია: ,,ცოლისთვისაც მიყვირია და ბავშვებისთვისაც'',,დროშა ვერ დაკიდენ!” – პოლიტიკოს გოგი წულაიას ამ ფრაზას დღეს ლამის მთელი საქართველო იმეორებს. ენამოსწრებული ქუთაისელი, რომელიც ხშირად გამოდის მწვავე განცხადებებით, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 10 წელზე მეტია ოპოზიციაშია და, როგორც ამბობს, ვერ ერთმა ხელისუფლებამ მისი მოსაწონი ჯერ ვერაფერი გააკეთა.

მშვიდი და რბილი არც ოჯახშია. პედაგოგი ცოლი, ინგა ბიბიჩაძე და მისი ორი შვილი, 18 წლის თემური და 10 წლის სალომე, ოჯახის უფროსისგან შენიშვნებს ხშირად იღებენ.

— ბატონო გოგი, თქვენი განცხადებები და ხელისუფლების კრიტიკა თან მწვავეა, თან ქუთაისური იუმორით გაჯერებული. სახლში როშორი ხართ – მკაცრი თუ მხიარული?

ოჯახშიც ისეთი ვარ, როგორიც პოლიტიკაში. სახლშიც ვყვირი ხოლმე და შენიშვნებს ვაძლევ ოჯახის წევრებს იმაზე, რაც არ მომწონს. მეუღლისთვისაც მიყვირია და ბავშვებისთვისაც. სახლში რომ “ბულკი” ვიყო და გარეთ – ვეფხვი, ვინმე არ იფიქრებს, ამან ჯერ სახლში დაამყაროს “პალაჟენია” და მერე ილაპარაკოს ქალაქის პრობლემებზეო?! ამიტომ პოლიტიკაში, ქუჩაში და სახლში ვარ ზუსტად ერთნაირი. თამაში არ შემიძლია.

— მერე როგორ ხვდებიან თქვენს ხმაურიან და ემოციურ გამოსვლებს ოჯახის წევრები?

– ჩემი ყოველი ბრიფინგის მერე სახლში ომი გვაქვს. ცოლი მეჩხუბება, ბიჭო, ყველაფერს შენ რატომ აპროტესტებო. ასევე, სულ შენიშვნებს მაძლევს, არ ილაპარაკო ემოციურად, გამართული ქართულით იმეტყველე და ეგ უფრო მოგიხდებაო. მერე ვეუბნები, კარგი, დაგიჯერებ-მეთქი, მაგრამ მომდევნო ბრიფინგზე, ლაპარაკს რომ დავიწყებ, საერთოდ მავიწყდება, რა რჩევა-დარიგება მომცა ცოლმა.

— სწორედ თქვენს ბრიფინგებზე, მინდა, გკითხოთ, ე.წ. ფრთიანი ფრაზებით ხართ ცნობილი, წინასწარ ფიქრობთ და აწყობთ, რა უნდა თქვათ ჟურნალისტებთან?

– არასოდეს. რამდენჯერაც მოვიფიქრე წინასწარ, ამას ვიტყვი-მეთქი, არ გამომივიდა. როგორც კი დავიწყებ ლაპარაკს, ყველაფერი მავიწყდება და მაინც ჩემს ენაზე ვსაუბრობ. ე.წ. ფრთიან ფრაზებს ინსტინქტურად, უნებლიეთ ვამბობ, რაც ძალიან მოსწონთ ჟურნალისტებს.

ასეთი განცხადებები რომ არა, ერთი ჟურნალისტიც არ მომაქცევდა ყურადღებას. ქუთაისში ჩემზე ჭკვიანი, განათლებული, იუმორით სავსე და სიტყვა-პასუხის მქონე პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ჟურნალისტებს ამ ჩემი ორიგინალური გამოთქმების გამო მაინც მე ვუყვარვარ და ჩემს აქტივობებს მუდმივად აშუქებენ.

— როგორი მამა ხართ, თქვენი ხასიათი შვილებისადმი დამოკიდებულებაზე როგორ აისახება?

– მამა მართლა კარგი ვარ. აი, თუ რამეში ვარგივარ, მამობაა. შვილების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი ვარ. მინდა, რომ ჩემზე უკეთესები იყვნენ. მე დავიბადე ტროლეიბუსის ეპოქაში და ესენი დაიბადნენ კომპიუტერის და ინტერნეტის ეპოქაში.

ბიჭი სპორტით არის დაკავებული და ყურადღებას ვაქცევ, მეორე შვილი კი წუნკალი გოგო მყავს, ჩემი ნებიერაა ის. თავს გავწირავ ჩემი შვილების გამო.

— საოჯახო საქმეები თუ გეხერხებათ? ცოლს შეგიძლიათ ხელი წაუკრათ, როცა არ სცალია, მის მაგივრად რაიმე გააკეთოთ?

– საოჯახო საქმეებში მეტნაკლებად ვეხმარები. დაუთოება და ჭურჭლის რეცხვა არ გამომდის, უფრო სწორად, არ მიყვარს და არც ვაკეთებ. საჭმელს ხშირად ვაკეთებ. შეიძლება ერთი კვირა ისე გავიდეს, ყოველდღე მე გავაკეთო.

დრო მე უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ჩემს მეუღლეს. ის პედაგოგია და ჯერ სკოლაშია დაკავებული, შემდეგ ბავშვებს ამზადებს. მე კიდევ ბრიფინგის ჩატარების მერე მთელი დღე თავისუფალი ვარ.

უფრო ხორციანი კერძების კეთება მიყვარს, ასევე ლობიოც გემრიელი გამომდის. სხვათა შორის, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩემს მეუღლეზე გემრიელ კერძებს მე ვაკეთებ. ამას ჩემი ცოლიც აღიარებს.

— წარსულში რომ გადავინაცვლოთ, როგორი იყავით წლების წინ?

– დამჯერი არასოდეს ვყოფილვარ. ერთხელ მე-6 კლასში კომუნისტური ყელსახვევი არ მეკეთა და მასწავლებელმა შენიშვნა მომცა, შემდეგ ჯოხით მცემა. მე, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფად მივიღე და ხელი შევუბრუნე. ამაზე ატყდა ძალიან დიდი სკანდალი.

მაშინ ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, რომ მე-6 კლასელს, ღლაპს, მასწავლებელისთვის ხელი დაერტყა. მამაჩემმა რომ გაიგო, ლამის ჭკუიდან შეიშალა! ასე მითხრა, შენ ახლა რას აკეთებ და წლები რომ გავა, მერე მთლად უარესი იქნებიო. “ვანაში” მახრჩობდა, ძლივს გადამარჩინეს ოჯახის სხვა წევრებმა.

ერთხელ (მაშინ ცოლ-შვილი არ მყავდა) ძმაკაცთან დავრჩი. იმ დროს მობილური არ იყო და მშობლებს ვერც ვეტყოდი, რომ ღამით სახლში არ მივიდოდი.

დილა რომ გათენდა, ჩავიცვი და სახლში წავედი. თურმე დედაჩემს და მამაჩემს მთელი ღამე არ ეძინათ, ნერვიულობდნენ, სად ვიყავი. რომ მკითხეს, რატომ არ მოხვედი სახლშიო, თავი ვიმართლე, ძალიან დავთვერი და იმიტომ დავრჩი ძმაკაცთან, რომ სახლს ვეღარ მოვაგნდები-მეთქი.

მამაჩემმა მითხრა, ბიჭო, მერცხალს კაკლისოდენა თავი აქვს და თბილი ქვეყნებიდან საქართველოს აგნებს და მერე მის ბუდეს, შენ ტელევიზორივით თავი გაქვს და 2 კილომეტრში სახლს ვერ მოაგნებდიო. მოკლედ, მთელი ცხოვრება ასეთი ვიყავი.

— რამდენიმე თვის წინ თქვით, რომ პოლიტიკიდან მიდიოდით, შემდეგ გადაიფიქრეთ. ან ის განცხადება რატომ გააკეთეთ, ან რატომ გადაიფიქრეთ?

– აქტიურ პოლიტიკაში ვრჩები. ახლა იმდენად აღარ ვაქტიურობ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შევუბერავ და ხელისუფლებას არ მივცემ უფლებას, ჩვენს ხარჯზე შეცდომები დაუშვან. ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ხელისუფლების დასვენება იქნებოდა, ამიტომ მაგათ არ გავაბედნიერებ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე